ბაზარი დღეს ძირითადად სამ სეგმენტად იყოფა. პირველი მოიცავს არარუტინულ, მაღალი კვალიფიკაციისა და შრომით ჩვევების სამუშაოს. რაც ვერ დაყვანება გარკვეულ ალგორითმამდე, ვერ გადაითარგმნებოდა კომპიუტერულ პროგრამად ან რობოტად და ასევე ვერ გაციფრულდება. ასეთი სამუშაო მოიცავს კრიტიკულ-ანალიტიკურ აზროვნებას, შემოქმედებითობას, წარმოსახვასა და იმპროვიზაციას, ლოგიკურ აზროვნებას, მათემატიკურ ჩვევებს, სწრაფი გადაწყვეტილებისა და სიტუაციის განსჯის უნარს. ის მოითხოვს რაღაც ახლის შექმნას - ახალი პროდუქტი, ახალი მომსახურება, ახალი ინტუიცია, ახალი ინვესტიცია, ახლებურად საქმეების კეთებას და ა.შ.
არარუტინული, მაღალკვალიფიციური სამუშაო, როგორც წესი, ინჟინრების, ეკონომისტების, პროგრამისტების, დიზაინერების, ფინანსისტების, მენეჯერების, სპორტსმენების, მუსიკოსების, ბუღალტრების, მსახიობების, შოუ ბიზნესის წარმომადგენლების, მეცნიერების, იურისტების, ექიმების, მწერლების, უნივერსიტეტის პროფესორების, არქიტექტორების, ტექნიკოსების, ელექტრიკოსების სფეროა. ამ სამუშაოს თანამედროვე გლობალიზაციისა და ტექნოლოგიურ რევოლუციის ნაზავი კი არ აუფერულებს, პირიქით, უფრო პროდუქტიულს ხდის. თუკი ამ არარუტინულ, მაღალკვალიფიციურ სამუშაოთა კატეგორიაში ხარ, მაშინ გლობალიზაცია და ტექნოლოგიური რევოლუცია შენი მეგობარია.
მეორე სეგმენტი რუტინული, საშუალო კვალიფიკაციის სამუშაოა, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობის სტანდარტიზირებულ, გამეორებად ამოცანებს. ასეთი სამუშაოები გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური რევულუციის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ისინი ადვილად შეიძლება „გაციფრულდნენ“, ალგორითმად იქცნენ და კომპიუტერული პროგრამის მიერ ადვილად დაიძლიონ.
სამუშაო ბაზრის მესამე სეგმენტი მოიცავს მუშაკებს, რომლებიც ასრულებენ არარუტინულ, მაგრამ ხელით შრომას, რაც უნარებს არ მოითხოვს. ასეთებია მცხობელი, მშენებელი მუშა, მძღოლი, პარიკმახერი, ძიძა, მეხანძრე, და ა.შ. ვერც ერთი რობოტი და კომპიუტერი ვერ შეცვლის მათ შრომას, მაგრამ დიდი ანაზღაურება, ასეთ სამუშაოს, როგორც წესი, არ მოაქვს.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ეკონომიკას ორი ტიპის მუშაკი ჰყავს - შემქმნელნი და მომსახურენი. შემქმნელნი ზრდიან პროდუქტიულობას, ხოლო მომსახურენი ძირითადად ამ შემქმნელებს ემსახურებიან. მრავალი მომსახურე ჩანაცვლდება კომპიუტერით, მანქანით და პროგრესით. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც თანამედროვე მუშაკები უნდა უსმევდნენ თავს, ასეთია - ვზრდი თუ არა ღირებულებას ჩემი განსაკუთრებულობით, უნიკალურობით და შეუცვლელობით? ვქმნი თუ არა დამატებით ღირებულებას რაღაც განსხვავებულად მიმზიდველი და ეფექტური ქმედებით?
ახალი სამყარო გამომგონებლების, ინოვატორების, მოაზროვნეების ხანაა, მათი, ვისაც სურთ შეცვალონ სამყარო, ემსახურონ სიკეთეს და გახადონ დედამიწაზე სიცოცხლე ცოტათი უფრო უკეთესი. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომლებიც შემოქმედებითი შემქმნელები და შემოქმედებითი მომსახურენი იქნებიან. ზოგი მათგანი ამას მოახერხებს ახალი პროდუქტის აღმოჩენით, ზოგი კი არსებული სამსახურისა და მომსახურების ახლებურად შესრულებით, რუტინული სერვისისათვის ახალი შთაგონების და შინაარსის მიცემით. ეს ახალი რეალობა იქნება ჩვენს ირგვლივ. ორგანიზაციები დღეს ითხოვენ ისეთ მუშაკებს, რომელთაც ძალუძთ კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნება, შეუძლიათ არარუტინული, რთული ამოცანების გადაწყვეტა და გუნდურ გარემოში ოპერირება, ხშირი ინოვაცია.
