სულ მაინტერესებდა, დაძლევდა თუ არა შაკო ძალაუფლების ვირუსს, რომელიც, მე მგონია, ცოტაც და სერიოზულად დაემუქრებოდა მის გონებას.
პირველად იარაღის ტარების უფლება რომ მისცეს, დიდის ამბით მახარა: „აუ, ნახე ბიჭო, ნახე!“. უკანა ჯიბეში ედო ხოლმე. როგორც სხვებს, ყველას, ვინც იარაღს ატარებს. ვახ, ნეტა ესეც ხომ არ გაყეყეჩდება-თქო, ვიფიქრე და ცოტა მოვიწყინე.
მოვიწყინე იმიტომ, რომ მე სხვა რამის გამო მიყვარდა შაკო. თინეიჯერობაში რომ მე კედებს ვიხატავდი ფლომასტერებით, ის თავის საყვარელ მუსიკალურ ჯგუფებზე მიყვებოდა რაღაცებს. გრიბოედოვის თეატრთან იყო ჩვენი საყვარელი მაღაზია თბილისში: "ბლუზ–ბოქსი." იქ ვყიდულობდით ჩვენი ჯგუფების ლოგოიან მაისურებს, ზურგჩანთებს, სტიკერებს, რას აღარ... მერე კინოს სახლში მივდიოდით. მახსოვს, განზები პირველად მაგან მომასმენინა. სულ ბოლო რიგში ვისხედით მე, შაკო და მისი გოგო. მაგ დღეს განზების კონცერტს ჯანჯღარ–ჯანჯღარით ვუყურე. ვერ ისვენებდნენ ჩემს გვერდზე მსხდომნი და რა მექნა? ჯანჯღარებდა რიგი.
თსუ–ს მეორე კორპუსის ნული სართულის ნებისმიერი თავისუფალი აუდიტორია ჩვენი და ჩვენი მეგობრების ტრადიციული დასალევი ადგილი იყო. ხო, კიდევ, თსუ–ს პირველი კორპუსის უკან, ტყისკენ. მანდაც ვსვამდით ხოლმე.
ერთ–ერთი რიგითი სმისას, ბევრი ვილაპარაკეთ 60–იანების მუსიკასა და ამ პერიოდის ახალგაზრდულ მოძრაობებზე. (ეგ ყველაფერი მე უფრო მიყვარდა, შაკო უფრო „მეტალის კაცი“ იყო)... ხოდა, მაშინ ვკითხე, მეთქი რა დრო იყო, არა? რეებს წერდნენ, ყვიროდნენ, როგორ ცვლიდნენ მსოფლიოს... ბიჭო, მაინც, როგორ გგონია, რა აერთიანებდა 60–იანებს, ზოგადად, რა მოხდა ეგეთი? ცოტა ჩაფიქრდა და მერე უცებ, სხარტად, პატარა ბავშვივით აღტაცებულმა შემომძახა: „ადამიანი, შეჩემა!.. ადამიანი ძალაუფლების გარეშე!“.
ვინ იფიქრებს ახლა, რომ მართალი არ იყო? ეგრე იყო, ეგრე. მეოცე საუკუნის შუაში, ორი მსოფლიო ომგამოვლილმა, დეპრესირებულმა სამყარომ თავიდან დაიწყო ადამიანის იდეის გადაფასება. ადამიანის – ძალაუფლების გარეშე. ვიცოდით ეს და ამიტომაც, ორივეს ძალიან შეგვიყვარდა ეს იდეა, ვითომ ჩვენი მოფიქრებული.
არცერთს არ გვიყვარდა ძალაუფლების მპყრობელები, მბრძანებლები, მეფეები და მესიები. არცერთს არ გვიყვარდა ნებისმიერი ვინმე, ვინც კი ადამიანთა შორის თანასწორობას ბოროტად არღვევდა. არ გვიყვარდა უსამართლობა. არ გვიყვარდა „მენტები“, რომლებმაც ერთხელ უმიზეზოდ მოგვდეს კიდეც. მოკლედ, კეთილი ბიჭები ვიყავით.
დრო რომ გავიდა, შაკომ ძალოვან სტრუქტურაში დაიწყო ჯერ სტაჟირება, მერე მუშაობა... ნიჭიერი აღმოჩნდა, იქაურები კარიერაში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, თვითონაც უხაროდა, ჩვენც გვიხაროდა. რაც მთავარია, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გაფუჭდებოდა. მთლად სრულიად თუ არა, ისე მაინც მჯეროდა მისი.
მაგრამ აბა, ეჭვიანი კაცი რისი ეჭვიანია, თუ რაღაც, მეორე, დასაშვებმა აზრმა გულში არ გაუელვა. ერთხელაც ისე, ვითომ ხუმრობით ვკითხე, შაკო, შენც ხომ იმათნაირი არ გახდები, ჩათლახი მენტები რომ არიან, გაბოროტებული მენტები? ხო შაკო, ხო?.. გაკვირვებულმა შემომხედა და ნაწყენი სახით მკითხა: „არ გრცხვენია?“
ამ ამბიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ შაკო უკვე თავის ახლადაღებულ იარაღს მახარებდა. აი იმას, უკანა ჯიბეში რომ ედო ხოლმე, როგორც ყველას. ამიტომაც არ მესიამოვნა ეგ ამბავი, ამიტომაც მოვიწყინე.
