განათლების პოლიტიკის შესახებ ბოლო დროს მიმდინარე დებატებაში რატომღაც ნაკლები ყურადღება ექცევა განათლების ხარისხს. ძირითადი აქცენტი კეთდება ისეთ თემებზე, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება, თანასწორობა და ინკლუზიურობა (მაგალითად, იხილეთ სიმონ ჯანაშიას სტატია „ტაბულაში“), კონკრეტული დარგების განვითარება, გამოცდების ადგილი და მნიშვნელობა (მაგალითად, იხილეთ ინტერვიუ განათლების მინისტრთან ასევე „ტაბულაში“) და ა.შ. რა თქმა უნდა, თითოეული ამ თემის განხილვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განათლების პოლიტიკაზე შევთანხმდეთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უხარისხო განათლებაა.
ქართული უნივერსიტეტები გაცილებით ჩამორჩებიან მსოფლიოს საუკეთესო, Times Higher Education-ის რეიტინგში შემავალ 400 უნივერსიტეტს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 15 წლის ასაკის ქართველი მოსწავლეების კომპეტენცია მათემატიკაში, მეცნიერებებსა და წაკითხულის გააზრებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოს 74 ქვეყანას შორის. მართალია, ამ 74 სახელმწიფოდან და ტერიტორიიდან, უმრავლესობა განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ ჩვენი შედეგი მაინც გულდასაწყვეტია იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთ მთავარ მიზნად ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას ვისახავთ.
იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისთვის დაფინანსების გაზრდა და აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა საკმარისი არ არის. ამ ყველაფერთად ერთად, ინოვაციურ ხედვებზე უნდა ვიფიქროთ.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს დაფინანსება 40 მილიონით იზრდება, შედარებისთვის თსუ-ს ბიუჯეტი დაახლოებით 60 მილიონია, ტექნიკური უნივერსიტეტის- 40 მილიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის- დაახლოებით 30 მილიონი, სამედიცინო უნივერსიტეტის - 30 მილიონი და ა.შ. ეს მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტის პროექტებია, საქართველოს განათლების სისტემა კი მათ გარდა 2000-მდე საჯარო სკოლას ემსახურება (და ასევე 14 საჯარო პროფესიულ სასწავლებელს). ცხადია, რომ 40 მილიონით ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია.
იმაზეც თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ეკონომიკის განვითარების იმ დონეზე, რაზეც ახლა ვიმყოფებით, განათლების ხარისხს ტრადიციულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაში მასიური ინვესტირებით რადიკალურად ვერ გავაუმჯობესებთ. იმისათვის, რომ ფუნდამენტური ცვლილებები მოვახდინოთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინოვაციურ პროექტებზე უნდა ვიფიქროთ.
აქ შემოგთავაზებთ ორი პროექტის იდეას, რომელთა დანერგვაც ქართულ რეალობაში სავსებით შესაძლებელია.
უმაღლესი სასწავლებლების ინგლისურენოვან სივრცეში ინტეგრირება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორები უნივერსიტეტები: ლატვიის უნივერსიტეტი, ვილნიუსის უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი ინგლისურენოვან სწავლებაზე არიან გადასული. რა თქმა უნდა, ისინი ინარჩუნებენ ესტონურ, ლატვიურ და ლიტვურ ენებზე მიმდინარე პროგრამებს, მაგრამ აქცენტი განათლების ინტერნაციონალიზირებასა და ინგლისური ენის მზარდ როლზეა აღებული. ამ დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ სამი დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი პროგრამაა. შესაძლოა ჩვენ ვერ შევძლოთ ერთბაშად ინგლისურენოვან სწავლებაზე გადასვლა (და ყველა დარგში ამის გაკეთება არც არის აუცილებელი), მაგრამ ინგლისური ენის როლი რომ უნდა გავზარდოთ, ეს დღეისათვის უკვე ცხადი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე აუცილებელია, მინიმუმ ორი მიმართულებით მუშაობა:
- ბაკალავრის დონეზე, პირველი ერთი ან ორი აკადემიური წლის მანძილზე (ვინც ენას ნულიდან იწყებს, ალბათ მინიმუმ ორი წელი მაინც დასჭირდება), სტუდენტებმა უნდა გაიარონ ინგლისური ენის ინტენსიური კურსი (ასეთი კურსი უკვე არსებობს, მაგრამ მასზე აშკარად მეტი რესურსების დახარჯვაა საჭირო); მესამე და მეოთხე წელს კი უნდა შეეძლოთ საგნების ინგლისურ ენაზე არჩევა. ეს სტუდენტებს ხელს შეუწყობთ ენის სრულყოფაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი პროფესიონალები ან მეცნიერები ინგლისურენოვანი აკადემიური სივრცის მოთხოვნებს გაეცნობიან (რა მოთხოვნებიც, დამეთანხმებით, გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული აკადემიური სივრცის).
