Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საშობაო ეპისტოლე

07 იანვარი 2013

შვიდ იანვარს აჭრილმა გავიღვიძე. თავში ნამდვილი აჯაფსანდალი მქონდა, მაგრამ მახსოვდა, რომ სხვა დღეების მსგავსად, ამ დილასაც მომიწევდა ჩემი ოჯახის ახალ წევრთან ერთად ქალაქში გასეირნება. ტრადიციული მსვლელობა პუშკინის სკვერიდან დავიწყე. ჩემი სტუმარი ნიუფაუნდლენდელი ბონობო, გავაფრთხილე, არ ჩამომრჩენოდა და აღმართს რუსთაველის გამზირისკენ ავუყევით. ძალიან შემაწუხა, ყველგან ჩერდებოდა, ყველაფერი აინტერესებდა. მეც სხვა რა გზა მქონდა?! მოთმინებით ვეკიდებოდი მის ცნობისმოყვარე მზერას. პირველად ქაშვეთთან შევისვენეთ. ბონობოს ვთხოვე, გარეთ დამლოდებოდა და ეკლესიაში შევედი.

ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, ამიტომ დიდხანს არ გავჩერდი, ვერ ვეგუები როდესაც ეკლესია სიმყუდროვეს კარგავს, მიჭირს არეულობაში ღმერთის დაჭერა. ერთი სანთელი ავანთე, მამაზეციერს ბოდიში მოვუხადე მრავალპროფილიანი ცოდევბისთვის, რამოდენიმე თხოვნაც დავუტოვე საშინაო დავალებად და გამოვედი. ჩემს არყოფნაში, როგორც ჩანს, ბონობომ მეგობრები შეიძინა, ძირითადად ბავშვები. პატარებს მადლობა გადავუხადე და გეზი რესპუბლიკის მოედნისკენ ავიღე. ოპერის შენობასთან მიახლოვებისას უცნაური განცდა დამეუფლა, აი, ისეთი ომის, მიწისძვრის ან რაიმე ამგვარი კატასტროფის წინ, რომ მეწვევა ხოლმე. ცოტა ხანში მოედანიც გამოჩნდა და მივხვდი, ეს განცდა საიდან მოვიდა.

უამრავი ხალხი იყო შეკრებილი (ბევრი ხალხი ჩემში მიტინგთან ასოცირდება, მიტინგი კი სწორედ მიწისძვრისმაგვარ განცდას მაძლევს, ოღონდ უფრო უცნაურს, იმედიანს), ალილოს მსვლელობისთვის ემზადებოდნენ. ორგანიზატორები მანქანის ძარებიდან მიკროფონებითა და რუპორებით ბრძანებებს გასცემდნენ. ხმის გამაძლერებლებიდან მოდიოდა და ერთმანეთში ირეოდა საგალობლების ჰანგები. იქვე სოფელ მეტეხიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი, სამი უღელი კამეჩი ვიღაცის შემოწირულ ვაშლს ცოხნიდა. მოკლედ, იყო არეულობითა და სიხარულით გამოწვეული დიდი ზეიმი. ზღვასავით აზვირთებული ხალხის შუაგულში კერპებივით იდგნენ დეკორატიული ლომი, აქლემი და ჟირაფი. (გამახსენდა, ერთ-ერთი შობის წინ, როდესაც მეც ვიყავი ჩართული ალილოს მსვლელობის ორგანიზებაში, სასულიერო პირებს კამათი ჰქონდათ, ღირდა თუ არა თოჯინების გამოყენებით ამ რელიგიური ღონისძიების თეატრალიზება. მაშინ გადაწყდა, რომ არ ღირდა, რათა კათოლიკურ ზეიმს არ დამსგავსებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მამებმა ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლეს.

აი, ამგვარ სურათს შევეჯახეთ მე და ჩემი ახალი მეგობარი და ბოლომდე გავითქვიფეთ მასში.

