Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არის სამოქალაქო საზოგადოება- უმრავლესობა, უმცირესობა თუ "ნინიას ბაღი"?

21 ნოემბერი 2012

 

სამოქალაქო საზოგადოების ბევრი განმარტება არსებობს.  ჰერბერტ მარკუზე Burgerliche Geselschaft --ს საზოგადოების იმ ელიტურ ნაწილს უწოდებდა, რომელიც არსებული კაპიტალისტური წესწყობილების შენარჩუნებას ისახავდა.  მისთვის ეს საზოგადოება ცალსახად პოზიტიური განზომილებით არ იზომებოდა.  ასევე, ანტონიო გრამშისთვის კაპიტალისტურ საზოგადოებაში პრობლემების ერთ-ერთი ძირი სწორედ ინტერესთა ჯგუფების მუდმივი დაპირისპირება და მუდმივი საზოგადოებრივი ქიშპი იყო.  

ბევრი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის  განმარტებით ბიურგერული სისტემა მუდმივად უმუშევრბისა და რესურსების გარეშე დარჩენის შიშით არსებობდა.  ლიბერალური ფილოსოფიის ფუძემდებლებს შორის ამ ტიპის საზოგადოება მუდმივად აკეთებდა არჩევანს თომას ჰობსის "ყველას ომზე ყველას წინააღმდეგ".  მაგრამ ამავე დროს, ჯონ ლოკის ან თუნდაც ჟან ჟაკ რუსოს ასევე ლიბერალური დისკურსი "უთანასწორობის წარმოშობის" შესახებ ამ ტიპის საზოგადოებაში პრაქტიკულად დავიწყებულია.  ანუ თვით ლიბერალურ საზოგადოებაში არსებობს "სამოქალაქო საზოგადოების" რამდენიმე გაგება.  

ერთის მიხედვით საზოგადოების ერთი პატარა ნაწილი - მცირე და ელიტური "ინტერესთა ჯგუფები" მუდმივად ხმაურობენ და ქმნიან "სამოქალაქო აქტივობის" ილუზიას, მეორე კი ცდილობს ნამდვილად დემოკრატიული დისკურსი შემოიტანოს და ილაპარაკოს მოსახლეობის უმრავლესობის - უფრო სწორად მისი 100 პროცენტის სახელით.  ეს, ცხადია, ადვილი არ არის - თუმცა, ნამდვილი "სამოქალაქო საზოგადოება" სწორედ ასეთი უნდა იყოს - როგორც ამერიკაში უწოდებენ Grass Roots ანუ ბალახის ძირებიდან ამოსული საზოგადოება.  ეს ტერმინი პირველ რიგში კლასობრივი პრივილეგიიების გათვალისწინებას ნიშნავს.  რამეთუ ბევრი მარგინალიზებული ადამიანი თუ ჯგუფი უპირველესად სოციალ-ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია.  სწორედ, ამ სოციალ ეკონომიკური ძალადობის შედეგად საზოგადოების უმრავლესობა მარგინალიზებულია.  მიშელ ფუკოს ან ნოამ ჩომსკის თუ ვკითხავთ, ასეთი დაახლოებით 80 პროცენტია, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ კი ეს რიცხვი უკვე 99 პროცენტზე მაღლა ავიდა.  ორი აზრი არაა, ძნელია იმსჯელო ზუსტ ციფრებზე საქართველოში - ზუსტი დაანგარიშება ჯერ არ გაკეთებულა - მაგრამ ერთი რამე უკვე ცხადია: საზოგადოების დიდი უმრავლესობა დღესაც ხმის გარეშეა.

უკვე ერთი თვე შესრულდა რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობის მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა.  ახალი ხელისუფლება კი "სამოქალაქო საზოგადოებად" მხოლოდ ადამიანების პატარა კლანს, სულ რამდენიმე "ინტერესთა ჯგუფს" მიიჩნევს.  ამ ჯგუფებს შორის ბევრი ხმას არ იღებდა 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მოკლვაზე, საერთოდ პოლიციური სახელმწიფოოს არსებობაზე.   -ადამიანებს თვალს და ხელს შუა აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ, იტაცებდნენ, კლავდნენ და ბევრი ასეთი ადამიანი არქიტექტურაზე მსჯელობდა ძირითადად.  თანაც ამ ძალადობას იმით ამართლებდა რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი უნდა გახდესო.  რაც მთავარია, ამ ელიტური ჯგუფებისათვის საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხოლოდ სტატისტიკური მასაა, ისინი მათ ადამიანებად და ინდივიდებად არც თვლიან.  
 
