ამასწინათ სპეციალისტთა შორის გამოკითხვა ჩატარდა: როკ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე ორთოდოქსული სიმღერების გამოსავლენად - ერთი სიტყვით, რასაც ჯაზში სტანდარტებს ეძახიან. "ბითლზისა" და ბობ დილანის კარგად ნაცნობი კომპოზიციების გარდა, აქ მოხვდა სამი სიმღერა, რომელიც როკ-ნ-როლის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა. კერძოდ, გერშვინის "სამერთაიმ", შუასაუკუნეების ინგლისური ბალადა "გრინსლივს" და "ამომავალი მზის სახლი", რომლის არც ავტორი და არც შექმნის ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. რაც შეეხება მათ შესრულებას, ამ სამიდან უკანასკნელი ორის საუკეთესო ვარიანტის ავტორად ჯოან ბაეზი დასახელდა...
"შავგვრემანი ლამაზმანი" - ასე მოიხსენიებდა ხოლმე ბაეზს, ჩემს ბავშვობაში საბჭოთა პრესა. რა თქმა უნდა, საქმე ჯოან ბაეზის მომხიბვლელობაში კი არა, მის დემოკრატიულ შეხედულებებში იყო. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია - საბჭოეთში მას ჯიუტად მოიხსენიებდნენ ხოლმე მექსიკელ და არა ამერიკელ მუსიკოსად (ჯოან ბაეზი ეთნიკურად მექსიკელი, თუმცა ამერიკის მოქალაქეა). ერთი სიტყვით, ცივი ომის ეპოქაში ეს მომღერალი მართლაც საკმაოდ დაფასებული იყო ჩვენში. 70-იანების დასაწყისში, ფირფიტების საბჭოთა მწარმოებელმა "მელოდიამ", ჯოან ბაეზის დისკიც კი დაბეჭდა, სახელწოდებით: "მღერის ჯოან ბაეზი (საკუთარი გიტარის თანხლებით)". აქ, უკანა ყდაზე მოთავსებულ რეცენზიაში, რუსი კრიტიკოსი მომღერალს "ხალხური მუსიკის ჟანა დ'არკს" უწოდებს. მე მგონი, იშვიათად ზუსტი ეპითეტია!
როკ–მუსიკის ისტორიაში, მართლაც ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი პოლიტიკური და სოციალური აქტიურობის მქონე მეორე არტისტი. მუსიკას რაც შეეხება, ალბათ შეუძლებელია ბაეზის წკრიალა ხმის დავიწყება მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი სიმღერა. აქ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და ერთ საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებ, რომელიც მგონი ჩვენც გვიკავშირდება:
იმავე 70-იანების ბოლო, მუსიკალური თვალსაზრისით საბჭოეთში მართლაც შეუდარებელი "დათბობის" პერიოდი იყო. უფროს თაობას კარგად ემახსოვრება ბ.ბ.კინგის, "ნიტი გრიტის" თუ კლარენს ბრაუნის გასტროლები ჩვენთან. ჰოდა, ზუსტად ამ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა ეს ამბავი...
1978 წლის ინგლისური როკ–გამოცემა "მელოდი მეიკერის" 30 ივნისის ნომერი იუწყება: "ბიჩ ბოისი", სანტანა [კიდევ ერთი მექსიკელი მუსიკოსი] და ჯოან ბაეზი, საბჭოთა კავშირში მიემგზავრებიან!". როგორც სტატიიდან ირკვევა: "სწორედ ეს მუსიკოსები მიიღებდნენ მონაწილეობას, 4 ივლისს (ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს) ლენინგრადის (აწ პეტერბურგი) ცენტრალურ მოედანზე გამართულ უფასო კონცერტში. მოსალოდნელია 250 ათასი ადამიანის დასწრება. ინგლისელ რეჟისორს დ. გრიუნვალდს დაგეგმილი აქვს ამ ისტორიული მოვლენის ფირზე აღბეჭდვა. აქციას დააფინანსებს ამერიკული ტანსაცმლის გიგანტი "ლევი' სტრაუსი". ამასთან დაკავშირებით, რუსმა კონსულმა ამერიკაში, უკვე გამოთქვა თანხმობა და ისაუბრა საბჭოთა და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცების აუცილებლობაზე".
ყველაზე საინტერესო, მაინც მსხვილი შრიფტით გამოკვეთილი მინაწერია, წერილის ბოლოს (რომელიც, პირადად მე ნეკროლოგს მაგონებს): "როდესაც გაზეთი ასაწყობად მზადდებოდა - სამშაბათს, გვაცნობეს რომ კონცერტი გაუქმდა"...
ერთი სიტყვით - როგორც ამბობენ: "ვერ მოგართვით!". კარლოს სანტანასი და ძმები უილსონების ("ბიჩ ბოისი") არ ვიცი, მაგრამ ჯოან ბაეზი რისი ჟანა დ'არკი იქნებოდა, რომ ასე ადვილად გაჩერებულიყო?! ჰოდა, მოსკოვში მაინც უმოგზაურია, მართალია კონცერტების გარეშე და იმდროინდელ საბჭოთა დისიდენტებსაც შეხვედრია, მათ შორის - ანდრეი სახაროვს და მის მეუღლეს. როგორც ჩანს, ამ დროს უნდა გაცნობოდა ის ლეგენდარულ ბულატ ოკუჯავას შემოქმედებას. ასე შევიდა როკის ამ ცოცხალი კლასიკოსის რეპერტუარში ქართველი მაესტროს სიმღერა - "მეგობრების ერთობა", ანუ იგივე "ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს".
სხვათა შორის, საინტერესოა კიდევ ერთი ნომერი, რომელსაც ბაეზი კონცერტებზე ასრულებდა ხოლმე, ძირითადად საბჭოთა კავშირის არსებობამდე (თუმცა ის ალბომებში არ შესულა) და რომელიც სახალისო სათაურითაა ცნობილი: "დღეს ბრეჟნევის დღეობაა".
დაბოლოს: ჟანა დ'არკს რაც შეეხება - წელს ფრანგებმა მისი 600 წლის იუბილე აღნიშნეს...