Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაციონალური “დიდი მიტინგის” თავისებურებანი

27 თებერვალი 2013

თუ “ქართულმა ოცნებამ” სერიოზული შეცდომები არ დაუშვა, ამა წლის 19 აპრილს საბოოლოდ გაქრება ილუზია “ნაციონალური მოძრაობასთან” დაკავშირებით და ცხადი გახდება, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ სექტასთან, რომელიც ძირითადად პრეზიდენტისა და ორმოციოდე დეპუტატისგან შედგება.

“ნაციონალების” მხარდამჭერთა რიცხვი არც მაშინ გაიზრდება, თუ “ქართული ოცნება” შეცდომების დაშვებას მოახერხებს, თუმცა, “ნაციონალების” ლიდერებს საბაბი მიეცემათ და მომხრეთა მცირერიცხოვნებას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლით ახსნიან – ევროპული ორიენტაციის ხალხს გვავიწროვებენო.

თავმოყვარე პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნების შედეგებს ქვეყნის ტრაგედიად მიიჩნევს, ერთ–ორ დემონსტაციას აქამდეც გამართავდა, თუმცა, როგორც ჩანს, “ნაციონალებმა” იციან, რომ არამცთუ რუსთაველის პროსპექტზე გამოსულთა რაოდენობით გააკვირვებენ ვინმეს, შარდენის ქუჩაზეც კი ხალვათად იქნებიან. ამიტომ, დიდი ალბათობით, მათი მიზანს დემონსტრაციის ჩატარება კი არ წარმოადგენს, არამედ – რაიმე საბაბის პოვნა მის ჩასაშლელად, რათა შინ და გარეთ პიარი ააგორონ, პოლიტიკური მრწამსის გამო ვიდევნებითო.

მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ ხოლმე საკუთარი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, თუ საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას ფლობენ.

წლების განმავლობაში მთელი რიგი ინსტიტუტების მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და ფალსიფიცირებული მონაცემების გავრცელება სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ  ქვეყანა ერთ მცირე ჯგუფს ემართა და ეკონტროლებინა.

არც ის არის ძნელი შესამჩნევი, დღესაც როგორი დაჟინებით ცდილობენ იგივე ინსტიტუტები საზოგადოებრივი აზრის შესწავლა–გავრცელებაზე მონოპოლიის შენარჩუნებას.

დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიები დემონსტრაციებს მართავენ საკუთარი იდეების პროპაგანდირების, საზოგადოების ყურადღების მიქცევის და მომხრეთა რაოდენობის დემონსტრირების მიზნით.

სწორედ ამიტომ, საზოგადოებამ ყველა პირობა უნდა შექმნას, რათა “ნაციონალურმა მოძრაობამ” სრულად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და თავისი მხარდამჭერების რაოდენობის დემონსტრირება.

საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რას წარმოადგენს დღეს “ნაციონალური მოძრაობა” – ეს სჭირდებათ მის მომხრეებსაც, მოწინააღმდეგეებსაც და ნეიტრალურად განწყობილებსაც.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითად საინფორმაციო საშუალებებს “ნაციონალები” აკონტროლებენ, ხოლო დანარჩენებს იოლად ახვევენ თავს საკუთარ დღის წესრიგს, შემდგომი ორი თვის განმავლობაში საქართველოში არავინ დარჩება, ვისაც არ ეცოდინება 19 აპრილს რუსთაველზე დაგეგმილი დემონსტრაციის შესახებ.

თბილისის მერიაც, ტრადიციისამებრ, ალბათ, ყურადღებას არ მოაკლებს აქციას – გამოყოფს უფასო ტრანსპორტს და, მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილი სამუშაო დღეა, დემონსტრატებისთვის, ჟურნალისტებისთვის და უცხოელი სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, გადაკეტავს პროსპექტსაც.

ასე რომ, “ნაცმოძრაობას” ორგანიზაციული პრობლემები წესით არ უნდა შეექმნას.

იმის გონივრული იმედიც არსებობს, რომ შსს ყველა ზომას მიიღებს, რათა პროვოკატორებმა დემონსტრაციის დარბევა არ გაითამაშონ, ან მართლაც არ ცადონ დარბევა იმ მოქალაქეებმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის აღდგენა სასურველზე ნელა მიმდინარეობს.

