ხალხური სიბრძნეა: შენ აშენება თქვი, თორემ დანგრევას და დაქცევას რა უნდაო!
ამ მხრივ ძალზე შთამბეჭდავია მექანიკური საათის კლასიკური მაგალითი. წარმოიდგინეთ რომელიმე ძვირადღირებული შვეიცარული საათი. ამ ქვეყანაში საათების წარმოების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, საუკეთესო ქრონომეტრები უაღრესად ძვირადღირებულია, მაგრამ რა... რომელიმე თანამედროვე ვანდალს შეუძლია მოსპოს ეს სილამაზე – თუნდაც იდეოლოგიური მოტივებით (ყოფილა ამის პრეცედენტები) - უცებ, სულ რაღაც ერთ წამში. აიღებს მძიმე ჩაქუჩს, კარგად მოირგებს ხელში, სთხლიშავს და მორჩა.
ზემოთ მოყვანილი ანალოგია ქართულ მეცნიერებაში მიმდინარე პროცესებსაც შეიძლება მივუსადაგოთ – გარკვეული ნიშნებით, გასაგებია.
ცხადია, არც იმდენად გულუბრყვილო ვარ, საქართველოში საბჭოთა წლებში დამკვიდრებული აკადემიური თუ საგანმანათლებლო სისტემა უძვირფასეს შვეიცარულ Patec Phillipe–ს, ან თუნდაც გაცილებით უფრო მოკრძალებულ Rolex–ს შევადარო, მაგრამ მინსკის ქარხანაში გამოშვებული და მოოქროვილ კორპუსში ჩასმული ერთი «Луч“–ის დონემდე კი გაქაჩავდა ოდესღაც ფლაგმანი ჩვენი მეცნიერებისა – სახელოვანი აკადემია პრეზიდენტ მუსხელიშვილის თავკაცობით. თუმცა, მეორეს მხრივ, „კუვალდასთვის“ აბსოლუტურად სულ ერთია წინ „როლექსს“ დაუდებენ თუ „ლუჩს“, ორივეს ერთად ერთი დარტყმით დაფშვნის თუ საჭიროა...
დაახლოებით ასე მოშალა ავადხსენებულმა „რეფორმამ“ (სხვადასხვა ეტაპებზე – 90–იანების დასაწყისიდან ბოლო დღეებამდე) ქართული მეცნიერების შედარებით აწყობილი – თუმც, რა თქმა უნდა, ნაკლოვანი – მექანიზმი. მას ამ „რეფორმის“ სახით ისტორიის ულმობელმა ბორბალმა გადაუარა. გარკვეული თვალსაზრისით და თავისი შინაარსით, ეს მოვლენა იყო გვიან– და პოსტსაბჭოთა ხანაში დაფრთიანებული „ხელიდან წასული შვილების“ ამბოხი ხავსმოკიდებული და კონფორმიზმით დაავადებული „მამების“ წინააღმდეგ, სამოქალაქო ომი თაობათა ნორმალური ცვლის მაგივრად, რამაც ჩვენი ცხოვრება მთლიანობაში – და მეცნიერება კერძოდ – ფაქტობრივ გაკოტრებამდე მიიყვანა. სხვათა შორის, ის გარემოება, რომ საზღვარგარეთ ქართველი ფიზიკოსები, მეტრომშენებლები თუ ექიმები წარმატებით შრომობენ, იგივე „ოპერიდანაა“ და დიდი შეღავათი, ჩემი აზრით, ვერაა.
