Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

12-12-12

16 დეკემბერი 2012

ქართველ [როკ]მუსიკოსებს

 

არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ოსტაპ ბენდერი, როცა კისა ვორობიანინოვს შესჩივლა: ჩვენ უცხონი ვართ ამ სიცოცხლის ზეიმზეო, მაგრამ დაახლოებით ეგეთი გრძნობა დამეუფლა 13 დეკემბერს.

ერთი სიტყვით: 12-დან 13 დეკემბრის ღამეს, როცა თბილისს ეძინა, ნიუ-იორკში გრანდიოზული აქცია ჩატარდა რომელიც, როგორც ჩანს ისტორიული მოვლენა გახდება. ეს საქველმოქმედო კონცერტი, ქარიშხალ "სენდის" მსხვერპლთა დასახმარებლად, როკ-მუსიკოსთა ინიციატივით გაიმართა.

29 ოქტომბერს ტროპიკული შტორმი, რომლის სიჩქარმაც საათში 150 კილომეტრის მიაღწია, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. სტიქიამ ვირჯინიიდან - მასაჩუსეტსამდე, აგრეთვე ნიუ-იორკის ნაწილობრივ პარალიზება გამოიწვია. მეტეოროლოგების გნაცხადებით, „სენდი“ ატლანტიკის ოკეანეზე დაკვირვების ისტორიაში უძლიერესი ქარიშხალი იყო. ამჯერად, მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 130-ს გადააჭარბა (მხოლოდ ნიუ-იორკში 40-ზე მეტი კაცი).

 

კონცერტი დილამდე გაგრძელდა. დარბაზში მყოფი მაყურებლის გარდა, ის პირდაპირ ტელე, რადიო და ინტერნეტ (YouTube) ეთერში  2 მილიარდმა ადამიანმა იხილა. ბილეთებიდან ამონაგების გარდა, შემოწირულმა თანხამ, საერთო ჯამში 30 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

მართალია ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც, ამ ყველაფერს მეც ინტერნეტით ვადევნე თვალი. აღმოჩნდა რომ, სურპრიზებიც ბევრი იყო და საერთოდ - ერთობის, უანგარობისა და ჰუმანურობის ატმოსფერო მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა. სცენა დაეთმოთ თანამედროვეობის ცოცხალ ლეგენდებს: [სერ] პოლ მაკარტნის (კვადრატულ ფრჩხილებში, ისევე როგრც ზემოთ იმიტომ რომ, ჩვენთან არ ვიცი, მაგრამ ბრიტანეთში "სერ"-ის წოდება ყველას ავალდებულებს ასე მოიხსენიონ მისი მფლობელი (წინააღმდეგ შემთხვევაში იქაური კანონი საკმაოდ მკაცრია, "პინკ ფლოიდის" როჯერ უოტერსს, ერიკ კლაპტონს, "პერლ ჯემის" ედი ვედერს, ჯგუფს "ჰუს", ბრუს სპრინგსტინს, ბონ ჯოვის (რომლის მშობლიური სოფელიც - სეირვილი ყველაზე მეტად დაზარალდა), ბილი ჯოელს (რომელიც უკვე დიდი ხანია სცენაზე აღარ გამოჩენილა), "როლინგ სტოუნზს" (რომლებიც თავიანთი არსებობის 50 წლის საიუბილეო ტურის ფარგლებში გადაიკვეთნენ ამ მოვლენასთან) და სხვათ. 

გაუთვალისწინებელი და სასიამოვნო იყო ისიც, რომ აქციას ბოლო წუთს შემოუერთდა, როგორც ჩვენში იტყვიან "დაკარგული" მაიკ სტაიპი - ჯგუფიდან "რ.ე.მ.". დაბოლოს, მთლად სენსაცია - იმ ღამეს (თბილისს რომ ეძინა და მე, ოსტაპი რომ გამახსენდა) თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარულ ჯგუფ "ნირვანას" რეინკარნაცია მოხდა, მათი განსვენებული ლიდერის - კურტ კობეინის ნაცვლად - სერ პოლ მაკარტნის ჩანაცვლებით და მცდელობით!

ჰო, მართლა, სანამ "თბილისის ძილსა" და "ოსტაპის გულისტკივილზე" გადავალ მინდა არ გამომრჩეს...  მსგავსი აქცია-კონცერტები ნოემბერშიც განხორციელდა, კერძოდ: ნილ იანგის, პატი სმიტის და სხვათა კეთილი ნებით. გამოდის, რომ "მთელი ამ როკ-მუსიკოსთა ხროვა" (როგორც საბჭოთა დროიდან ჩაგვინერგეს), არც ისეთი უსახო, ეგოისტი და მტრული ყოფილა. თუმცა, მხოლოდ საბჭოთა ნომენკლატურას რას ვერჩი!? გინდ დაიჯერეთ – გინდ არა, თავის დროზე (50-იანებში) ამერიკული ოფიციოზიც კი როკ-ნ-როლს "კომუნისტურ ვირუსად" მიიჩნევდა.

ალბათ იფიქრებთ, რომ "ოსტაპი", "ძილი" (დიდი ილიასი არ იყოს) და ჩემი გულისწყვეტა იმით იყო გამოწვეული, რომ ამ "ზეიმს" არ დავსწრებივარ. ნაწილობრივ იქნებ ასეცაა, თუმცა აქ საწუწუნო არაფერი მაქვს: ახალგაზრდობაში გამიმართლა და საკმაოდ სერიოზული ხალხიც ვიხილე ცოცხლად (საზღვარგარეთ). მაგრამ 13–ში, თავზე რომ დამათენდა, სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი... 

შოუს მსვლელობის 6 საათის მანძილზე, იმდღევანდელი კადრების ტრანსილირებას თან ახლდა მორბენალი სტრიქონი, სადაც სხვადასხვა ქვეყნებისთვის მითითებული იყო ინფორმაცია შემოწირულობებისთვის. ამ ყველაფერს კი წინ, პატარა ზომის შესაბამისი სახელმწიფო დროშა ამშვენებდა – აი, ისე, ფეხბურთის დროს რომ იციან ხოლმე. ჰოდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ლათინური ამერიკის და თქვენ წარმოიდგინეთ - ზოგიერთი აფრიკული ქვეყნის დროშებს შორის, ჩვენს ხუთჯვრიან დროშას თვალი რომ ვერ მოვკარი, ოსტაპიც და ძილიც მანდ გამახსენდა. 

ეჰ, დროშას რამხელა მნიშვნელობა ჰქონია. არადა ავღანეთში კი გვყავს ჩვენი სამხედრო კონტინგენტი, ეს  "ნატოს" გზაა... და ვაი თუ, ევროკავშირის გზა ისეთ ჰუმანიტარულ აქციებზეც გადიოდეს, როგორიც 12 დეკემბერი იყო ნიუ-იორკში... აქ უკვე ჩვენს როკ–მუსიკოსებზე ფიქრიც აღარ ღირდა (რომლებსაც, დაფინანსება, როგორც წესი,  იქით უნდათ) – 13 დეკემბერი თენდებოდა...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^