ამ პროცესში “ქართულ ოცნებას” მხოლოდ ის მოეთხოვება,  რომ თავის ცნობისმოყვარე მომხრეებს მოუწოდოს, არ მიუახლოვდნენ დემონსტრანტებს, რათა თავადაც მათ სათვალავში არ აღმოჩნდნენ.

19 აპრილის 16 საათიდან საღამომდე რუსთაველის პროსპექტი საზოგადოებამ მთლიანად “ნაციონალებს” უნდა დაუთმოს.

ერთგულების ტესტი

დემონსტრანტები აპირებენ მოითხოვონ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ იაროს, რაც, მათივე განცხადებით, მათთვის სიცოცხლეზე მიშვნელოვანია. ალბათ, მოითხოვენ დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებასაც, რომელთა რაოდენობამაც იმ დროისთვის შეიძლება მოიმატოს და, ასეთი მოთხოვნების ფონზე, ნათელია, რომ ვინც “ნაციონალური მოძრაობის” გულშემატკივრად მიიჩნევს თავს და სიარული შეუძლია, იმ დღეს სახლში ვერ დარჩება. ამ თვალსაზრისით 19 აპრილი ერთგულების ტესტიც კი იქნება.

აქედან გამომდინარე, რუსთაველზე “ნაციონალები” სრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილები, რადგან აქციაზე მისულთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რით დასრულდება ორი თვით ადრე რიხით დაანონსებული “დიდი მიტინგი” – “ნაციონალების” რეინკარნაციით თუ საკუთარი ხელით გათხრილი პოლიტიკური სამარით!

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მტკივნეულად განიცდის “ნაციონალების” დაბრუნების შესაძლებლობას და ამის გამო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს “ქართულ ოცნებას”, 19 აპრილის შემდეგ გაცილებით კრიტიკული გახდება ხელისუფლების მიმართ, რაც გამოაფხიზლებს მმართველ ძალასაც, რომელსაც ბოლომდე დისკრედიტირებული მოწინააღმდეგესთან შეჯიბრის გაგრძელება თვითტკბობით გატაცების საფრთხეს უქმნის, რისი ნიშნებიც იგრძნობა.

ასე რომ, 19 აპრილის დემონსტრაციის ნახვა ძალიან სჭირდება საზოგადოებას.

გონივრული ეჭვი

და მაინც, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ “ნაციონალებს” სინამდვილეში დემონსტრაციის ჩაშლა და საკუთარი თავის პოლიტიკურ დევნილებად წარმოჩენა სურთ. სწორედ ამიტომ, მათ არ უნდა მიეცეთ დაანონსებული დემონსტრაციის არჩატარების საბაბი, ვინაიდან, სწორედ ეს დემონსტრაცია დაანახებს ყველას, სინამდვილეში რასაც წარმოადგენენ დღეს ნაციონალები.

არსებულ გონივრულ ეჭვს საკმარისი საფუძველი აქვს.

პირველ რიგში “ნაციონალებს” უნდა ახსოვდეთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსის უმოწყალოდ ექსპლუატაციისა, წინასაარჩევნო მიტინგზე ვერ შეძლეს სტადიონის სანახევროდ გავსებაც კი. არჩევნების შემდეგ კი მათი რიგები კიდევ უფრო შეთხელდა.

“ნაციონალები” თითქოს ეგუებოდნენ მხარდამჭერთა დაკარგვას და პოლიტიკურ ბრძოლას ძირითადად კამერულ ვითარებაში და ლობისტების მეშვეობით ცდილობდნენ, ამიტომ ძალის დემონსტრირების მცდელობა და “დიდი მიტინგის” დაანონსება საკმაოდ მოულოდნელი იყო.

თუ “ნაციონალები” იმდენად მხნედ გრძნობენ თავს, რომ მზად არიან, მრავლისმნახველ რუსთაველის პროსპექტზე დაანახონ ხალხს თავისი ძალა, რა საჭირო იყო დემონსტრაციის ორი თვით ადრე გამოცხადება?!

