Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორთოლიბერალის ბლოგი - სინდისი, მართლაც, კაი საქონელია?

24 ნოემბერი 2012

“Совесть тоже хорошая скотинка!” - ეს ცნობილი, კურიოზული ფრაზა, XIX საუკუნეში ერთი რუსეთუმე თუ გარუსებული (კინაღამ დავწერე - გაქსუებული) ქართველი თავადის მიერ ნათქვამი, ამ ბოლო ხანს ხშირად მახსენდება. ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილის სატელევიზიო განცხადებამაც გამახსენა - როდესაც ბაჩო ახალაიას ზნეობრივ გმირად დაგისახავენ, ცოტნე დადიანს შეადარებენ, აბა, სხვა რა შეიძლება გაგახსენდეს?!   

15 წელია ზნეობასა და სინდისზე ვესაუბრები სტუდენტებს და ზოგჯერ გამიელვებს ხოლმე - გამკენწლავს - კი მაგრამ, სადაა ეს სინდისი, სადაა ზნეობა? თვითონაც არაერთხელ უკითხავთ, ამდენი უსინდისო, უზნეო, უტიფარი კაცი დადის ჩვენს გვერდით და როგორ გვეუბნებით, სინდისი საყოველთაოა? რომ ბუნებითი, შინაგანი ზნებრივი კანონი ყველა ადამიანის კუთვნილებაა?

რთული კითხვაა? ყოველ შენთხვევაში, არც მარტივი - ისეთ ჭკუიან კაცსაც კი ვერ აეხსნა ეს ფენომენი, როგორიც იმანუილ კანტი ბრძანდებოდა - და მაშ, ჩვენ რაღა გვეთქმის? ნამდვილად რთულია, როგორც ჩვენი მზიანვარდებიანი (თუ უკვე უვარდებო?) ქვეყნის კონვულსიურად ქარტეხილოვანი ცხოვერება.

მაგრამ რაღაც რაციონალური ახსნა მაინც ხომ უნდა არსებობდეს? როგორ ახერხებენ ასე მარტივად შავზე თეთრის თქმას და თეთრზე შავის?? გაუგებარია!  

ადამიანი რა, თქმა უნდა, გამოცანაა, საბავშვი კონსტრუქტორივით ვერ დაშლი და ვერ გაიგებ, რას წარმოადგენს სინამდვილეში (და თუკი დაშლი, მთავარს მაინც ვერ მიაგნებ, რადგან უხილავია), მაგრამ ამ საოცარი ფაქტის - თვალებში ნაცარს ასე უპრობლემოდ რომ გვაყრიან - ასახსნელად რაღაც ვარაუდი მაინც შეიძლება გამოითქვას.

“სინდისი” ბერძნულად, სიტყვასიტყვით, თანაცოდნას, თანაცნობას ნიშნავს (რუსული “Совесть” ბერძნულის კალკირებულ თარგმანს წარმოადგენს). სულხან საბას განმარტებით, ესაა "გონებაი მამხილებელი". ანუ ადამიანის უნარი, შეაფასოს საკუთარი აზრები და მოქმედება, და შემდეგ, შეაფასოს თვით ეს შეფასება (მეცნიერულად ამას "ეთიკური რეფლექსია" ჰქვია). სწორედ მორალური განსჯის უნარი აქცევს ადამიანს ადამიანად. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება, ადამიანი ხშირად ისე იქცევა, გეგონება,

“უ-სინდისოა”, ანუ ეს უნარი საერთოდაც არ გააჩნია.   

რა არის ამის მიზეზი? საქმე მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალურ თვისებებშია? ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ სინდისი ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ განსხვავებული მისი მდგომარეობა. სინდისი შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან მიძინებული, სრულყოფილი ან ჩამწვარი. სინდისს განწმენდა, აღზრდა სჭირდება. ადამიანმა უზნეო, ეგოისტური, ციდვისმიერი ცხოვრებით სინდისი შეიძლება დაადუმის, თუმცა ის ბოლომდე არ ქრება და, შესაძლოა,  სიცოცლის ბოლო წუთს შეძრას ადამიანი თავისი მხილებით.  

