Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზამთრისპირის სევდა

28 ნოემბერი 2012

თბილისი ძალიან მიყვარს. ჩემი ქალაქია. თითქოს არც არაფერი აქვს საყვარელი. რა აქვს, რო? გაწოლილა, ეგრე ხეობაში, მიიგრაგნება ანაკონდასავით. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სწორედ იმ ანაკონდასავით, სამჯერ მაინც იცვალა კანი. ჩემს ბავშვობაში სულ სხვანაირი იყო, მერე, აჯანყებული სულ სხვანაირი გახდა, ახლა კი სულ სხვანაირია. ბავშვობისას, იმ უამურ, უჟმურ, ქარხნებისმილებამოჩრილ და გაუხარელ ქვეყანაში, რომელსაც ასევე უაზრო და გაურკვეველი სახელი - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერქვა, ალბათ ერთი იშვიათი ქალაქი იყო, სადაც სიცილი ისმოდა. სიცილი ისმოდა მიუხედავად ყველაფრისა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტებს თბილისისთვისაც არ დაუშურებიათ, არც ქარხნის მილები, არც ტყვია და არც უსახური მასივები. მაინც ღიმილიანი, ლაღი ქალაქი იყო. დაპყრობილი ხალხის დედაქალაქისთვის გამაღიზიანებლად ლაღიც კი.

მერე აჯანყდა. ცაც კი დახვრიტა ამ ქალაქიდან ნასროლმა ტყვიებმა. ყველაფერი ზედ დაიმხო. თავიდან თითქოს იცოდა, რისთვისაც იბრძოდა და რასაც აუჯანყდა, მერე კი აირია. უაზრო სროლას მოჰყვა. დამარცხდა და ახლა ამ დამარცხების დაცხრილვა დაიწყო. თბილისი მაშინ სიკვდილის ხეობად იქცა. ჩემი თაობისათვის დამახასიათებელი რუსული სლენგის გავლენით - `დალინა სმერტის~ ვეძახდი. თუმცა, ალალად შემიძლია ვთქვა, რომ არც მაშინ მეშინოდა შეიარაღებული და ჩაბნელებული თბილისის და არც ახლა, აქედან არ განვსჯი მაშინდელ ამბებს. მესმოდა და ახლაც კარგად მესმის, რაც მოხდა და რაც ხდებოდა. ასე კარგად, ალბათ, არც არაფერი მესმის ცხოვრებაში. თბილისი იბრძოდა და როგორც ყოველთვის, მარცხდებოდა. შეიძლება ამ ბრძოლისა და დამარცხებებისათვისაც მიყვარს, რა ვიცი. ბოლოს და ბოლოს, რა ყრია გამარჯვებაში, რო?... აგე, რამდენი გამარჯვებული მოიტოვა უკან, ამ გაღიმებულმა, ძველმა და ჭკუიდან შეშლილმა თბილისმა. აღარც ახსოვს. ხაზარების ხაკანი ჯიბღუ არა ისა... რასმუსენის რეაქციებზე ბუზღუნებს ხოშიანად.

ახლანდელი თბილისი სულ სხვანაირია. მეტყველებაც კი ჩვენს თვალწინ შეიცვალა. თუმცა, ეს სხვაობა და სახეცვლილება მაინც მოჩვენებითი და პირობითია. თბილისი, სინამდვილეში, სულ ერთნაირი იყო. უბრალოდ კანსა და იერსახეს იცვლის, მოდას მიჰყვება, რადგან როგორც ყველა სამხრეთულ ქალაქს, თავისი სნობური ამბებიც თან ახლავს. ეგ ყველაფერი მაინც გარეგნული ნიშნებია სექტემბრის ბოლოს და 1 ოქტომბრის ჯახანიც ეგ იყო. უცებ იცის, შემოტრიალდება და გაჩვენებს, რაც ბევრისთვის და უბედურისთვის უჩვენებია, თუნდაც დამარცხებულს, რომ ყველაფერი დროებითია, მითუმეტეს აქ, ამ ხეობაში, რომელსაც თბილისი ჰქვია და თხუთმეტი საუკუნეა, შიგადაშიგ ცეცხლის ალებს აარეკლინებს ხოლმე ზეცას.
ერთადერთი, რაც ამ ქალაქში არ მიყვარს, ზამთარია. არ უხდება. არ არის მისი დრო, ნაცრისფერდება, ცრიატდება და რაც არ უნდა აბრჭყვიალო, სულ ბნელა. მოთოვს, თოვლი არ არი, მზეც წავა, გადაიკარგება, ცაც გაგიუცხოვდება.
სევდაღა რჩება. ზამთრისპირის სევდა. და კიდევ ის, რასაც ზამთრის გარდა წელიწადის ვერცერთი დრო ვერ გაგრძნობინებს.

ჯიბეში ხელებჩაყოფილი, აი, სიგარეტის კვამლს ცხვირით რომ უშვებ, თითები რომ არ წაგეყინოს და საყელოაწეული გაზაფხულს რომ ელოდები, ეგა.

გაზაფხულის მოლოდინი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^