ინფორმაცია, რომელიც მსურს გაგიზიაროთ, უახლესია. ამა წლის 27 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ დიდ დარბაზში, მეხუთე სართულზე, ტევა არ იყო. დღევანდელი ქართული მეცნიერების ოფიციალური მესვეურები, როგორც იქნა, პირისპირ თავად მეცნიერებს შეხვდნენ. როგორც ყოველთვის როდესაც საქმე ქართულ სამეცნიერო ინტრიგას ეხება, ეს მოვლენაც ჯერჯერობით საკმაოდ ზერელედ შუქდება მედიაში – რაც ამასთან დაკავშირებით მახსენდება, ბ–ნ ლადო პაპავას „კავკასიისა“ და ქ–ნ მარინე ჩიტაშვილის „მეცხრე არხის“ საავტორო ტელეგადაცემებში გამოსვლები იყო. არადა, ასეთი ტიპის შეხვედრებით განებივრებულნი არ ვართ, რამეთუ დღემდე საქართველოში არცთუ საშური ტრადიცია დამკვიდრდა – ყველაფერი მეცმუშაკების ზურგს უკან წყდებოდა და მათ ზურგზე გადადიოდა. ერთი პირობა საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მეცნიერულ მოტივაციას ლამის აზრი დაეკარგა ამ ქვეყანაში – არც პრესტიჟი, არც მატერიალური სტიმული, არც პატივისცემა და ღირსება. ერთი მოხდენილი სიტყვით, ჩარეცხილები...
მაგრამ ისტორიამ, როგორც იქნა, ინება და ცინიკოსი „მოდერნიზატორები“ თავად „ჩარეცხა“. უკვალოდ არაფერი ქრება, და არც ადრე ჩარეცხილები (ვინც ფიზიკურად გადარჩა) გამქრალან სადმე. ბუნებრივია, რომ ახალი დროების დღის წესრიგში ჩარეცხილთა ამ „ატლანტიდის“ „ამორეცხვა“, მისი რეაბილიტაცია და, იმავდროულად, მეცნიერული განვითარების ახალი ორგანიზაციული და სტრუქტურული გზების ძიება დადგა.
თუ წინა ხელისუფლების დროს კომუნიკაცია ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სამეცნიერო სამყაროს შორის აბსოლუტურად დარღვეული იყო (ამას დღეს თვით „ნაციონალებიც“ კი აღიარებენ), ახალი ხელისუფლება ამ სფეროს კურირებას კომუნიკაციის აღდგენით იწყებს – რაც მისასალმებელია. ოფიციალურად 27 ნოემბერს გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა დაერქვა. სიმბოლურია, რომ ის მიმდინარეობდა აკადემიის ცნობილ შენობაში „ზემელზე“, სხდომის წამყვანი გახლდათ ხსენებული კომიტეტის თავმჯდომარე ბ–ნი ივანე კიღურაძე (აქვე აღვნიშნავ, რომ მათემატიკის ინსტიტუტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ძლიერ დაზარალდა „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში – დაკარგა შენობა, შტატები და ა.შ.). სხდომას ესწრებოდნენ დარგის მინისტრი ბ–ნი გია მარგველაშვილი და მისი მოადგილე ბ–ნი დავით ზურაბიშვილი და – რაც მთავარია – ასეულობით მოქმედი (თუ ძალად უმოქმედო) მეცნიერი.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მეცნიერებს – გარდა „ნაციონალების“ მხარდამჭერებისა – მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება არ ანებივრებდა (რაც, სხვათა შორის უმაღლესი განათლების სფეროში ე.წ. „იდეოლოგიური ოაზისების“ დაარსებაშიც გამოიხატა). „თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგია აღიქვამდა მათ როგორც ჩასარეცხად განწირულ მასალას, უპრინციპო მედროვეთ (რაშიც ნაწილობრივ მართალი აღმოჩნდა), როგორც ასაკოვან საბჭოურ ბალასტს. უუქმებდა რა მათ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებს, წინა ხელისუფლება მეცნიერებათა აკადემიიდან რეალურად მხოლოდ ფასადს ტოვებდა (სამწუხაროდ, აკადემიის პრეზიდიუმს არასოდეს გამოუხატავს ამასთან დაკავშირებით რაიმე ხმამაღალი პროტესტი). ასეთი პოლიტიკის შედეგად ქართული მეცნიერების ავტორიტეტსა და ღირსებას უდიდესი