- განათლების ინტერნაციონალიზირების აუცილებელი გახდება მთელ რიგ დარგებში ინგლისურენოვანი ლექტორებს მოწვევა. გია დვალის განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია ამჟამად იმუშავებს პროექტს, რომელიც გულისხმობს საქრთველოში „ტენუარის“ ინსტიტუტის შემოღებას. „ტენუარი“ არის ერთგვარი მუდმივი კონტრაქტი სრული პროფესორის სტატუსის მქონე აკადემიურ პერსონალთან. ამ სტატუსს ანიჭებენ მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებების მქონე მეცნიერებს. სავსებით შესაძლებელია, რომ მთელ რიგ დარგებში არ მოიძებნონ ადამიანები, რომლებიც ამ სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ქართველი ან უცხოელი ლექტორებს მოწვევა, რომლებიც თავიანთ დარგებს და მიმართულებებს ჩაუდგებიან სათავეში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ „ტენუირებული“ პროფესორი იყოს განსაკუთრებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე, რადგან სწორედ ამ სტატუსის მქონე პროფესორები არჩევენ დაბალი რანგის პროფესორებს და ერთგვარად, მთელი ფაკულტეტის პრესტიჟს წარმოადგენენ. აშშ-ში სრული პროფესორის საშუალო ხელფასი წელიწადში (ამ შემთხვევაში, 9 თვეში) დაახლოებით 80 000 დოლარია, რაც საქართველოს პირობებში ალბათ ზედმეტი ფუფუნება იქნება. ამასთან ერთად, ალბათ განსაკუთრებით მაღალი რანგის პროფესორები არც მოინდომებენ საქართველოში გადმოსახლებას. აქ ყველაზე მნიშვნლოვანია ის, თუ რამდენად პრიორიტეტული იქნება ეს საკითხი განათლების სამინისტროსთვის. რაც შეეხება შედარებით დაბალი რანგის პროფესორებს, აქ შეიძლება მსოფლიოს ავტორიტეტული უნივერსიტეტების დოქტორანტურადამთავრებული ახალგაზრდა მეცნიერების მოწვევაც - ვინაიდან დასავლეთში ეკონომიკური კრიზისია, სავსებით შესაძლებელია შედარებით ფინანსურად შეზღუდულ პირობებზე დიდი პოტენციის მქონე ახალგაზრდა მეცნიერების დათანხება.
უფასო ონლაინ სწავლების დანერგვა: სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება უფასო ონლაინ ვიდეო კურსები. დღესდღეობით ასეთი რამდენიმე პოპულარული პორტალია (არსებობს სხვა პორტალებიც, უბრალოდ, ყველაზე მეტად ამ ოთხი მათგანის პოპულარობის შესახებ მსმენია):
- http://www.khanacademy.org/ - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაგისტრი ელექტრულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში (ასევე, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მაგისტრი ბიზნეს ადმინისტრირებაში) სალმან ხანი სპეციალურ ელექტრონულ დაფას იყენებს თავისი გაკვეთილების და ლექციების ვიზუალიზაციისთვის. გაკვეთილების ძირითადი ნაწილი არის მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ფინანსებში.
- http://www.udacity.com/ - უფასო კურსები ძირითადად კომპიუტერულ მეცნიერებებში.
- http://www.academicearth.org/ - ლექციები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან
- https://www.coursera.org/ - თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ინტერნეტ მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს გარკვეულ კურსებს მათი პროგრამებიდან.
ჯერჯერობით, არ მსმენია, რომ რომელიმე ქვეყანაში სახელმწიფო ამ მიმართულებით აქტიურად ჩარეულიყოს. ამ უმოქმედობის რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ განვითარებულ ქვეყნებს ისედაც აქვთ იმის რესურსები, რომ პირდაპირ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსებში მოახდინონ ინვესტირება და ამ მიმართულებით ალბათ თავს დიდად არ იწუხებენ, მეორე ის, რომ ეს პროექტები შედარებით ახალია (მაგალითად, „ხანის აკადემიამ“ სრული დატვირთვით მუშაობა დაიწყო 2009 წელს, Academic Earth შეიქმნა ასევე 2009 წელს, Udacity შეიქმნა 2012 წლის თებერვალში, Coursera - 2012 წლის აპრილში და ა.შ.); უმოქმედობის მესამე მიზეზი ის არის, რომ განვითარებადი ქვეყნები ყოველთვის ვერ მიყვებიან განვითარებულ ქვეყნებში დაწყებულ ინოვაციებს და ტრენდებს.
არადა, ჩემი აზრით, განათლების სამინისტრომ ინვესტირება სწორედ ასეთ სტრატეგიულ, მომავლის პროექტებში უნდა მოახდინოს. 2010 წლისთვის საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი იყო დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასი, ანუ დაახლოებით მოსახლეობის 30 პროცენტი. ორ წელიწადში ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა (ზუსტი სტატისტიკის მოპოვება ძნელია). ამასთან ერთად, „ირმის ნახტომის“ შემდეგ, საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტები ალბათ მომავლში სახელმწიფოსთვის კვლავ აქტუალური იქნება; ეს კი უზრუნველყოფს იმას, რომ ინტერნეტის არმქონე ოჯახებში ონლაინ სერვისები მოსწავლეებისთვის მაინც იქნება ხელმისაწვდომი.
