Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Hal-ი ანუ 'ავეჯად ქცეული' ადამიანი

01 თებერვალი 2013

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამერიკელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის 1966 წელს გადაღებული ფილმის - "2001 წლის ოდისეა" - მთავარი გმირის, კომპიუტერ-ადამიანის სახელია Hal-ი.  თვითონ კუბრიკი უნიჭიერესი კაცი იყო და კარგად იცოდა კინოხელოვნების ძალა. ეს სახელი ამერიკულ ინგლისურში დაახლოებით ისე გამოითქმის, როგორც სიტყვა Hell, რაც ჯოჯოხეთს ნიშნავს.  ამ ორ სემიოტიკურ ნიშანს შორის პატარა სხვაობა კი არის გამოთქმისას, მაგრამ თვით ამერიკული ფილმის მაყურებლის 99 პროცენტიც კი, თუ ის საინტერესო და დაძაბული სიუჟეტის ყურების პროცესშია ჩაბმული, ვერ მიხვდება რომ ამ ახალ "სუპერ-გმირს" ჯოჯოხეთი კი არა, უბრალოდ Hal-ი ქვია. ამ ხერხის გამოყენების მიზანი ცხადია.  რეჟისორის სურვილია მთავარი "სუპერ-გმირის" სახელიდან უკვე გარკვეული დასკვნა უნდა გამოგვატანინოს.  

თუმცა, ამ ერთი შეხედვით უაღრესად პროფესიონალ კომპიუტერ-ადამიანს, რომელიც კოსმოსურ ხომალდში ჯერ კიდევ ადამიანებად დარჩენილ არსებებს ეხმარება, ისეთი სანდომიანი და უემოციო ხმა აქვს, როგორც, მაგალითად, ამერიკელი და არა მარტო ამერიკელი პროფესიონალი კარიერისტების 99 პროცეტს.  

გლობალური სისტემის გავრცელების შემდეგ, საქართველოშიც, რუსეთშიც, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაშიც და აზიის კონტინენტზეც Hal-ის ინტონაციით ლაპარაკობს ბევრი პოლიტიკოსი, ენჯეოშნიკი თუ სხვა ტიპის "პროფესიონალი".

მოკლედ, ფილმის სიუჟეტს რომ დავუბრუნდე Hal-ი კეთილი განზრახვითაა შექმნილი. მას სურს დაეხმაროს ასტრონავტებს რთულ სიტუაციებში უკეთ გასარკვევად და პრობლემების ზედმეტი ემოციების გარეშე მოსაგვარებლად.  ჩვენი "განმანათლებლების" ერთ-ერთი მთავარი უპირობო აქსიომა ხომ ის არის, რომ ადამიანი ემოციებს არ უნდა აყვეს.  დასავლური ინსტიტუციონალური სექსიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ თითქოს უემოციო მამაკაცები ქალებს "ემოციურ და სუსტ არსებებად" მოიხსენიებდნენ და მათ სამსახურებრივი წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.  Hal-იც სრულიად უემოციოა, თუმცა მისი ხმა ისეთივე კეთილგანწყობილია, როგორც აუდიტორიის საყვარელი ტელეწამყვანი, ან მეტროში ჩაწერილი თბილი ხმა, რომელიც იმას გვაუწყებს, თუ როდის იხურება და იღება კარი.  

მოკლედ, ეს არის მეცნიერების მიერ შექმნილი "სუპერ-ადამიანი" - 1966 წელს ადამიანი კოსმოსში ახალი შესული იყო და აქედან გამომდინარე, დიდ იმედებს ამყარებდა კომპიუტერებზე.  სწორედ ამიტომაცაა, რომ კუბრიკის ფილმში კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის ყველა წევრს ყველაზე მეტად  Hal-ის იმედი აქვს. არასდროს ცდება - ის ხომ სუპერ-რაციონალური მანქანაა.  მაგრამ, ფილმის მსვლელობისას ასტრონავტები ატყობენ, რომ უეცრად მათი მეგობრები ავადდებიან და მერე ნელ-ნელა ხომალდზე სიკვდილიც შემოაბიჯებს. თავიდან ამის მიზეზს ვერავინ იგებს. თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ეკიპაჟის ორი წევრი ერთმანეთთან გაისაუბრებს და მათი შთაბეჭდილება სრულიად დაემთხვევა. უბედური შემთხვევები "სუპერმენ-კომპიუტერ-ადამიანის" არასწორ მოქმედებას უკავშირდება.  ისინი მაშინვე იღებენ გადაწყვეტილებას, გამორთონ კომპუტერი. ამ დროს ასტრონავტები ზედმიწევნით ჩუმად ლაპარაკობენ.  მაგრამ, "ნურას უკაცრავად", როგორც ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის, Hal-ი იმდენად გაწვრთნილია, რომ მას საუბრის მოსმენა პირის მოძრაობითაც შეუძლია.  "სუპერ-გმირი" მოისმენს მათ საიდუმლო საუბარს და ძალიან გულგრილად და კომიუტერულად გადაწყვეტს მათსავე განადგურებასაც.  რაც მთავარია, ის ლოგიკურად აზროვნებს, უნდა, პიროვნული (და მისი გაგებით ეროვნული) უსაფრთხოების საკითხი მოაგვაროს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მოკლავს და შემდეგ ცივსისხლიანად შეასრულებს დავალებას. თუმცა, იმ ადამიანისთვის, რომელიც მას სასწაულად გადაურჩება, ის "სუპერ-გმირი" და "სუპერ-რაციონალური" ადამიანი-მანქანა Hal-ი კი აღარ არის, არამედ ის უკვე ჯოჯოხეთია - ანუ Hell-ი.  ადამიანების დასახმარებლად შექმნილი მანქანა ქვესკნელის განსახიერება ხდება კოსმოსში.  

