Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტი

12 ნოემბერი 2012

დიდია. გრანდიოზული. მწვანე. დაკიდებული ბაღებით. სემირამიდის, ბატონო. გოლფის მოედნებით. დამშრალი აუზებით. დაუსრულებელია. მის მინის კედლებზე პარლამენტის სხდომის დროსაც კი ჰკიდიან გუნდ-დუნდად მუშები და კაცმა არ იცის, რასა სჩადიან. თუმცა არსებობს გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ სულ დედას იგინებიან. გარედან კი ეს ჩვენი სიდიადეა, დიდის წვალებითა და ღვთის წყალობით მოკლულ, საშინელ და იდუმალ მწვანე პრეისტორიულ ცხოველს რომ ჰგვავს.

აგდია კოლხეთის ლაღად გაშლილი ცის ქვეშ ქუთაისის გარეუბანში, და ქერცლი-შუშები მზეზე ლაპლაპებს. შუაში კი უცნაური თეთრი ზოლი გასდევს, როგორც გურამ დოჩანაშვილის, აწ ამ პარლამენტში გადმობარგებული იდიოტი გმირები იტყოდნენ, `მუქ წითელ ხაზად~. ეს თეთრი ზოლი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს პარლამენტად წოდებულ ამ უზარმაზარ, მწვანე საოცრებას, რაც კიდევ უფრო ადასტურებს მის კეთილშობილურ, არამიწიერ, კოსმოსურ წარმოშობას და დანახვისთანავე ბუნებრივ მოწიწებას აღგიძრავს უბრალო მოკვდავსა და ბოგანო ადამიანს.


ახლა შიგნით. წეღან მოგახსენეთ, გრანდიოზულია-მეთქი. შევმცდარვარ. ძალიან გრანდიოზულია. ერთი ადგილიდან უნდა შებრძანდეთ, მეორედან გამობრძანდეთ. ესეც კიდევ ერთი დასტური ამ ჰაეროვანი ნაგებობის არაამქვეყნიურობისა. ამ შესასვლელსა და გასასვლელს შორის მანძილი ლამის ერთი კილომეტრია. ანუ, როგორც ეკა ხოფერია იტყოდა, ანუ, რომ შეხვალ და ვთქვათ რაიმე დაგრჩა, ან უკეთესი, აღარ გინდა ამ უცნაური არსების სტომაქში ყოფნა და ისევ კოლხეთის გადაშლილ ცას გინდა თავი შეაფარო, ნურას უკაცრავად! კარგი ერთი კილომეტრიც უნდა დაჰკრა ვიდრე გასასვლელს გააგნებ, ქუთაისელი დაცვის თანამშრომლის ალალი იმერული მობოდიშების თანხლებით: “ჯერ ჩვენც დოულაგებლები ვართ, ერთმანეთსაც არ ვიცნობთ, საიდანაც შემობრძანდით იქანა უნდა ამოგშალონ. რა გიყოთ, აჰა, რა გისაშველოთ. დასარეკად ა, ხედავ აქ სადმე ტელეფონს? არ მაქვს. ერთმანეთსაც არ ვიცნობთ ჯერ, გეფიცები ყველაფერს... "


გაუყვები მადლიერი და თვალცრემლიანი ამ ერთკილომეტრიან სავალ გზას. გზა მიხვეულ-მოხვეული, შუქ-ჩრდილებიანი და ბუნდოვანია როგორც, გზა გალოთებული შემოქმედისა. თავად გზაც ერთობ შემოქმედებითია, სულ შედევრები გამახსენდა. `გზას ვამბობ თორემ რა გზაა, ვიწრო ბილიკი მთებისა...” აჰ, არა, ვაჭარბებ, ვიწროობა ვინ დააბრალა, ამ ფართე შიგადაშიგ ჩაბნელებულ და მერე მოულოდნელად, განათებულ მიხვეულ-მოხვეულ და დახლართულ ტალანებს. ე, შე არიფო! რა თქმა უნდა. ლაბირინთები, ცნობილი ლაბირინთები, აი, თურმე რატომ იყურები აქეთ-იქით შეშფოთებული, ქვეცნობიერში ჩარჩენილი ძველისძველი შიშით, რომ ამ რომელიმე შუქ-ჩრდილ დაკარგული ბეტონის და შუშის ერთმანეთზე აჩონჩხლილი მოსახვევიდან მინოტავრი არ გამოკუნტრუშდეს და არ დაგჩხვეროს, რქებზე არ აგაგოს, როგორც ბევრი და უბედურიო. თეზევსის იმედზე მტერი იქნა. რომ შეაგვიანდეს, რასა იქმ მერე?

