ოსამა ბინ ლადენის ხსენებაზე, ალბათ მთელ კაცობრიობას 11 სექტემბერი ახსენდება. მე კი თავში ერთი საინტერესო წინადადება მიტივტივდება – „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან თქვენ (ამერიკელებს) გიყვართ სიცოცხლე, ჩვენ კი სიკვდილი გვიყვარს!“ - ეს სიტყვები ტერაქტიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ, „ალ ჯაზირასთვის“ მიცემული ინტერვიუდანაა.
აღსანიშნავია, რომ ამ ფრაზას წარმოთქმისას რესპოდენტის დამაჯერებლობაში ეჭვს ვერ შეიტანდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჟანგიანი კალაშნიკოვის იმედად მყოფი კაცი თავისი გამოქვაბულიდან მთელს ცივილიზებულ სამყაროს ემუქრებოდა. ეჭვს ვერ შეიტანდი არა იმიტომ, რომ დაიჯერებდი მისი მხრიდან მსოფლიო ჰეგემონის ფიზიკურ განადგურებას. არა! უბრალოდ მის სიტყვებს თუ დაუფიქრდებოდი მიხვდებოდი, რომ ბოლომდე არ ტყუოდა. მან ერთ წინადადებით გამოხატა ცივილიზებული სამყაროს პრობლემა – ცხოვრებისეული სიამეებით ტკბობის კულტი, მისი დაკარგვის შიში და სიკვდილის გარდაუვალობა. სიკვდილის, რომელიც მას თავის მოკავშირედ მიაჩნდა, ჩვენ კი სამყაროს დასასრულად.
ეს პრობლემა ცხადია ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ დღეს 2012 წლის 21 დეკემბერს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. კაცობრიობას თავისი განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე ჰქონდა აპოკალიპტური შიშები და სხვადასხვა დროს სხვადასხვა საშუალებებით უმკლავდებოდა მათ. ცხადია ჩვენი წინაპრები ამ შიშის დათრგუნვას ძირითადად რელიგიურ-ზებუნებრივ ძალებზე დაყრდნობით ახდენდნენ. ამ ძალების წარმომადგენლები დედამიწაზე, ზოგჯერ თვითონვე ამძაფრებდნენ ფობიებს, რათა საკუთარი მნიშვნელობა გაეზვიადებინათ, მაგრამ მერე ადამიანები განვითარდნენ, რელიგიებმა პოლიტიკურ კონიუქტურას თავი ბოლომდე ვერ დააღწიეს, მაგრამ შედარებით რაფინირებულები გახდნენ, ამას მეცნიერების განვითარებამაც შეუწყო ხელი და როგორც იქნა მოვედით დღემდე 2012 წლის 21 დეკემბრამდე, „ჯავშნოსანი პოტიომკინის“ მოსკოვური პრემიერის 87 წლის თავამდე, დისნეის პირველი სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმის გამოსვლის 75 წლის იუბილემდე, კოსმოსური სადგურის „ლუნა 13“–ს 46 წლის თავამდე, კოსმოსური ხომალდის „აპოლო 8“–ს წარმატებით გაშვების 44–ე იუბილემდე და მაიას კალენდრის ბოლო დღემდე, კაცობრიობის აღსასრულამდე და სიკვდილის შიშამდე. გამოდის საუკუნეთა გამოცდილება და კაცობრიობის მიღწევები ჩვენში ჩაბუდებულ ამ ფობიას ვერაფერს უპირისპირებს.
სწორი გზით ვითარდება ჩვენი ცივილიზაცია, როდესაც ამქვეყნიური სიამეების კულტივირებას ახდენს, მთლიანად მატერიალურ უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, შთაგვინერგავს, რომ სიცოცხლე ერთადერთი ფასეულობაა და თან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახდენს?– ეს არის ის კითხვა, რომელსაც ალბათ ბევრი ჩვენგანი უსვამს საკუთარ თავს და გამოსავალსაც ვერ ხედავს, რადგან ჩვენი ყოფა უკვე მთლიანად რაციონალურია.