მერე და მერე უფრო ბევრი მესმოდა მისი კარიერული წარმატების შესახებ. ყველას გვიხაროდა, ყველას გვჯეროდა მისი და თუკი როდესმე ეჭვიანი აზრები გამიელვებდა ხოლმე, ესეც არ გაყეყეჩდეს-თქო, მაშინვე ვიხსენებდი იმ საღამოს, 60–იანელებზე რომ ვსაუბრობდით. არ გრცხვენია, კიკონ? ვეუბნებოდი ჩემს თავს. აბა, შაკოს რა გააყეყეჩებს?.. მერე ვმშვიდდებოდი. იარაღის ამბავი ისევ მწყინდა, მაგრამ მაინც ვმშვიდდებოდი.
თუკი რამე ჩემს ეჭვებს და შიშს იწვევდა, ამის მიზეზი იყო არა შაკო, არამედ გარემო, საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობდით ჩვენ. საზოგადოება, რომელიც თანასწორობას არ ცნობს. საზოგადოება, რომლისთვისაც ადამიანის უფლება იწყება „ჩემი“–თ და მთავრდება მაქსიმუმ „ჩემი ოჯახი“–თ. საზოგადოება, რომელიც ადამიანის უფლებებზე მეორე და მესამე პირში არ ლაპარაკობდა. უფლება მხოლოდ ექსკლუზიურად პირველი პირის, „მე“–ს საკუთრებად მიაჩნდა.
მაშინებდა, რომ რელიგიური მოტივით დაჩაგრული ადამიანის უფლებების დამცველებს იაღოველებად მოიხსენიებდნენ. სექსუალური ორიენტაციის მოტივით დაჩაგრულების დამცველებს – პიდარასტებად და.ა.შ.
მაშინებდა, რომ მდიდარს მეტი ძალა ჰქონდა ღარიბზე. რომ საერთოდ, ვინმეს მეტი ძალა ჰქონდა სხვაზე. საერთოდ, ვინმეს ჰქონდა ძალა და იყენებდა იმ უთანასწორო ომში, რასაც კულტურულად „ცხოვრება“–ს ეძახდნენ, ჩემთვის კი სხვა არაფერი იყო, თუ არა ჯუნგლები.
მაშინებდა, როცა მეუბნებოდნენ ხოლმე: „რას იზამ, ეგეთია ცხოვრება“... და ის კი ავიწყდებოდათ, ადამიანები იმისთვის ვართ მაგარი და ჭკვიანი როჟები, რომ „ეგეთია“–ს გარდა სხვა რამის თქმა და ქნაც შეგვიძლია, მაგალითად, ვთქვათ: „თუ ეგეთია, შევცვალოთ!“
მაშინებდა, რომ არსებულ უთანასწორო ბრძოლას – რეალობას უწოდებდნენ, ხოლო შეცვლის სურვილს – ოცნებას. ხოდა, თუკი ვინმეს ეტყოდი, შევცვალოთო, გიპასუხებდნენ მიწაზე დაეშვიო. რაღა გასაკვირია, რომ ჯუნგლის კანონებით მოქმედ „ცხოვრებაზე“ ფიქრს, ისევ ოცნება მერჩივნა.
მოკლედ, აი ამიტომ მიღრღნიდა გულს ეჭვი შაკოს გაფუჭებაზე. სადაც სხვები, იქაც ეს, რამ გაყო? რა უშველის?
ჩემს ამაფორიაქებელ ეჭვს, შეძლებდა თუ არა ჩემი კეთილი მეგობარი ძალაუფლების ვირუსისგან თავის არიდებას, პასუხი ვერ გაეცა. ღია კითხვად დარჩა. სულ რამდენიმე თვის წინ შაკო გარდაიცვალა. უბრალოდ, ფანჯრიდან გადმოვარდა და იქვე გაქრა.
ეს იყო ყველაზე მტკივნეული ამბავი ჩემს ცხოვრებაში. ამბავი, რომელმაც ყველაზე ცხადად და უგულოდ მაგრძნობინა, რომ რაღაც ეტაპები სრულდება. ასე ვთქვათ, ვიზრდებით ადამიანები და რაღაცნაირად, თითქოს ვბოროტდებით კიდეც. გარემო, რომელიც ცუდი ამბებით გვაკვირვებს, თავდაცვის ინსტინქტების გამომუშავებისკენ გვიბიძგებს. ამ ინსტინქტებისგან თავის დასაღწევად კი აუცილებად გვჭირდება მუდმივი შეხსენება, რომ ჩვენ შეგვიძლია ან უბრალოდ გამოვაცხადოთ კაპიტულაცია და ვთქვათ: „რას იზამ, ესეთია ცხოვრება“, ანდაც შევცვალოთ ყოფა – უკეთესობისკენ.
რაღაცნაირი, ცოცხალი ისტორიები გვჭირდება, კეთილი მეგობრები გვჭირდება, რომლებიც ძალაუფლებისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში გრიპის წამალივით შემოგვეშველებიან და დაგვიგდებენ სიცხეს, დაღლილ გონებას რომ ახლავს თან.
მე მაქვს ეგეთი წამალი – ჩემი და შაკოს ისტორია. საკმარისია თავში კაპიტულაციის აზრმა გამიელვოს, რომ იმ წამსვე მესმის შაკოს მიერ თსუ–ს უკან, ტყეში, ლუდის სმისას აღტაცებით წამოძახილი სიტყვები: „ადამიანი, შეჩემა!“
ათწლეულების წინ კაცობრიობამ კიდევ ერთხელ შეახსენა ერთმანეთს: „ადამიანი, შეჩემა“. ხოდა, მეც გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. კაპიტულაციის გარეშე.