Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საარჩევნო შაბათი “შუაგულ” ამერიკაში

04 ნოემბერი 2012

შაბათია. 3 ნოემბერი. ვინსტონ სალემის მთავარი საარჩევნო უბნის წინ ვდგავარ. აქ, დღეს, 6 საათზე, ნაადრევი ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ჩემს გარდა ჟურნალისტი არავინაა. ამიტომ ამომრჩევლებს რესპუბლიკელების ან დემოკრატების მოხალისე აგიტატორი ვგონივარ, რომლებიც წითელ (რესპუბლიკური) და ლურჯ (დემოკრატების) ბროშურებს ურიგებენ შემსვლელებს. კანდიდატთა სია ვრცელია. ამერიკელები პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის გარდა, შტატის გუბერნატორს, შტატის მთავრობას და ყველა დონის მოსამართლეებს ირჩევენ. ამ ბროშურებში კი სია დავიწროვებულია - ფურცლების ფერის მიხედვით მხოლოდ რესპუბლიკელი ან დემოკრატი კანდიდატების გვარებია დატოვებული. მოქალაქეებს ასე არჩევანის გაკეთება უადვილდებათ.

შემინული მაღალსართულიანი შენობის ფანჯრებში მოქალაქეთა გრძელი, მოწესრიგებული რიგი ჩანს. ბევრია აფროამერიკელი, რომლებიც ჩემთან ლაპარაკს რატომღაც გაურბიან. ბევრია თეთრკანიანიც, ახალგაზრდაც და ხანშიშესულიც. შაბათია, უქმე დღე და ყველა ცდილობს, საკუთარი არჩევანი წყნარად დააფიქსიროს.

რამდენიმე მათგანთან გასაუბრებას მაინც ვახერხებ.

ასეთია ჩემი ეგზიტპოლი - ნაადრევი ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 2 საათით ადრე:

მზის სათვალიანი, თეთრთმიანი ქალი, გამოკვეთილად სამხრეთული აქცენტით:

მთელი ცხოვრებაა ვინსტონ სალემში ვცხოვრობ. 2008-შიც ობამა ავირჩიე და ახლაც პრეზიდენტ ობამას მივეცი ხმა, რადგან მგონია, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო სიტუაციის გამოსასწორებლად. მის მიერ დაწყებული ძალიან ბევრი ინიციატივა მომწონს, რომნის რაც შეეხება, ეგ კაცი საერთოდ არ მაინტერესებს და მოდი, ნუ მალაპარაკებთ მასზე.

გაუპარსავი კაცი, გრძელი, ჩალისფერი თმით, გაცვეთილი კეპით და ძველი, კაკაოსფერი ნაჭრის ქურთუკით:

რომნის მივეცი ხმა, რადგან ვფიქრობ, რომ ნამდვილი ცვლილებების დროა. მე სამხედრო ავიაციაში ვმუშაობდი, ამიტომ ვიცი ამ ადამიანების პრობლემები და ვითხოვ რეალურ დახმარებას სამხედროებისთვის. მინდა, რომ გაუქმდეს ობამას ჯანდაცვის პოლიტიკა. მე ქვედა საშუალო კლასს წარმოვადგენ და ჩემს სამყაროში ეს კანონი საერთოდ არ ჭრის. ჩემი ცოლი სიმსივნითაა ავად და ობამას ჯანდაცვის არც ერთი პროგრამა არ უწევს დახმარებას. მინდა, რომ ჩვენზე არ ბატონობდნენ ჩინელები და არ გვქონდეს ამხელა ვალი, ობამა კი ისე იქცევა, თითქოს ფისკალურ პოლიტიკაზე პასუხს თვითონ  არ აგებეს; მინდა, რომ გაუმჯობესდეს სამუშაო ადგილების მხრივ მდგომარეობა და საერთოდ მინდა, პრეზიდენტს უფრო საქმიანი დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეკონომიკის, ზოგადად ქვეყნის მიმართ.

40-იოდე წლის ცისფერთვალება კაცი, გახეხილი ხაკისფერი შარვლით, ოდნავ მოშვებული წვერით და დიდი ქალაქის აურით:

პრეზიდენტ ობამას მივეცი ხმა და ჩემი მთავარი მოტივი მისი ლგბტ-ების მიმართ დამოკიდებულებაა. მე გეი ვარ, პარტნიორთან ერთად ვცხოვრობ და ბავშვები გვყავს. ვერასდროს დავუჭერ მხარს ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ ჩემი ოჯახი აბუჩად ასაგდებია.

