Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბალადა სივრცისთვის მებრძოლებზე

25 თებერვალი 2013

დღეს ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუჩას ზებრაზე გადადიოდა, მანქანამ გაიტანა. მან, რა თქმა უნდა, შენიშნა ავტომობილი, რომელმაც არ შეანელა, მაგრამ ახალგაზრდა არ აპირებდა საკუთარი უპირატესობის დათმობას, რომელიც ქუჩაზე გადასვლისას მძღოლთან მიმართებით გააჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მთავარმა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინციდენტის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა და ამ შემთხვევას უბედური უწოდა, შემდეგ კი შესაბამის სტატისტიკაში ასახა.

გუშინ ფეხით მოსიარულე ახალგაზრდამ მამაკაცმა ავტომობილის სავალი ნაწილის გადაკვეთისას გზა არ დაუთმო ავტომობილს, რასაც ამ უკანასკნელისგან გაბმული სიგნალი, მოძრაობის შეჩერება და კონფლიქტი მოყვა. მძღოლმა ქანჩის გამოყენებით მოკლა ფეხით მოსიარულე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მთავარმა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინციდენტის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა და ამ შემთხვევას შელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა უწოდა, შემდეგ კი შესაბამის სტატისტიკაში ასახა.

გუშინწინ მეზობლის ბავშვებმა საბურავები დაუხვრიტეს ეზოში ფეხბურთის სტადიონზე გაჩერებულ მანქანას. რასაც მესაკუთრის აღშფოთება მოყვა, გაბრაზებულმა ყური აახია ერთ-ერთ ბიჭს. მშობლისა და მძღოლის  ჩხუბი ამ უკანასკნელის მარჯვენა დუნდულაში დაჭრით დასრულდა. ჭრილობა სეკატორით იყო მიყენებული, რომელსაც დაზარალებული ბიჭის დედა საახალწლოდ შემწვარი გოჭის დასაჭრელად იყენებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მთავარმა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინციდენტის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა და ამ შემთხვევას საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად ჯანმრთელობის ნალებად მძიმე დაზიანება უწოდა, შემდეგ კი შესაბამის სტატისტიკაში ასახა.

გუშინწინისწინ პოლიციის ვერსიით ახალგაზრდამ, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, ტროტუარზე გაჩერებულ მანქანას წარმოსახვითი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადებულმა აღნიშნულ სამოქმედო კვადრატს მიმაგრებულმა ეკიპაჟმა ცეცხლი გაუხსნა კანონდამრღვევს, როდესაც ეს უკანასკნელი მეორე წარმოსახვითი ბოთლის სროლას მათი მიმართულებით აპირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მთავარმა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინციდენტის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა და ამ შემთხვევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს არსებული დასანანი მსხვერპლი უწოდა, შემდეგ კი შესაბამის სტატისტიკაში ასახა.

ეს ტრაგიკული ისტორიები ასახავს სოციალურ კონფლიქტს ელიტებსა და მარგინალებს შორის. ეს შემთხვევები აღწერს სტრუქტურულ ძალადობას ჩვენს ქალაქში და ჩვენს გვერდით. ეს შემთხვევები თავისუფლების მანიფესტებია.

ეს ახალგაზრდა ქალები და კაცები და ეს ბავშვები იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, იბრძვიან საკუთარი სივრცისთვის, საკუთარი წილი ჟანგბადისთვის და სუნთქვისთვის, ისინი ჭვრეტენ სივრცეს  და მომავალისკენ იხედებიან.

სახელმწიფო ვერასდროს ხედავს მოვლენათა მიზეზებს, სახელმწიფო გულგრილია, სახელმწიფო ებრძვის ზედაპირზე მოლიცლიცე მოჩვენებებს. სახელმწიფო ვერ ამჩნევს ჩვენს ნამდვილ პრობლემებს. სახელმწიფო არაადეკვატურია. ამიტომაც ვერასოდეს უმკლავდება გამოწვევებს. ამიტომაც ვულგარულად და ძალადობით ახშობს სამოქალაქო პროტესტს. ამიტომაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანების ადგილი მხოლოდ ზეციურ საქართველოშია. მათი სულები ქუჩებში დასრიალებენ და ავტომობილების ნაკადს კვეთენ, როგორც ყველს.

ვწერ იმ ადამიანებზე რომლებმაც გააცნობიერეს თავისუფლება, მათი მოქმედებები სტრუქტურისა და ძალაუფლების მუდმივი და ინსტიქტური უარყოფაა, რომელიც მუდმივად ემახსოვრება ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ერს. ჩვენი შვილები მათ მაგალითებზე გაიზრდებიან და სკოლაში ეროვნული სასწავლო გემით გაუთვალისწინებელი საგანისთვის გამოყოფილი თავისუფალი საათებისას ისწავლიან და ხორუმს იცეკვებენ. ვწერ ადამიანებზე, რომელთაც მოიპოვეს ბრძოლით საკუთარი თავისუფლება და ირონიულად გაუღიმეს მეწამულ მანტიაში გამოწყობილ მოსამართლეებს. იმ მომენტში მოიპოვეს თავისუფლება, როდესაც ზებრაზე საკუთარი უპირატესობა არ დათმეს, როდესაც ქუჩაზე გადასვლისას ფეხს არ აუჩქარეს, როდესაც ლურსმანი ღრმად შეიყვანეს რეზინის საბურავში, როდესაც სამართალდამცავთა ვერსიით მოლოტოვის კოქტეილის სასროლად აღმართეს ხელი და თვალებში ჩახედეს პოლიციელებს, სინამდვილეში კი ხელით ღრუბლებისკენ მიუთითეს, საიდანაც მეხი დაეცა ავტომობილს. ვწერ იმ ადამიანებზე რომელთაც გააცნობიერეს, რომ უფლებებისთვის ბრძოლა შენი წილი თავისუფალი სივრცის მოპოვებისთვის ბრძოლიდან იწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^