ყველა სჯულის ხალხი მხვდებოდა, კურსელები, კლასელები, მაგრამ ვიცოდი, ეს დღე იმ ხალხთან უნდა გამეტარებინა, ვისთან ერთადაც ძველ-არეულ დროში სტუდენტურ ექსპედიციებს ვაწყობდი მონასტრებში. ასეც მოხდა, პირველივე ნაბიჯზე გამკივანი ხმით გაჟღერებული ჩემი სახელი შემომესმა და წინ ორი უსაყვარლესი ადამიანი შემომეგება:

- რას შვები ბეექ?

- რა ვიცი, არაფერს. გამოვისეირნე, ვიფიქრე ჩემს ჯიგარს ქალაქს ვანახებ-თქო და ბონობოზე მივუთითე.

ვაიმეეეე... ეს ვინ არის? რა საყვარელია. დაუწყეს მოფერება, თამაში, (პატარა ხომ ყველა საყვარელია და უშუალობის უფლებას გაძლევს). ბონობომაც არ დაიმორცხვა, აყვა და ფრიადაც ისიამოვნა. ნელ-ნელა სხვა მეგობრებიც შემგვიერთდნენ, დაახლოებით იგივე კითხვებითა და განწყობით. მოიყირჭეს თამაში და სერიოზულად მკითხეს: 

- შენ ეხლა ზევით მიდიხარ ხო? 

- არა, რატომ - გავიკვირვე მე.

- ააა, რა ვიცი.. სტუმართან ერთად აქ უხერხული არ არის?! ალილოა მაინც, მთელი ეკლესია აქ იქნება. ხომ იცი რანაირი ხალხია, მოვა ვინმე მოხუცი ”პომადიანი” ქალი და კარგად გამოგლანძღავს.

- რისთვის გამომლანძღავს, არ შეიძლება სტუმართან ერთად ვადიდო ღმერთი, თუ რა ხდება?

- ნუ.. ხომ იცი აქ ადამიანები გასართობად არ მოდიან, რელიგიური დღესასწაულია მაინც.

- არის და იყოს, მე რა ვუყო?!

- კარგი არაფერი.

წარმოთქვა თუ არა ნინამ ბოლო სიტყვები, ეგრევე ჩემი ძველი ნაცნობი (მრევლის აქტიური წევრი ლალი) დავინახე. მონაზონი გამხდარა. გამიხარდა და შევძახე:

- როგორ ხარ ლალოოო?

რეაქცია ისეთი ცივი იყო, ჯობდა არ შემემჩნია.

- აქ რას აკეთებ?- მკითხა მან და ცალი თვალი ბონობოსკენ გააპარა.

- ვსეირნობ ლალი, მეტს არაფერს! - ვუპასუხე მკვახედ და გავიარე.

შავ მანქანასთან ნაცნობი სასულიერო პირების ჯგუფი იდგა, იმოსებოდნენ და თან რაღაც საორგანიზაციო საკითხებს გადიოდნენ. შემნიშნეს, მეუხერხულა, რომ არ მივსალმებოდი, წლები იყო გასული, რაც არ მენახა, გაძვრომა არ გამოვიდოდა.

-როგორ ბრძანდებით მამაო? - მივმართე მოწიწებით.

