საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობების შეფასების კრიტერიუმად არაერთ ფაქტორს იყენებენ, რომელთა შორისაც დინამიკური ეკონომიკური ზრდის მიღწევა-შენარჩუნება უმთავრეს ფაქტორად არის მიჩნეული, მას მოჰყვება დაბალი ინფლაცია, უმუშევრობის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი, ხარისხიანი ჯანდაცვა ხელმისაწვდომი ფასით, დაბალი კრიმინოგენული ფონი, საყოველთაო განათლების სისტემა მაღალი აკადემიური მიღწევებით, ჯანსაღი გარემო და ა.შ
მაგრამ სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუტანის სამეფოს მიერ წარმოდგენილ კონცეფციას ერთიანი ეროვნული ბედნიერების შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური განვითარების საბოლოო მიზანი საზოგადოების ბედნიერება უნდა იყოს. ბედნიერების განცდას მხოლოდ მატერიალური განვითარება ვერ განსაზღვრავს. ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ის ფრთხილად უნდა იყოს დაბალანსებული სულიერი სიჯანსაღით, ბუნების დაცვით და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების ხარისხით.
ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი მთლიან ეროვნულ შემოსავალს და მთლიან ეროვნულ ბედნიერებას შორის.
მთლიანი ეროვნული ბედნიერება ეფუძნება 4 ბურჯს:
- ბუნების დაცვა
- ეროვნული კულტურის განვითარება-დაცვა
- ეფექტური და სამართლიანი ეკონომიკური განვითარება
- ეფექტური ე.წ. Good governence მმართველობა, აქტიური მოქალაქეობა, სამართლიანობა და სიბრძნე.
რად გვინდა ეკონომიკა ბედნერების გარეშე, რაშია ეკონომიკის საზრისი თუ არა ბედნიერების შექმნაში?!
სულიერი, კულტურული და ეკონომიკური ფაქტორები ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს, ამის გარეშე ბედნიერება ვერ მიიღწევა.
პროგრესული ქვეყნების სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობა აქცენტს აკეთებს სწორად დაბალანსებულ ეკონომიკურ განვითარებაზე და მთლიანი ეროვნული ბედნიერების მიმართულებაზე.
დღეს მსოფლიო ახალი ეპოქის მიჯნაზე დგას. ადამიანური განვითარების ახალი ეტაპი ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანიდან ფსიქოტექნოლოგიების ხანაში გადასვლას გულისხმობს.
ეს იქნება ხანა, როცა საზოგადოების მთავარ ორიენტირად ადამიანის თვითრეალიზების სტრატეგია იქცევა. ეს იქნება ადამიანის შიდა რესურსების განვითარების, მისი შინაგანი ძალის და შემოქმედებითობის გამოვლინების ხანა. ეს შესაძლებლობები კი თითოეულ ჩვენგანში დაბადებიდანვეა დავანებული.
ყველგან, აკადემურ წრეებშიც და ბიზნესშიც, ადამიანები მისდევენ ბედნიერების ძველ ფორმულას - ”თუ იშრომებ, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ და თუ წარმატებული გახდი, ბედნიერი იქნები”. მაგრამ, როგორც ადამიანის ტვინის შესახებ თანამედროვე მეცნიერული კველევები ადასტურებს, ეს ფორმულა არასწორია და პირიქით მუშაობს - წარმატება არ არის ბედნიერების მთავარი გასაღები, არამედ ბედნიერებაა წარმატების მთავარი წყარო და გასაღებიც. თუ ადამიანი შეძლებს საკუთარი ტვინის პოზიტიურად მართვას, მისი წარმატების დონე აიწევს, მისი შრომა უფრო პროდუქტიული, სასიამოვნო და აზრიანი იქნება.
ასე რომ, ამ ფორმულის შეტრიალებით, დრამატულად გავზრდით ჩვენი ტვინის პოტენციის კაპიტალიზაციას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ვიქნებით უფრო ბედნიერი აქვე, ამ წუთას, აწმყოში.
მთლიანი ეროვნული ბედნიერების კონცეფცია განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ბრიტანეთში პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონის მთავრობის დროს. 2006 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერების მსოფლიო რუკასაც აწარმოებს. მეცნერებისათვის პროგრესის შეფასება ხალხის მთლიანი ეროვნული ბედნიერების მიხედვით სულ უფრო საინტერესო ხდება. მატერიალური პროგრესი კარგია, ფული კარგია, მაგრამ არა ბუნების, კულტურისა და ზოგადად ცხოვრების ხარისხის ხარჯზე, არამედ მასთან ჰარმონიით.
გაერომ მსოფლიო ბედნიერების რუკის და მსოფლიო ღირებულებების ჯგუფის გამოკითხვით დედამიწაზე 10 ყველაზე ბედნიერი და 10 ყველაზე უბედური ადგილი გამოაქვეყნა.
ბედნიერი სახელმწიფოების სია:
1.კოსტა-რიკა, 2.დანია, 3.ისლანდია, 4.შვეიცარია, 5.ფინეთი, 6.მექსიკა, 7.ნორვეგია, 8.კანადა, 9.პანამა, 10.შვედეთი . . . 20.აშშ
უბედური სახელმწიფოების სია:
1.ზიმბაბვე, 2.სომხეთი, 3.მოლდოვა, 4.ბელორუსი, 5.უკრაინა, 6.ალბანეთი, 7.ერაყი, 8.ბულგარეთი, 9.საქართველო, 10.რუსეთი.
ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმ ერების ნაბიჯებს, რომლებიც ბედნიერ სახელმწიფოებში ცხორობენ და მათი გამოცდილება გავითვალისწინოთ. ამასთან, ყველამ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვები:
ვარ ბედნიერი? რა უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში, რათა დავიბრუნო ბედნიერება?
მეცნიერება იკვლევს არა მხოლოდ ბედნიერების ბუნების განმარტებას, არამედ პიროვნული ბედნიერების გაუმჯობესების გზებს ეძებს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, საბოლოოდ მაინც ბედნიერებისკენ არის მიმართული. ჩვენ არ გვსურს სიმდიდრე, წარმატება, პრესტიჟი თავისთავად. ჩვენ გვინდა ყველაფერი ეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ყოველივე ბედნიერებას მოგვიტანს. ბედნიერებას კი ვესწრაფვით არა იმიტომ, რომ კიდევ სხვას რაიმეს შეგვძენს, არამედ ბედნიერებაა საბოლოო მიზანი და ბედნიერება გვსურს თავად ბედნიერებისათვის.
ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ბედნიერება ნიშნავს კარგ ხასიათზე ყოფნას და სიხალისეს. ხასიათზე ყოფნა ბიოქიმიური კონდიციაა, ემოცია გარდამავალი გრძნობაა. ბედნიერება კი ძირითადად ცხოვრების წესია, ზოგადი განწყობაა, რომელიც ეფუძნება ოპტიმიზმს, გამბედაობას, სიყვარულს და თვითრეალიზაციას.
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანის ბედნიერების 50% განპირობებული გენეტიკით, 10% ცხოვრებისეული გარემოებებითაა განპირობებული და 40% გამოწვეულია იმით, თუ რას ვფიქრობთ და რა ქმედებებს ვახორციელებთ ყოველდღიურად. ე.ი. ჩვენზე ბოლომდე დამოკიდებული მხოლოდ 40%-ია და ამიტომაც - მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ამ ჩვენზე დამოკიდებული 40%-ის ბოლომდე გამოყენებას!
ყოველი ჩვენგანი იბადება ბედნიერების წინასწარგანსზღვრული ე.წ. საწყისი ქულით, ზოგი - დაბლით, ზოგი კი - მაღალით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი ბედნიერების დონის გაზრდა. შეგვიძლია 40%-ის ფარგლებში ჩვენი ბედნიერების დონე გავზარდოთ.
ბედნიერი ადამიანები ესწრაფვიან ახალი მიღწევებს, აკონტროლებენ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, ოპტიმისტები არიან და სწამთ, რომ მომავალში კიდევ უფრო ბედნიერები იქნებიან. მათაც აქვთ ყოველდღიური პრობლემები, სტრესი, ტრაგედია, ტკივილი - სხვა ადამიანებისაგნ არაფრით გამოირჩევნიან. მაგრამ ასევე აქვთ გასაჭირის ატანის, კვლავ ფეხზე დადგომის, სიტუაციის შემობრუნების, არ დანებების, გულის არგატეხვის უნარი.
ცნობილია, რომ ადამიანები მიილტვიან ბედნიერებისაკენ, რადგან ის ძალიან სასიამოვნოა - ბედნიერი ადამიანი თავს კარგად გრძნობს. მაგრამ მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ ბედნიერება მხოლოდ ეს არ არის, ბედნიერი ადამიანი უკეთესად ფუნქციონირებს, უფრო კონტაქტურია, უკეთესი მოქალაქეა. ქვეყნისა და საზოგადოების საქმიანობაში უფრო აქტიური და უანგაროა, უფრო ჯამრთელია, უფრო ქველმოქმედია, სხვებსაც უფრო მოსწონთ და უკეთესი ლიდერია. ბედნიერი ადამიანი მეტი კრეატულობით და გამომგონებლობით გამოირჩევა, უფრო პროდუქტიულია, ჰყავს მეგობრებისა და მხარდამჭერების დიდი წრე, მაღალანაზღაურებადნი არიან, უკეთესი იმუნური სისტემა აქვთ, იშვიათია კიბოსა და გულსისძარღვთა დავადებების შემთხვევებები, ბედნიერი ადამიანები ადვილად ძლევენ გასაჭირს და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ.
თუ გადავხედავთ არცთუ ბედნიერ ხალხს, ისინი ხშირად გაბრაზებულნი და გაღიზიანებულნი ჩანან, დეპრესიისკენ ადვილად იხრებიან, როგორც წესი ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, გუნდის წევრად არ გრძნობენ თავს, ცხოვრობენ იზოლირებულად, ენერგია არ აქვთ, თითქოს არაფერი სურთ, ყველაფერი ეზარებათ, არაფერი არ ახარებთ.
ბედნიერება არა მარტო ინდივიდებს ახალისებს, არამედ ამდიდრებს ოჯახებს, ორგანიზაციებს, მთლიანად საზოგადოებასაც და ქვეყანასაც. ბედნიერება განაპირობებს მაღალ შემოსავალს, შრომის მაღალ შედეგს, მაღალ პროდუქტიულობას და ხარისხს, გაზრდილ საზოგადოებრივ დაფასებას და სხვა მრავალ სიკეთეს.
ამიტომაცაა თანამედროვე ეკონომიკური და სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი საზრუნავი მოქალაქეების ბედნიერებაზე და მათი შესაძლებლობების შექმნაზე ზრუნვა. და როგორც ეკონომისტსა და სახელმწიფო მშენებლობის პროფესიონალს, ამიტომ მაინტერესებს ეს საკითხი ყველაზე მეტად.