Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრანც ფანონი, პონტეკორვო და ლიბერალური იმპერიალიზმი

24 იანვარი 2013
ახლახან სიამოვნებით ვუყურე გადაცემა "წითელ ზონას", რომელშიც გოგი გვახარიას მწერალ გიორგი ლობჟანიძესთან ჰქონდა საუბარი საკითხზე "ისლამი და დემოკრატია".  გავარკვიე, რომ ამავე გადაცემაში უჩვენეს ჯილო პონტეკორვოს ფილმი "ბრძოლა ალჟირისთვის".  აქვე მინდა ვთქვა, რომ გოგი გვახარიას გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთადერთი გადაცემაა, რომლის ყურების შედეგად გარკვეული ინტელექტუალური სტიმულირება შეიძლება მიიღოს ადამიანმა და ამაზე ამ გადაცემის ავტორს ნამდვილად მადლობა ეკუთვნის.  
 
დღევანდელ დღეს, საქართველოს ნეოლიბერალური "ჩაბნელების" პერიოდში ნამდვილად საჭიროა რაც შეიძლება მეტი ასეთი გადაცემა, სადაც ახალგაზრდები მშრალი და უაზრო ინფორმაციის და პოლიტიკური ჭორების გარდა გარკვეულ განათლებასაც მიიღებენ.   
 
იმის მიუხედავად, რომ ჩემი პოზიციები ხშირად რადიკალურად განსხვავდება გოგი გვახარიას პოზიციებისგან, ვაფასებ მის გამბედაობას რომ მნიშვნელოვანი საკითხები დააყენოს და კარგი ხელოვნების ნაწარმოებები აჩვენოს საზოგადოებას.  ახლა კი ამ გადაცემაზე და იქ წამოჭრილ პრობლემებზე ვისაუბრებ.
 
გოგის მიერ შერჩეული თემა "ისლამი და დემოკრატია" მთლად ბოლომდე არ მიესადაგება პონტეკორვოს აწ უკვე პოლიტიკური კინოს შედევრად შერაცხულ ფილმს ალჟირის განმათავისუფლებელ ბრძოლაზე.  ეს ფილმი უფრო კოლონიალიზმზეა, ვიდრე ისლამზე, რაც აბსოლუტურად სამართლიანად შენიშნა გიორგი ლობჟანიძემ.  უნდა ითქვას, რომ ალჟირის განმათავისუფლებელი ბრძოლა 1950-იან წლებში სეკულარული FLN-ის ლიდერობით მიმდინარეობდა და ეს არ იყო რელიგიური ომი.  ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა - ოღონდ სეკულარული ძალების მიერ მართული.  ამ ბრძოლის ინტელექტუალური ლიდერები საფრანგეთში განათლებამიღებული მემარცხენეები იყვნენ, რომლებიც სარტრის, ბოვუარის, ბატაის, ჟან ჟენეს და სხვების გავლენის ქვეშ უფრო იყვნენ, ვიდრე ადგილობრივი რელიგიური მოღვაწეების.  
 
მინდა ვთქვა, რომ სრულიად ვეთანხმები გიორგი ლობჟანიძის შეფასებებს არაბული და ირანული ცივილიზაციების დემონიზაციის შესახებ თანამედროვე დასავლეთში.  დასავლური კულტურული იმპერიალიზმი დღეს ცდილობს ყველაფერი ცუდი ისლამურ სამყაროს გადააბრალოს და ის გამოიყვანოს მთავარ დამნაშავედ მსოფლიოს ბევრ უბედურებაში.  მაგრამ, აქ ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ტერორიზმი არაბებზე ბევრად უფრო ადრე და ბევრად უფრო დიდ მასშტაბებში თვით დასავლურმა ცივილიზაციიამ გამოიყენა.  ბრძოლის ეს მეთოდი არაბებს არ მოუგონიათ და მათ წინააღმდეგ ევროპის, ამერიკისა და მათი მოკავშირეების იმპერიალისტურმა პოლიტიკამ განაპირობა, რომელიც ძირითადად ნავთობის რესურსების დაუფლებას ისახავს მიზნად.  
 
