Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახიფათო ზღვარზე

26 ნოემბერი 2012

ის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ცივილიზებულ სამყაროში შეთანხმებული თეზაა. ეგეც არ იყოს, ცივილიზაცია არ უნდა მაგას. საკმარისია ადამიანი, როგორც ასეთი, უბრალოდ გიყვარდეს, რომ ეს თეზა თავად იქცევა შენი გონების ნაყოფად.

ის, რომ ყოველგვარი უსამართლობა და ძალადობა – შედეგია ადამიანთა არათანასწორი ურთიერთდამოკიდებულებისა, ასევე შეთანხმებული საქმეა.

ასე გგონიათ? სულ ტყუილად! 2012 წლის მონაცემებით, ჩვენთან ჯერ კიდევ მოიძებნებიან ისეთი თამამი მოლაყბეები, რომლებსაც შეუძლიათ, პირდაპირ საჯარო სივრცეში ერთი ხელაღებით უარყონ თანამედროვე მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ნომერ პირველი, წყალგაუვალი და მტკიცეზე მტკიცე პუნქტი: „ყველა ადამიანი თანასწორია!“.

ასეთ მოლაყბეებზე ცოტა მოგვიანებით. იქამდე, სხვა ამბები მაქვს.

„მხოლოდ მაშინ, როდესაც სიყვარულის ძალა დაჯაბნის ძალის სიყვარულს, სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს“ – ჭკვიანმა ქალმა თქვა, ადრე... მარტივი და ერთი შეხედვით, ეს–ხომ–ისედაც–ვიცოდით მოსაზრება, ვისაც არ უნდა დაუციტირო, დიდი ეჭვი მაქვს, ყველა გიპასუხებთ „აბა რა, ასეა“–ო... ჩვენც ვიფიქრებთ, აბა რა, ასეა. ასეა კი?

ერთი საზიზღარი მეგობარი მყავს. პირველად, დეპრესიაში მყოფმა რომ მივაკითხე, იმედი მქონდა რამენაირად გამახალისებდა. მაგალითად, დავრჩებოდი მასთან, ვუყურებდით ნებისმიერ ბანძ კომედიას და სიმულაციურად გავიხალისებდი თავს. ან დავლევდით და ეგ იქნებოდა. ნევროლოგია პროფესიით, ჰოდა, ეგღა აკლდა ამ ბანალური მეთოდებით ჩემი გართობა დაეწყო. იმან სხვა მეთოდები არჩია (განზრახ, ან იქნებ შემთხვევითაც) გაგანია დეპრესიისას, ადგა და ერთ ღამეში ორ, ასე ვთქვათ, მძიმე ფილმს მაყურებინა. თუ ცუდად ხარ, ბარემ ბოლომდე დაიტანჯე ისე, რომ ხვალ დილით დეპრესიის თავიც აღარ გქონდესო, იფიქრა მგონი. ეს ფილმები იყო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდა“ და პაზოლინის „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“ – ორივე ერთ ღამეში მანახა. პირველმა არა, მაგრამ მეორემ მართლა დამიკარგა დეპრესიის უნარიც კი. ყველაზე გროტესკული, ამაზრზენი, გულისამრევი ფორმებით ნაჩვენები ძალაუფლების მწვერვალი და ძალაუფლების პერვერსიულობა. ძალის მპყრობელი ფაშისტი სახელად დიუკი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ცხელი, ორთქლიანი განავალი გაჭამოს, თუ მას... ჰმმ... გამოიცანით: თუ მას ძალა აქვს.