დიდი ხნით ადრე აქციის დაანონსებას აზრი მაშინ აქვს, როცა მზადდება ხელისუფლების შეცვლაზე ორიენტირებული გრანდიოზული დემონსტრაცია.

ძნელი დასაჯერებელია, რომ “ნაციონალებს” ასეთი “დიდი მიტინგის” იმედი ჰქონდეთ.

საქართველოში, სადაც ერთი მოწოდებით მეორე დღეს 15–20 ათასიანი და უფრო ხალხმრავალი მიტინგიც ბევრჯერ შეკრებილა, უცნაურად ჩანს ორი თვით ადრე ისეთი მიტინგის გამოცხადება, რომელიც მხოლოდ თავისი სიმცირით თუ გააკვირვებს ვინმეს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მიტინგის ორგანიზატორებმა არ წამოაყენეს მოთხოვნები, რითაც შეძლებდნენ ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოთა მობილიზებას. რუსთაველზე გაცილებით მეტი მოქალაქე მივიდოდა, თუ “ნაციონალური მოძრაობა” თავის მოთხოვნებში შეიტანდა სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებას, წართმეული საკუთრებების დაბრუნებას და დამნაშავეთა დასჯას..

“ნაციონალები” რომ არავითარ “დიდ მიტინგს” არ გეგმავენ, ამაზე მეტყველებს მიტინგის თემაც. მიტინგის მოწყობა იმის სათქმელად, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა, არ არის იმ ტიპის მოწოდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გამოიყვანს. არა იმიტომ, რომ ვინმეს ევროპა არ სურს. პირიქით, ამ მიმართულებით ყველაფერი გარკვეულია და, გაუგებარია, რატომ უნდა გამოვიდნენ მოქალაქეები ქუჩაში იმ მოთხოვნით, რასაც ეჭვქვეშ არავინ აყენებს?!

დიდი ხნის წინ გაკეთებული არჩევანი

საქართველოს ევროპული გზა, ევროპული ცივილიზაციის წევრობა არ წარმოადგენს იმ არჩევანს, რომლის წინაშეც დღეს დადგა ქვეყანა და ვინმეს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს. ქრისტიანობის მიღებით დიდი ხნის წინ გაკეთდა ასეთი არჩევანი, რაც ერის მახასიათებელ კუტურულ–მსოფლმხედველობრივ მოცემულობად იქცა და საფუძვლად დაედო ქართულ ფენომენს.

საქართველოს სხვა არჩევანი უბრალოდ არა აქვს და საქართველოს ისტორია სწორედ ამ არჩევანის დაცვას წარმოადგენდა. ერეკლე მეფის მხრიდან რუსეთზე ორიენტირება და ირან–ოსმალეთისთვის ზურგის შექცევა სწორედ ევროპული ორიენტაციის გამოხატულება იყო.

პეტერბუგში განათლების მისაღებად წასული თერგდალეულები ევროპისკენ კვალავდნენ გზას, რის წყალობითაც მე–20 საუკუნის დასაწყისში უკვე ასობით ახალგაზრდა სწავლობდა ევროპის უნივერსიტეტებში და თბილისში შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის დაარსება, რომელიც ევროპულ განათლებას ავრცელებდა.

საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც ევროპის გზა ხელოვნურად ჩაიკეტა, საქართველომ არ გადაუხვია განვითარების მაგისტრალურ ხაზს, იზოლაციის პირობებშიც შეინარჩუნა ევროპასთან სულიერი კავშირი და რაც ფასეული შეიქმნა იმ პერიოდში, ყველაფერი ევროპული კულტურის ნაწილია.

განათლების ხარისხიდან გამომდინარე, რომელიმე გულუბრყვილო პარტაქტივისტს შეიძლება მართლაც სჯეროდეს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი მისი პარტიული ლიდერების მოღვაწეობის შედეგია, თუმცა, მონდომების შემთხვევაში, საკუთარ თავზე მუშაობით და სწორად შერჩეული ლიტერატურის კითხვით ამ ხარვეზის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია.