გიორგი ლობჟანიძე აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ისლამურ რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე ირანს უკვე ჰქონდა დემოკრატია, რომელიც დასავლეთმა თვითონ დაუნგრია.  ირანელი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული მოსადეღის სეკულარული მთავრობა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელშეწყობით ჩამოაგდეს გასული საუკუნის 50-იან წლებში და ირანელ ხალხს თავს დაასვეს მონარქი.  ამის გარდა, დაიწყეს იმპერიალისტური ვესტერნიზაციის პროექტი, სადაც პრაქტიკულად აუპატიურებდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და უმდიდრეს ცივილიზაციას.  ამან დაახლოებით 25 წელს გასტანა და ბოლოს 1979 წელს მოხდა ისლამური რევოლუცია, რომელშიაც არა მარტო ისლამისტები იღებდნენ მონაწილეობას, არამედ სხვადასხვა ტიპის მემარცხენე ჯგუფებიც.  აღარ მინდა ვახსენო კიდევ ერთხელ, რომ მაგ დროის ევროპის წამყვანი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო, რომელიც ღია ჰომოსექსუალი იყო და საჯაროდ მასტურბირებდა კიდეც პურიტანულ ბურჟუა სამყაროში, მიესალმა ამ რევოლუციას, როგორც "სულიერ რევოლუციას".  ფუკოს აზრით ისლამური რევოლუცია იყო ბუნებრივი პასუხი ბურჟუა ფილისტერულ ცხოვრების წესზე, რომელსაც შაჰის საშუალებით ძალით ახვევდა თავს ირანის მოსახლეობას დასავლური იმპერიალიზმი.
 
ცხადია, აიათოლების რეჟიმის აპოლოგია სულაც არ არის საჭირო და ამას არც ფუკო აკეთებდა.  უბრალოდ, მან კარგად დაინახა იმ კულტურული იმპერიალიზმის შედეგები, რომელიც ლიბერალური (და არა დემოკრატიული) ღირებულებების ძალით დამკვიდრებას მოჰყვა ირანში. ეს იყო ადამიანების ბრძოლა დამოუკიდებელი არჩევანისათვის.
 
ასევე იყო ალჟირის დამოუკიდებლობის მოძრაობაც, რომელსაც გენერალი დე გოლი და ფრანგი იმპერიალისტები საშინელი ძალადობით უსწორდებოდნენ.  სხვათა შორის, გოგი გვახარიას მიერ ფილმის დახასიათებისას გადაცემის დასაწყისში წამოცდა, ეს ფილმი ბევრს ტერორიზმის პროპაგანდად მიაჩნიაო.  ეს მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა, რადგან ეს ფილმი მართლაც აკრძალული იყო ლიბერალური იმპერიალიზმის ქვეყნებში, იმიტომ რომ ის მართლად აჩვენებდა სწორედ დასავლური კოლონიალიზმის დაუნდობელ მხარეს.  ამ ფილმში კარგად ჩანს, როგორ არიან მთავარი ტერორისტები დამპყრობელი ფრანგები და რომ ალჟირელი კაცების და ქალების ქცევა მხოლოდ ამაზე პასუხია.  სხვათა შორის, ადამიანის წამების ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მეთოდი, Water-boarding-ის სახელით ცნობილი, სწორედ ალჟირის ფრანგმა დამპყრობლებმა დაამკვიდრეს და მათ ბაძავდნენ ამერიკელები ახლანდელ ომებში ერაყსა და ავღანეთში.   დასავლური იმპერიალიზმის მიმართ "რბილი" პოზიცია ჩვენი ლიბერალების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია.  თუმცა, მინდა მათ ვუთხრა რომ ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ედვარდ საიდი სწორედაც რომ ამერიკაში მუშაობდა და ეს მას ხელს არ უშლიდა იმაში, რომ ემხილა კულტურული იმპერიალიზმი, რომლიც ხშირად ეკონომიკურ და ტერიტორიულ ექსპანსიასაც კი სჯობნიდა.   
 
