თუ არ გინახავთ ექვსფეხა ძაღლი
არაფერი არ დაგიკარგავთ.
ჩარლზ სიმიკი
/როგორც ქვემოთ ნახავთ ეს პოსტი რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე დავწერე, მაგრამ მერე გამოქვეყნება გადავიფიქრე. ბოლოს ჩემი მეგობრის უცნაურად დაჟინებულ თხოვნას დავთანხმდი. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ესეც არ იყოს, მგონია, თუ ერთ ადამიანს მაინც მიაჩნია რომ გამოქვეყნებად ღირს ე.ი. ეს მართლა შესაძლებელია./
თუ ბათუმში ხარ, თან გაზაფხულია და საქმეებიც მოილიე, ადრე დილით აუცილებლად პორტში უნდა გახვიდე. ბათუმის პორტი მოგეხსენებათ, რა პორტიც არის და თუ სკანდინავიისა და ბრიტანეთი პორტებს გავიხსენებთ, ბათუმის პორტი პორტის სუროგატია. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და სულაც არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ დასავლეთ საქართველოში ასეთი ამინდი იცის: ზუსტად ისე ცრის და არა მარტო ცრის, არამედ ზღვაც სრულებით მშვიდია.
დგახარ ბაქანზე, ზურგიდან მეთევზეების ანკესების ტყლაპუნი გესმის, შენ კიდევ ზღვას გაჰყურებ და ბულგარეთის დანახვას ცდილობ, ფალსიფიცირებული ოქროს ქვიშებით რომ მოგჭრას თვალი. მაგრამ ამას ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ ახერხებ: ზღვას ორთქლი ასდის და სადაცაა დელფინებიც გამოჩნდებიან.
დილის სუსხია. შენ კიდევ დგახარ, ამ ყველაფერს უყურებ და თავისუფლების გრძნობა გეუფლება. ამ დროს ხვდები, რომ თავისუფლება აუცილებლად უნდა იგრძნო და მერე აუცილებლად შეიყვარებ კიდეც. სწავლა შეუძლებელი ამბავია. ეს რწმენაა. რწმენა იმისა, რომ ჩვენ თავისუფალი ინდივიდები ვართ, რომელთაც ღირებულებები, პრინციპები და მიზნები გააჩნიათ, რომ გვინდა უკეთესი სამყარო, მშვიდობიანი თანაცხოვრება და თანასწორობა.
თუმცა, ამაზე ფიქრისთვის მერეც მოიცლი.
რაც კი ოდესმე დამთრგუნველი გინახავს, ჯართში ჩაბარებული იახტები, მათ შორს საპატიო ადგილს დაიკავებდა. ამ დროს მათ პატარ-პატარა ნაწილებად ჭრიან. დაჭრას ზევიდან იწყებენ, ჯერ კაპიტნის კაიუტას, შემდეგ გემბანსა და ბოლოს ტრიუმის კედლებს ხსნიან გემს. იახტის ძირი სიმძიმის გამო წყალშია ჩაძირული, ჰოდა ამ ძირს ათასგვარი წყალმცენარე, ლოკოკინა, მოლუსკი და სხვა უამრავი გაუგებრობა აქვს მიკრული. მას შემდეგ, რაც იახტა სიმძიმეს კარგავს, ძირი ნელ-ნელა წყალზევით ამოდის და თვალისთვის ადვილად შესამჩნევი ხდება მთელის ეს კონგლომერატი. ამ დროს იახტა ,,კარიბის ზღვის მეკობრეების“ მერომელიღაცე სერიის ხომალდს ემსგავსება, რომლის კაპიტანიც ზღვის ქალღმერთს დაუწყევლია, რის გამოც ახლა, თვითონაც ზღვის ნაწილად ქცეული, ხილულ და უხილავ სამყაროს შორის გაჩრილა.
