დღეს თსუ-ში აკადემიური რეგისტრაცია დაიწყო, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ სრულიად თსუ-ს სტუდენტობა კომპიუტერთან ზის და ამაოდ ელის საგნების არჩევას.
ჯერ იყო და რეგისტრაციის თარიღი რამდენჯერმე შეცვალეს. მერე, როგორც იქნა, ჩამოყალიბდნენ და 28 თებერვლის 12 საათზე გახსნეს ბაზები. გახსნეს, ეს პირობითად, თორემ თსუ-ს ბაზამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და გაჭედა.
ჩვენს გვერდებზე თითქმის ყველა რამდენიმეწუთიანი დაგვიანებით შევედით. საგნების უმეტესობას ეწერა, ადგილები შევსებულიაო. თუმცა საინტერესოა როგორ, როცა საგნებს ვერავინ ირჩევდა.
თუ გაგიმართლათ და ბაზაში შეაღწიეთ, ახლა იმაზე უნდა იმტვრიოთ თავი, რომელი საგანი აირჩიოთ. პირადად მე ჩემი მიმართულების საგნების გარდა ყველაფერი ავირჩიე. რადგან ჟურნალისტიკის საგნები ან ძალიან მწირი რაოდენობითაა და უკვე გავლილი მაქვს, ან ადგილებია ძალიან ცოტა და როგორც ამბობენ, ყველაფერი დასწრებაზეა.
ვინმე ამიხსნის, რატომ უნდა სწავლობდეს ჟურნალისტი კვების ტექნოლოგიებს, მეგრული ენის გრამატიკას, ასირიული ენის შესავალს, დედამიწის ფიზიკასა და რომანის კრიტიკას?!
თსუ-ს სტუდენტების პრობლემებმა დღეს, მგონი, სრულიად სოციალური ქსელები მოიცვა. როგორც იქნა, ავირჩიეთ საგნები, მერე რა რომ მათი 99% საერთოდ არაა ჩვენს პროფესიასთან კავშირში?! მაგრამ არ იფიქროთ, რომ პრობლემები აქ მთავრდება. ჯერ სად ხართ?! სწავლა დაიწყება და აღმოჩნდება, რომ არჩეული 6 საგნიდან 5 ერთმანეთს ემთხვევა.
არ იფიქროთ, რომ ეს პრობლემები მხოლოდ ჩვენ გვაწუხებს. თსუ-ს სტუდენტებს მსგავსი პრობლემები წლების წინაც ჰქონდათ. თუმცა უნივერსიტეტის პასუხი უცვლელია - “ვიცით, რომ პრობლემები გაქვთ და ჩვენ მათ გამოსწორებაზე ვმუშაობთ.” თუმცა ყოველი სემესტრის დაწყებისას ნათლად ვხედავთ, რას აკეთებს თსუ-ს ხელმძღვანელობა სტუდენტობის პრობლემების მოსაგვარებლად.