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავკანიანი მოაზროვნე ფრანც ფანონი ძალიან კარგად აღწერს ალჟირის განმათავისუფლებელი ბრძოლის დეტალებს თავის წერილში "ალჟირი ჩადრის გარეშე".  ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია.  ფანონის თქმით, ფრანგი იმპერიალისტების ერთ-ერთი მთავარი იარაღი არაბებთან ბრძოლისას და მათი კოლონიზაციისას იყო მათი ქალების გამოჩენა და გაშიშვლება.  ფრანგები არაბებს არასრულფასოვან ცივილიზაციად წარმოაჩენდნენ სწორედ იმის გამო, რომ ქალებს ჩადრი ეფარათ.  ამიტომაც კოლონიური ადმინისტრაციის უდიდესი რესურსები იყო მიმართული ალჟირელი ქალების "ემანსიპაციისაკენ".  მობილიზებული იყო სოციალურ მუშაკთა დიდი არმია, რომელიც ალჟირელ ქალებს სოფლებში არწმუნებდა, რომ მათ თავი უნდა დაეღწიათ ამ "ჭუჭყიანი და მხეცი არაბი კაცებისგან" და ჩადრი ჩამოეხსნათ.  ცხადია, სექსიზმი და დისკრიმინაცია ნებისმიერ საზოგადოებაში პრობლემაა, მათ შორის კორპორატიულ ევროპაშიაც, მაგრამ ამასთან ბრძოლა კულტურული იმპერიალიზმის საშუალებით - გარედან ამის იმპოზიცია - სრულებით მიუღებელი აღმოჩნდა თვით ალჟირელი ქალებისათვის.  ფრანც ფანონი ალჟირის რევოლუციის დროს სწორედ ამ ქვეყანაში იყო ჩასული და ბოლოს შეუერთდა კიდეც ამ რევოლუციას, რადგან დაინახა რომ კოლონიალიზმი ყველაზე დიდი უსამართლობა იყო.   როდესაც ფრანგი კოლონიალისტების ამ ტაქტიკამ შედეგი არ გამოიღო და არაბმა ქალების უმრავლესობამ უარი განაცხადა ჩადრის მოხდაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათ "განათლებული კოლონიზატორები" ურჩევდნენ (არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შუასაუკუნეების ბნელ ევროპაში განათლება სწორედ არაბებმა შეიტანეს), მათ გადაწყვიტეს პირდაპირ ტერორზე და ომზე გადასვლა.  
 