დარტყმა და ზიანი მიადგა, რაშიც – სიმართლე უნდა ითქვას – ფასდაუდებელი როლი ითამაშა თავად აკადემიის მესვეურთა კონფორმიზმმა და კაპიტულანტობამ. არ შემიძლია არ შეგახსენოთ 2004 წლის 16 ოქტომბერი – სამარცხვინო თარიღი ქართული მეცნიერების ისტორიაში. იმ დღეს, გარკვეული მომზადების შემდეგ, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა მეცნიერთა დიდი კრება (რომელზეც დასწრება არ ჩათვალა საჭიროდ, სხვათა შორის, აკადემიის მოქმედმა პრეზიდენტმა), რომელმაც ყველა მეცნიერის სახელით მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს (მეცნიერების ერთ–ერთ მკვლელს საქართველოში) პეტიციით, რომლის რეალური შინაარსი ასეთი იყო: ლოიალურობა ხელშეუხებლობის ნაცვლად. სინამდვილეში ეს გახლდათ მახრჩობელა გველის წინაშე აღმოჩენილი უმწეო კურდღლის პოზიციის გამოხატვა და არაფერი მეტი. შედეგი კი მთავრობის კიდევ მეტად გათამამება იყო – „მოდერნიზატორებმა“ იგრძნეს, რომ არავითარ ორგანიზებულ წინააღმდეგობას მათ მიერ ჩაფიქრებული „რეფორმა“ ამიერიდან აღარ წააწყდება. ცხადია, ხელშეუხლებლობა მხოლოდ ძალზე ვიწრო და იმთავითვე სააკაშვილის მიმართ ლოიალურობით გაჟღენთილმა სამეცნიერო წრემ მიიღო, ხოლო სავალალო შედეგები ყველა დანარჩენმა ვიწვნიეთ. ნუ, რაც იყო – იყო...
დღეს – ხელისუფლების შეცვლის კვალობაზე, ვითარება თითქოს უკეთესობისკენ იცვლება, თანდათანობით იკვეთება (გაცილებით უფრო ნელა ვიდრე გვსურს, მაგრამ მაინც) განვითარების ახალი ტენდენციები. ამდენად კომიტეტის გასვლითი სხდომის მსვლელობა ამ მხვრივაც საინტერესო იყო.
სხდომაზე ორი ტენდენცია გამოკვეთა. ერთი – პირობითად – „საპარლამენტო–აკადემიური“ (ანუ რესტავრაციული), და მეორე – ასევე პირობითად – „სამინისტრო“ (პირობითად იმიტომ, რომ რეალური გადაწყვეტილებების მიღებამდე ჯერ გრძელი გზაა გასავლელი და ჩვენ არ ვიცით, როგორ შეჯერდება განსხვავებული პოზიციები უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე). თუ „საპარლამენტო“ პოზიცია მეტნაკლებად გასაგებია და გულისხმობს ძველი სტრუქტურების აღორძინებას (ცხადია, პოზიტიური და თანადროული კორექტივების შეტანით), „სამინისტრო“ პოზიცია ჯერჯერობით მეტად იხრება არა, დავუშვათ, სამართლიანობის აღსადგენად მიმართული კონკრეტული ქმედებებისკენ, არამედ (შთაბეჭდილება იქმნება) დროის გაწელვისკენ, დაგროვილი მძიმე პრობლემებისგან გარკვეულწილად თავის არიდებისკენ – აბა, მუდმივი აპელირება ბ–ნ გია დვალის (უთუოდ ძალზე ნიჭიერი ქართველი მეცნიერის) კომისიისადმი სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს აღქმული? ჯადოსნური ჯოხი არც გია დვალს უკავია ხელში და არც ეს კომისია გახლავთ პანაცეა. ხომ ცნობილია, რომ გია დვალი ამერიკაშია და ჯერჯერობით თითქოს საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს, ხოლო ამ კომისიის სტატუსი – მისი დაფინანსებისა და უფლებამოსილების ჩათვლით – სრულიად გაურკვეველია. და საზოგადოდ: ამ სფეროში იმდენი სადავო საკითხი დაგროვდა, რომ ფეისბუკისა და სკაიპის საშუალებით პროცესების მართვა ტექნოლოგიურად შეუძლებელი მგონია. (სხდომათა დარბაზიდან ამის თაობაზე რამდენიმე რეპლიკაც გაისმა). საბოლოო ჯამში, ძირითადი პასუხისმგებლობა სამეცნიერო პრობლემატიკაზე მაინც სამინისტროს დაეკისრება და არა დვალის კომისიას, და ხელსაც ვერავინ დაიბანს – ვერ იქნება სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი სხვანაირი.
