როცა ღამე აღარ მთავრდება, როცა შეშინებული უხმოდ ლოცულობ, ძილ-ბურანში დაკარგული მარჯვენით ცდილობ პირ-ჯვრის გადაწერას, რომ მერე დღისით ამაყად კისერმოღერებულმა, ცალყბა, დამცინავი ღიმილით პირაკრულმა, არასოდეს არ ილოცო, როცა გაღვიძების გეშინია, ხვდები, ხვდები კი არა, ზუსტად იცი, რომ ყველაფერი ცუდად არის, ძალიან ცუდად.
და მერე? რა უნდა ქნა, აღარ უნდა გაიღვიძო? აღარ უნდა ადგე? უნდა დარჩე პირთავქვე ჩამხობილი და სიმწრისაგან, სიბრაზისაგან და უმწეობისაგან სამივე ბალიში უნდა დაბრდღვნა? თუ ისევ ხუთლარიანი, აცეტონზე დამზადებული “გომი” უნდა სვა წვენის ჭიქებით, მესამე ბოთლზე ახვიდე, რომ მერე გადაუაროს მთელ თბილისს ტირანოზავრივით გამაყრუებელმა შენმა ღრიალმა? მერე? მერე რა, რო? გაიგეს უკვე, დიდი ხანია იციან, რომ არანორმალური და გიჟი ხარ და აღარც ეგ არის საინტერესო. იმიტომ, რომ სინამდვილეში, არც არანორმალური ხარ და არც გიჟი, უბრალოდ მაგრად დაიღალე, ძალიან მაგრად და ძალიან გტკივა.
და მერე? მერე, რა? ვინ არ დაიღალა ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში, ვის არ ტკივა, ვინ არ სვამს არყის ბოთლში ჩასხმულ საწამლავს, ვინ არ სვამს სპირტწყლით დამზადებულ ქართულ ლუდს და ვინ არ ბღავის, ვინ არ იჩხერს “ჯეფს” და “სუბოს”, რომ რაც შეიძლება მალე დაეკუჭოთ ტვინი და გათავდეს. ვის გააკვირვებ შენი წუწუნით? ვინ არ წუწუნებს და ვინ არ ჭორაობს ამ ტკივილით და დაღლით გაძეძგილ ქვეყანაში?
ძალიან დიდი ხანია, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამყარო ჭკუიდან შეიშალა. ჭკუიდან შეშლილი და მძიმედ დაავადებულია ეს ქვეყანაც, რომელსაც მარტო ჩვენ ვეძახით საქართველოს და სხვები “გეორგიას”, “გრუზიას”, “გურჯისტანს” და რა ვიცი, კიდევ რა ოხრობას. მძიმედ ავად ვართ ჩვენ ყველანი.
ყოველ შემთხვევაში, მადლობა ღმერთს, მყოფნის იმდენი ჭკუა, რომ არ ვიფიქრო, რომ ჯანმრთელად ვარ. “თუმცა, ბრმა ვარ და კიდევ ვხედავ, ჩემგან კიდევ უფრო ბრმათა” - დავით გურამიშვილის არ იყოს, მაგრამ სხვათა სულიერი სიბრმავე, ჩემს სულიერ სიბრმავეს საშველად, შეღავათად და სათვალედ რომ არ გამოადგება, ეგ ნამდვილია. და მერე? რა ვქნათ? რა ვუშველოთ? რა ვქნა? რა ვუშველო? ან სხვას, ან საკუთარ თავს? აზრზე არ ვარ!..
