ვერ ვიხსენებ, როდის და როგორ შემოვიდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ რაც შემოვიდა, მას მერე სულ მუდამ ფრაგმენტულად არსებობდა. რაღაც მომენტში გამოჩნდებოდა, რაღაც გზები ცოტა ხნით ერთმანეთთან გადაგვკვეთდა, მერე ისევ ქრებოდა, უჩინარდებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ისევ გამოჩნდებოდა, გაიელვებდა...
ლიტერატურულ ღონისძიებებს - პოეზიის საღამოებს თუ პრეზენტაციებს - მაინცდამაინც არ სწყალობდა. იქ იშვიათად თუ მინახავს. ქუჩაში თუ გადავეყრებოდი ხოლმე – მარტო სადღაც თავისთვის მიმავალს. ჰო, სულ ასე: მარტო სადღაც თავისთვის მიმავალს. შევდგებოდით და გავისაუბრებდით. ან ერთი გზა თუ გვედო წინ, გავუყვებოდით რაღაც მონაკვეთზე ამ ჩვენს საერთო გზას. პოეზიაზე თუ ლიტერატურაზე ნაკლებად ვლაპარაკობდით: უფრო ცხოვრების ამაოებაზე, დამღლელ ყოფიერებაზე... რაღაცნაირად არც ის გამოდიოდა, სადმე დუქანში რომ შეგვეხვია და ღვინის ბოთლთან ერთად გაგვეგრძელებინა მწარე ცხოვრებაზე საუბარი. მას თავისი სამეგობრო ჰყავდა და თითქოს სწორედ და მხოლოდ ამ სამეგობროსთან ერთად უნდა ჩამოესხა ღვინო ჭიქაში, მე კი ჩემს სამეგობროსთან ერთად... მაინცდამაინც არც ერთმანეთს ვურჩევდით თუ ვუქებდით ნაწერებს. ყველაფერი ეს სადღაც მიღმა რჩებოდა. მხოლოდ ცხოვრების ამაოება, დამღლელი ყოფიერება იყო ჩვენი სასაუბრო თემა და ეს თემა მისგან მოდიოდა. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, რომ გადამეყარა, პირველივე ფრაზა ეს მითხრა: ეს შენი “ტაბურეტის წაქცევა” რა იყოო!! პატარა, ორსტროფიანი ლექსია, დიდი არც არაფერი, მაგრამ იმის მერე, რაც ახლა მოხდა, სულ სხვანაირად ვხედავ მის ამ მტკივნეულ მოწონებას ჩემი “ტაბურეტის წაქცევისა”. აი, ასეთი რამაა ეს ლექსი:
დასაწყისში კომფორტი –
სავარძელი. სოფა.
მერე ვნების სიმწარე,
სიყვარული ცოფად.
გაცრუება იმედის,
ყულფში თავის ყოფა.
ტაბურეტის წაქცევა –
დაღუპული ყოფა.
ბოლოს ზაფხულში ვნახე, თამაზ ჩხენკელის ლექსების კრებულის პრეზენტაციაზე ლიტერატურის მუზეუმის ეზოში. ბევრი ხალხი მოვიდა. თავიდან იგი ვერც კი შევნიშნე. მოგვიანებით დავინახე: სულ სანაცნობო-საახლობლო წრე იყო, იდგა ისიც მათ შორის, მაგრამ მაინც სადღაც სხვაგან იყო, ცალკე იყო... მერე, პრეზენტაცია რომ დასრულდა, მე და გაგა ნახუცრიშვილი მივედით, გამოვესაუბრეთ. "დაღუპული ყოფის” განცდა სასტიკად ჰქონდა გამძაფრებული. და ეს მხოლოდ განცდა არ იყო: რეალობა იყო, მძიმე რეალობა, რის შესახებაც გვიყვებოდა. რასაც უნდა გამკლავებოდა და ვეღარ უმკლავდებოდა. ჩვენთან ერთად ჭიქა ღვინო მაინც უნდოდა დაელია და ცოტა მოშვებოდა ამაზე ფიქრს და დარდს, მაგრამ ვერც ამას ახერხებდა: სადღაც სასტიკად დაცემულიყო, შრატი გაეკეთებინათ და ვერ სვამდა... ლექსი აქვს “ანგელოზი”. აი, ასე იწყება:
მე დავეცი.