ამავე დროს, როგორც ჩანს, არსებობს ამის - ანუ ე.წ. "უსინდისობის" - ხელშემწყობი ზოგადი ფაქტორები თუ სიღრმისეული საფუძველი. ამერიკელი ფსიქოლოგის, ვ.ლეფევრის ემპირიული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ არსებობს ეთიკური რეფლექსიის ორი სისტემა, ანუ ორი ტიპი. პირველი, რომელშიც უპირატესობა ეძლევა კომპრომისს და მეორე, რომელშიც უპირატესობა ეძლევა კონფრონტაციას. პირველი სისტემა დომინირებს ამერიკულ კულტურაში, მეირე საბჭოელების (თუ ყოფილი საბჭოელების) ცნობიერებაში. პირველ ეთიკურ სისტემაში კეთილი მიზნის მისაღწევად უკეთური საშუალებების გამოყენება ნეგატიურად აღიქმება, ხოლო განცალკევება - პოზიტიურად. მეორე სისტემაში კი საქმე პირიქითაა, კეთილი მიზნის მისაღწევად უკეთური საშუალებების გამოყენება ფასდება როგორც კარგი ქმედება, განცალკევება (ანუ ასეთ საშუალებებზე უარის თქმა) კი - ცუდი. ლეფევრი წერს, რომ მეორე, “უკომპრომისო” ეთიკური სისტემის არსებობა რომელიმე კონკრეტულ იდეოლოგიასთან არ არის უშუალოდ დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ის ქვეყანა თუ რეჟიმი, რომელიც მას ამ სისტემის საილუსტრაციოდ მოჰყავს, არის ტოტალიტარული, ავტორიტარული, კოლექტივისტური, ანუ სადაც ცალკე აღებული ადამიანი არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. პირველი ეთიკური სისტემა, რომელიც დომინირებს ამერიკაში (უფრო ფართო გაგებით კი, დასავლეთში) ეყრდნობა ქრისტიანულ საწყისებს, სადაც ყოველი ადამიანის აბსოლუტური ღირებულების აღიარება ხდება, სადაც გამიჯნულია სიკეთე და ბოროტება და სადაც ადამიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას მოუწოდებენ (`რომელმან გცეს შენ ყურიმალს შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა" - მათე 5,39). იეზუიტების “მორალი” - “მიზანი ამართლებს საშუალებას”, - თავისი არსით, სწორედაც რომ ანტიქრისტანულია.

ლეფევრს ეკუთვნის წიგნი "სინდისის ალგებრა" (მისი რუსული თარგმანი ინტერნეტში ხელმისაწვდომია), სადაც ორივე ეთიკური სისტემის სტრუქტურა მათემატიკური ანალიზის დონეზეა განხილული.

ალგებრა და ფორმულები ჩემგან, ცოტა არ იყოს, შორსაა, ამიტომ სათქმელს მარტივად ვიტყვი - ყოფილი საბჭოელების, ნამდვილი ბოლშევიკების თუ ნეობეილშევიკების ცნობიერება ბუნებრივად ჰგუობს და იყენებს ტყუილს, დანაშაულს, ცილიწამებას, ნამდვილ წამებას, დამცირებას თუ მკვლელობას, როგორც საშუალებას იმისთვის, რომ "კეთილ" მიზანს მიაღწიოს - შეინარჩუნოს ძალაუფლება და იბატონოს. "სიკეთის განსახიერება" ხომ თვითონაა! როდესაც ჩვენმა ე.წ. “ახალგაზრდაDდემოკრატებმა”, ვარდების პირველი ყვავილობისას, განაცხადეს, რომ ჯერ ძლიერი სახელმწიფო უნდა აშენდეს და მხოლოდ ამის მერე, დემოკრატია, მაშინვე უნდა აგვეტეხა განგაში და გამოვსულიყავით ქუჩაში. 

კარგად მესმის, გვიანაა თითზე კბენანი, მაგრამ ახლა მაინც მივხვდეთ მისახვედრს, დასკვნები გამოვიტანოთ სამომავლოდ - არ დავკარგოთ სიფხიზლე! - ეს კი მშვიდი განსჯის გარეშე შეუძლებელია. ამ ტექსტს რომ ვწერდი, ძმაკაცმა დამირეკა და მითხრა, საშინლად ნერვები მეშლება იმათზე, ბაჩოს რომ იცავენ, წამოდი, ორკაციანი აქცია მოვუწყოთ, ცოცხები მივუყაროთო! 

კინაღამ დავეთანხმე, მაგრამ დავფიქრდი და ვუთხარი - მაგათ სწორედ ეგ უნდათ, ჩვენი გაგიჟება და წყობიდან გამოყვანა. ცოცხებს რო მივუყრით, რა, შერცხვებათ? კანონის და სამართლის ენაზე უნდა ველაპარაკოთ, ემოციების ენაზე კი არა. ყველაზე სწორი იქნება, თუ საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას, არაფრად ჩავაგდებთ მაგათ ფაფხურს და ყალბ რიტორიკას! 

არადა, მაინც მინდა ვკითხო კონკრეტულად ბატონ მასხარაშვილს - სინდისი მართლა კაი საქონელია?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^