Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წმინდაა მეძავი, რომელიც გიყვარს

05 იანვარი 2013


                                                  “ამქვეყნად ერთადერთი ქალწულები თქვენ ხართ, აგვისტოს თვეში ამ ნიშნით დაბადებულები.”             

გ.გ. მარკესი

 

გუშინ სოციალური ქსელები წალეკა მე-9 არხის მიერ გავრცელებულმა სიუჟეტმა “მეძავთა” შესახებ. რეჟისურა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის სტილისტიკას მთლიანად აკმაყოფილებდა და ერთი-ერთში ემთხვეოდა 2004 წლის გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის სულისკვეთებას. უბრალოდ გეოგრაფია შეიცვალა და ნაცვლად გორის რ-ს საროსკიპოებისა სამიზნედ თბილისში ჩაბუდებული ჩინელ-ტაილანდელი “ოკუპანტები” შეირჩნენ.

გარდა ზემოთ მოყვანილი გარემოებისა, განსხვავება კიდევ ერთ რამეშია. თუ გორელი “ზნედაცემულები” მხოლოდ სარწმუნოებას გვართმევდნენ, ესენი ერთდროულად ენას, მამულსა და სარწმუნოებას გვედავებიან. ბოზი კიდევ ჯანდაბას, აი, ჩინელი ბოზი კი მეტისმეტია! ისინი დაგვღუპავენ, თავისი მასაჟებით მოგვადუნებენ და ფულენგენხოლენებით მოახდენენ ჩვენი ზოგიერთი ორგანოს ანექსიას. დაუშვებელია ეს  ჩვენს ქვეყანაში ხდებოდეს, ამიტომ სრულიად საქართველოს პატრიოტული ელიტა წინ უნდა აღუდგეს უმსგავსობას და ამხილოს ყველა ცოდვილი მომავალი თაობის გრყვნასა და ცდუნებაში. ამხილოს ისე, როგორც ამხელდა 2004-ში , ოღონდ უკვე ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით - დაუმალოს სახე, რომელიც მიუხედავად თავისი პროფესიული ბოროტმოქმედებისა, იქ შეჭრილებზე ბევრად სათნო და ლამაზი ჩანდა.

ამ “ჟურნალისტური გამოძიების” ავტორებს შეიძლება სამშობლოს ბედზე არანაკლებ აინტერესებდათ ჩინელ ქალებთან ურთიერთობა (ჩვენს კომუნისტურ ბავშვობაში ხომ უამრავი ლეგენდა დადიოდა მათი გენიტალიების ექსტერიერზე) ამის გამო არც გავკიცხავდი, მაგრამ კარგით რა... ესეთი გამხდარი, საყვარელი გოგონა “გულს”, რომ გიშლის და შენ კამერიან თანამშრომელს აყენებ, სადაურია, თქვი.. სად არის ამ დროს ენა, მამული და სარწმუნოება? თუ ეს სიტყვები და განსაკუთრებით უკანასკნელი მათგანი უკვე მხოლოდ ინკვიზიციის კონტექსტში გვესმის?! გასაგებია, რომ საროსკიპოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ბუნაგის მოწყობა ჰქვია და დასჯადია, მაგრამ ამ საწყალ საშოვარზე გამოსულ გოგოებს რაღას ვუვარდებით ოთახებში და რატომ ვაჭენებთ ტელევიზორში, ვერ ვიგებ. ისტორიამ ხომ გვაჩვენა, რომ ეს ისეთი საქმიანობაა, რომელსაც, როგორც მოვლენას ვერ მოსპობ (ყოველ შემთხვევაში, ადამიანურ ქვეყანაში). რახან ყოველი ქმედება, უკუქმედებას იწვევს ე.ი ამგვარი სიუჟეტებით ვერც ინდივიდუალურად რომელიმე მეძავზე მოვახდენთ დადებით ზეგავლენას. აბა, მაშინ მითხარით, რაღა ჯანდაბად გვინდა ესეთი სიუჟეტი, იმიტომ, რომ ჩემნაირმა უსაქმურებმა მერე ამაზე ილაპარაკონ, თუ რა.. ის ხალხიც ხომ ცოდოა? ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც რაღაცის გამო ვერ შეძლო განევითარებინა საკუთარი შესაძლებლობები და შრომისა და ინტელექტის ნაცვლად, თავის პირველად ყველაზე უფრო მალცვეთად ნედლეულს გვყიდის. დაუკვირდით, როგორ ჰგავს მათი ბიზნესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მიხვდებით, რომ თუ ისინი არ გვეცოდება, არც ჩვენ ვართ შესაცოდები. წარმოიდგინეთ როგორ უჭირს საწყალ 20 წლის გოგონას, რომ ჩინეთის რომელიღაც პროვინციიდან გადმოიხვეწა და აქ ჩვენი მთვრალი თანამოქალაქეების ვნებებს აცხრობს. ალბათ არანაკლებ, ვიდრე ქართველ ემიგრანტს, რომელიღაც ჩვენზე მდიდარ ქვეყანაში.

