ах ти воля, моя воля, воля волная моя“
“This is my uncle!” „ერთხელ ამერიკაში“ მაქსი რომ ეუბნება ლევშაზე. საათს რომ აწერენ ერთმანეთს. დღეს ამ „ერთხელ ამერიკას“ „ნაიარევ სახესთან“ და „ნათლიასთან“ ერთად ლამის მთელი ჩემი თაობის დაღუპვას აბრალებენ. ჰო, კიდევ, „კარლიტოს გზაც“ საქმეშია.
ძალიან მაზალოა ეგა, ერთი სულელი რომ რამეს დააბრეხვებს, მერე აიტაცებენ და ლამის უტყუარ ჭეშმარიტებად და აქსიომად აცხადებენ. ქართველები ოცი საუკუნეა ერთმანეთსაც და სხვებსაც ჩეხავენ. ლუმიერს ჯერ სად დაეტრიალებინა ის თავისი ჯადოსნური აპარატი. ჰეე, სად იყო? ეგეც ძალიან ჩვენი, პროვინციალურ ქართული, მატრაკვეცული ამბავია. საკუთარი სიგიჟეები და სისულელეები მეტ-ნაკლებად იდიოტურ ჰოლივუდურ ფილმებს დავაბრალოთ.
This is my uncle! ზუსტად ასე მყავს ბავშვობიდან ამოჩემებული ვასილი შუკშინი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მწერალი. არა, ყველაზე მაგარი რუსი მწერალი არა, უბრალოდ ყველაზე მაგარი მწერალი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა მაგარი მწერალი საკუთარი ეროვნებიდან ამოდის, მაგრამ თუ მართლა მაგარია, გზაში ისე შემოეცლება თავის ეროვნულობა, როგორც კოსმუსურ ხომალდს - „რაკეტანასიწელი“. ოღონდ, იმ „რაკეტანასიწელის“ გარეშე კოსმოსური ხომალდი ვერასდროს გაფრინდება, ხოლო მის გარეშე გაფრენის ყოველი ხელოვნური მცდელობა კი კრახით და ავარიით მთავრდება. ჰო, კიდევ შეიძლება შარლატანებმა შექმნან დროებით ფრენის ილუზია, მაგრამ ისინი მალევე ეშვებიან ხოლმე ამ ცოდვილ დედამიწაზე, მეტ-ნაკლები უსაფრთხოებით.
მე ოთხი გიჟი ვიცი, რომლებიც თავის მიწაზე და სოფელზე წერენ: უილიამ ფოლკნერი, გრანტ მათევოსიანი, რეზო ინანიშვილი და ვასილი შუქშინი. მხეცებივით წერენ. და მიუხედავად იმისა, რომ ერთი არა მარტო ამერიკელია, არამედ სწორედ სამხრეთელი, გაქცეული შავკანიანის სუნით მცნობი და დათვის ნაკვალევზე მიმავალი, მეორე არა მარტო სომეხი, არამედ დაღეთელი, თავის გაქვავებულ ხეობებს თვალჩაშტერებული.
მესამე არა მარტო ქართველი, არამედ კახელი, ხაშმელი, თავის მარანის ზღურბლზე ჩამომჯდარი, მეოთხე კი, არა მარტო რუსი, არამედ ციმბირელი, თავისი ბაიკალით, სამხრეთით მონღოლეთის მთებით, ზღვასავით თვალუწვდენელი მდორე მდინარეებით, დაუსრულებელი სივრცეებით - დღეს აღარავის არ აინტერესებს სადაურები არიან, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ როგორც საიქიოში, ასევე ნამდვილ მწერლობაში საზღვრები არ არსებობს, იქ ყველა თავისი ფეხით მიდის სრულ სიმარტოვეში და ბოლომდე მარტო რჩება თავის ადგილას.