გუშინდელი ანგელოზი ვარ.
სახე ხელებში ჩარგული მაქვს
და ფრთები მითრთის.
სიცარიელე და სიმარტოვე
არის ჩემი ძილისპირული.
უხილავი ვარ, - უხილავისკენ მივექანები...
დიდი ხნის წინ, მაშინ, როცა პირადად არც კი ვიცნობდი, რომელიღაც მაღაზიაში ვიყიდე მისი ლექსების კრებული “კედელი”. მხოლოდ შავითა და ნაცრისფერით იყო ყდა გაფორმებული. ახლაც ეს კრებული მოვძებნე და ვფურცლავ. 1988 წელსაა გამოცემული: ერთი ცხოვრება რომ მთავრდებოდა საქართველოში და მეორე იწყებოდა, აი, სწორედ მაშინ... წიგნის სათაურად გამოტანილი ლექსი „კედელი“ აი, ასეთია:
წავიდა კაცი,
თან წაიღო
სხვისთვის ფარული მხარეები
ბნელიც, ნათელიც...
მაინც არავის ეყვარებოდა,
მაინც არავინ ისურვებდა
გაეგო მისთვის,
შეესწავლა მისი თვალები,
ეს ხომ ძნელია,
და დამღლელი,
არის თითქმის შეუძლებელი...
ცხოვრებაც ისე ნაცნობია!
ის წავიდა,
მარტო წავიდა.
მაგრამ წასვლამდე...
ღმერთმა უწყის,
რა გაიფიქრა.
ვფიქრობ, რომ ეს კედელი სდევდა მას მთელი გზა, თავს არ ანებებდა. ამ კედელმა დაქანცა და დატანჯა თითქოსდა ასე ნაცნობ ცხოვრებაში, ურთიერთობებში. დაბოლოს, ისიც წავიდა... მარტო წავიდა. მაგრამ წასვლამდე... ღმერთმა უწყის, რა გაიფიქრა...
P.S. 90-იანი წლების დასაწყისის განუკითხაობაა. მე და დათო ჩიხლაძე სადღაც მივდივართ. მერიის წინ უცებ მარტო მდგომი არჩილ სულაკაური შევნიშნეთ. პირადად მგონი არც კი ვიცნობთ მას, მაგრამ შევყოვნდით, მივესალმეთ. შემოგვხედა, ვერ გვიცნო. ვუთხარით, ვინც ვიყავით. ახალგაზრდა მწერლები ვართ მაშინ, დიდი ხანი არაა, რაც ვიბეჭდებით. უცებ სიხარული ჩაუდგა თვალებში. გვეუბნება: დიდი მადლობა, ბიჭებო, ამ გაუბედურებულ ყოფაში კიდევ თუ მცნობთ და გახსოვართო... თითქოს ერთი ჩვეულებრივი ეპიზოდია, მაგრამ მას მერე თან მოგვყვება მეც და დათოსაც. ხშირად გაგვიხსენებია ის მომენტი. ამ პატარა გამოსამშვიდობებელ წერილს რომ ვწერდი, ისევ ამეკვიატა ეს 20 წლის წინანდელი სურათი: როგორ უხარია არჩილ სულაკაურს, რომ მას ცნობენ, ახსოვთ და ესალმებიან. ამეკვიატა ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება ჩემს წარმოსახვაში დღეიდან არჩილი გიგით შეიცვალოს და მუდამ ასეთი გიგი სულაკაური დავინახო ხოლმე: ქუჩაში მარტო მდგომი, არავისგან სალამს რომ არ ელოდება და არც სჯერა, რომ ვინმეს იგი ჯერ კიდევ ახსოვს...