Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცეპელინი ვაშინგტონის თავზე

09 დეკემბერი 2012

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ორი მეგობარი მესტუმრა. ერთი "სუხიშვილების" მოცეკვავე, მეორე კი თბილისის "დინამოს" დამწყები ფეხბურთელი, რომლებიც ის-ის იყო საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ, თანაც – ხელდამშვენებული. ჩემი ფირსაკრავი უკვე ჩართული მქონდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედით: ლამაზად გაფორმებული ცელოფნის პაკეტი გავხსენით და იქიდან ფირფიტები ამოვიღეთ, როგორც მუზეუმის ერთგული თანამშრომელი იღებს თეთრი ხელთათმანებით, პირველყოფილი ადამიანის თავის ქალას. პირველად ჩავრთეთ ფირფიტა, რომლის ყდაზეც ტანკი იყო გამოსახული, თან თითქოს ზღარბსაც ჰგავდა, წარწერაც ბოლომდე ვერ გავარჩიეთ. მთელი გვერდი ორღანს ვუსმინეთ და ვერაფერი ვერ გავიგეთ. სტუდენტი გამოცდაზე ბილეთს რომ არჩევს, მეორე ფირფიტა ისე ამოვიღეთ. ამას გარედან საერთოდ არაფერი არ ეწერა, ზედ მხოლოდ ერთი ძროხა ეხატა ზურგშექცევით. აქაც მთელი გვერდი ორკესტრსა და კაპელას ვუსმინეთ და ცოტა მოვიწყინეთ, მაგრამ არ ვიმჩნევდით. ჰოდა სიგარეტი გავაბოლეთ და კონიაკიც მივაყოლეთ. შემდეგს, ბოლოსთვის გადადებულ მესამე ფირფიტას, უხალისოდ მივადექით, რომელსაც წინ თითქოს "ქსეროქს"-ზე გადაღებული, შავ-თეთრი ალმოდებული რაკეტა ეხატა. აი აქ დაგვრჩა ოხრად სიგარეტიც, კონიაკიც და მანამდე მოსმენილი ყველა ფირფიტაც... 

ამის შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ეს ეპიზოდი ყოველთვის თბილად მახსენდებოდა, როცა ამ ფირფიტას ვუსმენდი ხოლმე. მაგრამ, გასულ კვირას რაც ვაშინგტონში, თეთრ სახლში მოხდა, მაინც თითქოს მოულოდნელი და თან სასიამოვნო იყო. 2 დეკემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, კენედის სახელობის ორდენით დააჯილდოვა, ანსამბლ "ლედ ზეპელინის" ცოცხლად დარჩენილი სამი წევრი. (სხვათაშორის აქ, დასავლურ ინტეგრაციას დაწაფებულ მავანს შეუძლია ისევ თავის აზრზე დარჩეს, რომ როკ-ნ-როლი ხელოვნება არაა და არც რაიმე ღირებულს წარმოადგენს).

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი პრეზიდენტ ობამას მისალოცი სიტყვაც: "როცა 60–იანების ბოლოს ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ პოლ ჯონსი და ჯონ ბინემი სცენაზე გამოჩდნენ, მსგავსი რამ არავის ნანახი არ ჰქონდა. ეს იყო მომღერალი ლომის ფაფარით, ვუნდერკინდი გიტარისტი რომელმაც მსმენელი გააოგნა, უნივერსალური ბასისტი რომელიც თანაბრად ფლობდა კლავიშიან საკრავებსაც და მედოლე, რომელიც ისე უკრავდა, თითქოს ეს მისთვის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხი იყო".

ჰო მართლა, ეს არაა მუსიკალური ჯოლდო და მოღვაწეობის სფეროს მიუხედავად, განსაკუთრებული დამსახურებებისათვის გადაეცემათ ამერიკაში სამოქალაქო პირებს (მით უმეტეს დასაფასებელია, რომ "ლედ ზეპელინი" არაამერიკული, არამედ ინგლისური ჯგუფია). 

"თავისი ჩანაწერებით "ლედ ზეპელინმა", ახალგაზრდობის მთელი თაობები იხსნა კრიზისისაგან. დღესაც კი, ჯონ ბონემის გარდაცვალებიდან 32 წლის შემდეგ, ჯგუფის მემკვიდრეობა კვლავაც განაგრძობს სიცოცხლეს. ჩვენ პატივს მივაგებთ "ლედ ზეპელინს" იმისთვის რომ, ისინი ახალგაზრდობას გვიბრუნებენ და გვაძლევენ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ" – დასძინა პრეზიდენტმა დასასრულს. 

როგორც ჩანს, კაცობრიობისათვის სარგებლობის მოტანა, პროფესიის მიუხედავად ყველას შეუძლია (ყოველ შემთხვევაში – დემოკრატიულ სამყაროში), დანარჩენი კი ალბათ გემოვნების საკითხია. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება: ის პირდაპირ ამერიკულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ ამ ინგლისურმა როკ–ჯგუფმა, თავის პირველ ალბომებში გადაამუშავა და სრულყო სწორედ ამერიკული ფოლკლორის – ბლუზის ნიმუშები. მათი საშუალებით შეიყვარა მთელმა მსოფლიომ მადი უოტერსის, ვილი დიქსონის და სხვათა შემოქმედება.

ასეთი რამ ბევრისთვის უცხო არაა, მაგალითად პირადად მე მოდესტ მუსორგსკის "სურათები გამოფენიდან" სოლფეჯიოს მასწავლებელმა კი არა, არამედ ასევე ბრიტანულმა როკ–ჯგუფმა "ემერსონ, ლეიკ და პალმერმა" შემაყვარა, რომელმაც ჩემი თაობის მილიონობით მსმენელისთვის "გასაგებ ენაზე გადმოთარგმნა" ეს სუიტა. 

კიდევ ერთი რამ: არავისთვის სადავო არ არის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორის უნიკალურობა. ჰოდა, ამ ყველაფერს რომ გაფრთხილება უნდა, ესეც უდაოა. ამ საქმეში კერძო ინიციატივა კარგია, მაგრამ იქნებ ჩვენც ამერიკელებივით სახელმწიფო დონეზე აგვეყვანა ეს ამბავი!? ისევ მაგალითი (კულტურის სამინისტროს საყურადღებოდ): ბრიტანელი როკ-ვარსკვლავის – კეით ბუშის 1985 წლის ალბომში "სიყვარულის ზმანებანი" ჟღერს ქართული "წინწყარო", ხოლო ანოტაცია გვამცნობს, რომ: ეს ფრაგმენტი, სავარაუდოდ რუსულ ან ჩეხურ ფოლკ–ნიმუშს უნდა წარმოადგენდესო...

დაბოლოს: იმ დღეს ის მესამე ფირფიტა, სწორედ "ლედ ზეპელინის" პირველი ალბომი იყო...

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^