Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღია კარის ქვეყანა

20 ნოემბერი 2012

გახსოვთ, ის საინტერესო და ღრმააზროვანი ტყუილი, რომელიც კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე მოგვყვება, რომ ჩვენ ტოლერანტული ერი ვართ, რომ ყველას ვიფარებთ, არავის ვჩაგრავთ და თბილისში იტალიურ ეზოებში ძმურად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ქართველები, ქურთები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, სომხები, რუსები და შიგადაშიგ გერმანელები და ბოშები?.. იმით ხომ გული იყო შეწუხებული და ონსილა წაღებული, აბა, სად გსმენიათ და სად გაგიგიათ, რომ ერთი მტკაველ მიწაზე, გვერდიგვერდ ებრაული სინაგოგა, სომხური გრიგორიანული ეკლესია, მუსულმანული მეჩეთი და ქრისტიანული მართლმადიდებლური ტაძარი იდგეს. აბა სადო? გკითხავდა ვინმე მტკიცე და პრინციპული სულელი და გამარჯვებული და კმაყოფილი სახით შემოგხედავდა. სად და ბევრგან, ბატონო, თუნდაც სარაევოში, რომელიც ზუსტად ისევე დაწვეს და გადაბუგეს მისმა"ძმურად და მეგობრულად მცხოვრებმა" მოქალაქეებმა, 90-იან წლების დასაწყისში, როგორც ჩვენ გადავბუგეთ და დავანგრიეთ ჩვენი ქალაქი, სადაც საუკუნეების განმავლობაში"ერთ მტკაველ მიწაზე","გვერდიგვერდ", და სხვა ქალაქები და სოფლებიც მივაყოლეთ ზედ. 

სად, აბა სხვაგან სად?"სად არის სხვაგან ახალი ვარაზიი?" “სად არის სხვაგან ამდენი მარაზმი?” არსად, ბატონო. მაგაში კი ვერავინ შეგვეჯიბრება, რა სარაევო, რის ბელფასტი, რა მინსკი და რის ყარაჩი...

ტყუილი ის კი არ გახლავთ, რომ ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ დგას. არა, ფაქტია, რომ დგას. რატომ დგას ეს უკვე სულ სხვა თემაა და ამის ისტორიულ განხილვას აღარ მოვყვებით. ტყუილი ის არის, რომ ტოლერანტული  და შემწყნარებელი ერი ვართ. ტოლერანტული კი არა, ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებთან ისეთი  ამბები დაგვემართა და დავატრიალეთ, ლამის ბოლომდე ამოვჟლიტეთ ერთმანეთი. ვისი ბრალი იყო, რა მიზეზით და ვინ იყო დამნაშავე, ეს სხვა თემაა, მაგრამ სისხლში რომ ვაბანავეთ ერთმანეთი, ესეც ისეთივე ფაქტია როგორც სინაგოგის, ეკლესიისა და მეჩეთის გვერდიგვერდ დგომა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ შემწყნარებლებიც, სამწუხაროდ, ან მაშინა ვართ, როცა იმდენად ძლიერად ვგრძნობთ თავს, რომ სხვებს სერიოზულად აღარც აღვიქვამთ, თავს არ ვუყადრებთ, ან მაშინ, როცა მეტი გზა არა გვაქვს, გარდა იმისა, რომ ტოლერანტები და შემწყნარებლები ვიყოთ და სულ კბილების კრაჭუნით ველოდოთ უკეთეს დროს, რომ ეს ჩვენი"შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის" ობიექტი სადმე ბნელ კუთხეში წავიმწყვდიოთ და ერთი კარგად მივგუდოთ. 

სხვა რა, მეც ეგრე ვარ, ბოლო წლებია, სულ ჩრდილოეთით ვიყურები, იმის იმედით, რომ რუსებს რამე ჯანდაბა დაემართოთ, აქედან გაეთრნენ და მერე ცუდი ღიმილით მოვუბრუნდე: -"აჰა, აბა, ეხლა როგორა ხართ, რა არის ბიჭო თქვენი? ახლა განახებთ, კაი ასარაიდა ვარაიდას და ჩიზგი ოო ჩიზგი რასოხ და ჩიზგი ოოო"-ს.

