ისტორიული გზაგასაყარიდან – 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან – გავიდა 70 დღეზე მეტი, „ოცნების“ კოალიციური მთავრობის ფორმირებიდან – თითქმის 50. ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, სწრაფად ვუახლოვდებით ზღვარს – საკრალურ 100 დღეს, – რომლის შემდეგ მედია ტრადიციულად იწყებს (ასეა მიღებული) ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯების მეტნაკლებად სიღრმისეულ გააზრებასა და მთავრობის მოღვაწეობის პირველი შედეგების შეფასებას. გინდა არ გინდა – ვატერლოო გაგახსენდება კაცს.
ოდნავ წინ გავუსწროთ მოვლენებს და უკვე დღეს ვცადოთ და ძალზე მოკლედ შევაჯამოთ სწრაფად მიმდინარე ახალი დროების ყველაზე პირველი, ყველაზე თვალნათელი, ყველაზე თვალშისაცემი შედეგები, ტენდენციები და – თუ გნებავთ –საფრთხეებიც. მაშ ასე:
1) ძირეულად შეიცვალა ქვეყნის პარტიულ–პოლიტიკური რუკა. 200–ზე მეტი რეგისტრირებული პარტიიდან რეალურად საკუთარი არსებობა გაამართლა (ისიც პირობითად) მხოლოდ ერთმა კოალიციურმა პოლიტიკურმა ძალამ – „ქართულმა ოცნებამ“ (ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, მართალია, ჯიუტად ამტკიცებს თითქოს „ნაცმოძრაობა“ ნამდვილი ოპოზიციაა, მაგრამ მეც ასევე ჯიუტად ვანიჭებ საკუთარ თავს ფუფუნებასა და უფლებას არ ვიფიქრო ასე). სადღაა ტრადიციული პარტიები – ქრისტიან–დემოკრატები, ლეიბორისტები, ეროვნული დემოკრატები, მემარჯვენეები (სია არასრულია)? გაქრნენ, ვითარც სიზმარი ღამისა. პოლიტიკის ბუნება ვერ იტანს ზედმეტად გახანგრძლივებულ ხელოვნურობას. ნუ, ჯერჯერობით ასეა, შემდგომ კი – ვნახოთ. არ ვიცი, მიჭირს თქმა: ცუდია ეს თუ კარგი.
2) ადამიანები პრაქტიკულად აღარ ერიდებიან ტელეფონით თავისუფლად ბაასს. გამქრალია (ან თითქმის გამქრალია) ცხოველური შიში ძველი ხელისუფლების პოლიტიკური საცეცების – სოდი–ს, კუდი–ს და მსგავსი ატრიბუტების – მიმართ. ეს შესანიშნავია.
3) "ნაციონალ–ფაშისტებმა" დაკარგეს აბსოლუტური ძალაუფლება – ანუ ის ყოვლისმომცველი გავლენა, რომლითაც ცხრა წლის განმავლობაში სარგებლობდნენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მათ დემაგოგიასა და აპლომბს დაერქვა – არც მეტი, არც ნაკლები – საკუთარი სახელი: დემაგოგია და აპლომბი. ხელმძღვანელობდნენ რა „ნულოვანი ტოლერანტობის“ უზენაესი პრინციპით, ისინი ადრე საკუთარი ნება–სურვილით ადგენდნენ დასაპატიმრებელი კონტინგენტის სიებს და ყველაფერზე ხელის მომწერი, მორჩილი სასამართლოს მეშვეობით კარნახობდნენ კლანჭებში მოხვედრილ მსხვერპლს გარიგების პირობებს – თავისუფლების სანაცვლოდ, დღეს კი... დღეს თავად უწევთ დაკითხვებზე სიარული იმავე უწყებებში, სადაც გუშინ და გუშინწინ უტიფრად მბრძანებლობდნენ – და რატომღაც ძალიან სწყინთ, ძალიან არ მოსწონთ ეს. იმასაც შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინათ, ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში საერთოდ დაკარგული ჰქონდა დადებითი ცვლილებების იმედი, მავანს ხალისის ნაპერწკალიც კი აღარ უღვიოდა თვალებში, შინაგანად შეგუებული იყო კვაზიფაშისტური რეჟიმის მუდმივობას. ისტორიამ კი სხვანაირად განსაჯა – და ეს ძალიან კარგია.
4) "ოცნებას" რას–რას და კაცთმოძულეობას მაინც ვერ დააბრალებს ვერავინ. კოალიციას (სურვილის შემთხვევაში) შესაძლებელია წაუყენო ნებისმიერი პრეტენზია, ოღონდ ფაშიზმის გარდა – და ესეც ძალიან კარგია.
5) სიმართლე უნდა ითქვას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კოალიციის მესვეურებს ახსოვდეთ: ხელისუფლებაში ისინი ბიძინა ივანიშვილის ქარიზმაზე მეტად სამართლიანობისა და ღირსების აღდგენის სრულიად სახალხო სურვილმა მოიყვანა (ბ–ნ ივანიშვილის პერსონალურ როლს, ცხადია, ვერ დავაკნინებ, ეს არაობიექტურობა იქნებოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, „გოლგოთის გზა“ ქვეყნის ჭეშმარიტი და აღიარებული დემოკრატიული ლიდერის პოზიციამდე მას ჯერ კიდევ გასავლელი აქვს). არადა, ყოვნდება სოციალური დანაპირებებისა და ვალდებულებების შესრულება, მათ შორის წინასაარჩევნოდ მეტნაკლები სიუხვით გაცემულებისა და შედარებით მარტივების (დენისა და ნაგვის ტარიფების განცალკავება, უსამართლო ჯარიმების გაუქმება, სხვადასხვა ფსევდოკანონიერი ხრიკების მეშვეობით სამსახურებიდან დათხოვილი ადამიანებისთვის კომპენსატორული მექანიზმების შექმნაზე ზრუნვა და ა.შ.). აქ ბევრი ობიექტური გარემოება მოქმედებს და ახალი მთავრობის გაკრიტიკებას მაინც მოვერიდები. მაგრამ ახალი წლიდან ილუზიებს ნურავინ მიეცემა, ხალხის მომთხოვნელობის დონე ამ კუთხით აუცილებლად აიწევს და – ეს შეიძლება ძალიანაც კარგი აღმოჩნდეს.
