გუშინ კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ევროკავშირმა სამ სხვადასხვა ნომინაციაში ჩაატარა. სულ 19 ნომინანტი იყო. სამწუხაროდ, ნომინანტთა სრული ჩამონათვალი ხელთ არ მაქვს, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ უმეტესობა, არანაკლებ 10 ნომინანტისა, ტელეკომპანია “მაესტროს” პროექტი, მისი ჟურნალისტი ან ამ არხზე გასული მასალა იყო. მაგალითად, “სტუდია მონიტორს”, რომელიც წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებას და უკანასკნელ პერიოდში “მაესტროს” ეთერში გადის - ოთხი ნომინანტი ჰყავდა, მათგან ერთი გამარჯვებულიც გახდა - საუკეთესო ტელერეპორტაჟისთვის სალომე ცეცხლაძე დააჯილდოვეს.
საზოგადოებრივი ტელევიზიის პროგრამულ პრიორიტეტებში ხაზგასმით წერია, რომ “საგამოძიებო ჟურნალისტიკა” პროგრამაში უნდა მოთავსდეს - თუმცა, მაუწყებელი უკვე წლებია ამ ვალდებულებას სრულ იგნორირებას უკეთებს. სტუდია “მონიტორი” მუშაობას განაგრძობს და, ბუნებრივია, მისი მომდევნო გადაცემების კრიტიკული ვექტორი ამჟამინდელი ხელისუფლებისკენ გადაიხრება. “მონიტორი” არ არის ის ჯგუფი, რომელიც რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების წინააღმდეგ ან რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად მუშაობს, ამიტომ მასზე მოთხოვნა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის პირობებში, ახალ ოპოზიციურ არხებზე გაიზრდება.
ევროკავშირის მიერ დაწესებული პრემია განვითარების პროცესში მყოფი დემოკრატიების მქონე ქვეყნებში გაიცემა - ანუ იქ, სადაც მედიას კვლავაც არ მოუპოვებია ფუნქცია, რომელსაც ის განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში ასრულებს. წესით, როგორც ვიცით, დემოკრატიული წყობა იმით განსხვავდება ავტორიტარული სისტემებისგან, რომ დემოკრატიაში მედია პოლიტიკური კლასისგან დამოუკიდებლად ფლობს ძალაუფლებას - რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის თუ ელიტის სამსახურში კი არ დგას, არამედ მათგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ხშირად პოლიტიკოსების მაკონტროლებელ ინსტიტუტად გვევლინება. გუშინდელმა ცერემონიამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ამ იდეალისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ - რომ ჩვენთან მედია დიდწილად კვლავ პოლარიზებული რჩება, დაყოფილია სახელისუფლო და ოპოზიციურ მხარეებად.
ამასთან, ისიც მრავლისმეტყველი ფაქტია, რომ 19 ნომინაციაში არც ერთი ნომინანტი არ იყო, ე.წ. სახელისუფლო, ან ხელისუფლების მხარდამჭერი მედიის წარმომადგენლებიდან (საუბარი გასულ წელზეა). არადა, ხომ შეიძლებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე ჟურნალისტიც დაინტერესებულიყო სოციალური პრობლემებით და მასაც მოემზადებინა რეპორტაჟი, მაგალითად, მიუსაფარ ბავშვებზე - ისე, როგორც ეს სალომე ცეცხლაძემ გააკეთა.
ნომინაციებში “საუკეთესო ბლოგი, ინტერნეტ გამოცემა…” 5-დან 4 “მაესტროს” პროექტის ავტორი (“კვირის აზრები”) და ერთი “რადიო თავისუფლების” ვებგვერდი იყო. გამარჯვებული კი გიორგი კიკონიშვილი გახდა - თავისუფალი ბლოგერი. კონკურსში წარდგენილი იყო კიკონიშვილის უკანასკნელი ვიდეო-ბლოგი, “კვირის აზრები”, რომელიც არჩევნების შემდეგ გავიდა ეთერში და გაზეთ “ასავალ-დასავალის” მიერ გამოქვეყნებულ ციხის თანამშრომელთა სიას და შემდეგ რედაქციასთან გამართულ საპროტესტო აქციას ეხებოდა. აქციას, სადაც გამორჩეულად აგრესიულად იქცეოდნენ “ასავალ-დასავალის” ერთგული მკითხველები, რედაქციის წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც. ეს უკანასკნელები, მღვდლები - ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თუმცა, ეს არ გახლავთ ამ ბლოგის მთავარი თემა.