ეს ქმნის საკმაოდ ცუდ და პათოლოგიურ სიძულვილის დიქოტომიას - ერთი მხრივ "ინტერესთა ჯგუფები" მუდმივად ამცირებენ ხალხის უმრავლესობას, როგორც "ბნელს" და "გაუნათლებელს" და მეორე მხრივ. ხალხში უამრავი ფობია ყალიბდება - ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის მიმართ.   ადამიანებში განათლების ნაკლებობის მთავარ მიზეზზე - იმაზე, რომ განათლებაში ბევრად ნაკლები სახსრები იდება, ვიდრე უნდა იდებოდეს და ბევრად ნაკლები პრიორიტეტის საგანია სახელმწიფო პოლიტიკის მხრივ - ამაზე არც პატარა "ბიურგერული საზოგადოება" ლაპარაკობს და არც დიდი და ნამდვილი "სამოქალაქო საზოგადოება".  საზოგადოების დანაწევრება ხდება იდენტობის მიხედვით - რაც ამ შემთხვევაში მეათეხარისხოვანია.  ვის როგორი სისსლი ურევია, ვინ რა რელიგიის წარმომადგენელია, ვინ რა გენდერულ ჯგუფს წარმოადგენს და ასე შემდეგ.  ყურადღების იდენტობაზე გადატანა, ცხადია, ხელს უწყობს ნაციონალიზმის, რასიზმის, ჰომოფობიის, ქსენოფობიის და ყველა მისდაგვარი პათოლოგიური გრძნობის გაღვივებას.
სინამდვილეში მდგომარეობა ბევრად უფრო მარტივადაა:  საჭიროა მეტი სახსრები განათლებისთვის და ჯანდაცვისათვის და არა მარტო სახსრები.  საჭიროა კარგად გააზრებული პოლიტიკის წარმოება.  
მაგალითად, იმის მაგივრად რომ მოხდეს უამრავი ტვინის გადინება და ახალგაზრდების დიდი რაოდენობით გაშვება საზღვარგარეთ, აუცილებელია ლიბერალური ხელოვნების კოლეჯები და კვალიფიციური უნივერსიტეტები შეიქმნას საქართველოში.  დღეს ექსტრემისტული ულტრა-მემარჯვენე "ლიბერტარიანული" უმაღლესი სკოლების გარდა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ლიბერალური განათლების კერები.  პატარა გამონაკლისის სახით იყო GIPA, ქართული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.  დანარჩენი უნივერსიტეტების უმრავლესობა სოციალური დარვინიზმის და უთანასწორობის პროპაგანდის მეტს არაფერს ასწავლიან.
 
თუკი მთელ ქვეყანაში სოციალური დარვინიზმის მეტი პრაქტიკულად არაფერი ისწავლება, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს ამდენი სიძულვილის წარმოშობა.  თუკი ჩვენ ადამიანების ურთიერთობის ნორმად მხოლოდ კონკურენციას და ქიშპს ავიღებთ, მაშინ რაღატომ უნდა გვიკვირდეს ფობიები?  ფობიები სწორედაც რომ კონკურენციისა და ქიშპის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა.  სხვათა შორის, "ნამცხვრის გაზრდის" თეორია ძალიან გავლენიანია მთელ მსოფლიოში და ამაზე ამას წინათ ერთმა ნამდვილმა (ოღონდ ნამდვილმა და არა ეგრეთწოდებულმა) ლიბერტარიანელმა დაწერა.  ამ შემთხვევაში მე მას სრულიად ვეთანხმები.  "ნამცხვრის გაზრდა" აუცილებელია პირობაა ჯანმრთელი საზოგადოებისათვის და ამისათვის ყველანაირი ანტერპრენიორული და სახელმწიფო რესურსიც უნდა იყოს გამოყენებული.  აი, ეს არის ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვინდა ახალი ხელისუფლებისაგან.  "შესაძლებლობების ხელმისაწყვდომობა" ძალიან მნიშვბნელოვანი კონცეპტია დღევანდელ დემოკრატიაში.
 
