Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაციონალური მოძრაობის აღსასრული

05 მარტი 2013

ძალიან ცოტა იყო ისეთი ადამიანი, ვისაც შეიძლებოდა ეწინასწარმეტყველა და გამოეცნო თუ როგორ ჩატარდებოდა 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები. ერთი მხრივ, არსებობდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დათმობდა ხელისუფლებას, ხოლო მეორეს მხრივ არსებობდა მოცემულობა – მათ წინააღმდეგ განწყობილი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.  ყოფილი მმართველი პარტიის დღევანდელი აქტივობა მათი საარჩევნო სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელიც იმსახურებს ყურადღების მიქცევას.

1 ოქტომბერს არჩევნების ბედი მართლაც კონკრეტული მოქალაქეების მიერ საარჩევნო უბნების კონკრეტულ ყუთებში ბიულეტენებმა გადაწყვიტა. პირველი, რა დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ საქართველოს ამომრჩევლებმა, არის ის, რომ ხმის მიცემის პროცედურას ალტერნატივა არ აქვს და რაც არ უნდა სკეპტიკურად ვეკიდებოდეთ ჩვენს ერთ ხმას, სწორედ ეს ხმა განაპირობებს არჩევნების შედეგს და ხალხისგან ძალაუფლების მიღების ლეგიტიმაციას.

ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელზეც დიდადაა საქართველო დამოკიდებული და რომელიც 1 ოქტომბერს ათასობით დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი საარჩევნო უბნებზე, დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებას, რაც პირველ რიგში ნიშნავს მოსახლეობის მიერ ყუთებში ჩაყრილი ხმების ზუსტ ასახვას შემაჯამებელ ოქმში. 

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატებით გაიტესტა ტაქტიკა, როდესაც არ აყალბებ ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და არ ეწევი სხვადასხვა აპრობირებულ მანიპულაციებს ხმის მიცემისას თუ ხმების დათვლისას, რომლის მდიდარი გამოცდილებაცაა დაგროვილი პარტიულ საქმიანობაში და მთელი აქცენტი გადაგაქვს წინასაარჩევნო პერიოდზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთწლიანმა ქრონიკამ ჩვენ წარმოგვიდგინა სრული პალიტრა ყველა იმ შესაძლო თუ შეუძლებელი ქმედებებისა, რაც კი შეიძლება განახორციელოს ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის დასამარცხებლად. ვერცერთი ევროპელი დამკვირვებელი ვერ შეძლებდა გარკვეულიყო მანიპულაციათა იმ ველურ სპექტრში, რასაც ნაციონალური მოძრაობა ეწეოდა წინასაარჩევნოდ.  მთელი მათი 9 წლიანი მმართველობა დამყარებული იყო ძალადობაზე და მხოლოდ უფრო მეტი ძალადობით თუ შეძლებდნენ ხელისუფლების  შენარჩუნებას. ამისთვის მათ არ დაზოგეს არავითარი საშუალება და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კინაღამ მიაღწიეს კიდეც მიზანს.  მათ ძალიან ცოტა დააკლდათ გამარჯვებისთვის და საბედნიეროდ ისინი დამარცხდნენ.

პირადად მე ღრმად მწამდა, რომ ნაციონალური მოძრაობა წავიდოდა ხელისუფლებიდან, მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავდი ქმედით მექანიზმს. მათ ჰქონდათ ყველა მიზეზი საიმისოდ, რომ არ დაეთმოთ ძალაუფლება. მაგრამ მათი მმართველობის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელი იყო არსებულ ისტორიულ კონტექსტში, ეს ეწინააღმდეგებოდა ყველა კანონზომიერებას.

არჩევნებში დამარცხებისა და ძირითადი ხელისუფლების დათმობის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წინაშე დადგა ძალიან კონკრეტული და პრაგმატული ამოცანები.  ნაციონალებმა იციან, რომ მათი ელექტორატი ნულზეა დასული, არ არსებობს არავითარი 40 პროცენტიანი მხარდაჭერა და მათ მიერ შექმნილი მითი ქართული სინგაპურის შესახებ გაქრა.  მათი ამოცანაა მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ ჯერ კიდევ არსებული ყველა ბერკეტი და პლატფორმა სტატუს–კვოს შესანარჩუნებლად: თქვენ გითმობთ ცენტრალურ ხელისუფლებას, მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მაგრამ დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან და სუფთა ფურცლიდან, თავი დაანებეთ წარსულს, ჩვენს შეცდომებს, თუნდაც დანაშაულებს და იმ გავლენას რასაც ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ.

სასურველი მიზნის მისაღწევად ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერისთვის რომ არ არსებობს თემა, რასაც ვერ შეეხება, ტყუილი, რომელსაც ვერ იტყვის, რაც არ უნდა ქვეყნის ინტერესების საზიანო იყოს.

