Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალაქში ზღაპარი ჩამოდგა

21 დეკემბერი 2012

მე მგონია, რომ აქ, ამ ეპიზოდში, ქალაქში ზღაპარი შემოდის, ზღაპარი დადგა და ყველა ადგილზე გააქვავა, გესმის?.. არ გიფიქრია ასეთ შთამბეჭდავ აღტაცებებზე?“ – ღიმილით მკითხა ჩემმა მეგობარმა.

მიფიქრია. საერთოდ, როგორც იტყვიან, „შთაბეჭდილებების კაცი“ ვარ. ახალი აღმოჩენები ჩემთვის ყველაფერია, სუნთქვა, პირდაპირი გაგებით, მიხშირდება ხოლმე, თავს უკან გადავწევ, ხელებს სახეზე ვიფარებ და ამომხდება ხოლმე: „ვაახ, ჩემი!.. ეს რა იყო?“. მერე მოვაღებ პირს და ბევრს ვქაქანებ ჩემს ახალ ინსპირაციებსა და შთაბეჭდილებებზე. ზოგს ეს ქაქანი ცოტა ღლის, მგონი. თუმცა, რა ვქნა, გაჩერებას და თავდაჭერილი, გაწონასწორებული ექსპერტის პოზის მიღებას, მირჩევნია რაც შეიძლება ბევრჯერ გავიმეორო: „ვაახ ჩემი, ეს რა იყო?“

ასე მოხდა, როდესაც პირველად გენიალური ბერძენი რეჟისორის, თეო ანგელოპულოსის ფილმი „პეიზაჟი ნისლში“ ვნახე. თუმცა, აქ ფილმზე სალაპარაკოდ სულაც არ მომიკრეფია თქვენი ყურადღება. ამბავზე მინდა, რომ ვილაპარაკოთ. ამბავზე, რაც ხდება ამ ფილმში, ხდება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, ქალაქში.. საერთოდ, დედამიწაზე, როცა პეიზაჟი ნისლსა და თოვლშია გახვეული და როცა ქალაქში ზღაპარი დგება.

ერთი წლის წინ, ახალი წლის წინა ღამეს, ქუჩაში, არცთუ საახალწლო ფერიად გამომეცხადა ერთი უსახლკარო ქალბატონი. ტროტუართან, ლამის გზის სავალ ნაწილზე გაშხლართულიყო, შემზარავად იკლაკნებოდა (ალბათ, ტკივილისგან) და არანორმალური კივილით აყრუებდა კოლმეურნეობის მოედანს. ნაძვის ხეებითა თუ პროდუქტებით დატვირთული ადამიანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ნამდვილად წუხდნენ ქალის წარმოუდგენლად შემზარავ მდგომარეობაზე. ნუ, წუხდნენ.

ვწუხდი და კანკალი ამიტყდა მეც. თუკი როდესმე რამე მიფიქრია და დამიწერია ადამიანურ სოლიდარობაზე, ყველაფერი ერთად ამომიტივტივდა და საკუთარმა ფიქრებმა, მთელი ძალით მკრა ხელი ზურგში: „ჰა, მიდი, რას მიშტერებიხარ, უშველე რამე“. მეუბნებოდა საკუთარი თავი. ანერვიულებულმა, როგორც იქნა მოვიკრიფე ძალისხმევა და ისღა მოვახერხე, რომ ერთი ბიჭის დახმარებით, ქალი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიყვანეთ. „მანქანა მაინც ხომ არ გაიტანს აქ“ – გავიფიქრე და აღარც კი მახსოვს, როგორ ისტერიულად შევვარდი პირველივე ავტობუსში ისე, რომ არც კი შემიხედავს მარშუტკისთვის. ავტობუსი დაიძრა, მაგრამ იმ ქალის კივილი, გზაში, კიდევ კაი ხანი ჩამესმოდა. არ ვარ დარწმუნებული, მართლა კიოდა ამ დროს, თუ უბრალოდ ყურებმა და გონებამ დაიმახსოვრეს ჩემი არცთუ წინასაახალწლო ამბავი.