მეორე დღეს დეპრესიისთვის აღარ მცხელოდა, მხოლოდ რაღაც შიშის და ზიზღის განცდა მიბუყბუყებდა მუცელში. ზიზღი დიუკებისა და შიში იმისა, რომ არც დიუკი დაბადებულა სხვისთვის განავლის მჭმეველ დიუკად. ის ასეთად ძალაუფლებამ აქცია. უპირობო ძალაუფლებამ. საშიში კი სწორედ ეს იყო, რომ თავიდან, არც არავინ ვიბადებით დიუკებად. უფრო მარტივად რომ ვთქვა, არათუ სხვების, საკუთარი თავისაც კი შემეშინდა. ვიფიქრე, იქნებ თავის დროზე მასაც ძალიან უყვარდა მშობლები, ოჯახი, მეგობრები? იქნებ, ისიც დადიოდა სკოლაში?

ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც „სალო“ ვნახე.

ეს ფილმი, ალბათ არც გამახსენდებოდა, რომ არა ჩემი და გოგი გვახარიას რამდენიმე თვის წინანდელი სტუმრობა ქუთაისში. „ბატონო გოგი, უდიდეს პატივს გცემთ, ვგიჟდებოდი ფსიქოზე... სალო, ოხ, სალო! თქვენს გადაცემაში ვნახე პირველად, რა გენიალური ფილმია, არა?“ – ეს წინადადება ერთ დღეში იმდენჯერ მოვისმინე ადამიანებისგან, რომ ალბათ გოგიმ გადაწყვიტა, თავად აეხსნა ჩემთვის, რაშიც იყო საქმე.

„მგონი ქართველების საყვარელი ფილმია, კიკონ. სალო, სალო, სალო... ფსიქოში ვნახეთ... ყველა ამას მეუბნება“ – მითხრა გოგიმ. ჩემის მხრივ, ერთი გავიფიქრე, „მდააჰჰ“–მეთქი და ეგ იყო.

ეს ფილმი, ალბათ არც ამის შემდეგ გამახსენდებოდა, რომ არა ე.წ. „ციხის სკანდალი“ – თავზარდამცემი ამბავი, რომელსაც შეეძლო ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა, მაგრამ – ვერ. ადამიანების ტრაგედია, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა და კათარზისი კი არ გამოუწვევია.

სინამდვილეში, ეს ამბავი, რომელიც პატრიარქალურ საზოგადოებრივ დისკურსში მეტწილად „პატიმრების წამებად“ და „კაცობის აყრად“ დარჩა, სწორედ ჩვენს თვალწინ ცოცხლად დადგმული „სალო“ იყო, ადგილობრივი, ეროვნული წარმოებისა. ამბავი აბსოლუტური ძალაუფლებისგან გათახსირებული ადამიანებისა, რომელიც ტრაგედიის ნაცვლად, პერვერტულ სოციო–პოლიტიკურ პორნო სანახაობად დაიდგა. პორნო კი ტრაგედიისგან განსხვავებით, კათარზისს არ იწვევს. პირიქით, იქნებ უფრო ამძაფრებს კიდეც ზოგ–ზოგიერთ სურვილებს.

მაშინ, როცა ტრაგედიის სათავე ძალაუფლებაა, ჩვენ მას კი არ დავუპირისპირდით, არამედ, უბრალოდ შევცვალეთ და ძველი –ისტ–ების ადგილი ახალ –ისტ–ებს დავუთმეთ. ანდაც, არ ვიცი რატომ მქონდა ძალაუფლებასთან დაპირისპირების მოლოდინი, როცა ვხედავდი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ცოცხი ეკერა პირზე. ორი დღე გადაბმულად ვუყურებდით კადრებს, სადაც გვიჩვენებდნენ არასრულწლოვნებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა წამებას და მაინც, ცოცხი, ცოცხი, ცოცხი... სალაპარაკო თემად ბევრს ცოცხი უფრო ეპრიანებოდა, ცოცხის ამბავი უფრო „მოსწონდათ“, ცოცხზე უფრო ღადაობდნენ, ყველაზე მეტად ძალადობის განსაკუთრებით პერვერსიულმა „იარაღმა“ – ცოცხმა აღაშფოთათ. მეტიც, დიდი მსჯელობები იმართებოდა, შეეტეოდა თუ არა იმსისქე ცოცხი ადამიანის ანუსში. არც ის ვიცი, რატომ მეგონა, რომ ადამიანები ძალაუფლებას დაუპირისპირდებოდნენ, როცა ვიცოდი, რომ ყველა თუ არა, ბევრი მაინც გაიძახდა: სალო, სალო, სალო...