თუ ამგვარ ქმედებას პროვოკაციაში ჩამოვართმევთ, არც ამის გამო გაწითლდება. შეიძლება საპირისპიროშიც გამხილოს. სწორედ ამგვარად, რამდენიმე წლის წინ გორის ერთ–ერთ ქუჩაზე მისი სიცოცხლის დასაცავად გადაფარებული პირადი დაცვა დღეს მის საკონტროლოდ მიჩენილ აგენტურად იქცა. ისინი აანონსებენ მიტინგებს, ცოცხალ ჯაჭვებს, ებრძვიან სტალინს, აფეტიშებენ რეიგანს და ცოდვილობენ სასამართლო სხდომებზე მხარდამჭერების მობილიზაციისათვის. არა რუსეთს, ოკუპაციას, კი დასავლეთსა და ნატოს. ისინი იცავენ ქვეყნის თავისუფლებას და გვპირდებიან დაბრუნებას. ჭეშმარიტად, ვიდრე საზოგადოებაში არსებობს ნაციონალური მოძრაობა და მისგან გენერირებული საფრთხის განცდა, არაფერი ემუქრება "ქართული ოცნების" მზარდ ჰეგემონიას.

ცხადია, არ მოხდება არავითარი ფუნდამენტური ცვლილება და მთავრობის დათხოვნა, თუმცაღა ნაციონალური მოძრაობა წავა ყველანაირ პროვოკაციაზე, რათა მოახდინოს "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია, ხელი შეუშალოს თუნდაც მცირე წარმატების მიღწევაში და რაც შეიძლება მეტი სავაჭრო თემა შექმნას საკუთარი რესურსის შესანარჩუნებლად.  პარტიის დასასრული გარდაუვალია, ხოლო მითი მათი სიცოცხლისუნარიანობისა და დროებით ხელისუფლების გადაცემის შესახებ პარტიის სტრატეგიის ნაწილი.

19 აპრილს დაგეგმილი არარსებული ნაციონალური „კუნთის“ თამაში დაახლოებით თვენახევარს აძლევს პარტიას იმისათვის, რომ ჯერ კიდევ კვებოს ფუჭი მოლოდინით აქა–იქ შემორჩენილი მხარდამჭერები, რომ ისინი დაბრუნდებიან, რომ ბევრნი არიან, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება, არათუ ხალხში გამოჩენის, არამედ იმ ადგილზე მიტინგის გამართვის, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხის მეხსიერებაში.  ცხადია, ისინი შეეცდებიან რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზებას, რათა გადაკეტონ ქუჩა, ხოლო პოლიციას მოთხოვენ მათი უფლებების რეალიზების დაცვას. ისინი შეეცდებიან ისეთივე ზედაპირულობით გაითამაშონ ერთ დროს მათ მიერვე დევნილი ოპოზიციის როლი, როგორი ზედაპირულობითაც მართავდნენ ქვეყანას.  შეიძლება ითქვას, რომ 19 აპრილს დაიწყება საარჩევნო კამპანია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელსაც, ცხადია, წააგებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალები დაკარგავენ ქვეყნის პრეზიდენტის პლატფორმას, შეიცვლება კონსტიტუცია და ყველა პრივილეგია სხვადასხვა საკვანძო თანამდებობებზე პირების დანიშვნისა გადავა პრემიერის ხელში.  ამის შემდეგ პარტია ნაციონალური მოძრაობის სახელწოდებით გაუქმდება.  ეს სახელწოდებაც და მისი ბობოლა სახეებიც ისევე გადაინაცვლებენ ჩრდილში, როგორც მოხდა მოქალაქეთა კავშირისა და მისი ფუნდამენტური სახეების შემთხვევაში.  ჩვენ ვიხილავთ ნაციონალური მოძრაობის სამართალმემკვიდრე პარტიას, რომლის შეცვლილ სახელწოდებაში აუცილებლად იქნება ჩართული სიტყვა "დასავლეთი" გარდა ვიზუალური რებრენდინგისა, პარტია ჩამოაყალიბებს კარგად შეთხზულ მესიჯბოქსს, რომელიც გაჟღენთილი იქნება მოდერნიზაციისა და დასავლური ვექტორის ამსახველი ტერმინოლოგიით, წინა პლანზე წამოიწევა პარლამენტში დაბინავებული ახალგაზრდა აქტივი, ხოლო გამოცდილი დამფუძნებელი მამები გადაბარგდებიან კულისებში, იქ სადაც პარტიის ფინანსური ბერკეტები და ინტერესებია სამართავი.  ამგვარად განახლებულ პარტიას ვიხილავთ ჩვენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას.

წლების შემდეგ დღეს ახალგაზრდა დეპუტატებს ისევე წამოაძახებენ აღარარსებული პარტიის ყოფილ წევრობას, როგორც დღეს ბარამიძე–მაჭავარიან–გოგორიშვილს აძახებენ მოქალაქეთა კავშირის წევრობასა და ხელისუფლებაში ყოფნას.  თუმცა ეს გარემოება არც მათ და არც უამრავ სხვა პოლიტიკურ ბედისმაძიებელს ხელს არ შეუშლის საზოგადოებრივ ავანსცენაზე დგომაში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^