სტენლი კუბრიკი არც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო და არც პროტესტანტი ფუნდამენტალისტი.  ის წარმოშობით ებრაელი იყო, მაგრამ უკიდურესად სეკულარული.  ცხადია, მას არანაირი პარანოია არ ახასიათებდა, რომელიც რელიგიურ, ან კიდევ სხვა ინდოქტრინაციის შედეგი იყო.  კუბრიკი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი იშვიათი გენიოსთაგანია, ვინც თავის დროზე დაინახა ტექნოკრატიისა და ტექნოლოგიების გაფეტიშების უდიდესი საშიშროება.  

როდესაც კუბრიკი "2001 წლის ოდისეას" იღებდა 1966 წელს, მან კონსულტანტად ფილმში აიყვანა ცნობილი ამერიკული კომპიუტერული კომპანია IBM-ი, რომელსაც ცხადია დიდი ფული გადაუხადეს.  მაგრამ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას ფილმის კრედიტებში მოხსნიებაც უნდოდა.  ამის გადასამოწმებლად კუბრიკმა კომპანიის პრეზიდენტს მისწერა:  იმედია თქვენ გესმით რომ ჩემი ფილმის მთავარი გმირი კომპიუტერი - ფსიქოპათია და მე არ მინდა ვინმეს უსიამოვნება მოვუტანო.  ამის მიუხედავად IBM-მ მაინც გადაწყვიტა რომ ფილმის კრედიტებში გამოჩენილიყო.  ყველანაირი რეკლამა რეკლამაა, როგორც იტყვიან კომერციულ სამყაროში და ასეც მოხდა. დღესაც მანცვიფრებს კუბრიკის არაჩვეულებრივი და თითქოს ზებუნებრივი უნარი, რომ წინასწარ განჭვრიტოს ამდენი რამ.  არა მხოლოდ ის, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მერე ფართოდ დაიწყო ეგრეთ წოდებული Drone-ების (უპილოტო თვითმფრინავების) გამოყენება და ადამიანების ჟლეტვა მანქანების მიერ. ის, რომ მან "ოდისეის" წლად სწორედ ეს გარდამტეხი 2001 წელი შეარჩია, უბრალო დამთხვევა იყო, თუმცა ის პროცესები, რომლებიც ფილმშია აღწერილი და რომლებსაც დღეს უკვე ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, დამთხვევა კი არა, წინასწარმეტყველებაა - დიდი ებრაელი-ამერიკელი რეჟისორის წინასწარმეტყველება - თუ რა ელოდა კაცობრიობას 21-ე საუკუნეში.  თვითონ კუბრიკი ვერ მოესწრო 21-ე საუკუნეს. ბოლო ფილმის "ფართოდ დახუჭული თვალების" დამთავრებასაც ვერ მოესწრო და 1999 წელს გარდაიცვალა.  ის გაჰყვა მეოცე საუკუნეს.  თუმცა იქიდან დაინახა, რა საფრთხე ელოდა მათ, ვინც 21-ში მის გარეშე გადმოვიდა.  

Hal-ი დღევანდელი კარიერისტის ფორმულაა.  ვალტერ ბენიამინი მას Furnished Man-ს უწოდებდა კუბრიკამდე დიდი ხნით ადრე.  მე ამას ვთარგმნიდი როგორც "ავეჯად ქცეულ კაცს" - ადამიანს რომელიც წარმოების პროცესში ავეჯის მოვალოებას ასრულებს და რომელიც მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით იფარგლება.  ჰერბერტ მარკუზე მას "ერთ განზომილებიან ადამიანად" (One Dimensional Man) მოიხსენიებს, ჰაიდეგერი კი უბრალოდ Man-ად.  