ასე იყო თუ ისე, ძალისა და იერარქიის, მჩაგვრელისა და ჩაგრულის საკითხი, როგორც პრობლემა, დიდი განხილვის საგანი მაინცდამაინც არ გამხდარა. ის, რომ განურჩევლად ავტორისა და ადრესატისა, განურჩევლად ფორმისა და შინაარსისა, ძალადობა–ძალადობაა, დიდად შეთანხმებული საქმე არც ახლაა, ამხელა შფოთის მიუხედავად. „ციხის სკანდალმა“ არათუ მოსალოდნელი კარგი საქმე არ ქნა, უარესიც დაგვმართა: ადამიანების დიდ ნაწილში ძალადობა მხოლოდ მის განსაკუთრებით პერვერსიულ გამოვლინებას დაერქვა, მაგალითად, ცოცხყის გაყრას, ან, განავლის ჭამას, როგორც იმ ფილმში...

„...დათვმან უთხრა, ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული – არაო“ – იგავში წერდა ერთი კაცი, მახსოვს. თქვენც გეხსომებათ.

საკამათო თემა კია, მაგრამ მე მაინც მაქვს ამაზე ჩემი მოსაზრება: ადამიანის ცემა ვერაფრით ვერ იქნება იმაზე უფრო დიდი და მტკივნეული ძალადობა, ვიდრე მისი „ენით დაკოდვა“. ასე ვთქვათ, აზრობრივი ძალადობა, ადამიანისთვის თქმა იმის, რომ აი, შენ კი არსებობ, მაგრამ მოდი რა, ძმურად, მხოლოდ შენთვის იარსებე ისე, რომ თან არც არსებობდე, არ ჩანდე. შენ კი ხარ მოქალაქე, მაგრამ, მოდი რა, ჯერ მე და მერე შენ. შენ კი გაქვს უფლებები, მაგრამ მე უფრო.

ვიცით, რომ ყველას უნდა, იყოს პრივილეგირებული, ჰქონდეს მეტი ძალაუფლება, ჰყავდეს თავისი მორჩილები. იცი რაა? იყო ძლიერი და ხედავდე სუსტს – ეს კომფორტის ზონაა. თავის დაზღვევის ზონაა, შიშია იმის, რომ სხვამ არ იბატონოს შენზე და ნაცვლად იმისა, რომ ვუპირისპირდებოდეთ თავად შიშს, შეშინებულმა ადამიანებმა უბრალოდ ძალაუფლების უზურპაციასა და სხვების არა–ჩვენს–თანასწორად მიჩნევაზე გამოაცხადეს დასწრება.

ასეა, ხომ ვიცით, რომ ასეა: ძალაუფლების სახიფათო საზღვარი იწყება იქ, სადაც მავანი გაიფიქრებს: „ის ჩემი თანასწორი არაა. ძალა – მე მაქვს“. სხვა კი არაფერი მოსვლია დიუკს?

ძალაუფლების ამ სახიფათო საზღვარზე ახალი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი დგას თავისი არაერთი ფაშისტური განცხადებით. ამ საზღვარზეა ბევრი, ვინც ადამიანებს ალაგებს და ყოფს, განსაზღვრავს ვის მეტი უფლება ექნება და ვის ნაკლები, ვინ ამოიღებს ხმას და ვინ არა... ძალაუფლების სახიფათო საზღვარს თავად პრემიერიც ჯერ კიდევ მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ფაშისტურ გამოცემას, „ასავალ–დასავალს“ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ორი ღიად ქსენოფობი და რასისტი ერთმანეთის მიყოლებით დანიშნა ვიცესპიკერებად.

