Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ემოციებსა და ფაქტებზე

14 თებერვალი 2013

დიდი ხანია არაფერი დამიწერია და შესაბამისად, ბევრი საკითხი დამიგროვდა, რომლის გააზრებასაც ვისურვებდი, მინიმუმ საკუთარ თავთან, კარგ შემთხვევაში კი მკითხველთან ერთად. ცხადია, ყველაფერს ამ ერთ პოსტში ვერ ჩავტევ, ამიტომ მხოლოდ იმ თემებს შევეხები, რომლებმაც ბოლო დღეების მანძილზე ყველაზე მეტად მომიშალა ნერვები. შესაბამისად, თემას ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განვითარებული შეხლა-შემოხლით ვიწყებ, სადაც დეპუტატებმა სერგო რატიანმა და კობა დავითაშვილმა პატარა ორთაბრძოლა მოაწყვეს. ფაქტია, რომ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხშირად ეს ემოციები გვღუპავს, ამიტომ  დღეს მხოლოდ ემოციებსა და ფაქტებზე ვისაუბრებ:

ემოციურად აღვიქვი ის, რომ გუშინდელ ეთერში კობა დავითაშვილი უცენზუროდ მოიქცა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არაფერში წაადგება, არც მას და არც მის გუნდს.

ემოციურად აღვიქვამ იმასაც, რომ სერგო რატიანი ფორმალურად მართალი იყო, როდესაც დავითაშვილს ეუბნებოდა, ჩვენს ცემაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრებაო და ამ დროს, მისი „პოლიტიკური გუნდის“ მხრიდან ჩადენილ არცერთ ძალადობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, ქვეყანაში არსებულ კონტექსტს არსად დაგიდევს, საკუთარ გუნდს პოლიტიკურ მსხვერპლად წარმოაჩენს და ოპონეტს ეუბნება რა მნიშვნელობა აქვს ამ საქმესთან შენი „მკვლელობის მცდელობის“ სამჯერ განმეორების ფაქტსო. სამისა რა გითხრათ, მაგრამ ფაქტია, ერთხელ  მეც შევესწარი მის „მკვლელობას“ ე.წ. „ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე“, სადაც სპეც-რაზმის ქურთუკებში გამოწყობილმა მუტრუკებმა, რკინის ხელკეტები ისე ურტყეს თავში, რომ კარგა ხანს კობა დავითაშვილი მკვდარი მეგონა.

ემოციურად მახსენდება მისი მოწოდებაც - „ქართველები არ ხართ, მიშველეთ, ნუ გაატანთ ამათ ჩემს თავს, მომკლავენო“, მაგრამ ფაქტია - იქ მდგომი ორმოცდაათი ადამიანიდან ან არცერთი არ ვიყავით ქართველი ან ბ-ნ კობას ქართველებზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა. მხოლოდ ერთმა მღვდელმა გაბედა წინააღმდეგობის გაწევა და ისიც გულმკერდში მიღებული წიხლის და გინების ამარა დავტოვეთ. ეს სწორედ იმ ეკლესიის წევრი იყო, რომელსაც ემოციურად ე.წ. ინტელექტუალები, მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარიც „ სიბნელის სავანედ“ მოიხსენიებს. ფაქტია, იმ დღეს როდესაც მართლა ბნელოდა, მხოლოდ ამ „სავანის“ მოციქულმა შეძლო ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამოღება, მოყვასის გადასარჩენად. არც წიხლს მოერიდა, არც მანქანაზე დაკიდებას და არც ტალახში  ამოსვრას. ჩვენ კი ვიდექით და ვფიქრობდით, ნეტა ჩვენც არ მოგვდგნენ-თქო.

იმ დღეს (ეს დღე შვიდი ნოემბერი იყო) ემოცია მქონდა, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა და ჩვეულებრივ ლათინო-ამერიკულ რეჟიმში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ ფაქტია,  ნაწილობრივ გადავაგორეთ ეს ამბავი და ამის მერე ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ იგივე აღარასოდეს განმეორდეს.

ემოციაა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან შეგროვებულ ხალხს უფლება ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“  პასუხი მოეთხოვა ციხეში უსამართლოდ და არაადამიანურად გატარებულ წლებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამითი სწორედ მათ წისქვილზე დაასხეს წყალი. ისიც ფაქტია, რომ ძალადობას ხანგრძლივ პერსპექტივაში  არასოდეს მოაქვს დადებითი შედეგი.