როგორც ლაბირინთებს შეეფერება, პარლამენტის შენობაში, სრული უჰაერობაა. აი, სად არ ვაჭარბებ არაფერს. პარლამენტის შენობაში ჰაერი უბრალოდ არ არის. არ არსებობს. არ სუფევს "ცის კამარაზე", იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ახალ პარლამენტს არა აქვს ფანჯარა. უბრალოდ არა აქვს და მორჩა. არც ერთი! რა ფანჯარა და ჰაერი, თქვე გოიმებო და ბნელებო 21-ე საუკუნეა, რაღა დროს ფანჯარა, სარკმელი და ფოთოლთ შრიალიაო და ასე ბატონო! ჰაერი არ არის. უფანჯროდ და უსარკმელოდ კი ამხელა შენობის ვენტილაცია იმხელა თანხა ჯდება, მაგდენი თვლა მთელმა ჩვენმა პარლამენტმა არ იცის თავის აპარატიან-დამლაგებლებიანად.

შევეჩვიეთო. შეეჩვივნენ. თქვენ კიდევ მეჩხუბებით, რატომ გიყვარს ეს ქართველები, რათა ხარ ნაციონალისტიო. აბა როგორ არ მიყვარდნენ? ყველაფერს ეჩვევიან. აბსოლუტურად ყველაფერს შეიძლება მიეჩვიონ. უჰაერობასაც კი. "არ ვისუნთქებ, ბოლო-ბოლო, რა პრობლემაა!"თან აგიხსნის - "ხელფასის პონტში, თორემ ამის დედა არ..." 

სხვათა შორის, მთლად ამის დედა არ მიკადრებია, მაგრამ პარლამენტში ყოფნის და მით უმეტეს სხდომაზე დასწრების შემდეგ, როდესაც ვუყურებდი ჩვენი ღიპებგადმოგდებული დეპუტატები, გინდა უმცირესობიდან, გინდა უმრავლესობიდან, ერთ ადგილს რომ ძლივსღა სძრავდნენ და დარბაისლურად დაგოგმანებდნენ და კიდევ უფრო დარბაისლურად კამათობდნენ, სულ ნაირ-ნაირი, ოხერი და ბანდიტი დიქტატორების გამონათქვამები გამახსენდა - დემოკრატია და პარლამენტი ის არის, როდესაც 10 სულელის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ჭკვიანის"... "ეს უსაქმური და ხარბი ყბედები, რომლებიც საკუთარ თავს პარლამენტარებს უწოდებენ და თავის უაზრო ქაქანს ასე ძვირად ჰყიდიან ხალხზე!" თუმცა, მყის მოვედი გონს. აბა, იმ შეჩვენებულ დიქტატორებს ხომ არ დავუჯერებ? მერე რა, რომ სულ ერთმანეთზე გამხდრები იყვნენ. ისევ დემოკრატიის მამად აღიარებული და ასევე დარბაისლურად ჩამრგვალებული სერ უინსთონ ჩერჩილის ცნობილი ფრაზით ვინუგეშე თავი: "დემოკრატიაზე კრეტინული და უაზრო პოლიტიკური წყობა არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, კაცობრიობამ დღემდე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრაო."

ამასობაში, გამოვაღწიე ჩვენი წარმტაცი და ნათელი პარლამენტის შენობიდან და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. იქვე მუშები პურსა სჭამდნენ და ტკბილ იმერულად უბერავდნენ. მაგათ შემყურეს კი კიდევ ერთი მკრეხელური აზრი მომივიდა თავში. რა და ისა რომა, ეს პოლიტიკოსობა მაინც ხელმოცარული ხალხის საქმეა, ყოველ შემთხვევაში ჩვენში, ვინც ვერ მოახერხა ყოფილიყო მუშა, მწერალი, მხატვარი, ჯარისკაცი, ექიმი, მძღოლი, მსახიობი, რეჟისორი, ინჟინერი, პოეტი, ბიოლოგი, ქურდი, ქუჩის ბიჭი, ლოთი, რავი უსაქმური - გახდა პოლიტიკოსი და ახლა არის ამ პარტიაში, მერე იმ პარტიაში, მერე ამ მოწვევის პარლამენტში, მერე იმ მოწვევის პარლამენტში აძლევენ, იღებენ, ხმებს, რაღაცეებს! აუჰ... არა, მართლა სჭირდებათ მაგათ იმუნიტეტი. ჩვენ კი, ღმერთმა დაგვიფაროს! ამოჩაჩულ პერანგზე კურტკა შემოვიცვათ და ჩვენს გზას ვეწიოთ!

P.S მართლა, კატეგორიულად მოვითხოვ ბაჩო ახალაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^