ქვეყნის სინგაპურიზაცია – ადამიანების ჭანჭიკიზაცია

ცბიერი ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული არჩევანისადმი მიძღვნილ “დიდ მიტინგს” გეგმავს მაინცდამაინც ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალადობით, ტვინების გამორეცხვით და ცემა–ტყეპით სწორედ ევროპის საწინააღმდეგო მიმართულებით მიყავდა ქვეყნა.

“ნაციონალების” მიერ აგრერიგად გაიდეალებული სინგაპურიზაცია ნიშნავს აზიურ დესპოტიას, სადაც მკაცრი ავტოკრატი ერთპიროვნულად მართავს ჭანჭიკებად ქცეულ, უენო, მორჩილ ადამიანებს.

ადამიანების ჭანჭიკიზაცია და ქვეყნის სინგაპურიზაცია ევროპისკენ სვლას კი არ ნიშნავს, არამედ – პირიქით, ანტიევროპული მსოფლმხედველობის და კულტურის გამოვლინებას წარმოადგენს.

“ნაციონალების” ლიდერებმა 19 აპრილის მიტინგზე მაინც უნდა ახსნან, თუ მაინცდამაინც “საზღვარგარეთიზაცია” ჰქონდათ მიზნად დასახული, რაღა სინგაპური მოეწონათ ყველაზე მეტად, სადაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო რამდენიმე ათწლეულში ადგილობრივი მოსახლეობა დიდ უმცირესობაში აღმოჩნდა ჩამოსახლებულ ჩინელებთან შედარებით.

თუ ევროპული გზა ასე მნიშვნელოვანი იყო “ნაციონალებისთვის”, რატომ სინგაპურიზაცია და რატომ არა, ვთქვათ, ავსტრიიზაცია, ან ფინეთიზაცია, ან შვეიცარიზაცია, ან დანიიზაცია ან, თუნდაც, ჰოლანდიიზაცია?!

რა დაეწუნებათ ამ ქვეყნებს – მოქალაქეთა კეთილდღეობის დონე, სოციალური დაცვის ხარისხი, ეკონომიკის განვითარება და მოდერნიზაციის ტემპი თუ ტურისტების რაოდენობა?!

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია.

თანამედროვე ევროპაში სრულიად გამორიცხულია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელმა პოლიტიკურმა ჯგუფმა “მათრახით და რკინის ხელით” თავის ნებაზე მართოს ქვეყანა.

სამაგიეროდ, სწორედ ასე იმართება სინგაპური.

სინგაპურიზაცია, პირველ რიგში, სწორედ დემოკრატიის შეზღუდვას ნიშნავს და სინგაპურიზაციის გამოცხადება ქვეყანაში, რომელმაც საბჭოთა კავშირში არსებულ მატერიალურ კეთილდღეობაზე უარი თქვა ევროპული დემოკრატიის მოსაპოვებლად, საზოგადოების აბუჩად აგდებას ნიშნავს.

სამაგიეროდ, სინგაპურიზაციის მოდელი უზრუნველყოფდა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში უვადოდ ყოფნას და კეთილდღეობაში ჭუპჭუპს. იქნებ ამიტომაც იყო, რომ ნაგვის გადასახადებიდან ნაკვები ყოფილი ხელისუფლების ინტელექტუალური ელიტა ერთი ხელით ევროპეიზმის და ლიბერალიზმის დროშას აფრიალებდა, ხოლო მეორეთი კი გუნდრუკს უკმევდა სინგაპურიზაციის იდეას.

და ვითომც ყველაფერი ეს არც არასდროს მოგვისმენია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უეცრად შეწყვიტა სანუკვარ სინგაპურზე მუსაიფი და გამოაცხადა, ევროპისკენ მიმავალ გზას ვადგებითო. 

როგორც ჩანს, 19 აპრილს საქართველოში უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ სინგაპურიზაციის იდეას. და რადგან გასვლის თარიღი უკვე გამოცხადდა, იმედია, რომ ქართული საზოგადოება ძველ წყენას ყურადღებას არ მიაქცევს, გვერდში ამოუდგება ყოფილ მმართველ პარტიას და ასეთ სასარგებლო და დროულ ღონისძიებას აღარ გადაადებინებს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^