ვასილი შუკშინი 1974 წელს გარდაიცვალა. „ანი სრაჟალის ზა როძინუს“ გადაღების დროს. ჩემს დაბადებამდე 2 თვით ადრე. პირველად 15 წლისამ წავიკითხე. ბაზალეთის ტბაზე. დღისით ქამარში გაყრილი „ლისიჩკით“ ამაოდ დავდევდი გოგოებს, ღამე კი შუქშინის მოთხრობებს ვკითხულობდი და მაშინ მივხვდი, რომ ბიძაჩემი იყო. მერე იყო „კალინა კრასნაია“. ერთადერთი ფილმი, რომელზეც მიტირია. რომ კლავენ მაგაზე არა, დედამისთან რომ მივა, რომელიც თავისი შვიდჯერ ნასამართლევობის გამო ოცი წელი არ უნახავს და იქიდან გამოსული მიწაზე რომ გაგორდება თავისი შავი ტყავის კურტკით და კირზის ჩექმებით, მიწას ბალახებიანად რომ ბღუჯავს და ღრიალებს: - „სუკა ია, სუკა, ტვარ! პრასწი მინია გოსპოდი, პრასწი, იესლი მოჟეშ“, - აი, მანდ ვიტირე მაგრა.
მაგარი ნატანჯი იყო. ნათრევი, ნაწვალები, ნაშიმშილარი. არსენი ტარკოვსკივით მასაც თავისუფლად შეეძლო დაეწერა: „უ, კაკ მი ვ დეტსტვე გალადალი“! წერდა კიდევაც, მაგრამ სხვა რამეებზეც წერდა: ტაიგაზე, ყაჩაღებზე, პურგაზე, ადამიანებზე, სულზე! მოთხრობა აქვს ერთი „ვერუიუ“ ! სადაც ვიღაც დამთხვეული მღვდელი სუფთა სპირტს სვამს, ზედ მაჩვის ხორცს აყოლებს, იმიტომ, რომ ჭლექის ნიშნები აქვს, ირონიულად უხსნის ცხოვრების რაობას მეორე დამთხვეულს, რომელიც მიადგება - „მამაო, სული მტკივაო“. კინაღამ დახოცავენ ერთმანეთს.
მის მოთხრობებში სულ ვიღაცა ტიპები არიან. ცხოვრობენ, ოღონდ მართლა. თითქოს ხმებიც კი გესმის წიგნის ფურცლებიდან: ჩხუბის, გარმონის, ტაიგის, თავისუფლების. ერთი ძალიან მაგარი რომანი აქვს დაწერილი. „ლუბავინები“. მამა და ოთხი ბიჭი. ხუთივე ერთმანეთზე გიჟი ციმბირელი. ბოლშევიკები ხორბალს ართმევენ და ესენი არ აძლევენ. რომანი ასე იწყება: - „ლუბავინები სოფელში არ უყვარდათ“. და მერე მიდის და მიდის და მიდის. სროლა, ცელცხის წაკიდება, აი , შენ ჩემი ხორბალი და ვინტოვკის ტყვიას რომ გაუგზავნიან კომისარს. ახლა ცეცხლის წაკიდება როგორ არის ციმბირის აჯანყებული ბიჭების ენაზე: - „პეტუხა პუშჩუ“... პოეტურია, ვერაფერს იტყვი! თვითონაც იხოცებიან. მანდ ამბავია ერთი... ან წაიკითხეთ, თუ არ გეზარებათ, ეგრე მე მთელ რომანს მოვყვები.
არასოდეს ბიძა არ მყოლია. ძალიან მინდოდა მყოლოდა, მაგრამ არ მყავდა და როგორ მეყოლებოდა! ერთადერთი ბიძა მყავს და ისიც ციმბირელი, რომელიც არასოდეს მინახავს, ჩემს დაბადებამდე ორი თვით ადრე მოკვდა. სასნოვკელი ბიძა ზაბაიკალიედან. ამოწეული ყვრიმალებით და გიჟური, სევდაშეპარული, თითქოს შეშინებული გამოხედვითაც.
ბიძიჩემი ვასილი შუკშინი!