ლიბერალი გასაგებია, მაგრამ ეს “ორთო” რაღაა? - მკითხავთ, ცხადია. არ გაწვალებთ, ეგრევე გიპასუხებთ: “ორთო” ნიშნავს “ორთოდოქსს”.
კი მაგრამ, განა შეიძლება “ორთოდოქსი” იყოს “ლიბერალი”? ეს ურთიერთგამომრიცხავია! - მეტყვის ინტელექტუალი მკითხველი, - “ორთოლიბერალობა” ბუნებაში ისევე შეუძლებელია არსებობდეს, როგორც შეუძლებელია, ვთქვათ, შემწვარი ყინული! კლასიკური ოქსიუმორონია!
ჰოდა, მეც ეგ მიკვირს: შეუძლებელია, მაგრამ ვარსებობ! ანუ, გარკვეული თვალსაზრისით, უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე – ბუნების სასწაულთან!
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
სერიოზულად კი, რა გამოვდივარ, მარგინალი? არც "თევზი" და არც "ხორცი"? ანუ ვინა ვარ, ასე ვთქვათ, პოზიციურად?ორთოდოქსი ("ორთო" ბერძნულად ნიშნავს "სწორს", "მართალს", ხოლო "დოქსოს" - "შეხედულებას", "დიდებას") ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ ლიბერალი? თანაც, თვით სიტყვა "ორთოდოქსი" როგორც ყურში მოხვდება ინტელექტუალს - ის ხომ რაღაც დრომოჭმულის, დახავსებულის, მიუღებელის ასოციაციას იწვევს!
არადა, სინამდვილეში, ქრისტიანობა და ლიბერალიამი ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს!
უფრო მეტიც - სწორედაც ქრისტიანობაა ლიბერალიზმის საწყისი და საფუძველი. აი, უმოკლესი ისტორიული ექსკურსი:
ძველი სამყაროს არც ერთ ცივილიზაციაში, - არც ეგვიპტეში, არც შუამდინარეთში, არც ჩინეთსა თუ კოლუმბამდელ ამერიკაში - ცალკე აღებული ადამიანი თავისითავად არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენდა, სახელმწიფო იყო ყველაფერი, ადამიანი კი - მხოლოდ და მხოლოდ იარაღი, საშუალება.
თვით ანტიკურ საბერძნეთში კი არც იყო პიროვნების უფლებები დაცული - დღევანდელი გაგებით - საკმარისია გავიხსენოთ სოკრატეს პროცესი და სიკვდილით დასჯა, ანაქსაგორას და პროტაგორას გაძევება.
ადამიანი ამქვეყნად უდიდეს ფასეულობად ქრისტიანობამ აღიარა - სახარებისეული სწავლებით, ყოველი ადამიანი უკვდავი სულის მატარებელია, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი და განღმრთობისთვის მოწოდებული - «ტაძარი სულისა წმიდისა». ყოველი ადამიანი ცალკე სამყაროა, მიკროკოსმია.
თანამედროვე წარმოდგენა ადამიანის განუყოფელ სოციო-პოლიტიკურ, პიროვნულ უფლებებზე სათავეს სწორედ ქრისტიანობაში იღებს და არა XVIII საუკუნის საფრანგეთის რევოლუციაში, როგორც ეს ბევრს ჰგონია. საფრანგეთის რევოლუციამ ძმობის, ერთობისა და თანასწორობის ლოზუნგები გამოაცხადა, “პიროვნებისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია» მიიღო, თუმცა ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა - სასტიკი ტერორი გაშალა და პიროვნების უფლებები უხეშად გათელა.
