Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოჰაბიტაცია ბუნების წინააღმდეგ

06 იანვარი 2013

ახლა ვუყურებ ირაკლი მაჭარაშვილის ფოტოსურათების სერიას, სახელად „კოჰაბიტაცია თერგის გასანადგურებლად“, რომლებზეც ნაჩვენებია დარიალის ხეობა ადრე და თერგის მილში მოთავსების ახლანდელი პროცესი. აი, რა მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. გარდა თვით შინაარსისა, რომელიც ძალიან მძიმეა (და ამას დავუბრუნდები) ავტორს ძალიან ზუსტი სახელისთვის მიუგნია. მართლაც, კოჰაბიტაცია, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ  ბოლო დროს, არ შედგა...თუმცა, ერთ „სფეროში“ შედგა, თან შედგა არა რაღაცისთვის, არამედ, რაღაცის წინააღმდეგ.

ამან ერთი ფილმი გამახსენა,- უცხოპლანეტელების შემოსევაზე. ჰო და, კაცობრიობამ, ვითომ, პირველად მოახერხა გაერთიანება -  უცხოპლენეტელების წინააღმდეგ - რა თქმა უნდა, ამერიკელების თაოსნობით. იქ კომიკური კადრებია  - როგორ  უერთდებიან საერთო ენთუზიაზმს  ვიღაც გასაშუალოებული შუააზიელები... კინოს  „დამოუკიდებლობის დღე“ ქვია.

ჰო და, ამ ჩვენი ძველი და ახალი მთავრობების თანამშრომლობაც მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგ მოხერხდა და ის რაღაც, ჩვენდა სავალალოდ, არის ჩვენივე ბუნება. ეს კანონზომიერიცაა,  სულ არ არის გასაკვირი ბუნებისადმი  ჩვენი დამოკიდებულების, ეკოლოგიური ცნობიერების უდაბლესი დონის ფონზე...  კანონზომიერია, მაგრამ ამის გამო არანაკლებ კატასტროფული (კანონზომიერი კატასტროფა, ძალიან საიმედოა,  თქვენ ნუ მომიკვდებით)...

კიდევ ერთი გამახსენდა კონტექსტში - ამაზე ვწერდი კიდეც ერთ-ერთ შარშანდელ ბლოგში: ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი ნაცმოძრაობიდან, ხაჩიძე რომ ამბობდა, ჩვენაო მეგობრულ დამოკიდებულებაზე გვაქვს აღებული ორიენტაციაო, ანუ, ჩვენ ლიცენზიებს გავყიდით უცხოელებზე, ადგილობრივები კი მეგზურებად გაყვებიან და  ინადირებენ წითელ ნუსხაში შეტანილ ენდემურ ცხოველებზეოო... თვით ტერმინი „ენვაირომეთალი ფრენდლი“ გარემოსადმი მეგობრულ, არადამაზიანებელ დამოკიდებულებას ნიშნავს, მაგრამ, ხაჩიძის ინტერპრეტაციაში უნიკალური ცხოველების შეხმატკბილებულ, გაორმაგებულ ხოცვას ნიშნავდა. ნეტა, ახლანდელი მთავრობაც  კოჰაბიტაციას ასე იგებს?

თერგს დაავუბრუნდეთ - გარდა ბუნებისადმი მიყენებული ზიანისა, გარდა ეკოლოგიური ასპექტისა, გარდან შელახული სილამაზისა, აქ არის კიდევ უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ასპექტებიც. ეს ხომ თერგია! მისი სიმბოლური მნიშვნელობა ერის თვითიდენტიფიკაციაში განუზომელია  - „თერგდალეულები“, „თერგი რბის..“... ნუთუ, ლაპარაკი და ახსნა უნდა იმას, რომ თერგის ხელის ხლება არ შეიძლება?! 

რაც შეეხება ახალ მთავრობას - მინდა ვუთხრა, რომ უზომოდ მადლობელი ვარ მისი, რომ აღარ არის ის დაუნდობელი, აგრესიული ატოსფერო, რომელიც ნაცმოძრაობის მმართველობის ბოლო ხანს ისე იყო კონცენტირებული და გასქელებული, რომ ფიზიკურად იგრძნობოდა; რომ აღარ ველი ყოველ წუთს, რომ რომელიმე „გრანდიოზული პროექტის“ ქვეშ მოყოლილი ფეხის მტვრად ვიქცევი; რომ აღარ დგანან თავხედურად და მუქარით ტროტუარებზე უზარმაზარი, შავი, დაბინდულმინიანი  ჯიპები, გავლის საშუალებას რომ არ იძლეოდნენ და ფეხით მოსიარულეთა არარაობაზე თვალსაჩინოდ უთითებდნენ; რომ ხელისუფლება თავისი ძლევამოსილების განსამტკიცებლად  სისხლიანი კერპივით მსხვერლს არ მოითხოვს გამუდმებით... ნაცმოძრაობა იმდენად ქედმაღლური ზიზღით ექცეოდა ადამიანს და ყველაფერ ცოცხალს, რომ ტერმინი „ნეკროფილია“ რომელიც მათ მიმართ ვიხმარე, სულაც არ არის მეტაფორა, არამედ, უბრალოდ, დიაგნოზია... (ამ ტერმინის ავტორის, ერიჰ ფრომის მიხედვით, ნეკროფილური ხასიათის მქონეთ ეზიზღებათ ყველაფერი ცოცხალი და ცდილობენ, რომ არაცოცხლად აქციონ იგი).

ახალ მთავრობას რომ ჰუმანური მიდრეკილებები აქვს, რა ჯობია!

 მაგრამ, ბუნების,  ცოცხალი არსებების მიმართ ესენიც ისევ ნეკროფილურ დამოკიდებულებას იჩენენ. ეტყობა, ამიტომაც მოახერხეს კოჰაბიტაცია ამ სფეროში ნაცებთან... აბა რა ვთქვა სხვა: აი, ახალი ენერგეტიკის მინისტრი, ცნობილი სპორტსმენი, ბავშვური მიამიტური ღიმილით, რომლის კომპეტენტურობა ეჭვს იწვევდა. აღმოჩნდა, რომ თავის სფერში კომპეტენტურია. რა კარგია! მაგრამ ინფანტილიზმი მაინც ახასიათებს - სრული ეკოლოგიური ინფანტილიზმი. საერთოდ სიტყვა „ბუნებაც“ კი არ გაუგია, ისევ ბედნიერად საუბრობს დიდი ჰესების მშენებლობაზე (სხვათა შორის, არც „მთავარი კითხვის“ წამყვანს ჰქონია მცდელობა გიგანტური ჰესებთან დაკავშირებით  ბუნებაზე ეკითხა მინისტრისთვის - ანტიეკოლოგიზმი ხომ საყოველთაოა!).

 ეჰ, ენდემურ ცხოველებზე ნადირობით უცხოელების მიზიდვის „იდეის“ ავტორი გოგი თოფაძეც ხომ ახალ გუნდშია და კანონში ცხოველთა მიმართ სისასტიკის მუხლის მასხრად ამგდები მანანა კობახიძე კი - ვიცესპიკერი...

 ვაი შენ, საქართველოს ულამაზესო ბუნებავ, არა და არ გეღირსა მთავრობა, რომელიც ცოტა მაინც მოგიფრთხილდებოდა... 

 

ფოტო: ირაკლი მაჭარაშვილის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^