სწორედ ასეთი უმწეო და ყალბი ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის ყველაზე ნიშანდობლივი მაგალითი და ნიმუში მგონია ოკუპანტ რუსეთთან ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმი. მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა მხოლოდ ერთ რამეში ვთანხმდებით, თავისი"ნაც მოძრაობიან","ოცნებიანად", პოზიცია, ოპოზიციანად, მიშისტებიან, შუაშისტებიანად, რომ რუსეთი ოკუპანტია, როდესაც ამას ადასტურებს, თითქმის ყველა ევროპული და დასავლური პოლიტიკური ორგანიზაცია, მაშინ როდესაც მტერმა ქვეყნის ოცი პროცენტი წაგგლიჯა, წაგართვა, მიწასთან გაგისწორა, იმ მტერთან სავიზო რეჟიმი გაუქმებული რატომ უნდა გქონდეს? საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და სანამ არ მოხდება დეოკუპაცია ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე და მითუმეტეს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარიც კი  ზედმეტია. მე არც ვიცი სხვა ასეთი მაგალითი, როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას აბსოლუტურად სამართლიანად თვლის და აცხადებს აგრესორად, უარს ამბობს მასთან ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობაზე და ამავე დროს, ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჯიმს (თუ ვინმემ იცით სხვა ასეთი ფაქტი შემახსენეთ) რატომ? გასაგებია, რომ ეს მიშას ინიციატივა იყო, ამაზე აღარც ღირს ლაპარაკი, მაგრამ ახალი მინისტრთა კაბინეტი რატომ არ გადახედავს ამ უკაცრავად და ორიგინალურ გადაწყვეტილებას? ტურისტებიო. რა ტურისტები. 

ამას წინათ თამარაშნელი ძმაკაცი შემხვდა, სოლოლაკში, ტაბიძის ქუჩაზე, რა ისმის ხეობიდან-მეთქი და ასფალტს დაადო ხელი, აესღაა თამარაშენი, სახლებს ასწორებენ, ზედ ასფალტს აგებენ, რუსები და ბარებს აშენებენო. თბილისიდან 25 კილომეტრში რუსების ტანკები უნდა დაგრიხინებდნენ, ჩვენს ძირძველ და უძველეს სოფლებს საძირკვლებიანად თხრიდნენ და მაგათი ტურისტები იქვე, ყურის ძირში, პლაჟზე უნდა იყვნენ წამოკოტრიალებული? რატომ? ბევრი გვმართებს ამ დედააფეთქებული რუსეთის? ვალი გვაქვს? და რა ჰქვია ამას, ტოლერანტობა? შემწყნარებლობა? ბიზნეს-ინტერესები? რეალ პოლიტიკა? თუ მონობა და ჩმორობა? ისრაელი არ არის დემოკრატიული ქვეყანა, რეალ პოლიტიკაში ვერ ერკვევა თუ ბიზნესში ესწავლება რამე, დამარცხებულ პალესტინის საზღვარზეც კი ათ მეტრიან კედლებს რომ აშენებს და მავთულხლართებს აბამს? თუ ჩვენ, უბრალოდ, ძალიან ორიგინალურები, ტოლერანტულები და გულმოწყალეები ვართ და ამიტომ... ტყუილია ეგა და ჩვენ თვითონაც ძალიან კარგად ვიცით. 

ერეკლე მეფე გეორგიევსკის ტრაქტატს ხელს რომ აწერდა, სამეფო საბჭოზე ერთი თავადი ადგა, გვარი აღარ მახსოვს, ცნობილი ამბავი კია და უთხრა: ,,მეფეო, ემ დარიალის კარს რომ უღებ ამ რუსებს, რამე რომ იყოს, მაგ დარიალის კარის ისევ დაგმანვას შევიძლებთო?” ეგ კი აღარ ჩანს, ერეკლე მეფემ რა უპასუხა ან უპასუხა თუ არა რამ, პასუხი ისედაც ნათელია - უკვე ორას წელზე მეტია, ეს დალოცვილი დარიალის კარი ვეღარ დავგმანეთ და ვეღარც რუსი მოვიშორეთ თავიდან. 

შემწყნარებლები, ტოლერნტები და მიმტევებლები ვართ და რა ვქნათ?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^