ახლა ვფიქრობ, რომ სინამდვილეში, ეს ამბავი სწორედ საახალწლოდ უნდა მომხდარიყო. ადამიანებს ხომ ძალიან გვიყვარს მასკარადები, კარნავალები, ბუტაფორიული მხიარულობები. მეც მიყვარს. ყოველ შემთხვევაში, ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. მხოლოდ ამ დროს შეიძლება ერთ დღეს შენს თვალწინ ადამიანი იკლაკნებოდეს, მეორე დღეს კი ფიქრობდე, რომ ახლა ტრაგედიების დრო არაა, ახლა ქალაქში ზღაპრის დროა, თოვლისა და სხვა ჯადოსნობების დროა. ჩვენც ვმხიარულობთ... მაგრამ შარშან, 31 დეკემრის ღამეს, ის კივილი კიდევ რამდენჯერმე ჩამესმა ყურებში. მგონი, ამიტომაც, ასეთი ამბები სწორედ წინასაახალწლოდ გვჭირდება.

კიდევ, ერთი ქალი ვიცი, ვერის ბაღში...  წლის ნებისმიერ დროს, როცა კი არ უნდა გაიაროთ, ერთსა და იმავე სკამზე ზის. ულამაზესი მოხუცია, თოვლივით თეთრი სწორი თმითა და მოთეთრო–მოვარდისფრო პირისახით, რომელზე გადარბენასაც ნაოჭებიც კი ვერ ბედავენ. ყინულის ქანდაკებასავით ზის ხოლმე, სულ, არ ინძრევა, ადამიანებს არ უყურებს. ერთ წერტილს მიჩერებულია და ფიქრობს. ზამთარში ამ სკამთან გავლა მეშინია ხოლმე. ერთხელაც იქ რომ არ დამხვდეს, მოვიწყენ... ზუსტად ვიცი, რომ ამ ყინულის ქანდაკებას მხოლოდ სიკვდილი თუ გადაიტანს სადმე, სხვაგან, თოვლში ან მიწაში, გათოშილს.

იმ დღესაც, სიცივისგან მე თვითონ გათოშილი, ღამე სახლში რომ ვბრუნდებოდი, ქუჩის მხარეს, სადარბაზოს შესასვლელთან ახლოს, სავარძელი დავინახე და იქიდან, რაღაც ფაჩუნი მომესმა. მეთქი, რა ხდება? ახლოს მივედი, დავაკვირდი და სავარძელზე გათოშილი ძაღლი მოკალათებულიყო. ჰო, აი ასე, პირდაპირ ქუჩაში, კედელთან, იდო რბილი სავარძელი და აბაბანებული ძაღლი სრულიად არისტოკრატულ პოზაში მოკალათებულიყო და კანკალებდა. თუ დამიჯერებთ, ასე რეალურად არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ზამთარში, როცა ჩვენ ცხელ ჩაიზე, სახლში, თბილად, მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს ქალაქში ჩამომდგარ ზღაპარზე – თოვლზე ვუყვებით ამბებს, ამ დროს, გარეთ, ცოცხალი ადამიანები სიცივისგან იკლაკნებიან და კივიან, ანდაც, უბრალოდ ქვავდებიან, როგორც ის, ვერის ბაღის ულამაზესი ცოცხალი ქანდაკება. „ვა, ნახე, არათუ ადამიანები, თურმე ძაღლებიც იყინებიან“ – გავიფიქრე, სავარძელში მოკალათებულ ცხოველს ფოტო გადავუღე და სახლისკენ გამოვემართე. სახლში ცხელი ჩაი მელოდა.

