პარლამენტარიზმის (ვიწრო გაგებით, პოლიტიკური სისტემა, რომელშიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრს უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანო - პარლამენტი წარმოადგენს. ფართო გაგებით, პოლიტიკური სისტემა, რომელიც პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს არსებობას, ზოგადად, მოიაზრებს) სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი ითვლება, რომელიც საპარლამენტო მონარქიის კლასიკურ მოდელს დღემდე ითავისებს. საპარლამენტო მმართველობის, იგივე პარლამენტარიზმის (ვიწრო გაგებით) მეორე სტანდარტულ მოდელს საპარლამენტო რესპუბლიკა ქმნის. საპარლამენტო რესპუბლიკის ალტერნატიული მოდელებია საპრეზიდენტო და ნახევრადსაპრეზიდენტო (შერეული) რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მოდელში საპრეზიდენტო მმართველობის ელემენტები ჭარბობს, მიიჩნევა, რომ პოლიტიკური მმართველობის ფორმას საქართველოში, ამ ეტაპზე, ეს უკანასკნელი წარმოადგენს.
პარლამენტარიზმი ეფუძნება სახალხო წარმომადგენლობის იდეას, თავის მხრივ რომელიც საზოგადოებრივი პლურალიზმის ასახვას და საზოგადოებრივი დისკურსის სახელისუფლებო დონეზე რეპრეზენტირებას ემსახურება.
საპარლამენტო რესპუბლიკის არსებითი ნიშნებია:
ა) საპარლამენტო მანდატის და სამთავრობო სავარძლის შეთავსებადობა (მთავრობის წევრი, არ არის სავალდებულო, მაგრამ იმავდროულად შეიძლება იყოს, პარლამენტის წევრი);
ბ) სამთავრობო კაბინეტი, როგორც წესი აირჩევა პარლამენტის მიერ და დამოკიდებულია მხოლოდ მასზე;
გ) პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური აირჩევა არაპირდაპირ პარლამენტის ან სპეციალური წარმომადგენლობითი კრების მიერ;
დ) პარლამენტს აქვს შესაძლებლობა გადააყენოს მთავრობა (გამოუცხადოს უნდობლობა სამთავრობო შემადგენლობას);
ე) მთავრობას (ძირითადად, ნომინალურად პრეზიდენტს) აქვს შესაძლებლობა დაითხოვოს პარლამენტი; ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლება არის კოლეგიალური და ითვალისწინებს მთავრობის მეთაურის შედარებით ნაკლებად დომინანტურ ფუნქციებს, ვიდრე ეს სახეზეა მონოკრატიულ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში etc.
მონოკამერალური ანუ ერთპალატიანი პარლამენტის კლასიკური ფუქნცია, ქართული გამოცდილების საფუძველზე, ასე თუ ისე ნაცნობია. ამიტომ აქ მხოლოდ ორპალატიანი ანუ ბიკამერალური პარლამენტის ძირითადი ფუნქციებს განვიხილავთ (პარლამენტარიზმის ისტორიას ახსოვს სამპალატიანი პარლამენტებიც. მაგ. პოლონეთის პირველი რესპუბლიკის პარლამენტი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტი აპარტეიდის გვიანდელ ფაზაში 1993 წლამდე).
როგორც წესი, ერთპალატიანი პარლამენტი დამახასიათებელია უნიტარული სახელმწიფოებისთვის. ნებისმიერი ფედერაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად სუვერენული რეგიონული ერთეულებისგან შედგება ორპალატიან პარლამენტს ფლობს. თუმცა, არსებობს გამონაკლისები: მაგ., მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი უნიტარული რესპუბლიკაა, ფრანგული პარლამენტი შედგება ორი პალატისაგან. საინტერესოა ისიც, რომ საფრანგეთი ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმის მქონე რესპუბლიკაა, რომელსაც ქართველი ექსპერტები ხშირად ადარებენ ქართულ მოდელს (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შემთხვევაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებები სცდება ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკის სტანდარტებს და გაცილებით ძლიერია).