საქმე ის გახლავთ, რომ გიორგი კიკონიშვილი სწორედ ამ უკანასკნელი ბლოგის შემდეგ მოხვდა ავტორების „როტაციაში“და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. რბილად რომ ვთქვათ, საქმე გვქონდა უხერხულ დამთხვევასთან, რომელიც “მაესტროს” ავტორების როტაციასა და კიკონიშვილის უკანასკნელ ბლოგს შორის მოხდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ - არჩევნებიდან თვენახევარში - ტელეკომპანია “მაესტროზე” დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და საერთოდ დაიხურა გადაცემა “კვირის აზრები” - რომელსაც დამოუკიდებელი ავტორები ამზადებდნენ. ამჟამად “მაესტრო” ახალი ეთერისთვის ემზადება და ორ ნაწილად იყოფა - “მაესტრო 24” და “მაესტრო”. როგორც მისი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი განმარტავს, პირველი - საინფორმაციო ხასიათის იქნება და მოიცავს პოლიტიკურ გადაცემებსა და თოქ-შოუებს, მეორეს კი, უფრო გასართობი ორიენტაცია ექნება. საბედნიეროდ, ეს მაინც არ იქნება სრული “რუსთავი 2-იზაცია” - არხი პოლიტიკურ თოქ-შოუებზე მთლიანად უარს არ ამბობს და საამისოდ ცალკე არხს ქმნის. თუმცა, ვნახოთ რას შემოგვთავაებს ეს არხი - რომელიც რამდენიმე დღეში წარდგება მაყურებლის წინაშე.
პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ. ის რეიტინგი, რომელიც „მაესტროს“ არჩევნებამდე ჰქონდა, საგრძნობლად დაეცა - ოღონდ არა იმის გამო, რომ მაყურებელს პოლიტიკა აღარ აინტერესებს. პირიქით - მაყურებელს აინტერესებს კრიტიკული აზრი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ამჟამად არსებული ხელისუფლება აისევე გებს პასუხს, როგორც არჩევნებამდე “ნაციონალური მოძრაობა” იყო პასუხისმგებელი. ახლა ისევ გამუდმებით ძველი ხელისუფლების მანკიერებაზე საუბარი და ახალი ხელისუფლების შეცდომების უგულებელყოფა მხოლოდ მიკერძოებულობის მანიშნებელი იქნება. “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვება ჯერ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ინფორმაციის წყაროა, მაგრამ პოლიტიკური თოქ-შოუების რეიტინგი საგრძნობლად შემცირებულია. სამაგიეროდ, ასეთ თოქ-შოუებს საგრძნობლად მოემატა მაყურებელი ამჟამინდელ ოპოზიციურ არხებზე.
ამიტომ დავივიწყოთ პირადი სიმპათიები და ანტიპათიები, მოვთხოვოთ პასუხი მათ, ვინც ჩვენ წინაშე პასუხისმგებელია, ვემსახუროთ მაყურებელს და დავიცვათ მათი ინტერესები - რადგან სწორედ ეს არის ჟურნალისტის უმთავრესი ვალდებულება. მხოლოდ ამ გზით გადაურჩება “მაესტრო” “რუსთავი 2-ზაციას” და მხოლოდ ამ გზით მოახერხებს ცალსახა ლიდერის სტატუსის შენარჩუნებას მომავალ წლებში გამართულ ასეთივე კონკურსებში.
ნუ წავალთ იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც ქართული ტელეარხები უკანასკნელი 20 წელიწადია ტრიალებენ, და რომელიც არა დემოკრატიული ღირებულებების, არამედ პოლიტიკური ძალების ერთგულებას ნიშნავს.
ჟურნალისტი რედაქტორს ექვემდებარება, რედაქტორი - არხის ხელმძღვანელს, არხის ხელმძღვანელი - მფლობელს, მფლობელი - დამფინანსებელს, ხოლო დამფინანსებელი კი - ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალაა. ეს ჯერ კიდევ დიდხანს იქნება ასე, რადგან სისტემა არა ზემოდან, არამედ ქვემოდან ინგრევა. თუ ამ მანკიერ წრეს მაინც უწერია დანგრევა, ამას არა მფლობელები და დამფინანსებლები, არამედ თავად ჟურნალისტები გააკეთებენ.