6) ჩვენთან შექმნილი რეალობის ამსახველი ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორი ის გახლავთ, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს არაადექვატური პარლამენტი – აშკარაა, რომ ამდენი ნაციონალი იქ არ უნდა იჯდეს. სამარცხვინო და შემოგდებული "კოჰაბიტაცია" ხელს გვიშლის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში – და ეს ცუდია. დარწმუნებული ვარ, რომ რაც უნდა რთული (ან ძვირადღირებული) არ ჩანდეს ასეთი არჩევნების სწრაფად ჩატარება, ეს ღონისძიება დიდ სარგებელს მოუტანდა ქვეყანასა და ხალხს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ის, რომ დასავლეთი ეწინააღმდეგება ასეთ არჩევნებს და ხელოვნური სტატუს–ქვოს შენარჩუნებისთვის იღწვის – სულაც არაა კარგი და, საბოლოო ჯამში, იგივე დასავლეთის დისკრედიტაციაზე მუშაობს.
7) 2013 წლის იანვარში სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ეწურება (რისი აღიარებაც ბევრს არ სურს – ორივე ბანაკში), მაგრამ ის თავისი პოსტის დათმობას, როგორც ჩანს, ოქტომბრამდე არ გეგმავს (ვიტოვებ შეცდომის უფლებას). არა მგონია, ორაზროვნად დაწერილი და ათასგზის „გაკრეჭილი“ კონსტიტუციის საკუთარ თარგზე მორგება, მოსალოდნელი კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ისედაც მცოცავი საბოტაჟისა და ორხელისუფლებიანობის სუნი დგას. ეს გამოჩნდა, მაგალითად, გაეროში – პალესტინის საკითხზე ხმის მიცემისას. ეს ყოველდღიურად ჩანს, კერძოდ, თუნდაც იმაშიც, რომ მეცნიერებისა და განათლების სისტემა პრაქტიკულად უცვლელია, დისკრედიტირებული რექტორები – სამინისტროს პასიურობისა თუ შეფარული ხელშეწყობის ფონზე – თავ–თავის ადგილებზე რჩებიან, ხოლო "ჩარეცხილების" პრობლემას ჯერჯერობით ვერბალურადაც კი არავინ შეხებია (მცირე გამონაკლისის გარდა). ეს ჩანს სასამართლო სისტემაში, რაც ვლინდება იმ უცნაურ გარემოებებში, რომლებიც ზედმეტად ხშირად იჩენენ თავს ძველი რეჟიმის მაღალჩინოსნების დაკავება–დაკითხვებისას და რასაც ესოდენ ხშირად – სრულიად უსამართლოდ – ამ ვითომ „ლიბერალ–დემოკრატების“ (სინამდვილეში კი მამალი „კვაზიფაშისტების“) პოლიტიკური დევნის ინტერპრეტაცია ეძლევა. ეს სავარაუდოდ გამოჩნდება კიდევ, რადგან უკვე ტენდენციის ხასიათი მიიღო – რაც ძალიან ცუდია.
8) ვფიქრობ, რომ რაც მეტად მივუახლოვდებით „ასდღიან“ ბარიერს, მით უფრო გაძლიერდება რევანშისტული მისწრაფებები „ნაციონალების“ მხრიდან. სხვა გზა მათ პრაქტიკულად აღარ დარჩათ – ან თავად უნდა დაიშალონ და ახალი პარტიის შექმნაზე იზრუნონ (ეს კი მათთვის რთული და არაპერსპექტიულია), ან „ვა–ბანკზე“ წავიდნენ და მაქსიმალურად ისარგებლონ ქვეყანაში შექმნილი პრობლემებით – თუ მათი გადაჭრის გზები ივანიშვილის მთავრობამ დროულად ვერ გამოძებნა. ნუ დავივიწყებთ, რომ სანამ სააკაშვილი პრეზიდენტია, სწორედ მას გააჩნია იმ არჩევნების დანიშვნის იურიდიული უფლება, რაზედაც ზევით მოგახსენებდით. ერთი პატარა შენიშვნით: მოქმედი პრეზიდენტი, შესაძლოა, შეეცდება ამ უფლების გამოყენებას მისთვის ხელსაყრელ დროს. არა, დავუშვათ, სადღაც თებერვალში ან მარტში, არამედ უფრო საზაფხულოდ. ისტორიას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ადამიანების განწყობა – თუ პოლიტიკოსები მათ სასიცოცხლო ინტერესებს ჯეროვნად არ ითვალისწინებენ – ცვალებადი ხასიათისაა.
სათქმელი, რასაკვირველია, გაცილებით მეტია, მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლები. ვფიქრობ, რომ "ვატერლოოს" მოახლოებას პრემიერი ივანიშვილი კარგად გრძნობს. ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ისტორიული ანალოგიით შობილი თანამედროვე გამოცდიდან ის გამოვა გამარჯვებული – არა როგორც ნაპოლეონი, არამედ როგორც ველინგტონი.