ორპალატიანი პარლამენტის (ბიკამერალიზმი) წინა ფორმები მოიძებნება ბერძნულ და ანტიკური ხანის რომაულ წარსულშიც. კლასიკური გაგებით, ბიკამერალური პარლამენტი მოიცავს მოსახლეობის ოდენობის მიხედვით პროპორციული წესით არჩეული დელეგატებისგან დაკომპლექტებულ წარმომადგენლობით ორგანოს (პირველი, ე.წ. ქვედა პალატა) და დამოუკიდებელ სტრუქტურულ რგოლს (მეორე, ე.წ. ზედა პალატა) რომელიც პირველი პალატისგან არსებითად განსხვავებული წესით ყალიბდება. პალატების ლეგისლატურის ხანგრძლივობის პერიოდი, როგორც წესი, არ ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, ზედა პალატის წევრი არ შეიძლება იყოს, იმავდროულად, ქვედა პალატის წევრი და ა.შ.
არსებობს ზედა პალატის დაკომპლექტების სამი ალტერნატიული ფორმა (ოდესღაც არსებობდა მემკვიდრეობითი მოდელიც, რომელიც ბრიტანული ზედა პალატის რეფორმის შედეგად გაუქმდა და, ამ ეტაპზე, აღარ არსებობს):
ა) პირდაპირი არჩევნები: მეორე პალატების უმრავლესობა იქმნება პირდაპირი არჩევნების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, საარჩევნო სისტემა შეიძლება იყოს პირველი პალატის დაკომპლექტების წესისგან განსხვავებული. ამასთან, ორივე პალატის ლეგისლატურის ხანგრძლივობის პერიოდი არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამ მოდელის საილუსტრაციო მაგალითებია: აშშ-ის სენატი, შვეიცარიის პარლამენტის მეორე პალატა და სხვ.
ბ) არაპირდაპირი არჩევნები: ზედა პალატა ყალიბდება ფედერალური ერთეულების პარლამენტების (წარმომადგენლობითი ორგანოების) ან რეგიონების წარმომადგენლობითი კრებების მიერ არჩეული წევრებისგან ან სხვა სახის საგანგებო წარმომადგენლობითი კრების (ძირითადად, რეგიონულ დონეზე) მიერ არჩეული წევრებისგან (არაპირდაპირი ლეგიტიმაცია). მაგ. ავტსრიის პარლამენტის ზედა პალატა, ფრანგული და ესპანური სენატი.
გ) დასახელება: ზედა პალატის წევრები სახელდება ფედერალური ერთეულების ან რეგიონების აღმასრულებელი რგოლების მიერ ან ფედერალურ/ცენტრალურ დონეზე მოქმედი ორგანოს მიერ. ნაწილობრივ, გერმანიის პარლამენტის ზედა პალატა და რუსეთის ფედერალური საბჭო.
არსებობს შერეული მოდელებიც, რომლებიც დაკომპლექტების წესის შერეულ ფორმას ითვალისწინებს. მაგ. სენატი ბელგიის სამეფოში.
ზედა პალატაში მანდატების გადანაწილება ხდება ორი ალტერნატიული პრინციპის საფუძველზე:
ა) ე.წ. „სენატის პრინციპი“ - მოსახლეობის რიცხოვნობის მიუხედავად, ყველა რეგიონი ზედა პალატაში წარმოდგენილია თანაბარი ხარისხით და სიძლიერით. მაგ., აშშ, შვეიცარია, რუსეთი და ა.შ. ბიკამერალური პარლამენტების თითქმის ერთი მესამედი კომპლექტდება ამ პრინციპის მიხედვით.
ბ) ე.წ. „ბუნდესრათის პრინციპი“ - თითოეული რეგიონის წარმომადგენლის რაოდენობა დამოკიდებულია ამავე რეგიონის მოსახლეობის ოდენობაზე. მაგ., გერმანიის დეფერაციული რესპუბლიკა, ავსტრია, ბელგიის სამეფო და ა.შ.
პარლამენტის ზედა პალატის არსებითი ფუნქცია „განსხვავებული მოსაზრების ინსტიტუციონალიზაციის“ („institutionalized second opinion“) იდეას მოიცავს: ბიკამერალიზმი ქმნის ერთგვარ ინსტიტუციონალურ ფორმატს ალტერნატიული პოლიტიკური მოსაზრებების განსახორციელებლად. ზედა პალატა წარმოადგენს დამატებით სტრუქტურულ რგოლს ქვედა პალატის განაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, რითაც ხდება ქვედა პალატის პარტიული ინტერესების ერთგვარი „კონტროლი“/დაბალანსება, მაგრამ მისი საქმიანობის სპეციფიკის მხოლოდ შევსების/დახვეწის და არა დუპლიცირების მიზნით.