როგორც არ უნდა გვეგონოს, რომ თითქოს, ვთანხმდებით: უსახლკარო და უბედური ადამიანები არათუ არ გვძულს, არამედ მათდამი თანაგრძნობის განცდა გვამოძრავებს, მაინც ჩნდებიან ადამიანები, ვინც ამბობენ: „ო კარგი რააა, ესწავლა და ემუშავა“, „რას იზამ ძმაო, ეგეთია ცხოვრება“. უფრო უარესი ვარიანტებიც ისმის ხოლმე: „თუ სუსტია, მოკვდეს, ძლიერები გადავრჩებით და გენი განვითარდება“... აი ასე, ერთი ხელის აღებით, სრულიად უაპელაციოდ შეუძლიათ ხოლმე გამოუტანონ ვერდიქტი ისტორიებს იმ ადამიანებისას, რომლებსაც არც ვიცნობთ, არც კი ვიცით ამ ისტორიების სათავე. ასეთი „ეგააცხოვრებაძმაო“ ტიპები, წამითაც არ უშვებენ, რომ იქნებ, ვერის ბაღის ბებიამ ბანკში ბინა ჩადო და საქვეყნოდ ცნობილი, გასაოცრად დაბალი პროცენტების გამო, ვერ გადაიხადა და დარჩა გარეთ? იქნებ, კოლმეურნეობის მოედნის ქალბატონს, თავის დროზე ერთადერთი საყვარელი ადამიანი მოუკვდა და ემოციურ ნიადაგზე ჭკუიდან შეიშალა, ახლა კი დადის და კივილ–კივილით ეძებს მას? (ლირიული ამბავია არა? გაგეცინათ ზოგს? არადა მართლა ხდება ასეთებიც). ანდაც, იმ ძაღლს რა აკანკალებდა? იქნებ პატარა ლეკვი გაეყინა და ახლა, სიცივის კი არა, დარდისგან კანკალებს? რა ვიცი აბა, ზამთარში ცივათ ხოლმე ძაღლებს, ვითომ?

...და მაინც, პატარა ალექსანდრეს და ვულას ისტორია სხვანაირად შემიყვარდა, ასე გადმოცემული ისტორიები სხვა ფილმში თითქმის არ მინახავს. მთავარი გმირები, ანგელოპულოსის ფილმისა „პეიზაჟი ნისლში“, არარსებული მამის საძებნელად გაეშურებიან საბერძნეთიდან – გერმანიაში. გზად უამრავ ხიფათსა და უბედურებას გადაეყრებიან, რომელთა  ჩამოთვლას ახლა აქ არ დავიწყებ, აჯობებს თავად ნახოთ. მათი მიზანი იმდენად წმინდა და კეთილი, შვილური ცნობისმოყვარეობითაა სავსე, რომ უკან დახევას არ აპირებენ. უბედურება ისაა, რომ ეს ორი ბავშვი, უხილავი სულებივით დაქრიან ქალაქიდან ქალაქში. ადამიანები მათ თითქმის ვერც კი ამჩნევენ და თუკი ვინმემ შეამჩნია, ისიც პოლიციამ, რომელმაც დააკავა ვინაობის დასადგენად და სავარაუდოდ უკან, სახლში გასაბრუნებლად... ალექსის და ვულას ეს არ უნდათ, თავიანთი სანუკვარი ოცნების – არარსებული მამის ჩახუტების ბედს პოლიციელებს ვერ მიანდობენ. რამენაირად უნდა გამოიპარონ განყოფილებიდან... და იპარებიან კიდეც. იცით როგორ? ქალაქში თოვლი მოდის. დიდი, მსხვილი ფანტელები ავსებენ და ათეთრებენ ყავისფერ ქუჩებს და ადამიანები, წამის მეასედში შეშდებიან, წევენ თავებს ზემოთ, აფართოებენ თვალებს და სუნთქვაშეკრულები უყურებენ თოვლს. ბავშვებიც დროს იხელთებენ და გარბიან... მხოლოდ მათ არ უხარიათ თოვლი, მათ გაქცევა უხარიათ, საკუთარი მიზნისკენ გაქცევა. ქალაქი კი...

ქალაქი ისევ გაშეშებულია ამ დროს, ვერც კი ამჩნევს მათ გვერდიდან გამქრალ ორ აფორიაქებულ სულს, რომელსაც იქნებ სულ მალე რა ტრაგედია ელის. ვერ ამჩნევენ. გაოგნებულები და გაყინულები დგანან და თავაწეულები, იყურებიან ზემოთ. ასეა, ასე ხდება ხოლმე, მარტოდ დარჩენილ, აფორიაქებულ, გამქრალ სულებს ვეღარ ვხედავთ, როცა ქალაქში თოვლი მოდის, დღესასწაული მოდის.. როცა ქალაქში ზღაპარი დგება.

 

  • ვიდეოზე: ნაწყვეტი თეო ანგელოპულოსის ფილმიდან „პეიზაჟი ნისლში“.
  • მუსიკა: ელენი კარაინდრუ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^