აფროამერიკელი მამაკაცი, კეფაზე შეკრული გასწორებული ჭაღარა კულულებით, ტანზე მომდგარი იასამნისფერი უსახელო ბლუზით, მუხლამდე ქვედაბოლოთი და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით: საუბარს გვაწყვეტინებს მე და რესპუბლიკური პარტიის აგიტატორს და გაპრანჭული საყვედურის ტონით მიმართავს:

-       საყვარელო, მე რომ შევდიოდი, რატომ არ მომეცი ეგ ბროშურა, კინაღამ დემოკრატებს მივეცი ხმა, - ჩემთან ლაპარაკი არ სურს და მერე ტანის მსუბუქი რხევით მიდის.

რესპუბლიკელების აგიტატორი, გამხდარი, ტანდაბალი, წვრილტუჩება ქერა ქალი, ქუჩაში მზეზე დგომისგან გადაშორებული მაკიაჟით:

თერაპევტი ვარ, ჩემი ქმარი ეკლესიაში მუშაობს. 26 წელია, ვინსტონ სალემში ვცხოვრობთ. ბოლო წელია, სულ უფრო მეტად გვიჭირს გადასახადების გადახდა. ჩვენი საერთო შემოსავალი 6 ათასი დოლარით შემცირდა წინა წელს. ხმა რომნის მივეცი, რადგან მგონია, რომ ამ პრობლემებს გამოასწორებს, განსაკუთრებული იმედი მაქვს ვიცეპრეზიდენტ პოლ რაიანის. მჯერა, რომ ის ზუსტ ბიუჯეტს შეადგენს. კიდევ მგონია, რომ რომნის ადმინისტრაციის შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოებაც უფრო მაღალ დონე იქნება. საშინლად არ მომეწონა ობამას პასუხი ლიბიის ამბებზე და არც ნიუ იორკის ამბებზე - ძალიან პასიურობენ, უკვე ხუთი დღეა სტეიტენ აილენდზე საწვავი და საკვები არ აქვთ.

21 წლის სტუდენტი ბიჭი, მხარზე გადაკიდებული ტყავის ჩანთით, თეთრძირიანი, ნაჭრის, კუბოკრული კედებით, ნაცრისფერი სპორტული ქურთუკით, ყვითლად შეღებილი თმით და სასიამოვნო ხმის ტემბრით:

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში ვსწავლობ და ექვსი თვეა, ვინსტონ სალემში ვცხოვრობ. მე ხმა ლიბერტალიანელ კანდიდატს გერი ჯონსონს მივეცი. რადგან რასაც ვუყურებ, ვხვდები, რომ რომნი-ობამას შორის არჩევა იგივეა, რაც ორი ბოროტებიდან ერთი აირჩიო. მეუბნებოდნენ, ჯონსონს თუ მისცემ ხმას, უბრალოდ შენი ხმა დაიკარგებაო, მაგრამ წელს პირველად ვმონაწილეობ საპრეზიდენტო არჩევნებში და არ შემეძლო, ის ძალა ამერჩია, რომელიც მიუღებელია ჩემთვის. ჯონსონი რასაც ამბობს და აკეთებს ძალიან მომწონს. თუმცა, მის შესახებ ამბების გაგება იოლი არაა. ჩვენი მედია პოლარიზებულია. Fox-ი უკიდურესად მემარჯვენეა, CNN და MSNBC-ი - მემარცხენე მიმართულების, პირველი დებატები ჯონსონის მონაწილეობით არც გააშუქეს. პროპაგანდაა. 

ტანდაბალი ქალი, ყავისფერი ქურთუკით, რომლის გარეგნობაც არ დამამახსოვრდა:

2008-ში ობამა ავირჩიე, რეგისტრირებული ვარ, როგორც დემოკრატი. მაგრამ საერთოდ არ ვარ კმაყოფილი ამ ოთხი წლით. ამიტომ წელს ვიკითხე, რომნის თუ დავუჭერდი მხარს, უნდა გამომეცვალა თუ არა პარტია, მითხრეს, რომ არ იყო საჭირო. ამიტომ ისევ დემოკრატი ვარ, ოღონდ ვირჩევ რომნის. ასე ვიქცევი იმიტომ, რომ კატეგორიულად არ მინდა Obamacare და საშინლად არ მომწონს სოციალისტური გეზი, რომლის არდანახვაც უკვე შეუძლებელია.

