მას მერე რაც ქართული პოლიციური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი, ბაჩო ახალაია სამართალდამცველებს ჩაბარდა და მის მიმართ რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, საზოგადოებაში ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც მისი ქმედებების გამართლებას იწყებენ და ცდილობენ "რაციონალური მხარე" მოუძებნონ საქართველოში უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში არსებულ ტერორს. ცხადია, თავის დროზე ბოლშევიზმს, ნაციზმს და სხვა ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებსაც ჰქონდათ ასეთი "რაციონალიზაცია".
სულ რამდენიმე გადაცემას ვუყურე ახალაიას დაპატიმრების თემაზე და პირდაპირ უნდა ვთქვა, ვერ დავმალე ემოციები რამდენიმე გამონათქვამის შემდეგ. პირველი ეს იყო, ეკა კვესიტაძის შოუს ნახვის შემდეგ, სადაც ის მანანა კობახიძეს სრულიად მიამიტური სახით ეკითხებოდა: როგორ შეიძლება ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხოლოდ იმისთვის დაპატიმრება, რომ მან დანის უკანა მხარე თავში ჩაარტყა თავის თანამშრომელს, აგერ გიორგი გაჩეჩილაძემ დანის წინა მხარე ჩაარტყა ჩხუბში ადამიანსო! მეგონა, ეკას ასე თუ ისე ვიცნობდი, როგორც სიმართლის გარკვევის სურვილის მქონე ჟურნალისტს. მაგრამ როგორც ეტყობა, მწარედ ვცდებოდი. ნატოს კანდიდატი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და მისი გენშტაბის უფროსი თურმე ასე "უწყინრად ერთობიან" - თან ვაშლებს თლიან და თან ამ დანის უკანა მხარეს თავის ხელქვეითებს ურტყამენ და ამაზე გაბრაზება როგორ შეიძლებაო. ამავე დროს, თუ უდანაშაულობის პრეზუმპციაზეა ლაპარაკი, იქვე ირღვევა ეჭვმიტანილი გაჩეჩილაძის უფლება, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი საჯაროდ აბრალებს ადამიანის დაჭრას. რამდენად მართალია ეს ბრალდება, ახლა ჩემი გასარჩევი არაა. უბრალოდ, ძალიან საინტერესოა იმ ადამიანების ორმაგი სტანდარტები, რომლებიც ბაჩო ახალაიასთვის ყველა იმ უფლებას ითხოვენ, რაზეც უარს ეუბნებიან ყველა დანარჩენ, "მოკვდავ" ადამიანს.
ეკა კვესიტაძე კარგად უნდა იცნობდეს განვითარებული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკას, როდესაც ლაპარაკია სამსახურეობრივი ძალაუფლების გადამეტებაზე. დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც უკვე დიდი ხანია მკაცრად ისჯება ქვემდგომი კოლეგებისათვის არა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, არამედ მათთვის სექსუალური კომპლიმენტის თქმაც კი. სამსახურში ყოფნისას თანამდებობის პირმა თავის ხელქვეითს არა თუ დანა არ უნდა დაარტყას, არამედ ზედმეტი ტონალობის კომპლიმენტიც არ უნდა უთხრას, რომელიც მერე სექსუალური შინაარსის შეთავაზებად შეიძლება მოინათლოს. ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძეს კი ადამიანთა დიდი ჯგუფი ხელს ადებს მათ შეურაცხყოფაზე და ფიზიკურად ცემაზე - ეს ნამდვილად ისეთი საქციელია, რომელზეც ამის ჩამდენს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში მკაცრი პასუხი მოეთხოვება. იმის მაგივრად, რომ მინისტრის ასეთ საქციელზე ქალბატონ კვესიტაძეს თვითონ გამოეხატა უკიდურესი გაკვირვება და აღშფოთება, მან ეს არაფრად ჩააგდო და პარლამენტის ვიცე-სპიკერს აქეთ უსაყვედურა: რა იყო ერთი დანის ყუის ჩარტყამზე ამხელა კაცის დაჭერა როგორ შეიძლებოდაო? როგორც ეტყობა, ქალბატონმა ეკამ ეს ამბები უკვე დიდი ხანია კარგად იცოდა, მაგრამ ფიქრობდა რომ ჩვენი ნატოსკენ მიმავალი მინისტრი თუ ამას აკეთებს, ეს მისი თანდაყოლილი უფლებაა. თურმე, ამ საქმის გახმაურებაა დანაშაული და არა თვითონ ადამიანის ცემა და შეურაცხყოფა თანამდებობის პირის მიერ. აი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტის მორალი.