რამდენიმე გამონაკლისის გარდა (ისლანდის საპარლამენტო რესპუბლიკა, შვედეთის საპარლამენტო მონარქია, ახალი ზელანდიის კონსტიტუციური მონარქია და სხვ.), საპარლამენტო რესპუბლიკები და მონარქიები (რომლებშიც წამყვანი სახელისუფლებო რგოლი პარლამენტია) ფუნქციონირებენ, მხოლოდ და მხოლოდ, ბიკამერალური პარლამენტის პირობებში, ხელისუფლების ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწილების მაქსიმალურად დაბალანსებულ სტანდარტებზე დაყრდნობით.
საქართველოს კონსტიტუციის (შემდგომში - სკ) მეორე მუხლში მითითებულია, რომ „საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.“ იქვე მეოთხე მუხლი განსაზღვრავს: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან.“
სკ-ის ამ ჩანაწერის საფუძველზე, რამდენადაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და შიდა ქართლში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) საქართველოს იურიდიქცია, ამ ეტაპზე, de facto ვერ ვრცელდება, საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია. ამავე მიზეზით, სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საბოლოო ქართული მოდელი შეუმუშავებელია. ზოგადად, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის არსებული სტრუქტურა წარმოადგენს საბჭოთა ხელისუფლების დროინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თითქმის გადაუმუშავებელ ვერსიას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა რამდენჯერმე ჩატარდა, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალია.
ბოლო დროს, საპარლამენტო რესპუბლიკის სტანდარტებზე გადასვლის თემატიკამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. გასათვალისწინებელია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მხოლოდ ცალკეული ინსტიტუტების ამოქმედება (პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ჩათვლით), სკ-ით გათვალისწინებული ერთპალატიანი პარლამენტის არსებული მოდელის პირობებში (თუნდაც 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ), ვერ შექმნის შესაბამის კონსტიტუციურ პლატფორმას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელისუფლების უზურპაციის საფრთხის პრევენციისათვის.
ფრაგმენტული საკონსტიტუციო ცვლილებებით საპარლამენტი რესპუბლიკის ცალკეული სტანდარტის ამოქმედების შემთხვევაში, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ექცევა სერიოზული საფრთხის ქვეშ. სკ-ის მოქმედი ვერსიის და თუნდაც 2010 წლის ცვლილებების ფონზე, ეს უკანასკნელი ისედაც საკმარისად არის შელახული.
საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის ასამოქმედებლად აუცილებელია ხელისუფლების ვერტიკალური დანაწილების და ტერიტორიული მოწყობის პრინციპების გადასინჯვა, რეგიონალიზმის მინიმალურ სტანდარტებზე გადასვლა, რეგიონებისადმი თვითთმართველობის მაქსიმალური ხარისხის მინიჭებით. და ეს ყველაფერი საიმისოდ, რომ შეიქმნას პარლამენტის ზედა პალატა! უშუალოდ ფედერაციის დაფუძნება არც არის აუცილებელი. ბიკამერალური პარლამენტი უნიტარულ რესპუბლიკაშიც წარმატებით ფუნქციონირებს. შესაძლებელია შუალედური ფორმის გამონახვა ფედერაციასა და უნიტარიზმს შორის. რაც შეეხება აფხაზეთს და შიდა ქართლს (ე.წ. სამხრეთ ოსეთს), პარლამენტის ზედა პალატაში ამ რეგიონების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მოხერხდეს ნომინალურად - შესაბამისი წარმომადგენლების დასახელების მეშვეობით, საამისოდ უფლებამოსილი ლეგიტიმური რგოლის მიერ. ეს ყველაფერი საჭიროებს კონსტიტუციის ფუნდამენტურ რეფორმას, ხანგრძლივ სამუშაო პროცესს და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ ხელახალ ავტორიტარიზმს, ამჯერად, ერთპალატიანი „საპარლამენტო რესპუბლიკის“ ამპლუაში.
25.02.2013.