ამომრჩევლები ხმის მისაცემად კანტი-კუნტად  კვლავ მოდიან, როცა ნაკადი წყდება, მოხალისე აგიტატორები წახემსებასაც ახერხებენ. რესტორნებისა და კაფეების მთავარ ქუჩაზე - მე-4-ზე, ყველა გარეთ გამოდგმული მერხი სავსეა. ჯერ შუადღეა, მაგრამ ზოგი უკვე ლუდის კათხით დგას გარეთ. ვინსტონ სალემში ასეთი მზიანი და თბილი დღე ერთი კვირაა, არ გათენებულა. დაბალი, წითელი აგურის სახლები კიდევ უფრო წითლად ხასხასებს მზეზე. ქალაქი ერთ გაშლილ, სწორ ზედაპირზეა გაშენებული, მაღალსართულიანი შენობები ცოტაა და მთელი სიმძაფრით იგრძნობა ცხელი ჰამბურგერის სუნთან შეზავებული სუფთა ჰაერი. ამ უცნაურ კომბინაციას, ქალაქში სიარულისას, ჰაერგამწოვების სიმძლავრე ქმნის - მიდიხარ და უცებ, ბეტონის ტროტუარში დატანებული რკინის ბადეებიდან ამოდის რესტორნიდან გამოწოვილი საჭმლის სუნი. თუმცა, რა დროს სუნებია. არჩევნებამდე ორი დღე რჩება.

 

 

მშრალი ფაქტები:

ჩრდილოეთ კაროლინაში 6.626.005 რეგისტრირებული ამომრჩეველია. მათგან 2.859.075 რეგისტრირებულია როგორც დემოკრატი; 2.046.224 - როგორც რესპუბლიკელი; 18.972 - როგორც ლიბერტარიანელი; 1.701.734 ადამიანი კი თავს არც ერთ პარტიას არ აკუთვნებს.

ვინსტონ სალემი ფორსაიტის საგრაფოში მდებარეობს. ნაადრევი ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე ერთი დღით ადრე კი უკვე მოხსნილი იყო 2008 წლის რეკორდი არჩევნების კონსტიტუციით დადგენილ დღემდე მიცემული ხმების მიხედვით. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, როდესაც საბოლოოდ დაითვლება ხმები, გამოჩნდება, რომ წელს პირველად ისარგებლა ნაადრევი ხმის მიცემის უფლებით ფორსაიტის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა.

საარჩევნო უბნები აქ 18 ოქტომბერს გაიხსნა. უკვე მეორე კვირას დღეში 5-7 ათასი ამომრჩეველი აძლევდა ხმას. 29 ოქტომბერს კი აქტიურობამ კულმინაციას მიაღწია - საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად 12 ათასი ადამიანი მივიდა. ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით, აქ აფროამერიკელი დემოკრატების აქტიურობა 13 პროცენტით იყო გაზრდილი 2008 წელთან შედარებით, თეთრკანიანი დემოკრატების კი იგივე რჩებოდა. რესპუბლიკელები, რომელთა უმრავლესობაც თეთრკანიანია, წინა საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებთან შედარებით, 48 პროცენტით მეტად აქტიურობდნენ ნაადრევი ხმის მიცემის მხრივ.

მსგავს პროცედურას აშშ-ს ყველა შტატში, ყველა  საარჩევნო ოლქი გადის. საარჩევნო კომისიები განახლებულ სტატისტიკას მედიას ორშაბათისთვის ჰპირდებიან. 6 ნოემბერს კი - რიგით სამუშაო დღეს - საკუთარ არჩევანს დანარჩენი ამერიკელები დააფიქსირებენ. ბარაკ ობამას და მიტ რომნის მოხალისე მხარდამჭერები არჩევნებამდე დარჩენილ ორ დღეში ძალების მაქსიმალურ მობილიზაციაზე გადადიან. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ონლაინ სიებში მათ შეუძლიათ, ნახონ ვინ მისცა უკვე ხმა და ვინ - არა და სატელეფონო ზარებით, კარზე მიკაკუნებით ყველას ახსენებენ, რომ  6 ნოემბერი - ეს უმნიშვნელოვანესი არჩევნების დღეა.   

 

ფოტო: Winston Salem Journal

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^