ემოციაა, რომ ქალისთვის ხელის დარტყმა საშინელებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის ცემაზე იგივე განცდა არ გამჩენია, რადგან, როცა ხალხს სისხლის მდინარეებს მიაჩვევ, მერე ორი  თუნდაც „ცისფერი“ სისხლის წვეთით ვეღარ მოიპოვებ მათ თანაგრძნობას. ეს შეიძლება დიდი პრობლემაა, რომელიც ჩვენი გაუხეშებით არის გამოწვეული, მაგრამ ფაქტია - არც ჩიორას და მის პოლიტიკურ გუნდს მოუცია თანაგრძნობის მიზეზი, რადგან არცერთხელ და არსად არ მოუნანიებიათ ის ძალადობა, რომელიც მათი მმართველობის ხანაში ხდებოდა და დღემდე იგივე პოლიტიკას აგრძელებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ „ჩიჩინი ჭრის“.  სწორედ ამიტომ არ იცილებდა, შეყვარებულის ამბორივით შერჩენილ სისხლს ტუჩიდან ქ-ნი ჩიორა, სანამ ყველა კამერამ არ დააფიქსირა და სწორედ ამიტომ თქვა ისტორიული სიტყვები, რომ   „მოღალატის“ ხელი მტკივნეული არ არის.  მიუხედავად ამ უმტკივნეულო ხელისა, რომლის მოხვედრის შემდეგაც მთელი საღამო პრეზიდენტის სასახლეში მის გამოსვლას უსმინა, ევროპარლამენტარს საკუთარ სახლში მელოგინე დახვდა, რათა პოლიტიკური მსხვერპლის როლი ბოლომდე  ეთამაშა და სამარცხვინო პიარული სვლა  წარმატებით დაეგვირგვინებინა.

ემოციურად ძალიან გამაღიზიანებელი და სამარცხვინოა, როდესაც ხედავ, ეს ადამიანები როგორ იქცევიან, მაგრამ არანაკლებ სამარცხვინოა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც საკუთარ ბოღმას ვერ ერევა და “ეხლა ჩემი დროას” პრინციპით იმავეს უკეთებენ სხვას, რის გამოც ვერ იტანდნენ თავის დროზე. 

ეს ხალხი  პოლიტიკოსზე შექმნილ ჩემს სტერეოტიპში ვერაფით ჩავსვი. კი, ბატონო, მესმის - გაგამწარეს, ბევრს ისეთი რამე გიქნეს, რაც ჩემთვის, რომ ექნათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სადარბაზოში არ დავხვდებოდი და არ მოვკლავდი, მაგრამ თუ ასე ვერ ინელებთ, გაეშვით პოლიტიკას და აირჩიეთ ან პატიება, ან ციხე. ხომ ხედავთ ჩიჩია და ბაბა ერთად არ გამოდის და თქვენს ბოღმას შეიძლება ქვეყნის მომავალი გადაყვეს.

ემოციურად გასაგებია, რომ ოპოზიციის მიზანი  ხელისუფლების დისკრედიტაციაა და არა თანამშრომლობა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამ ქვეყნისთვის ნორმაა ყველა დროში და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხრიდან რა არის პროვოცირებული. ხელისუფლებამ პროვოკატორი მოქალაქეც უნდა დაიცვას, ან არ უნდა მისცეს პროვოცირების საშუალება.

რამდენიც არ უნდა ვწერო და ვიფიქრო, ვხედავ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ხელისუფლება თავის მართლების პოზიციაში ჩადგა, ოპოზიციამ კი  ევროპელების თვალში თავი მსხვერპლად წარმოაჩინა. ასე თუ გაგრძელდა, ადრე თუ გვიან შედეგი დადგება. შეიძლება, რომელიმე მხარისთვის სასარგებლო, მაგრამ ქვეყნისთვის - არასასურველი. 

დაბოლოს, ემოციურად მინდა, რომ ეს პერიოდი რაღაცნაირად გადავლახოთ და მოვლენებს გვერდიდან ერთი მხრივ  სამართლებრივად, მეორ მხრივ კი თანაგრძნობითა და გაგებით შევხედოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ვიდეოს შემყურეს  დიდი არაფრის იმედი უნდა გქონდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^