მეოცე საუკუნის ფილოსოფოსებიდან ბევრი ხმარობდა ტერმინ "გაუცხოებას", რომელიც სხვათა შორის, მარქსს ეკუთვნის. კაპიტალისტური წარმოების პირობებში, მარქსის თანახმად, ადამიანი საკუთარი არსებისგან უცხოვდება - მონური შრომის პირობებში შორდება მას.  ეგზისტენციალისტებმა ამას დაამატეს ის, რომ ეს ადამიანი სხვა ადამიანებსაც შორდება - მათთვისაც უცხო ხდება, რადგან მუდმივი კონკურენციის პირობებში ყველა შენი მტერი ხდება.  ცხოვრება, ჰობსის არ იყოს, ხდება "ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ", სადაც არსებობენ დროებითი მოკავშირეები, მაგრამ არ არსებობენ მუდმივი სიყვარულის ობიექტები.  ეგოიზმი ცხოვრების წესად იქცა.  თუკი მეოცე საუკუნეში ამ ეგოიზმს ბევრი კითხვის ნიშანს უსვამდა, ჩვენი ახალი საუკუნის და ათასწლეულის დასაწყისში უკვე მკრეხელობაც კია კარიერიზმი და ეგოცენტრიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო.  დღევანდელი ახალგაზრდა ბურჟუა კარიერისტი პირდაპირ ამბობს, რომ მისი "პრიორიტეტი" საკუთარი თავია და მან, უპირველესად, თავის კარიერას უნდა მიხედოს - და მერე ყველაფერი დანარჩენი.  საშინელი კონკურენციის პირობებში კი სახლში ბევრი ადამიანის ყოფნა არანაირად არ არის სასარგებლო.  პირველ რიგში ეს ადამიანები გესაუბრებიან ან სულაც ყვირიან და არ გაძლევენ დასვენების საშუალებას, მეორე, მათთან ერთად ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია "წააწყდეს" შენს კომერციულ საიდუმლოს. ასეთი საიდუმლო კი დღეს თითქმის ყველა კარიერისტს აქვს. ამიტომაც უნდა იცხოვრო მარტო, ან მაქსიმუმ ერთ "პარტნიორთან" ერთად.  ხშირ შემთხვევაში ეს პარტნიორი ცხოველია - მაგალითად მოშინაურებული ძაღლი, კატა, ხვლიკი ან გველი.  ეს ცოცხალი არსებები არანაკლებ საყვარლები არიან მოსაფერებლად დღევანდელი Hal-ოიდი კარიერისტებისათვის, ვიდრე მათ ადგილას მყოფი ადამიანი, რომელიც უეჭველად ნერვებს მოუშლის უდროო დროს.

თუმცა, ეს ოხერი ბავშვები მაინც ჩნდებიან. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება ხანდახან მაინც მთავრდება იმით, რომ ბავშვი ჩნდება. ეს, როგორც ჩანს, მუდმივი ინსტიქტია:  ქალს და კაცს, ორივეს, რაღაც მომენტში უნდება, რომ ბავშვი გააჩინონ.  ჰოდა, როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ბავშვებისგან გავაკეთოთ "ავეჯად ქცეული ადამიანი"?  ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ექნება განსაკუთებული მიჯაჭვულობა, რომელიც სიყვარულის გამო თავის კარიერას მეორეხარისხივნად არ ჩათვლის და რომელიც, ღმერთმა დაიფაროს, და სენტიმენტალური გრძნობების გამო არაპროდუქტიული გახდება. ეს ნამდვილად დაუშვებელია ჩვენი "ცივილიზებული სამყაროსათვის".  ამიტომაც გამოყავთ Hal-ის ტიპის ადამიანები, რომლებიც რობოტების მსგავსი არსებები ხდებიან - მათი დაპროგრამება შესაძლებელია. ვალტერ ბენიამინი და კრიტიკული თეორიის სხვა წარმომადგენლები ძალიან კარგად აღწერენ იმ პროცესს, სადაც ხდება ტიპიური დასავლელი "ქლიავი მოქალაქის" საბოლოოდ "დაქლიავება" და პროუქტიული შრომის პროცესისადმი მისი დამონება.  ამისათვის გამოიყენება არა მარტო ბანკის კრედიტების სისტემა, არამედ დიდი გართობის ინდუსტრიაც, თავისი სექს-ინდუსტრიით, კიჩური ვითომ-ხელოვნების ანუ "შოუ-ბიზნესის" ნაწარმოებებით, ახლა უკვე უამრავი ვირტუალური კაზინოთი და ნებისმიერ თამაშით.  ამით ადამიანს ილუზია ექმნება რომ ის ხელფასის მონა არ არის.  