ვიცით, უკვდავები ვერ გავხდებით. სიცოცხლის გარდა სხვა ფასეულობაც არ გაგვაჩნია და შესაბამისად მუდმივ სტრესში ვართ, რომ გავქრებით. ამიტომ, თან ყველაფერს ვკადრულობთ სიცოცხლის შესანარჩუნებლად და სხეულის საამებლად, თან ვიცით, რომ ეს ყველაფერი დროებითი და ამაოა. ამის გამო თავს განვიკითხავთ, ვხვდებით ერთ წრეზე ბრუნვით შორს ვერ წავალთ და ქვეცნობიერში თვითგანადგურების სურვილი გვიჩნდება–ერთდროული ლტოლვა თვითგანადგურებისკენ და მისი შიში, რომლებიც „კოჰაბიტაციის“ რეჟიმში ბუდობენ ჩვენს ცნობიერებაში. ამ გრძნობამ გამოიგონა ატომური იარაღი და ეს გრძნობა ინარჩუნებს ბირთვულ წესრიგს დღევანდელ სამყაროში. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩვენი ცხოვრების ამ ფორმით გაგრძელების საბაბს ვეღარ ვპოულობთ და თან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებაც გვიჭირს მის დასასრულებლად. ერთი შეხედვით გამოსავალი მარტივია, თუ არ არსებობ შენ, აღარ არსებობს სამყაროც! ყოველშემთხვევაში შენთვის. სურვილის შემთხვევაში, პირადი აპოკალიფსის მოწყობას ბევრი არაფერი უნდა. რა საჭიროა ამისთვის „მელანქოლიის“ და სხვა მსგავსი სასწაულების ცდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატერიალიზმის ბუნება ეგოისტურია. ძნელია სიამეები, რომლებიც შენთვის გინდოდა სხვას დაუტოვო, აღიარო, რომ პირადად შენთვის არ აქვს ამგავრ ცხოვრებას აზრი და გაეცალო. ამას გირჩევნია ყველა მოკვდეს განურჩევლად სქესისა და აღმსარებლობისა, რათა არ დადგეს შენი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი. არავინ თქვას – თუ არ მოსწონდა აქაურობა, რა გააკეთა იმისთვის, რომ შეეცვალაო. აი ყველას ერთად მეხი თუ დაგვეცემა ამ კითხვას პირადად აღარავინ დასვამს, კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომ „რიჟა ბაზარია“ ეგ ჩვენმა საბჭოთა წარსულმაც დაადასტურა. და მაინც ბოლომდე არ მესმის რატომ გვაშინებს ასე ძალიან სიკვდილი. რელიგიური ადამიანების შემთხვევაში ხომ საერთოდ.. თუ არასწორად ცხოვრობ გამოასწორე დღესვე და მოხვდი იმ შენს სამოთხეში, გადი ნირვანაში–გასხივოსნდი, ქენი ის რისიც გჯერა. თუ არ გწამს და ათეისტი ხარ, რა განერვიულებს?! დაფიქრდი რამდენი მილიარდი შენნაირი შეუჭამია ჭიებსა და მატლებს, შეეგუე იმ აზრს, რომ ბოლოს მაინც არ აგცდება, დაიკიდე და მოკვდი რა... რა მნიშვნელობა აქვს ასი ლუკმის გადაყლაპვას მოასწრებ ცხოვრებაში , თუ 100 000-ს საბოლოო ჯამში ხომ მაინც გადებული გაქვს?! დაიწყებენ ხოლმე რაღაც ბუნკერების გათხრას, მერე პროდუქტებით ამოვსებას და ათასგვარ სისულეეებს. თან სასაცილო ის არის, რომ იმ თავის „ნოეს კიდობნებში“ ადგილი მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის აქვთ გამოყოფილი, ნოესავით მთელს ფაუნაზე კი არა, მხოლოდ თავის სამკაციან ოჯახზე ზრუნავენ.
ძალიან მაინტერესებს მარტოები რომ დარჩნენ ამ ქვეყნად, რა უნდა აკეთონ იმაზე უკეთესი, რისი კეთებაც ეხლა არ შეუძლიათ? ამაზე ნათელი ზოგადი ფსიქოზისა და ცივილიზაციის სიმყიფის გამოვლინება რა უნდა იყოს, არ ვიცი. შეიძლება ის, რაც მაგალითად გუშინ არგენტინაში მოხდა, დედამიწის განადგურებით შეშინებულმა ადამიანებმა საოჯახო ტექნიკის მაღაზიები გაქურდეს. ხომ მაგარია, სიკვდილის წინ გავისწოროთს ამბავში?! მოკლედ, მე არ ვიცი ხალხს კაცობრიობის დასასრული რა ჰგონია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს 21 დეკემბერს კონექტიკუტში ღმერთის 26 ქმნილებას, სწორედ ჩვენი ცივილიზებული ფობიების გამო ასამარებენ და მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, მსოფლიოს ორი ყველაზე ცხელი წერტილიდან გვთავაზობენ პირდაპირ ჩართვებს. მათ შორის ერთი ჩვენი ნამდვილი განადგურების ადგილი – ჩრდილოეთ ამერიკაა, მეორე კი ჩვენი შიშების გადავადების – სამხრეთ ამერიკა.