პიროვნების უფლებების დაცვის სამშობლო ინგლისია. ამ ბრძოლის ერთ-ერთი არსებითი მომენტია 1215 წელს ინგლისში ბარონების აჯანყება მეფე ჯონ (იოანე) უმიწაწყლოს წინააღმდეგ. ფეოდალებმა შედარებით სუსტ ხელმწიფეს საკუთარი უფლებების გარანტირებული დაცვა მოსთხოვეს – არავის ექნებოდა მათი დაპატიმრების და დასჯის უფლება მანამ, სანამ სასამართლო არ დაამტკიცებდა, რომ კანონის წინაშე მართლაც დამნაშავი არიან. მეფე იძულებული გახდა ულტიმატუმი მიეღო – ანუ საკუთარი ერთპიროვნული უფლებები შეეზღუდა, - და გამოეცა “Magna Carta Libertatum”, ანუ უფლებების დიდი ქარტია.
ამ დადგენილებით, ბარონების პიროვნული უფლებები სამუდამოდ გარანტირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა საუკუნეები დასჭირდა იმას, რომ პრივილეგიები, რომლებიც დიდებულებმა თავისთვის მოიპოვეს, რეალობა გამხდარიყო და საზოგადოების ყველა სოციალურ ფენაზე გავრცელებულიყო.
ფეოდალურ საზოგადოებაში ბარონები არა მხოლოდ მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, არამედ ვასალებიც - მათ ურთიერთობას სიუზერენთან მხოლოდ მეფის ნება-სურვილი კი არ განსაზღვრავდა, არამედ შეთანხმება, ჩვეულება და ადათი. ყოველი არისტოკრატი საკუთარი მამულის ფარგლებში თავად იყო პატარა ხელმწიფე. სხვათა შორის, ინგლისის მონარქის კორონაციისას, ყველაზე საზეიმო მომენტში, როდესაც მეფე თავზე გვირგვინს იდგამს, ყველა პერი (ლორდი) და პერესა, ვინც იმ მომენტში ვესტმინსტერის სააბატოში იმყოფება, ასევე იდგამს გვირგვინს თავის ხელით. ანუ, სიმბოლურად გამოხატავენ, რომ ისინიც ხელმწიფენი არიან - ღირსებით მეფის თანასწორნი.
ის, რაც წინათ მხოლოდ არისტოკრატების პრივილეგია გახლდათ, ახალ ეპოქაში ყველა მოქალაქეზე გავრცელდა, ყველა ადამიანის განუყრელ უფლებადაა აღიარებული მთელს მსოფლიოში.
შუასაუკუნეების საქართველოში უფლებებისთვის მსგავს ბრძოლას ჰქონდა ადგილი (გავისხენოთ თამარ მეფის დროს ჩამოყალიბებული წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, “კარავი”) და ეს პროცესი, საფიქრებელია, მსგავს შედეგს მოიტანდა, მაგრამ გარეშე მტრების დაუსრულებელმა შემოსევებმა ბუნებრივი განვითარების საშუალება, სამწუხაროდ, მოგვისპო.
ერთი სიტყვით, პიროვნების უფლებების დაცვის იდეა ქრისტიანობის წიაღში იშვა - ბარონებმა მეფეს მიმართეს, როგორც ქრისტიანებმა ქრისტიანს. (ამ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1679 წლის აქტს «Habeas Corpus» და 1689 წლის «უფლებების ბილს»).
ერთი სიტყვით, იმიტომაც ვარ (უდრო სწორად, მინდა ვიყო), მართლმადიდებელი და ლიბერალი ერთდროულად, რომ ჩემი რწმენის და ჩემი სოციო-პოლიტიკური შეხედულებების თანახმად, ადამიანზე - და შესაბამისად, მისი უფლებების დაცვაზე - უფრო ღირებული და ფასეული ამქვეყნად არაფერია.
ჩემს ბლოგში სწორედ ამ პოზიციიდან ვაპირებ წერას... რაზე? 15 წელია თბილისის სასულიერო აკადემიაში ვკითხულობ ლექციებს ქრისტიანულ ეთიკასა და შედარებით ღვთისმეტყველებაში, თან ვწერ მოთხრობებს (გამოცემული მაქვს 5 კრებული), ასე რომ, ჩემი თემატიკა იქნება: ადამიანი, სამყარო, რწმენა...