Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფართოდ გახსნილი ტუჩები

28 ნოემბერი 2012

ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა დღეს ბრიტანეთი (კინაღამ წამომცდა: გადმოგვცემს ჩვენი კორესპონდენტი ლონდონიდან-მეთქი, სინამდვილეში ეს "კორესპონდენტი" ჩემი თბილისელი ემიგრანტი-მეგობარია). მზე არც ისე ხშირად გვახარებს და დროდადრო წვიმს, რაც ოდნავ სევდიანს ხდის გვიანი შემოდგომის სურათს. სამაგიეროდ, ქალაქის ქუჩებში უცნაური ვიბრაცია იგრძნობა. ამ მოვლენების ეპიცენტრი კი უზარმაზარი, ბრტყელი მრგვალი შენობაა, რომლის მისადგომებთანაც დილიდან ირევიან მანქანები, საიდანაც გადმოსული ხალხი დაჟინებით კითხულობს ზედმეტ ბილეთს და უარით იმედგაცრუებული, შტურმით ცდილობს სალაროების დალაშქვრას. ამ ბილეთებზე "ეკონომიკური კრიზისი" ნამდვილად არ ასახულა, რომლის ფასმა, გადამყიდველების მეცადინეობით 3.000 ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 8 ათასი ლარი) მიაღწია.

აი, დადგა ნანატრი დღეც: ლეგენდარული "როლინგ სტოუნზის" 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტურის პირველი კონცერტი 25 ნოემბრის საღამოს, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო (ზუსტად ამ დროს თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ასევე ლეგენდარული პიანისტი - ჩიკ კორეა გამოვიდა). საზეიმო დაფდაფების ფონზე, სცენაზე აგებული უზარმაზარი, ფართოდ გახსნილი "ტუჩებიდან", თავიანთი ასაკისათვის შესაფერისი, ზომიერი მაგრამ ღირსეული ენერგიულობით გამოჩდნენ მუსიკოსებიც. 50 წელი სცენაზე, მეტ–ნაკლებად სტაბილური შემადგენლობით, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა თანამედროვე მუსიკის ისტორიაში – მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი ეს როკ-ნ-როლი მხოლოდ 60 წლისაა!

უდაოდ ინგლისური თავაზიანობით იყო აღნიშნული, შოუს პირველ ნომრად "ბითლზის" - "მინდა შენი შეყვარებული ვიყოს" შესრულება. როგორც ჩანს, "როლინგები" მაინც მეორე ჯგუფად დარჩებიან როკის ისტორიაში, "ბითლზის" შემდეგ. თუმცა მაყურებელს სხვა სიურპრიზებიც ელოდა: ერთ კომპოზიციაში ჯგუფს, გენიალური გიტარისტი ჯეფ ბეკი შეუერთდა. მოგვიანებით კი, პუბლიკა მხურვალედ მიესალმა ბილ უაიმენის სცენაზე გამოჩენას (1962-92 წლებში მათივე ბასისტი), რომელმაც 20 წლის უკან დატოვა ჯგუფი და დღეს, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის გამო დაუშვა გამონაკლისი. დაბოლოს, საყოველთაო მხიარულებას დაემატა მიკ ტეილორი, რომელიც 1969-74 წლებში "როლინგების" გიტარისტი იყო. უსამართლობა იქნებოდა, აქვე არ გვეხსენებინა ჯგუფის სულისჩამდგმელი, უნიკალური გიტარისტი, მულტიინსტრუმენტალისი და კომპოზიტორი, ცხონებული ბრაიან ჯონსი (1942-69), რომლის გარეშეც ლეგენდა არ შედგებოდა...

არ ვიცი რამდენად გაამართლა ბილეთმა თავისი მაღალი ღირებულება, მაგრამ დარბაზი ბოლომდე სავსე ჩანდა. მსმენელთა შორის ბევრი წარჩინებული და როგორც იტყვიან - ცნობადი სახეც იყო. არც იმაზე მიფიქრია, საქართველოდან თუ მოხვდა იქ ვინმე (პირადად მე, ამაზე არც მიოცნებია). არავინ უწყის აგრეთვე, იმყოფებოდა თუ არა დარბაზში კაცი, რომელიც მე, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მაინტერესებს... 

დაიბადა 1934 წელს თბილისში, ექიმის ოჯახში. ტრადიციულად გიორგი დაარქვეს. 1937 წლის სავალალოდ ცნობილი, საბჭოთა სისხლიანი რეპრესიების დროს, ოჯახმა სამუდამოდ დატოვა საქართველო. ახლო აღმოსავლეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, საბოლოოდ ლოკარნოში (შვეიცარია) დამკვიდრდნენ (ბაბუასთან - დედის მხრიდან). 40-იანების ბოლოს პარიზში, გიორგიმ პირველად მოუსმნა ჩარლი პარკერს, რამაც მისი მომავალი განსაზღვრა. 50-იანებში ლონდონში გადასახლდა, სადაც ადგილობრივ ჯაზმენებთან (ქრის ბარბერი) მუშაობდა, როგორც მუსიკოსი, ჟურნალისტი, რეჟისორი და მენეჯერი. 60-იანების დასაწყისში კი, ლონდონი ევროპული როკ–ნ–როლის ცენტრად გადაიქცა. ფორტუნამ თავისი საქმე გააკეთა, დანარჩენი მარიფათის საქმე იყო...

გიორგი გომელსკის პირველი პროტეჟეები სწორედ დღევანდელი იუბილარები გახდნენ. გომელსკი იყო მათივე პირველი მენეჯერი, "როლინგები" კი მისი კლუბ - "კიბორჩხალას" მუდმივი სტუმრები. ამას არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩენები მოყვა: "იარდბერდზი" (ისევ გომელსკის მონაწილეობით, მოგვიანებით "ლედ ზეპელინად" რომ გარდაიქმნა), ჯული დრისკოლი (1991 წელს თბილისის სტუმარი), "სოფტ მეშინი", "მაგმა" და სხვა. სხვათა შორის, ასევე მან დაარქვა ერიკ კლაპტონს ზედმეტსახელი "ნელი ხელი"...

ჩვენი, მე ვიტყოდი – ჭეშმარიტად საპატიო თანამოქალაქე 80 წელსაა მიტანებული. 80-იანებიდან მოყოლებული ნიუ-იორკში ცხოვრობს და ამჯერად ამერიკელ მუსიკოსებთან (ბილ ლასველი) განაგრძობს თანამშრომლობას. მინდა დღეგრძელობა და წარმატებები ვუსურვოთ მაესტროს! ხოლო "როლინგ სტოუნზს" რაც შეეხება: მათი 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტურის მეორე კონცერტი ლონდონში, 29 ნოემბერს გაიმართება. იმედია სიურპრიზები ისევ იქნება...

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^