პონტეკორვოს ფილმში დოკუმენტური სიზუსტით არის აღწერილი ის ტერორისტული აქტები, რომელიც ფრანგმა კოლონიზატორებმა და მათმა კოლაბორანტებმა ჩაატარეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.   დაიწყო ტერორის და დაჭერების კამპანია, რომელიც მთლად უცხო არ უნდა იყოს დღევანდელი ქართველისთვის. ამ დროს, FLN-ი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ ტერორს ტერორითვე უპასუხოს.  თავიდან, ამას განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი კაცები აკეთებდნენ. მაგრამ, ფრანგული პოლიცია ადამიანების წამების საშუალებით იღებს ინფორმაციას მათ შესახებ და მათი დიდი ნაწილი დაპატიმრებულია.  სწორედ, ამ დროს დგება ის მომენტი, როდესაც ინიციატივას თავის ხელში იღებენ ქალები.  და აი, ამ დროს დგება ფანონისთვის მეტად საინტერესო და მანიშნებელი მომენტი.  თითქოს, არაბულ საზოგადოებაში ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ ალჟირელი ქალი ჩადრს ვერ მოიხსნის და ევროპულ მოკლე კაბას ვერ ჩაიცვამს.  მაგრამ რა ხდება?  ალჟირელი ქალები მასიურად იწყებენ გახდას თავისი სურვილით და ამას არც თავის ოჯახის წევრებს უმალავენ.  ისინი ევროპულად გამოეწყობიან, რომ მამაკაცების მაგივრად გააგრძელონ ბრძოლა კოლონიალიზმთან.  ფანონს აღწერილი აქვს თუ როგორ უყურებს მამა თავის ქალიშვილს მისიაზე წასვლის წინ და როგორ ლოცავს მას.  ლოცავს იმ ქალიშვილს, რომელმაც მის თვალწინ დაარღვია ყველა წესი და კანონი მისი რელიგიის - ჩადრიც მოიხსნა და პრაქტიკულად გაშიშვლდა კიდეც.  ეს მომენტები პონტეკორვოს ფილმშიაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები.   ეს მოკლე კაბებში ჩაცმული არაბი ქალები შეაღწევენ კოლონისტების უბანში და იქ შურს იძიებენ თავისი დაღუპული ქმრების და ძმებისთვის.  ანუ ალჟირელი ქალები დოგმას კი არ ემორჩილებიან, არამედ დამოუკიდებელი მეთოდით მოქმედებენ.  აქ ის პრობლემა კი არ არის, რომ მათ გახდა არ შეუძლიათ, მათ უბრალოდ არ უნდათ დამპყრობლის ნათქვამზე გახდა.  აი, ეს არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში.  დასვლური იმპერიალიზმის პროპაგანდისტებს ხშირად აღმოსავლეთის "არაცივილიზებულობის" დემონსტრირებისათვის მოჰყავთ ის არგუმენტი, რომ ამ "განუვითარებელ"  ქვეყნებში ქალებს გახდის და თავისუფლად მოქცევის საშუალებას არ აძლევენ.  სინამდვილეში აღმოსავლელმა ქალებმა დასავლელებზე არანაკლებ კარგად იციან გახდაც და ჩაცმაც - უბრალოდ მათ არ უნდათ ეს კოლონიზატორების პირობებზე გააკეთონ.  ჩვენთანაც იგივე შემთხვევაა - ძალიან სასაცილო წარმოსადგენია რომ მედეას ტრადიციების ერს იასონის შთამომავალი ცივილიზაციის წარმომადგენლები ქალის ძლიერებაზე უქადაგებდნენ - და ჭკუას ასწავლიდნენ.  მედეას ტრადიციებზე აღმოცენებული ფემინიზმი გაცილებით უფრო აუთენტური და დამაჯერებელია, ვიდრე კოლონიური ფსიქოლოგიის მოტანილი მონური კოპირება.  ლიბერალური იმპერიალიზმის, იგივე Soft Power-ის იდეოლოგებს ეს ავიწყდებათ, როდესაც ცდილობენ ყველაფერი ისე წარმოსახონ, როგორც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა.  ადამიანის უფლებების ვიწრო-ბიურგერული დასავლური გაგება მხოლოდ ერთ-ერთია და არა ერთადერთი მსოფლიოში არსებული მრავალი ცივილიზაციის და კულტურის მონაპოვართაგან.  აი, სწორედ ამას აჩვენებს კარგად ჯილო პონტეკორვოს კინო-შედევრი და ფრანც ფანონის ნაშრომი ალჟირზე.  
 
ჩემი მიზანი სულაც არ არის ფრანგული ცივილიზაციის როლის დამცირება.  რა თქმა უნდა, ისიც არ შეიძლება, რომ ამ ცივილიზაციას მარტო იმპერიალიზმის იარლიყი მივაწებოთ.  იგივე ჟან ბოდრიარი, რომლის ინტერვიუც გოგი გვახარიას ამავე გადაცემაში იყო გამოყენებული, 11 სექტემბრის ტრაგედიის შესახებ წერდა, რომ დასავლურმა იმპერიალიზმმა თავისი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური პოლიტიკით თავად შეუწყო ხელი ბინ ლადენის მაგვარი ექსტრემისტების წარმოშობას, არა მხოლოდ იმით ,რომ მათ მედრესეებს აფინანსებდა, არამედ იმითაც, რომ უამრავ ადამიანს ამწარებდა სრული მარგინალიზაციით და სიღატაკით.  ბევრი ფრანგი მოაზროვნე იყო სწორედ ამ იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში, მათ შორის ფუკო, სარტრი, ალთუსერი, ბადიუ, ჟენე და ასე შემდეგ. ასე რომ დასავლურ ცივილიზაციას თავისი ადგილი აქვს, რაღა თქმა უნდა.  თუმცა არა ერთადერთი და აღმატებული.  ჩვენ ეს კარგად უნდა გავიაზროთ, თორემ დავრჩებით ევროპა-ცენტრისტულ მოჯადოებულ წრეში, როდესაც ხან "საბჭოეთის მზიან იდეალებს" ვუწევთ პროპაგანდას და ხანაც "ლიბერალური დემოკრატიის სამოთხეს".
 