განუხრელი ინოვაცია დღეს უკვე ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა. ამ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება, გაკეთდება. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება ორგანიზაციებისთვის და ერებისთვის - შენ გააკეთებ თუ სხვა? თუ ჩვენ ვერ შევქმნით ეკონომიკურ რენესანს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ეფექტურ საგადასახადო სისტემას, სამართლიანი თამაშის წესებს, მაშინ ჩვენი კონკურენტები შექმნიან და ბიზნესიდან გაგვიყვანენ. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი ეროვნული უშიშროება და ყოფნა-არყოფნა ჩვენი განათლების სისტემის ხარისხზეა დამოკიდებული.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რენესანსი დამოკიდებულია ჩვენს სკოლებში მათემატიკის, ფიზიკის, წერის, ტექნოლოგიის, ჩვევების სწავლების დონეზე. ამის გარეშე არ იქნება ეროვნული უსაფრთხოება, ამის გარეშე არ იქნება ინდივიდუალური უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამიტომაც, ის ქვეყანა, ვინც პირველია განათლებაში, პირველი იქნება ეკონომიკაშიც.
განათლების სისტემის რეფორმა არ იქნება ეფექტური, თუ ჩვენი ერის მთავარი ამოცანა არ დავსახეთ, რომელიც იქნება მკაფიო, კონკრეტული, ხელშესახები და გასაზომი. ეს ამოცანა, ჩემი აზრით, უნდა იყოს 10 წელიწადში საქართველოს 15 ყველაზე განათლებულ ერთა შორის მოხვედრა. გაეროს ამ რეიტინგში მხოლოდ წარჩინებული ერები ხვდებიან. საგულისხმოა, რომ ეკონომიკური კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ორგანიზაციამ “The Economimist’s Intelligent Unit” სულ ახლახან გლობალური ტალანტის ინდექსი შექმნა, რომელიც ქვეყნების რანჟირებას შემდეგი სლოგანით ახდენს - „ტალანტი ახალი ნავთობია და ისევე როგორც ნავთობში, აქაც, მოთხოვნა დიდად აჭარბებს მოწოდებას“.
ამიტომაც ეკონომიკური რენესანი ყოველთვის განათლების რენესანსის კონტექსტში უნდა მოხდეს. ეკონომიკა და განათლება ერთი მონეტის ორი მხარეა. ეს მონეტა კი წარჩინებული საზოგადოებაა.
სკოლამდელი ასაკის განათლებით უნდა დავიწყოთ და მთავარი ყურადღება ბავშვებისთვის შემოქმედებითი აზროვნების სწავლებას უნდა მივაქციოთ. განათლების რეფორმის მთავარი ნიშანი უნდა იყოს ე.წ. “Student first“, „სტუდენტია მთავარი“ დამოკიდებულება. სასწავლო სისტემაში უნდა შემოვიღოთ მენტორის ინსტიტუტი. ყოველ ბავშვს უნდა ჰყავდეს უფროსკლასელი მენტორი. ამ უფროსკლასელი ბავშვის საბოლოო შეფასებაში გათვალისწინებულ იქნას მისი მენტორობისას გაწეული ძალისხმევა და ასევე, მისი პატარა მეგობრის სასკოლო წარმატება. ყველა მოსწავლეს უნდა ჰყავდეს აკადემიური მრჩეველი მასწავლებელთა რიგებიდან, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი „თავიანთი“ მოწაფეების აკადემიურ მოსწრებაზე.
ასეთი მიდგომა მოწაფეებს შორის ერთმანეთზე პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობას აამაღლებს, მათ მოქალაქეობის სულისკვეთებით გაზრდის და ამავე დროს, არც ერთი ბავშვი არ დაგვრჩება მასწავლებლის ყურადღების მიღმა. დღეს განათლება აღარ არის არჩევანი, აუცილებლობაა საშუალო ფენის შექმნისათვის, რომელსაც საზოგადოების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სიჯანსაღე ემყარება.