ბათუმის პორტში რამდენიმე ასეთი იახტაა. დაჟანგულები, გაძარცვულები ელიან, როდის ამოათრევენ დარჩენილ ნაწილს ზღვიდან, დაჭრიან და თურქეთში გაამგზავრებენ. მერე თუ ყველაფერი კარგად წავიდა, გადაადნობენ და ვინ იცის იქნებ ახალი გემის ასაშენებლად გამოიყენონ. გემები არ კვდებიან, ჯართში ჩაბარება რეინკარნაციაა.
თუმცა, დღეს ეს ჩამოწერილი იახტებია. რამდენიმე წლის წინ ისინი არც ძალიან კარგ, მაგრამ არც ძალიან ცუდ მცურავ საშუალებებად ითვლებოდნენ. ისევე როგორც ჩვენთან, საქართველოში საშუალო დონის კონფორმისტი მენეჯერები, ასეთი იახტების კაპიტნებიც იშვიათად აკეთებენ რამეს მნიშნველოვანს.
თუ არც ძალიან ზემოთ ზიხარ და არც ბევრი დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი გყავს, გადაწყვეტილების მიღების დროს კი ორი–სამი სხვადასხვა ჯურის ზემდგომი უფროსის თანხმობა გჭირდება, საქართველოში საჯარო სამსახურის საშუალო დონის მენეჯერად ითვლები. მართალია, აქ არც ისე სასიამოვნო სამუშაო გარემოა, სამაგიეროდ არცთუ ურიგო სარგებელი გაქვს. გასამრჯელო ნორმალურია (გაუგებარი მიზეზებით მიღებული პრემიების ჩათვლით), ყოველ შემთხევაში, შენი და შენი ოჯახის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა შეგიძლია. თუ ავტომობილის მართვას ახერხებ და ავტომობილიც გყავს, საწვავსაც სამსახური ყოველთვე კვოტირებით გინაზღაურებს და მობილურის კავშირის ხარჯებსაც სახელმწიფო ფარავს. შეიძლება, პორტატულ კომპიუტერსაც გამოკრა ხელი და ამდენი პრივილეგიით დახუნძლულმა საკუთარი თავითა და სამსახურით კმაყოფილებას მიეცე.
მაგრამ ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება, ამის გამო კი შენ აუცილებლად მოგიწევს გაიღიმო იქ, სადაც უნდა გაბრაზდე, სახე გაგინათდეს, როდესაც სხვას შეურაცხყჰოფენ, მეტიც - თავადაც არ უნდა მოერიდო ცინიკურ ლექსიკას. აუცილებლად უნდა დაიცვა დრესკოდი, შენს თანამშრომლებსაც უნდა მიუთითო ამ წმიდათა წმინდა წესის შესრულებისაკენ, და ყოველ დილით, როგორც წარმართი ქურუმი, რიტუალურად უნდა გაემზადაო საჯარო ფუნქციების აღსასრულებლად, ფუნქციებისა, რომელსაც შენგან, კაცმა არ იცის, ვისი სამშობლო მოითხოვს. საღამოს კი სახელად ,,საქმიან“ ვახშამზე გემრიელად და მოკრძალებით უნდა მიირთმევდე კერძს, მაშინ, როცა გული უნდა გერეოდეს თვალთმაქცობასა და სიყალბეზე რომელიც შენს გარშემო გამეფებულა.
