ევგენი მაჭავარიანს
ორი ახალი წელი, შობა და გაორმაგებული კვებითი რეჟიმი, ჩვეულებრივი ამბავია ქართველისათვის. ასე დაახლოებით იანვრის მეორე კვირაში, ნანატრი მოწყებილობაც ისადგურებს ხოლმე. ამ დროს კარგია ტახტზე წამოწოლა, ძველი პლედის წაფარება და ტელევიზორის ყურება. ჰოდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც მე გახლავართ და წელევანდელი საშობაო, მოკლე შვებულების დროსაც ასე მოვიქეცი. მართალია, ტელევიზორი ბევრი ვაწვალე, მაგრამ თავშესაქცევი მაინცა და მაინც ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს, ჩემდა მოულოდნელად ტელეკომპანია "კავკასიაზე" შევჩერდი, სადაც დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში ბ. ბ. კინგის ბოლო დროინდელ ჩანაწერებს აჩვენებდნენ.
ეს, მართლაც ცოცხალი ლეგენდა წელს 88 წლის ხდება და როგორც ჩანს მშვენიერ ფორმაშია. აგერ, წლევანდელ მსოფლიო საკონცერტო აფიშას გადავხედოთ. მან უკვე 5 იანვრიდან დაიწყო საგასტროლო ტურნე თავის მშობლიურ ამერიკაში. რა მოგახსენოთ, ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მშობლიურ თბილისში კი მახსოვს ეს კაცი...
თუ არ ვცდები, 1978 წელი უნდა ყოფილიყო. როგორც მაშინდელი ბავშვების უმრავლესობას, ჩემი მშობლები მეც, ყველანაირ შესაძლო "წრეზე" მატარებდნენ - პიონერთა სასახლეში. ჰოდა, იმ დილას ეგრე შევეჩეხეთ პირდაპირ შუაგულ რუსთაველზე ბ. ბ. კინგს! მგონი, ამ დროს ვნახე პირველად, აფრო-ამერიკელი ადამიანი. უზარმაზარი ჩასუქებული კაცი ჩანდა. ჭრელი პიჯაკი ეცვა, შავი გატკიცინებული შარვალი, თეთრი გაქათქათებული პერანგი და ბრჭყვიალა ჰალსტუხი. გულზე რაღაც უცხოური ფოტოაპარატი ეკიდა: ალბათ "პოლაროიდი" თუ "კოდაკი". უცნაური ის იყო, რომ თავზე ზუსტად ისეთი ქუდი ეხურა, როგორიც მამაჩემს! ხალხი თვალს აყოლებდა, ის კი ერთთავად იღიმოდა. ჰო მართლა, თან მოკრძალებული ამალაც ახლდა, რა თქმა უნდა.
ბუნებრივია, იმ ასაკში წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ბ. ბ. კინგი. სამაგიეროდ, მის თანმხლებთაგან ერთ ადამიანს თვალს ვერ ვაშორებდი. ამ კაცის აღწერას აქ აღარ შევუდგები. იმ დროს მას მთელი საქართველო იცნობდა ტელევიზიით და მგონი კერპადაც ყავდა წარმოდგენილი, ძირითადად გადაცემა "ეს ესტრადაას" გამო. ეს იყო ევგენი მაჭავარიანი – ბატონი ჟენია, როგორც მას ქალაქში ეძახდნენ.
სწორედ ამ გადაცემაში ნახა, მეორე დღეს ბ. ბ. კინგი მთელმა ქვეყანამ: ბატონი ჟენიას ინტერვიუ მასთან და ფილარმონიაში გამართული კონცერტის ფრაგმენტიც. უფროსი თაობა დამეთანხმება: "ეს ესტრადაა" რომ გადიოდა ეთერში, ლამის მთელი საქართველო ეკრანს იყო მიჯაჭვული. არ ვიცი, ვისთვის რას ნიშნავდა ეს სატელევიზიო პროგრამა, მაგრამ პირადად ჩემთვის მან ბევრი რამ განსაზღვრა ცხოვრებაში, და იქნებ გადაწყვიტა კიდეც...
ბ. ბ. კინგის დაფასებაზე საუბარი ნამდვილად ზედმეტი მგონია. მე უფრო ევგენი მაჭავარიანის სხოვნის ბედი მაფიქრებს, რომელსაც მართლაც გაფრთხილება უნდა. ნუთუ ბევრი რამ ეცოდინებათ ჩვენს შვილებს ბატონ ჟენიაზე? ან ვახტანგ ჯალიაშვილზე? მიხეილ შუღლიაშვილზე? ლუარსაბ იაშვილზე?...
დაახლოებით იმ პერიოდში, რომელიც ზემოთ გავიხსენე, საბჭოთა კავშირიდან ბრიტანეთში, ემიგრაციაში წავიდა, ვსევლოდ ლევენშტეინი, როგორც ამბობენ - პირველი რუსულენოვანი რადიო დისკ ჟოკეი, უფრო ცნობილი როგორც – სევა ნოვგოროდცევი. ბავშვობაში, მახსოვს დიდი გაჭირვებით, საბჭოთა ცენზურის მიერ ბოლომდე ჩახშობილ მის გადაცემებს მაინც ვიჭერდით. პირველად სწორედ "იქიდან" მოვისმინე ჯენის ჯოპლინი, ემერსონი თუ კიდევ ისეთი შემსრულებელი, რომლის სახელი დღემდე არ ვიცი (ჩახშობილი რადიოსიგნალის გამო, რა თქმა უნდა). მაგრამ მთავარი ეს არაა, უფრო საინტერესოა თუ როგორ დაფასდა ეს კაცი ბოლოს, რუსების კი არა – თვით ბრიტანეთის დედოფლის მიერ, რომლის ხელიდანაც მიიღო მან "ბრიტანეთის იმპერიის ორდენი", 2005 წელს (აი ისეთი, ჯონ ლენონმა რომ დაუბრუნა მონარქს)!
ეჰ, როგორც ჩანს მარტო კულტურის სამინისტრო ვეღარ აუდის ამდენ სამუშაოს. ალბათ სამოქალაქო აქტიურობა და კერძო ინიციატივებია საჭირო. სხვათაშორის ინტერნეტი ამის უნიკალურ საშუალებას იძლევა (მთავარია გამგონმა – გაიგოს თუ წაიკითხოს) და ისევ სხვათა შორის, სადაც ბევრი არაფერი ინფორმაცია არ აღმოჩნდა არც ბატონ ევგენიზე და არც აქ ნახსენებ თუ უხსენებ სხვა სახელზე...
P.S. :
საქ. რადიოს ფონდი. 1993 წ. ევგენი მაჭავარიანი იხსენებს ლუარსაბ იაშვილს