დემოკრატია ის სისტემაა, სადაც განვითარების საშუალება ყველა მოქალაქეს აქვს - თანაბარაი შესაძლებლობების საზოგადოება.  აქ არც უმრავლესობა და არც უმცირესობა არ უნდა იყოს დავიწყებული.  არც უმცირესობის უფლება უნდა დაირღვეს და რა თქმა უნდა უმრავლესობა არ უნდა იყოს ასე მარგინალიზებული.
დღეს ჩვენთან ეგრეთწოდებული ენჯეოშნიკების და მათი რჩეული პოლიტიკოსების მიერ ძირითადად იდენტობის საკითხებზეა საუბარი.  1980-იან წლებში დაწყებული ნაცინალისტურ-ფუნდამენტალისტური ისტერია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ე.წ. მემარცხენე ლიბერალების მუდმივ აპელირება ასევე სხვადასხვა ტიპის იდენტობაზე.  პოზიტიური პროგრამა საზოგადოებისათავის პრაქტიკულად არავის შეუთავაზებია.  
ამის არტიკულირება მოახერხა თამარ გურჩიანმა, რომელმაც თქვა, რომ საზოგადოების 100 პროცენტის ინტერესებს დაიცავს - და, რაღა თქმა უნდა, მასაც იქვე მიუჩინეს ადგილი სადაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობაა.  ზოგი უბრალო ადამიანების ბედით დაინტერესებას "პოპულიზმს" უწოდებს, ზოგიც კომუნიზმს. ზოგიც მარქსიზმ-ლენინიზმს და კიდევ რა სალანძღავი ტერმინი არ მოიგონეს.  
მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება.  საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის უფლებები არ არის დაცული - და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ არც სამართლიანი სასამართლო გვაქვს, არც ნორმალური განათლების სისტემა და ქვეყანაში მხოლოდ ტრავმატოლოგიური საავადმყოფები შენდება. ადამიანის სრული უგულებელყოფა სწორედაც რომ ტრამვას იწვევს.
 
ჩვენი ბიურგერული საზოგადოების ჯგუფების წევრებს პირობითად მე "ნინიას ბაღს" ვუწოდებ.  არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი და ნინია ხშირად ამ ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს და იცავს, არამედ იმიტომ, რომ მათი არგუმენტები ხშირად ძალიან ზედაპირულია და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების კვლევებს კი არ ეფუძნება, არამედ ძირითადად კლიშეებით და გავრცელებული დოგმებით აზროვნებს.  ამ ჯგუფის ორიენტაცია მხოლოდ უმცირესობაზეა - მათთვის უმრავლესობა მეორეხარისხოვანი ადამიანია.  ამ ჯგუფის წარმომადგენლებს არასდროს არაფერი უთქვამთ განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ და არასდროს შემოუთავაზებიათ კონსტრუქციული გზა.   ასეთი ჯგუფები კონკრეტულად არც მიშას ხელისუფლებაზე ყოფილა შეყვარებული და არც ამ ახალ ხელისუფლებას უერთგულებს.  ცუდი არ იქნებოდა, მათ რომ რეალური პრობლემების წვდომა შეეძლოთ და არა მხოლოდ ზედაპირულ კლიშეებზე აპელირება.  მაგრამ ამ ელიტურ "ბიურგერულ საზოგადოებას", რომელშიაც ბევრი ძალიან განათლებული და ნიჭიერი ადამიანიც არის, უყვარს ნებისმიერ ხელისუფებასთან და კორპორატიულ ელიტასთან კომფორტული ურთიერთობა.  რა თქმა უნდა ისინი კრიტიკასაც ახერხებენ - მაგრამ ყველაზე მტკივნეულ და ძირეულ მიზეზებზე იშვიათად საუბრობენ.
როდესაც საზოგადოებაში ამ დონის უთანასწორობაა და როდესაც მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი პრაქტიკულად უჩინარია, იმდენად არის უგულებელყოფილი მისი ყველანაირი უფლება, მაშინ ჩვენი ელიტური საზოგადოება ცდილობს სპინი სხვაგან გადაიტანოს.
სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე რთული მემკვიდრეობა სწორედ ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობა სწორედაც რომ "სტატისტიკურ მასად" ითვლება.  ეს, თავის მხრივ კარგი გაგებით ლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.  ყველა ადამიანში პიროვნების დანახვა სამართლიანი საზოგადოების მთავარი ნიშანთვისება.  ყველა ადამიანი ფენომენია - და ეს ფენომენოლოგია თუ არ დავინახეთ - მაშინ დემოკრატია არ გვაქვს.  ყველა განსხვავებული, მაგრამ თანასწორი.
 
საზოგადოებამ უნდა დაიცვას მისი ყოველი წევრის უფლება:  არც მხოლოდ უმრავლესობის და არც მხოლოდ უმცირესობის.  იდენტობას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს ადამიანებისათვის ამა თუ იმ პოზიციის მინიჭებისას.
 
ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება სოლიდარობის საზოგადოებაა.  ცხადია, თანასწორობის მოსურნეებს ლენინიც "მემარცხენე სენით" დაავადებულ უტოპისტებს გვიწოდებდა და მარგარეტ ტეტჩერიც და რეიგანიც, მაგრამ ამ იდეალების გარეშე არ არსებობს ადამიანური განვითარების პერსპექტივა.  თუ ნებისმიერი ადამიანის უკან პიროვნება არ დავინახეთ, შეუძლებელი იქნება ჯანმრთელი საზოგადოების კონსრტუქცია.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^