სხვათა შორის, ჯილო პონტეკორვოს 60-იანი წლების ბოლოს კიდევ ერთი შედევრი აქვს შექმნილი მარლონ ბრანდოს მონაწილეობით. "დაწვა" (Quemada) ქვია.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფილმი ლიბერალური იმპერიალიზმის წინააღმდეგ.  ბრანდოს გმირი სწორედ ინგლისელ ლიბერალ იმპერიალისტს თამაშობს, რომელიც ჰაიტის პროტოტიპ კარბულ ქვეყანას პორტუგალიელი ფეოდალებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება, მაგრამ მერე მათ უარეს ეკონომიკურ მონობაში ჩააგდებს.  ამ ფილმში ერთი ნაწილია განსაკუთრებით მანიშნებელი.  ბრანდოს გმირი ადგილობრივ არისტოკრატებს და მონათმფლობელებს უხსნის თუ რატომ სჯობია მათთვის ლიბერალური სისტემა:  "შედარება ასეთია.  თქვენ გყავთ ჰარემი ან პროსტიტუტი.  ჰარემის წევრებს შენახვა სჭირდებათ და ღმერთმა დაიფაროს რომელიმე მათგანი თქვენს ხელში გარდაიცვალოს, დასაფლავების ხარჯებიც თქვენ უნდა გაიღოთ.  ხოლო პროსტიტუტს თქვენ მხოლოდ იმ დროით ქირაობთ, რამდენიც ეს თქვენი სექსუალური აქტის ჩატარებას სჭირდება.  ამის მერე ის ადამიანი თქვენთვის აღარ არსებობს.  მას შეუძლია შიმშილით ან დაავადებით მოკვდეს, მაგრამ ეს თქვენი პრობლემა აღარ არის.  წარმოიდგინეთ თქვენი ინვესტიციისას რამდენ ფულს დაზოგავთ მუდმივი მონების მაგივრად ხელფასის მონები რომ გყავდეთ?!"  ანუ ლიბერალიზმმა ეკონომიკური ურთიერთობების პროსტიტუტიზაცია მოახდინა - ადამიანი თავის შრომას ყიდის - და თუ ამ შრომას არავინ ყიდულობს, მაშინ ჯანდაბას მისი თავი.  მას შეუძლია შიმშილით მოკვდეს.  ეს არის წრფივი ლიბერალურ-იმპერიალისტური მოდელი.  ბევრი აღმოსავლური საზოგადოება, მათს შორის ალჟირული ან ირანული, ამ პრინციპს კითხვის ნიშნის გარეშე არ იღებს.  ასევე არ იღებს ამ უპირობო ეგოცენტრულ მონათმფლობელობას ჩვენი ცივილიზაციაც.
 
უკვე 22 წელია რაც დასავლეთში ვცხოვრობ, სადაც პორნოგრაფიის ინდუსტრია ყვავის მთელი ამ წლების განმავლობაში.  აქ გახდილი ქალების და კაცების სურათები ყოველ ნაბიჯზეა გამოფენილი.  მაგრამ ამ ფაქტისგან გაბედნიერებული ბევრი არ მინახავს.  და ამავე დროს სულაც არ მიმაჩნია რომ მედეას, ცივილიზაციაში ქალებმა უარესად იციან ან გახდა ან ჩაცმა.  უბრალოდ, კოლონიალიზმის დასტვენილზე გახდა ან ჩაცმა დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენს ციხეებში ნანახი გაუპატიურების სცენები.  დომინაცია არის ყველაფრის მიზეზი - სანამ ჩვენთან იქნება კოლონიალისტური დისკურსი, ყოველთვის იქნება მეტად სამართლიანი წინააღმდეგობა მის მიმართ.  ადამიანი იხდის და იცვამს მისი საკუთარი სურვილის მიხედვით - და არა რომელიმე დიდი იმპერიის ან თუნდაც კორპორაციის კარნახით.  ამას უკვე მონობა ქვია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^