გასულ თვეში კოალიციის მიერ ინიცირებული დროებითი კონსტიტუციური ცვლილებების საერთო სახალხო განხილვები შუაწელს მიღწეული იყო, როდესაც მმართველი უმრავლესობის ლიდერების მიერ გახმიანდა კონსტიტუციის არსებითი გადასინჯვის იდეა. როგორც ითქვა, პროცესი მალე უნდა დაიწყოს, საკითხავი მხოლოდ ის არის, ოქტომბრამდე დასრულდება პროცესი თუ მეტად გაიჭიმება.
ცნობილი კონსტიტუციონალისტი ჰერმან შვარცი თავის სტატიას ,,კონსტიტუციის მშენებლობის თავისებურებები’’ ასე იწყებს: ,,ისინი, ვინც კონსტიტუციის შექმნის პროცესში მყოფი დემოკრატიებისათვის წერენ, ბევრ დაბრკოლებებს აწყდებიან.’’ ეს დაბრკოლებები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, შეუძლებელია რომელიმე ქვეყნის გამოცდილება სრულად ადეკვატური აღმოჩნდეს ჩვენი კონტექსტისთვის, ამიტომ სისტემის კოპირება არ გამოვა. ეს ფაქტი არსებითად ართულებს საქმეს და კონსტიტუციის მეორად მამებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
იმისათვის რომ განვსაზღვროთ ჩვენი ,,დაბრკოლებები’’, რასაც ,,გამოწვევებს’’ დავარქმევ, საჭიროა დავსვათ სწორი კითხვები; სწორი კითხვა ხომ ნახევარი პასუხია. შესაძლოა, ასეთი ბევრი იყოს, (რაც მეტი მით უკეთესი), თუმცა ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფუნდამენტური კითხვა ასეთია - რა არის ჩვენი კონსტიტუციური გამოცდილება, როდესაც წარსულისკენ ვიხედებით? როგორია ის, რაც მომავლად წარმოგვიდგება?
ამ კითხვას მინიმუმ ორი პლასტი უნდა ქონდეს, ფორმალური (პროცედურული) და მატერიალური (შინაარსობრივი). ამ პოსტში შევეცდები მხოლოდ პროცედურული ნაწილით შემოვფარგლო.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთი ტრივიალური სურათი გადაგვეშლება - ეს პროცესი არსებითად ქვეყნის უზენაესი კანონის კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებზე მორგებად წარმოგვიდგება.
1995 წლის კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაზე დიდი რესურსი დაიხარჯა, მაინც ედუარდ შევარდნაძის სახელს დაუკავშირდა და რადგან კონკრეტული პირის სახელი ერქვა, ამ ადამიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთანავე მისი გადასინჯვის აუცილებლობა დადგა. აუცილებლობა - ვინაიდან, თავს მოხვეულ წესრიგში თავს მოხვეული თამაშის წესები არსებობს, როდესაც ამ წესრიგის (აქ ნიშნავს უწესრიგობასაც) არქიტექტორი თავის ძალაუფლებას კარგავს, გარდაუვალია ამ წესრიგის განადგურება. ახალ არქიტექტორებს საკუთარი ძალაუფლების შესაქმნელად ახალი ნაგებობები სჭირდებათ, სივრცე პოლიტიკურ ლანდშაფტზე ხომ შეზღუდულია. ასეთი მოცემულობები იწვევს სწორედ ძველის ახლით ჩანაცვლების გარდაუვალობას. 2004 წელს ჩატარდა დიდი კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც იმდენად მყისიერი იყო, მისი კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან შესაბამისობამაც კი დაბადა კითხვები.
რაც შეეხება კონსტიტუციის ლეგიტიმურობას, ისედაც ცხადია, რომ ლეგიტიმურობა, როგორც ვებერი უწოდებდა - მართულთა თანხმობით მართვა, - ამ პირობებში არ არსებობს. სისტემა არალეგიტიმურია არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ თავად მმართველი ელიტისთვისაც. ეს პროდუქტი მათთვის საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებაა და თუ ეს მიზანი შეიცვლება, მაშინ შეიცვლება თამაშის წესებიც. სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვქონდა საქმე უკანასკნელ პერიოდში. კონსტიტუცია იცვლებოდა ყველა ფორმით და ყველა მიზნით, დაწყებული - დეკლარირებულად ერთ ადამიანზე მორგებით და დამთავრებული - შირმად საკონსტიტუციო კომისიის მრავალთვიანი უშედეგო საქმიანობით.