დილემაც სწორედ ესაა: რომელი ტენდენცია გაიმარჯვებს, „საპარლამენტო“ თუ „სამინისტრო“? რამდენად და რა ხნით გააჩნია ამ დილემას არსებობის უფლება ჩვენს ქვეყანაში? საით გადაიხრება გადაწყვეტილების მიმღები – უფრო სამართლიანობის აღდგენისა და საზოგადოდ სიტყვა „აღდგენის“ (ანუ მეტნაკლებად ძველი ფორმით აღდგება აკადემია, სამეცნიერ–კვლევითი ინსტიტუტები, მათი იურიდიული ფორმა, შტატები, შენობები და ა.შ.) ხშირი მოხმარებისკენ, თუ იმ წარუმატებელი და ფასადური „რეფორმის“ გაგრძელებისკენ, ამდენი წლის განმავლობაში სისხლს რომ უშრობდა ქართველ მეცნიერებს? ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეკომენდაციებს და დვალის კომისიის ახალ კონცეფციას... ეს ყოველივე ძალზე საინტერესოა, მაგრამ საზოგადოება ვერ დახუჭავს თვალებს იმაზე, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი, მართალია, ვერ განასხვავებს პენიუარს ტენიუარისგან (იმედია, ლიბერალური მკითხველი მაპატიებს ამ მცირედ იუმორისტულ გამოხტომას), მაგრამ აბსოლუტურად ყველას – დაზარალებული მეცნიერების ჩათვლით – შესანიშნავად ესმის თუ რას ნიშნავს ცნება „სამართლიანობის აღდგენა“. ამით იმის თქმა მსურს, რომ სამინისტრო არც მხოლოდ კონცეფციების წერისა და განსჯის ადგილია და არც ინტერესთა კლუბი – პირველ რიგში ის პოლიტიკური უწყებაა. სხვათა შორის, მესმის თუ რა მიზეზებით უჭირს სამინისტროს გამოკვეთილ პოზიციაზე დადგომა. დავესესხები ბ–ნ ივლიანე ხაინდრავას, რომლის ინტერვიუ ცოტა ხნის წინათ აქვე, „ლიბერალში“, დაიბეჭდა. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პრობლემაზე საუბრისას ბ–ნი ივლიანე ამბობს: „...შეუძლებელია, სამართალი ყველამ იპოვოს მაშინ, როცა უსამართლობას ყოვლისმომცველი ხასიათი ჰქონდა, ხოლო უმრავლესობა დუმდა. მით უმეტეს, წლებია გასული და ყველა საქმის გადახედვა, ალბათ, არ მოხერხდება. ბევრს ხმა არ ამოუღია და მას შემდეგ, ბევრმა წყალმაც ჩაიარა...”, მაგრამ იქვე ბ–ნი ივლიანე იმასაც აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მაინც უნდა მიმდინარეობდეს.
სწორედ ანალოგიურ სირთულეებს აწყდება დღეს ქართული მეცნიერებაც და შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურებიც. ეს, ცხადია, მოსალოდნელიც იყო. და რომელ სფეროში არაა ასე „ნაციონალების“ ცხრაწლიანი ბოგინის შემდეგ?
ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება ზემოთ აღნიშნულ დილემას სამინისტრო და პარლამენტი. შეძლებენ კი?