მამაომ პასუხის ნაცვლად ჩემს სტუმარს შეხედა და თავი დამიქნია. მისმა რეაქციამ დამაბნია, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, ამიტომ აღარ დაველოდე, მოვბრუნდი და გზას ბარაქა დავაყარე. ამასობაში რუსთაველის გამზირი ხალხით გადაიჭედა. მივდიოდი და თან ვცდილობდი ჩემს გარშემო სივრცე შემექმნა, რათა ბონობოსთვის თავისუფლად მოძრაობის საშუალება მიმეცა, მაგრამ ადამიანების მასა ისე მაწვებოდა, ჩემი მარშრუტიც და ტემპიც მთლიანად მათზე გახდა დამოკიდებული. მივაბიჯებდი მშვიდად, დემონსტრაციულად უდარდელი, თან გულში მიხაროდა შობა. მიხაროდა, რომ ამდენ ხალხს უხაროდა. სასიამოვნო ფიქრებში ჩაძირულს პერიოდულად ვიღაცის წიკვინა ხმა მაფხიზლებდა. დავიტანჯე, გადავწყვიტე გამერკვია ვინ მირღვევდა მყუდროებას. პირველი რასაც მივხვდი ის იყო, რომ ხმა რუპორიდან მოდიოდა, თავად რუპორი კი რომელიღაც მანქანაზე იყო მიმაგრებული. ამ ფიქრის პარალელურად ხმა ძალიან გამკაცრდა და ბოლოს იკივლა:

რა არის ეს ვერ გავიგე, ცხოველები ხომ არ ხართ?! ცოტა ორგანიზებულად იმოძრავეთ! რამდენჯერ ვთქვა, სტიქარიანი და დროშიანი ხალხი თოკს იქით, დანარჩენები კი მარცხნივ. რით ვერ გაიგეთ კაცო!?

ეგრევე ვიცანი. ეს იყო ჩვენს ექსპედიციებში წამოჩიტული ყველაზე აუტანელი ზნის მქონე გოგონა სახელად თათია. ადამიანი, რომელმაც ორი ღამის ნაშიმშილარ ექსპედიციის წევრ ვაჟებს ცივი მაკარონი არ აჭამა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვა კარავში იწვნენ, რომელსაც თავისი წილი საჭმელი უნდა ჰქონოდა. სწორედ მემაკარონე თათია აღმოჩნდა ერთ-ერთი ბეჯითი ორგანიზაქტორთაგანი, რომელმაც ასე ერთი ხელის მოსმით გაყო საზოგადოება მორწმუნეებად და ურწმუნოებად, სტიქარებიანებად და საიდანღაც მოთრეულებად, თავისი ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად შეკრებილ ზომბებად და მისი ბენეფისის შემაფერხებელ ვირებად. ამის გააზრება ვერც კი მოვასწარი, რომ მანქანის ფანჯრიდან თათიას ამპარტავნულ-ნიშნისმოგებითი ხმა შემომესმა:

-აქ რას აკეთებ ბექა?

ეს სწორედ ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელიც ჩემს სიმყრალით სავსე ფსიქიკურ ჭურჭელში ვეღარ ჩავტიე.
რას ვაკეთებ და ძაღლს ვასეირნებ, ვერ ხედავ შენი დედა მოვ...ან,!? თუ შენგან ავიღო კურთხევა, ძაღლის ქუჩაში გამოყვანაზე, პარკეტზე, რომ არ მომი...ას? შენი პედაგოგიკურ-დიდაქტიკური ტონი მოვ...ან მე.

ყოველ დილას ამ ძაღლს, აი აქ, სწორედ ასე ვასეირნებ. დღეს კი თქვენ გაჩნდით საიდანღაც და ამირიეთ ცხოვრების ტემპი. ჰოდა, ეხლა ან სათითაოდ გამოექანეთ და მაგ ტემპში დამახტით აგერ, ან კიდევ როგორც შეიკრიბეთ ისე დაიშალეთ და დაახვიეთ აქედან. ძაღლის გასეირნება მაცადეთ, ისედაც იმდენი ხართ მთელი დღეა მოსაფსმელი ადგილი ვერ იპოვა, არადა ჯერ ლეკვია, არ მინდა თქვენს გამო შარდის ბუშტი გაეწელოს. 