შეიძლება ეს იმიტომ გვემართება, რომ კარგად არ ვიცნობთ ქალაქ ტრაბზონში სასტუმრო ივერიის ქვეშ მდგომ ორი შვილის დედა მარგოს, რომელიც ყოველი გამვლელის დანახვაზე, მორიდებულად ლუღლუღებს “ეფენდი, მინეტ, ბეშ დოლარ”, არ გვინახავს მის თვალებში ჩაგუბებული სევდა, ნებისმიერ ქართველს ყელში ბურთივით რომ ეჩხირება და ახრჩობს.

რა ვიცი.. ჩემი აზრით, ვერ არის კარგი საქმე სხვისი ცოდვების დევნა, მაშინ როცა თავად ხარ ცოდვილი და ვერც მაშინ, როცა თავად სუფთა ხარ. არ მგონია წმინდა სხვის უწმინდურობაში გამოჭერას ლამობდეს, არ მგონია ვინმეს ჰქონდეს უფლება ისეთებად გვაქციოს, როგორიც თავად სურს, რომ ვიყოთ და არც ისეთი წმინდანი მგონია ჩვენი საზოგადოება, რომ ქრისტეს სიტყვებზე “პირველი ქვა იმან ისროლეთ ვინც უცოდველი ხართო” ლოდებს დავუწყოთ ძებნა. თუ რომელიმე მორწმუნეს ჰგონია, რომ კონკრეტული ადამიანი არასწორ გზაზე დგას და მისი გამოსწორების სურვილი აქვს, კი ბატონო, მოიქცეს ისე როგორც არაერთი მუსულმანი თუ ქრისტიანი წმინდანი იქცეოდა. თავის ჯვრით გაჩეჩქვის ნაცვლად, შეიყვაროს მეძავი, რომლისთვისაც იღწვის, ვინაიდან ვერავის გახდი წმინდას თუ არ შეიყვარებ.


P.S.

ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დროს ალექსანდრიაში აბბა სერიდას მონასტრიდან ჩავიდა ბერი ვიტალი. იგი სამოცი წლის იყო, მაგრამ ისეთი ცხოვრების წესი აირჩია, რომ ხალხის თვალში მაცდური და ძლიერ ცოდვილიც ჩანდა, თუმცა უფლის წინაშე სათნო და მართალი კაცი იყო.

ალექსანდრიაში ჩასვლისას მან იქაური მეძავების სია ჩამოწერა და უფალს ევედრებოდა მათ განკურნებას ამ მძიმე და მომაკვდინებელი სენისაგან. იგი დილიდან დაღამებამდე დაქირავებულ მუშად მუშაობდა და დღიური გასამრჯელოდან, რაც სპილენძის თორმეტ მონეტას შეადგენდა, მხოლოდ ერთს ხარჯავდა საკვებში, შემდეგ მიდიოდა სამეძაო სახლში, დანარჩენ მონეტებს ერთ მეძავს აძლევდა და თან სთხოვდა:

- ღვთის გულისათვის გევედრები, ამ საფასურად ეს ღამე წმინდად შეინახე და ნურავის ნუ გაიკარებო!

მეძავი დასაძინებლად წვებოდა, ხოლო ღირსი ვიტალი მთელ ღამეს სიფხიზლესა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა. დილით კი მეძავს აიძულებდა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. ასე ატარებდა ყოველ დღეს ღირსი ვიტალი შრომასა და მეძავებისათვის ლოცვაში. ხშირად ამ სათნო კაცის ქცევით მხილებული და შერცხვენილი მეძავები მასთან ერთად მოიდრეკდნენ ხოლმე მუხლს და ლოცვას იწყებდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^