სერგეი დოვლატოვის ხუმრობანარევ მოგონებაშია: “ნაიმანი და გუბინი ძალიან დიდხანს კამათობნენ, ვინ უფრო მარტოსულია მათ შორის. რეინმა და ვოლფმა ერთმანეთზე საცემრად გაიწიეს იმის გამო, ვინ უფრო ავადმყოფია. შიგაშოვი და გორბოვსკი საერთოდ აღარ ელაპარაკებიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ვერაფრით შეთანხმდნენ იმაზე, რომელი უფრო ჯიუტი, შეუვალი და არანორმალურია”…
პიტერელი ებრაელი ინტელექტუალების მსგავსად, როდემდე უნდა ვეჯიბრებოდეთ საკუთარ ქვეყანას იმაში, ვინ უფრო მეტად აფრენს და რომელს უფრო საშინლად შეგვიძლია მოქცევა? ვინ უფრო მარტოსული, ავადმყოფი, ჯიუტი, შეუვალი და არანორმალურია? ქვეყანას, რომელიც ისე გვყავს მოკიდებული თუ მოკერებული, რომ რაც უნდა სტრასბურგში ვიზიტები ვაკეთოთ, კანში ყავა ვსვათ, პრაღაში ჩავიდეთ (ისიც საქმეა, შენ კი ჩახვედი იმ პრაღაში, მაგრამ იმ პრაღამ საერთოდ გაიგო, ჩახვედი თუ არა?), ნიუ-იორკის მეტროპოლიტენიდან გამოვიდეთ და ვიძახოთ “ნუ, ნიუ-იორკი ნიო-იორკია, რა…” შენთვის ყველაზე მთავარი ამბები სწორედ აქ, ამ ქვეყანაში წყდება, რომელიც ისეთი ახლობელი და მშობლიურია, დედამიწის ცენტრია შენთვის, და თან ისე გაღიზიანებს და გამწარებს, რომ სულ დედას იგინები! თუნდაც ის რად ღირს, რომ მთელი ცხოვრება დამარცხებულს, შეშინებულს და გამოქცეულს უყურებ, შენც მასთან ერთად დამარცხებული, შეშინებული, და გამოქცეული. ქვეყანა, რომელიც ყველაფერს ეგუება, ეჩვევა, ითმენს და ერთი ვერ აჯანყებულა, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვერ ასჯანყებია, საკუთარ თავს ვერ ავჯანყებივართ, ვერ დაგვიქცევია ყველაფერი, მაგრამ თუ ამის ნიშანი მაინც გამოჩნდა, თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, თუ დავინახეთ, რომ ამ ქვეყანამაც ამოიღო ხმა და გააფთრებული სახით შემოუბრუნდა სამყაროს, როგორ გვიხარია, როგორ ვამაყობთ და როგორ ვართ მზად ყველაფერი, ყველა ცოდვა და ლაჩრობა მივუტევოთ ერთმანეთს და საკუთარ თავსაც.
მხოლოდ ამ დროს შეიძლება, ნაძალადევი და ცალყბაღიმილით კი არა, ნაღდად და ალალად გაგვეღიმოს. სიხარულით, ოღონდ არა ბედნიერად. ბედნიერება წასულია. ძალიან შორს. მიუსავლეთში. 1943 წელს, როდესაც შარლ დე გოლი თავის მაკიზარებთან ერთად, ახლად გათავისუფლებული და მოზეიმე პარიზში შედიოდა, ვიღაცამ უთხრა, თავის გარემოცვიდან: - “თქვენ ახლა ალბათ ძალიან ბედნიერი ხართ?” დე გოლი აღშფოთდა: - “თქვენ ხომ არ გაგიჟდით, რა სისულელეებს როშავთ? ბედნიერება არ არსებობს!”
და მერე? მერე რა! თუ წასულია და არ არსებობს? ჩვენ მისი ლოდინი ხელს არ მოგვცემს. არარსებულის ლოდინს ვისთვის დაუყრია ხეირი?
და შენ კიდევ მეუბნები, რომ ძალიან დაიღალე და ეს ბოლო ორი კვირა განსაკუთრებით ვეღარ ქაჩავ. ვეღარ უძლებ. მესმის და ეგ უარესი, რომ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, საშველი არ არსებობს! ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვწერდი ჩემს მოთხრობაში, “ცარიელ საფერფლეში”, რომ ამ წყეულ ქვეყანაში დაღლა და გაგიჟება არ შეიძლება.
ამ 10 წელიწადში არაფერი შეცვლილა და არ შეიცვლება კიდევ ათასი წელი. ერთადერთი გამოსავალია: - უნდა ადგე! ადგე და იარო!
ვიდრე არ წაიქცევი!