- მე ჩემი მოგახსენეთ, ახლა კი გთხოვთ გზიდან გამეცალოთ ქ-ნო ყ... ქალავ! - ასე დავემშვიდობე ჩემს სტუდენტობის დროინდელ ნაცნობს და უკვე შეცვლილი მარშრუტით, ალ.ჭავჭავაძის ქუჩისაკენ გავემართე. მაშინვე მივხვდი, ზედმეტი მომივიდა და ხალხის გაოგნებული სახეების დაფიქსირება დავიწყე. უმრავლესობა ცხადია აღშფოთებული იდგა და მწყევლიდა, თან წუთი-წუთზე ციდან მოვლენილ მეხს ელოდნენ, რომელიც ღვთის რისხვის სახით უნდა მოვარდნილიყო და ზედ თავზე დამცემოდა. კუთხეში ტურასავით არასანდოდ ატუზული სამი (სავარაუდოდ არატრადიციული სექსუალური ორინტაციის) ტიპი იდგა. ჩემს მიმართ რაღაც უცნაური თანაგრძნობა გამოხატეს. ბონოს თავზე ხელი გადაუსვეს და ბლუყუნით ეცადნენ ეკლესიის, როგორც გონებადახშულთა თავშესაფარის ლანძღვას. რატომღაც ჩათვალეს, რომ მე ეს აუცილებლად მომეწონებოდა და როგორც აგრესიული უმრავლესობისაგან გარიყული ადამიანი, მათი ანუ აგრესიული უმცირესობის დაბოღმილი წევრი გავხდებოდი. მერე როლის უკეთ მოსარგებად, შესაძლოა, რომელიმე მათგანის გულშიც კი ჩამეშვა ღუზა. ვიგრძენი თუ არა უკნიდან მომდგარი ღუზის სიმძიმე, ეგრევე გამოვფხიზლდი. ჩემი ”კეთილმოსურნეები” ქრიატიანობის თათიასთან გაიგივებისთვის კარგად გამოვლანძღე და აღმართს ავუყევი.

გზაში მომხდარის გააზრება დავიწყე. მეცინებოდა, თავს ნორმალურ, ადამიანად ვთვლიდი, რომელსაც ყველაფერზე ჩვეულებრივი, დაბალანსებული შეხედულება აქვს და უცებ ამ ბანალური, აბსოლუტურად ”მეინსტრიმული” შეხედულებებით, ერთგვარ ასოციალურ ტიპად გადავიქეცი, თანაც ისეთად, უმცირესობის რიგებშიც რომ არ აქვს ადგილი. ამის გაფიქრებაზე ისევ სიცილი ამიტყდა, უკვე თითქმის ხმამაღლა. გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტათი გულიც დამწყდა, თათიას გინებით ბევრ ჩემს მეგობარს მოვიმდურებდი, რომლებიც ძალიან მიყვარს. ჩემი ნაცნობი სასულიერო პირებისაც მრცხვენოდა ცოტათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, თვითონაც არ ვიცი, რა მიხაროდა. ალბათ, ასეთ განწყობაზე იყო ქრისტე ტაძრიდან ვაჭრების გაძევებისას-მეთქი, ვიფიქრე ჩემთვის და საკუთარმა თავხედობამ გამაკვირვა.

მოსახვევიდან, პროცესს ადევნებული უკანასკნელი პლასტმასის აქლემი გამოჩნდა. დავხედე ბონობოს და მიხეილ ალდაშინის ანიმაციური ფილმის (სხვათაშორის ეს ფილმი პირველად მონასტერში მე და თათიამ ერთად ვნახეთ) კადრი გამახსენდა. ახალშობილ იესოს ბაჭიებთან დამეგობრებული ლომი ყვავილს რომ მიართმევს. იმ წუთას გაორმაგებულად ვიგრძენი ქრისტეს სიყვარული. გულწრფელი, ადამიანური სითბო, პრინციპულობა, რომელიც არასოდეს ეგუება სიყალბეს და დოგმებით დატვირთულ კაცობრიობას მარტივი ფრაზით აფხიზლებს: ”იყავით ბავშვივით, თუ გინდათ ცხონდეთ”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^