რა თქმა უნდა, უფასო ონლაინ კურსების მომხმარებლები შეიძლება გახდნენ არა მხოლოდ მოსწავლეები და სტუდენტები, არამედ სხვადასხვა ასაკის და სოციალური ფენის ადამიანები, რომლებსაც ცოდნის გაღრმავება ან ახალი ცოდნის ათვისება სურთ (სავსებით შესაძლებელია, რომ ამის მსურველებიც იქნებიან, თუ გავითვალისწინებთ დასაქმების პროგრამების აქტუალობას საქართველოში).
უფასო ონლაინ კურსები გამოგვადგება არა მხოლოდ, როგორც დამხმარე საშუალება დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლებისთვის, არამედ როგორც საშუალება უწყვეტი განათლებისთვის (ე.წ. lifelong learning).
უფასო ონლაინ კურსები ტრადიციული განათლებისგან განსხვავებით არ იქნება დამოკიდებული ინსტრუქტორის ცოდნის დონესა და პროფესიონალიზმზე. ყველა ინსტრუქტორი, რომელსაც უფასო კურსების ჩატარება დაევალება იქნება თავისი სფეროს საუკეთესო სპეციალისტი. ასევე, უფასო კურსები იქნება ტრადიციულ გაკვეთილებსა და ლექციებზე უფრო მეტად საინტერესო და „ჩამთრევი“ (ინოვაციური აპლიკაციებითა და თამაშებით გამდიდრებული). რა თქმა უნდა, შექმნისა და გამოცდის პროცესში შეიძლება უამრავი მექანიზმის მოფიქრება იმისთვის, რომ გაკვეთილები და ლექციები იყოს ყველაზე საინტერესო და პროდუქტიული.
რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა საგანში მაღალი ხარისხის გაკვეთილებისა და ლექციების დამზადება შეუძლებელია. ჩემი აზრით, პროგრამა მინიმუმი აქაც უნდა იყოს ინგლისური ენის კურსი ყველა დონის ონლაინ სტუდენტისთვის, და ასევე ზოგადი კურსები იმ საგნებში, რომლებიც სასკოლო და ეროვნულ გამოცდებზე ბარდება. შესაძლებელია ასევე ისეთი კურსების შეტანაც, რომელიც შედარებით უფრო ფართო ინტერესების მქონე მომხმარებელს დააინტერესებს: მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა, სოფლის მეურნეობის მენეჯმენტი, ბიზნესი, ბუღალტერია და ა.შ.
უფასო ონლაინ კურსებს იმაზე მეტი ფუნქცია და მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ, რისი აღწერაც აქ მოვახერხე. მე უბრალოდ იმისი ჩვენება მინდოდა, თუ რამდენად საჭირო და პროდუქტიული იქნება მსგავსი ინოვაციური მიდგომა.
ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ონლაინ განათლება (შეგნებულად არ ვხმარობ ტერმინს „ელექტრონული განათლება“, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაზეც აქ ვსაუბრობ) არ არის ტრადიციული განათლების შემცვლელი, არამედ ისინი ერთმანეთს ავსებენ. ტრადიციული განათლების უდავო პლიუსი არის ინტერაქციულობა, რისი მიღწევაც ონლაინ გარემოში სასწავლო პერსონალის გაზრდის გარეშე შეუძლებელია (მოსწავლეებს შორის ინტერაქციულობის იმ დონის სრულად გამეორება კი, რაც რეალურ ცხოვრებაშია, ალბათ ფანტასტიკის სფეროა).
სამაგიეროდ, ონლაინ განათლება გამოირჩევა იმით, რომ აქ „მოსწავლეს“ შეუძლია ერთი და იმავე გაკვეთილის ან ლექციის მრავალჯერ მოსმენა (რაც რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში შეუძლებებელია), და ასევე, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ონლაინ განათლება უზრუნველყოფს იმას, რომ გაკვეთილები და ლექციები ყოველთვის ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალებისგან არის მოწოდებული (რისი გარანტიაც ტრადიციული განათლების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების სიმწირის გამო, არ გვაქვს).
ამ პროექტების გარდა, რომელზეც აქ ვსაუბრობდი, რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი სხვა იდეა და მიდგომა, რომელთა დანერგვაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. მთავარია, რომ არსებობდეს რეფორმების პოლიტიკური ნება და ასევე იმისი გამბედაობაც (რაც განვითარებად ქვეყნებში ნაკლებად გვხვდება ხოლმე), რომ ინოვაციურ პროექტებზე ვიფიქროთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთ პროექტებში მთავარი როლი განათლების სამინისტრომ უნდა ითამაშოს და არა რომელიმე საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციამ. ბოლოსდაბოლოს, განათლების სამინისტრო ყველაზე უკეთ იცნობს ადგილობრივ კონტექსტს და აქედან გამომდინარე, არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ამ სტატიით მინიმუმ იმას მაინც შევუწყობ ხელს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის რეფორმებსა და ინოვაციებზე დისკუსია უფრო მეტად გამწვავდეს.