მაგრამ არა, შენ ხომ ამ გარემოს ნაწილი ხარ და ისე შერწყმიხარ მას, ვერც კი არჩევ, სად არის გამყოფი წერტილი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ესეთი წერტილები საერთოდაც არ არსებობს. მთავარია გაიღიმო, რა მნიშვნელობა აქვს რაზე, ისევე, როგორც მთავარია კმაყოფილება გეწეროს სახეზე. და კიდევ ერთი კომპონენტი - არასოდეს უნდა გამოგრჩეს შენი უფროსის ჯერ კიდევ გამოუყენებელ, სუფთა ხელსახოცზე შემთხვევით მოხვედრილი ღვინის წვეთი. სასწრაფოდ უნდა უხმო მიმტანს და უთხრა, რომ გამოცვალოს. მერე რა, რომ უფროსს ამაზე არც უფიქრია, მერე რა, რომ მისთვის სულ ერთი იყო ეს წვეთი იქნებოდა თუ არა მის ხელსახოცზე, მერე რა, რომ მას ეს ხელს არ უშლიდა, მთავარი, რომ შენ ღვინის წვეთიდან მომდინარე საფრთხე შენიშნე და გააუვნებელყვე. შენ ფიქრობ, ეს ოდესმე დაგიფასდება. უფროსს ამაზე არ უნდა ეფიქრა, წვრილმანებზე მის მაგივრად ფიქრობ , რადგან თავად მას დიადი საქმეების აქვს მოსაგვარებელი და წვრილმანებზე თავი არ უნდა შეიწუხოს. სამაგიეროდ, სხვა ყველაფერზე უფროსი იღებს გადაწყვეტილებას. შენ კი ყველაფერზე ეთანხმები, ან კი, როგორ შეიძლება არ დაეთანხმო, როდესაც არც კი უშვებ, რომ ოდესმე შეიძლება არ დაეთანხმო.
თუმცა, შეიძლება, ოდესმე შენ გახდე "ის" და მერე შენი თეფშიც მოექცევა ყურადღების ცენტრში და მასზეც იზრუნებენ. ალბათ, ამაზე არასოდეს გიფიქრია. ალბათ, ამის გამო არც აღშფოთდები. ნერვიც კი არ შეგიტოკდება, რომ პირად სივრცეს, პირად თეფშს გაცლიან მაგიდიდან. შეიძლება, ვერც კი შეამჩნიო, ისე შემოიჭრებიან შენში და დაიწყებენ შენი პირადი გრძნობებით მანიპულირებით, თუ შენი ფიქრების გამოგონებითა და ტირაჟირებით. ან შეამჩნიო და არ შეიმჩნიო. ამასობაში, ნელ–ნელა შენც გაითავისებ საკუთარი სტატუსის უპირატესობებს.
იქამდე, კი სანამ უმაღლესი საფეხურისთვის მიგიღწევია, გავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი - პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების წინაშე, მათ წინაშე, ვისი გადასახადებისგანაც იღებ ხელფასს. მართალია, ოფიციალურ განცხადებებში ისე ისაუბრებ, როგორც სახელმძღვანელოებში წერია, მაგრამ არ გწამს. სხვა დროს დასცინი უმცირესობებს, რამდენიმე საათის წინ სიძულვილის ენას რომ ებრძოდი, ახლა ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ თავად იყენებ დამამცირებელ გამოთქმებს. გეზიზღება სუნი, იმ ფურცელს რომ უდის, რომელზეც ნესტიან სარდაფში განცხადებას წერდნენ იმ უწყების სახელზე, სადაც მუშაობ. გეშინია ამ ფურცლების და ხელს ვერ ჰკიდებ, რადგან მათი ავტორები AIV-შიდსით არიან ინფიცირებულები და ჩივიან, რომ სადღაც ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მათდამი მოპყრობა ღირსების შემლახველია. ველზე სამუშაოდ გასვლისგან თავის ასარიდებლად გზის სიშორეს და სიცივეს იმიზეზებ, იმ ადამიანების საცხოვრებელი მდგომარეობის შეფასებლად, რომელთა შვილებსაც სწორედ ამ დროს ფეხით უწევთ სკოლამდე კილომეტრების გავლა და შეიძლება ახლა შეშის ღუმელიც კი არ აქვთ გასათბობად.
მაგრამ, მოდი, ზღვას დავუბრუნდეთ, სადაც ისევ ნისლია. უკვე სასტუმროებს შორის მოაბიჯებ, გზად ცივა, კვლავ ცრის და უკვე სველდები კიდეც. მარჯვენა ნესტოდან სისხლი გდის. სასტუმროში ბრუნდები.