მაგრამ, გავიხედოთ და ვნახოთ როგორი სურათია ჩვენს ნაქებ 21-ე საუკუნეში?  დღეს ადამიანი ისეთი დაუნდობელი და ხარბია, როგორც არასდროს. სიხარბისა და ქონების დატაცების გამო მკვლელობების ციფრმა ყველა რეკორდი მოხსნა. დღეს ჩვენ შიმშილით და მარტივი დაავადებებით უფრო მეტ ადამიანს ვკლავთ წელიწადში, ვიდრე ნაცისტებმა მთელი ჰოლოკოსტის მანძილზე მოასწრეს.  ეს ოფიციალური ფაქტებია - გარემოს განვითარების პროგრამისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიებული. კვლევის შედეგები ახლა არ ხმაურდება.

თავის დროზე ბერტოლდ ბრეხტი და ვალტერ ბენიამინი დიდ იმედს ამყარებდნენ რადიოს და ფილმის ძალაზე. ისინი თვლიდნენ რომ ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ დაგვანახონ ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა - ანუ აუთენტურად გადმოგვცენ ის უბედურება, რომელშიაც ჩვენი საკუთარი სიხარბე და ეგოიზმი გვაგდებს. თუმცა, რა - გვიშველა ფილმებმა?  კი, შეიძლება ჩაპლინის ფილმებმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა, ბევრი ადამიანი გააკეთილშობილა "კაბირიას ღამეებმა" ან "როკო და მისმა ძმებმა", თუნდაც კუბრიკის ფილმებშიაც რამხელა სიბრძნეა, მაგრამ, "გართობის ბიზნესი" ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ნამდვილი ხელოვნება - აი, ამაში ვერ გამართლდა ბენიამინის და ბრეხტის წინასწარმეტყველება. ოპტიკურმა რადიომ - ანუ ტელევიზიამაც ვერ მოიტანა ადამიანების განთავისუფლება დომინაციისგან.  დღევანდელი ტელევიზიის გადაცემებიც ძირითადად ზედაპირულია და პირდაპირ რომ ვთქვათ, ყვითელი.  სიღრმისეულ პრობლემებზე ბევრი არ საუბრობს. ინტერნეტის იმედიც ძალიან ბევრს ჰქონდა და აქვს. ჩემი მეგობარი და კოლეგა, ჟიჟეკის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი, ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერი ჯოდი დინი ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ინტერნეტის შესაძლებლობებზე. თუმცა, აღმოჩნდა რომ, "ავეჯად ქცეული ადამიანის" ისევ ადამიანად ქცევა ხშირ შემთხვევაში კომიუტერმაც ვერ შეძლო.  შეიძლება პირიქითაც - მან უფრო ავეჯად აქცია ის და მიაჯაჭვა ათასნაირ ვირტუალურ პორნო და ძალადობრივ თამაშებს.  

დღეს უკვე ცხადზე ცხადია, რომ ემპირიული ლოგიკა ყველა ამ კითხვას ვერ პასუხობს.  ადამიანი ბევრად უფრო რთული არსება აღმოჩნდა, ვიდრე ეს ყველაზე ოპტიმისტ იდეალისტებს ეგონათ. თუმცა, ადამიანს კვლავ აქვს არაჩვეულებრივი თვისებები - მას ჯერ კიდევ შეუძლია სიყვარული, ანუ სხვა ადამიანის გამო თავის შეწუხება, ზოგჯერ თავის გაწირვაც კი.  ეს საოცარი რამ არის. სწორედ ამიტომაცაა, რომ ეს ადამიანი, ყველა თავის ნაკლთან ერთად უყვარდა სტენლი კუბრიკსაც, ჩარლი ჩაპლინსაც, ვალტერ ბენიამინსაც, ბერტოლტ ბრეხტსაც და ბევრ სხვასაც.  ადამიანს მაინც შეუძლია დაუგეგმავად გაღვიძება და თავისი სატრფოსათვის ყვავილების ყიდვა. ბავშვს მაინც შეუძლია საოცარი სიკეთის გამოვლენა მხოლოდ ღიმილითაც კი.

სწორედ ამიტომ მგონია, რომ სტენლი კუბრიკსაც სჯეროდა - ადამიანი თავისი არსით სუპერ-რაციონალური, სუპერ-გმირი Hal-ი არ არის.  ერთი პატარა ბავშვის ღიმილი ყველა სუპერ-გმირის ტექნოლოგიურ საოცრებას გადასწონის და სწორედ ამიტომ ღირს ცხოვრება.  დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა.  როგორც ვალტერ ბენიამინი იტყოდა "ფანტასმაგორია".

ნამდვილი ცხოვრება ბევრად უფრო დიდი ბედნიერებაა ვიდრე ყოვლად უაზრო "ფანტასმაგორიაში" ყოფნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^