დღეს შემდეგი რეალობა გვაქვს - კონსტიტუციური წესრიგის ლეგიტიმურობა მინიმალურია, მმართველი ელიტა კი - ჩანაცვლებული. და ვინაიდან გარდაუვალია ცვლილებების აუცილებლობა, ეს უკანასკნელი უნდა ჩამოყალიბდეს, რა გზით წავა. ერთი მიმართულება იმავე გზის გამეორებაა, როგორც აქამდე ხდებოდა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება და პოლიტიკური გუნდისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის მისაღები კონსტიტუციური რეალობის შემქნა.
თუმცა, კონსტიტუცია (რაც არ უნდა ობიექტურად ,,კარგი’’ იყოს) არ არის კონკრეტული პოლიტიკური კურსის მატარებელი გაერთიანებების საპროგრამო დოკუმენტი, ამისთვის არსებობს სხვა ტიპის დოკუმენტები, კონსტიტუცია კი მთელი ქვეყნის (უმცირესობის და უმრავლესობის) მოცემულ რეალობაში ცხოვრების წესზე შეთანხმებაა.
ამიტომ არსებობს მეორე - დელიბერაციასა და კონსესუსზე ორიენტირებული გზა. ეს გზა უზრუნველყოფს კონკრეტული ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების სახელებიდან დისტანცირებას, რაც გამორიცხავს პოლიტიკური ელიტის შეცვლის შემთხვევაში კონსტიტუციის ცვლილების გარდაუვალობას. ის ამავდროულად უზრუნველყოფს კონსტიტუციის მაღალ ლეგიტიმაციას, რაც ასევე შეამცირებს ხელისუფლებების ვნებებს საკუთარ მიზნებზე მოირგოს კონსტიტუცია.
იმისათვის რომ მეორე გზაზე ვიაროთ, საჭიროა მმართველი უმრავლესობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. უპირველესად ეს არის ფართო წარმომადგენლობის მქონე საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელშიც შევლენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები. ამავდროულად, ხელისუფლებას შემადგენლობა არ უნდა აძლევდეს მანიპულაციის შესაძლებლობას. მეორე საკითხი განხილვის პროცედურა და დროა. ეს პროცესი ღია და ინკლუზიური უნდა იყოს, კომისიას უნდა გააჩნდეს მუდმივი ინტერაქცია საზოგადოებასთან, ამავდროულად კომისიას არ უნდა მოუწიოს ცაიტნოტში მუშაობა, არ არის აუცილებელი 2014 წელს არსებითად ახალი კონსტიტუციით შევხვდეთ. შეთანხმებას დრო სჭირდება, სამაგიეროდ, შეთანხმების შედეგად შექმნილი პროდუქტი მეტად ,,მყარია’’. ამგვარად შვარცს რომ დავუბრუნდეთ ჩვენი მთავარი დაბრკოლება კონსტიტუციის მიმართ ჩვენი წარსულ დამოკიდებულებაშია, და ჩვენი მთავარი გამოწვევაა გადავლახოთ ის, გადავლახოთ ჩვენი თავი წარსულში.
თუ პირველი გზით წავალთ, თავსმოხვეულ წესრიგს მივიღებთ. და რადგან თავსმოხვეული წესრიგი სუიციდურია, ის მუდმივად ნაცვლდება ახალ-ახალი ძალაუფლებებით და მათი მფლობელებით მანამ, სანამ ვინმე უკან არ მოიხედავს და არ იტყვის, რომ ისტორია გვაძლევს გაკვეთილებს და ჩვენ მოვალენი ვართ ეს გაკვეთილები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავამტკიცოთ საკუთარი არსებობა.