და მეორე, რამაც არანაკლებ აღმაშფოთა, ეს იყო თეა თუთბერიძის მცდელობები რომ გაემართლებინა არა მხოლოდ ბაჩო ახალაია, არამედ მთლიანად "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა, რომელიც მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში ამდენ უდანაშაულო ახალგაზრდას აუბედურებდა. ქალბატონი თუთბერიძის ლოგიკით "ქურდების კანონებთან ბრძოლაში ბევრია წინააღმდეგობა და მათს შორის ფიზიკური წინააღმდეგობაც" და აქედან გამომდინარე სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ძალადობაზე მონოპოლიის უფლება. ქალბატონმა თუთბერიძემ და მისმა პატრონ-მეგობრებმა დაადგინეს, რომ თუ ქურდების დროს ციხეში "ბოთლზე დასმის" მავნე პრაქტიკა იყო, სახელმწიფომ ის კიდევ უფრო დაუნდობელი "ცოცხზე დასმის" პრაქტიკით უნდა ჩაანაცვლოს. ქურდი თუ უმოწყალოა, სახელმწიფო მასზე ბევრად უფრო უმოწყალო უნდა იყოს. ანუ სახელმწიფო ყოველთვის ჩემპიონი უნდა იყოს მოძალადეებს შორის. ეს ლოგიკა უცილობლად ფაშიზმამდე მიგვიყვანს და პრაქტიკულად მიგვიყვანა კიდეც. ძმები ახალაიები მხოლოდ იმიტომ ბედავდნენ ამდენს, რომ სრული პოლიტიკური კარტ-ბლანში ჰქონდათ მოქმედი ხელისუფლებისაგან.
"ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა თავისთავად იყო მთავარი დამნაშავე - არა აქვს მნიშვნელობა ვინ და როდის ახორციელებდა მას. ეს იყო ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეს სრულფასოვანი ადამიანის როლზე უარს ეუბნება და მას მხოლოდ "ცოცხალი არსების" ფუნქციას ანიჭებს. ამ ფუნქციის ფარგლებში კი როცა უნდა აწამებს, როცა უნდა მოკლავს.
სწორედ ამ თვალსაზრისს იცავდა ამხელა ენთუზიაზმით ქალბატონი თუთბერიძე და მისი პატრონები ახლანდელი საპარლამენტო "უმცირესობიდან". დიახ, ახალაია და მისი ძმა კანონის სრული სიმკაცრიით უნდა გასამართლდნენ. დიახ, მათთან ერთად უნდა გასამრთლდეს ყველა წინა ხელისუფლების წევრი, ვინც კანონი დაარღვია. ეს იმიტომ რომ არ გვქონდეს ორმაგი სტანდარტები. მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია თვით "ნულოვანი ტოლერანტობის" პრინციპის და პოლიტიკის გასამართლება.
სააკაშვილის ხელისუფლებამ ზოგადად ეკონომიკაში პრივატიზაციის და კერძო საკუთრების გზა აირჩია. მისი ერთ-ერთი ფავორიტი მინისტრის, ბენდუქიძის განცხადებით "ყველა და ყველლაფერი იყიდება სინდისის გარდა". და მართლაც, სააკაშვილის ხელისუფლების დროს იმდენი მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა, რომ ბევრს ეჭვი შეეპარა რომ მათთან ერთად მიშას მთავრობას სინდისიც "შემოეყიდა". მაგრამ ერთი რამ რასაც სააკაშვილმა უდავოდ ნაციონალიზაცია გაუკეთა, ეს იყო ძალადობა.
სახელმწიფომ თავის თავზე აიღო "ყოვლისმომცველი მოძალადის" ფუნქცია - სადაც მოახერხა არა მარტო კრიმინალის გვერდზე გაწევა, არამედ ნებისმიერი განსხვავებული შეხედულებისაც. სწორედ ამის შედეგი იყო ის რომ მოსახლეობაში გაუსაძლისმა შიშმა დაისადგურა.
დიახ, ეს პოლიტიკაა პასუხისმგებელი ჩვენი საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობაზე. და ჩვენ ჯერ კიდევ სერიოზულად გვატყვია მისი ნიშნები. ორუელის "დიდი ძმის" სინდრომი მთავარი მახასიათებელია ჩვენი საზოგადოების. სანამ ჩვენ "ნულოვანი ტოლერანტობის" ანტიჰუმანური სულისგან არ განვთავისუფლდებით, შეუძლებელია პროგრესზე ვილაპარაკოთ.
სწორედ ამიტომაა საჭირო რომ ჩვენ როგორც საზოგადოებამ და კერძოდ პარლამენტმაც თავის საგამოძიებო კომისიაში - გავასამართლოთ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა - დაუნდობლობა და სისასტიკე - რომელიც ბოლო 9 წელია ჩვენს საზოგადოებაში სუფევს.
ეს ჩვენი ვალია.