ერთმა ასეთმა ვიცესპიკერთაგანმა, მანანა კობახიძემ, ღიად და დეკლარირებულად განაცხადა ის, რაც, ჩემი აზრით, პირველ რიგში ხდება ძალადობის სათავე: „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის“ – თქვა მორალის სადარაჯოზე მყოფმა ყოფილმა უფლებადამცველმა. არა, ქალბატონო, ადამიანთა თანასწორობა მართლმადიდებლობამდე, პირველ რიგში, ძალაუფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში, ძალასთან, ძალის პყრობასთან. უთანასწორო ძალის პყრობას კი რაც მოყვება, ვნახეთ უკვე – ცოცხალ პორნო–სანახაობად დადგმული ეროვნული „სალო“.

ვისაც ვერბალური ფაშიზმის გამო აღშფოთება გადაჭარბებული ჰგონია, არ დაგავიწყდეთ, რომ ძალაუფლების აბსოლუტური პერვერსიულობა მხოლოდ ლოგიკური დასასრულია იმ უთანასწორობისა, რაც იქამდე თანდათან იკიდებს ფეხს, ჯერ ვერბალურად, შემდეგ რეალურად, 1–2 წამორტყმით... შემდეგ 3–4 წამორტყმით და ბოლოს კი ცოცხებითა და განავლით სრულდება. დიუკად კი... დიუკად არავინ იბადება. დიუკები ამ საქმიანობას უბრალოდ იწყებენ იმით, რომ გაიფიქრებენ: „ყველა თანასწორი არაა, მე მეტი ძალა მაქვს. მე მეტის უფლება მაქვს“.

არ ვიცი, რატომ არის „სალო“ ასეთი პოპულარული ფილმი ჩვენში. იქნებ, ვინც ეს ფილმი ნახა, მათაც ჩემსავით შეეშინდათ თვითოეული ჩვენგანის პოტენციური დიუკობის და ამიტომაც განუდგნენ, შესძულდათ ძალაუფლება? თუ უბრალოდ ფილმში განსაკუთრებული სისასტიკით ასახულმა სექსუალურმა პერვერსიებმა აღაგზნო სექსუალურად არცთუ დაკმაყოფილებული საზოგადოება?

ყველაზე დასაფიქრებელი კი ამ ამბავში ისაა, რომ ეს ფილმი „ფსიქოში“ არ უჩვენებიათ, არცერთხელ, არასდროს! აბა იმათ საიდან მოიტანეს, რომ „ფსიქოში“ ნახეს? სინამდვილეში სადღაც, ჩუმად, კუთხეში მიყუჟულებმა უყურეს და უბრალოდ, მათ, ვისაც განსაკუთრებულად უყვართ „სალო“, რაღაცნაირად, გადაწყვიტეს ტელევიზორისთვის დაებრალებინათ, ბევრჯერ ენახათ, ხშირად, დიდ ეკრანზეც ენახათ, დიდი და გაფართოებული თვალებით ენახათ და შემდეგ ბევრი ელაპარაკათ, როგორ აჭამა დიუკმა საკუთარი ორთქლიანი განავალი მისი ძალაუფლების ფეხქვეშ გაგდებულ ადამიანებს. ცოცხებზეც ასე იყო, ადამიანები არა იმდენად ძალაუფლებას და უთანასწორობას დაუპირისპირდნენ, რამდენადაც მისი სექსუალური გამოვლინების პერვერსიულ იარაღს – ცოცხს.

ასეა, ასე ხდება, როცა გინდ ხელისუფალი, გინდ მოქალაქე, ძალაუფლების სახიფათო საზღვარს უახლოვდები და ფიქრობ, რომ ყველა თანასწორი არაა, რადგან შენ – ძალა გაქვს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^