Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოდინის მედალი

27 ნოემბერი 2012

ბორხესი ერთ მოთხრობაში წერს სექგენების მეფის მედალზე, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე ჰქონდა, მეორე, საპირისპირო მხარე კი საერთოდ არ გააჩნდა. ეს იყო ოდინის მედალი.

დარწმუნებული ვარ, ბორხესს მეგრული (და კომპიუტერი) არ ეცოდინებოდა, თუმცა კი, მეგრულად ოდინი (ოდინაფუ) „დასაკარგავს“ ნიშნავს. ოდინი ბორხესთან გვარია, მაგრამ მე გეოგრაფიული ალუზიისთვის გამოვიყენებ და ასე დავიწყებ ამბავს:

სადღაც ოდინში (დასაკარგავში) არსებობს ქვეყანა, სადაც ყველას აქვს ოდინის მედალი, რომელსაც, როგორც უკვე ვახსენეთ, მხოლოდ ერთი მხარე აქვს. ამიტომაც მათი მფლობელები ჭეშმარიტების მარტივი დეკონსტრუქციით კმაყოფილდებიან. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ეს არც დეკონსტრუქციაა და მით უმეტეს, არც ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენ – ოდინელები – ვფიქრობთ, რომ ეს აზრი კატეგორიულად მიუღებელია და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ – ოდინელები – ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტება სუბიექტურია.

ჩვენ – ოდინელები – ასევე მივიჩნევთ, რომ ჰეგელი იდიოტი იყო, როცა ჭეშმარიტებაზე, როგორც ობიექტურ შესაძლებლობაზე, საუბრობდა. მისი თეზა, რომ ჭეშმარიტება – ესაა საგნის თანხმობა საკუთარ თავთან, ჩვენი აზრით, ნიშნავს ჰეგელის თანხმობას საკუთარ იდიოტიზმთან (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ – ოდინელებს – ძალიან გვიყვარს ციტირება, ეს დამარწმუნებლობისა და სანდოობის ხარისხის გაზრდაში გვეხმარება).

წარმოიდგინეთ, ასე, 4 მილიონამდე, ჭეშმარიტებით გაძეძგილი სუბიექტი. თანაც, ჩვენი, ოდინელების ჭეშმარიტება ისაა, რომ არასოდეს ვუშვებთ საპირისპირო აზრის არსებობას, მეტიც – საპირისპირო აზრი დანაშაულად ითვლება. მართალია,  კიდევ ერთი გერმანულენოვანი გურუ და ფსიქოანალიზის მამობილი (ბიოლოგიურ მამად ოდინში ჯერ კიდევ ფროიდი ითვლება) მიიჩნევს, რომ ყველა პატიოსანი აზრი საწინააღმდეგო აზრს უნდა შეიცავდეს, მაგრამ ჩვენ – ოდინელებს – ყლეზე გვკიდია იუნგი, იმიტომ, რომ ჩვენ – ოდინელებს, იუნგის ქვეყნისხელა მუხა გვიდგას ეზოში.

ამიტომაც ოთხი მილიონი ინტერპრეტაციისადმი რეზისტენტული, განსჯისადმი იმუნური, იდეებისადმი გაუმტარი ადამიანი დავდივართ და ტრაგედიის ოთხმილიონთავიან ყულფს უფრო და უფრო ვავიწროებთ.

ჩვენ – ოდინელები – რაკი შევთანხმდით, რომ ჭეშმარიტება სუბიექტურია, ასევე ვასკვნით, რომ ის რელატიურიცაა, ანუ იცვლება ჩვენი განწყობის, პოლიტიკური ორიენტაციის, კომფორტის ზონასთან მიახლოება–დაშორების მიხედვით. ჩვენ – ოდინელებს, როგორც ოდინის ტიტანმა პოეტმა თქვა, გავრცელებულ აზრთან ასოცირების და ვითარების შესაბამისად, მისი უარყოფის საოცარი უნარი გვაქვს.  შესაბამისად, გამუდმებით იცვლება ორიენტირები: გუშინდელი კონიუნქტურშიკები, რომლებიც ყველანაირ მამაძაღლობას „აპრავებდნენ“, დღეს ნონკონფორმისტებად მოგვევლინენ, ხოლო გუშინდელი ნონკონფორმისტები დღეს უკვე ყველანაირ მამაძაღლობას „აპრავებენ“. გარკვეული დროის მერე, ცხადია, ისევ შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ არ შეიცვლება თამაშის წესი – მხოლოდ ქორო გადაადგილდება კულისიდან ავანსცენაზე, პროცესი კი წრიულად გაგრძელდება.

და რაკი ყველაფერი წრეზე ბრუნავს, ჩვენ – ოდინელები – მივიჩნევთ, რომ ამ ტექსტშიც წრე უნდა შეიკრას. და რახან ბორხესით დავიწყეთ, ბორხესითვე გავასრულოთ:

ეს ჭკვიანი (მერიდება, თორემ ვიტყოდი: ბრძენი) კაცი „ქვიშის საათში“ აღწერს წიგნს, რომელიც უსასრულოა, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ამ წიგნს მას ვიღაც უცნობი მიჰყიდის. იმდენად გაუსაძლისი ხდება ამ წიგნთან ერთად ყოფნა, რომ მისი დაწვაც კი უნდა. მაგრამ ბოლოს გადაიფიქრებს: თუ წიგნი უსასრულოა, ესე იგი მისი დაწვაც უსასრულოდ გაგრძელდება და მთელი პლანეტა კვამლით გაივსებაო.

ჩვენთან, ოდინშიც ასეა: ერთი დიდი, უსასრულო ტრაგედია თამაშდება და თამაშდება, თამაშდება და თამაშდება – არც გმირები იხოცებიან, არც კათარზისი დგება, არც კვანძი იხსნება, უბრალოდ, აბსურდული ტრაგედია გრძელდება. თანაც ამ ტრაგედიაში მთელი ტრაგედია ისაა, რომ მისი შეწყვეტა ვერ მოხდება, რადგან ბორხესის მიხედვით, რაკი ის უსასრულოა, მისი წყვეტაც უსასრულოდ გაგრძელდება.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ – ოდინელები – ვფიქრობთ, რომ ოდინი აუცილებლად გაბრწყინდება.

ალბათ ასეც იქნება (იხ: ლინკი).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^