Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩავესის დიქტატურა და სააკაშვილის დემოკრატია

07 მარტი 2013

უგო ჩავესი გარდაიცვალა. აი, სწორედ ვენესუელის ის ცნობილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშს რომ „ეშმაკი“ უწოდა.  სანამ მისი გარდაცვალება ოფიციალურად გამოაცხადდებოდა, ვენესუელაში მოქალაქეები უგოს ჯამრთელობის მგდომარეობას აპროტესტებდნენ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მოსახლეობა მართლაც ქუჩაში გამოსვლით გამოხატავდა პრეზიდენტის ავადმყოფობით შეშფოთებას.

ვენესუელის პრეზიდენტის გარდაცვალებამ საერთაშორისო საზოგადოებაც ააღელვა. საერთაშორისო შემფასებელთა და კომენტატორთა ნაწილი იხსენებდა ჩავესის მიერ პოლიტიკური მეტოქეების უხეშ ალაგმვას, თავისუფალი მედიის შევიწროებას და დემოკრატიზაციის პროცესის შეფერხებას. მეორე ნაწილი კი ჩავესის პერიოდში მიღწეულ ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის განახევრებას, სიღატაკის 70% - ით შემცირებას, განათლების და ჯანდაცვის გაუმჯობესებას უსვამდა ხაზს.

ჩავესის მოღვაწეობის შედეგების  ინტერპრეტაიციასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები ახლოსაც არ არის რამე კონსენსუსთან - ნაწილისთვის ჩავესი ღარიბ და დაუცველ მოსახლეობაზე მზრუნველი პრეზიდენტია, მეორე ნაწილისთვის კი - მიუღებელი ავტოკრატი. დღეს, როცა ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციები მონდომებით ზომავენ,  ყველა ინდიკატორზე დეტალური ქულა და პროპორცია მოგვეპოვება, ცოტა უცნაურია მსგავსი რადიკალური შეფასებების არსებობა ერთი ქვეყნის ერთი პრეზიდენტის ირგვლივ.

ლათინური ამერიკის პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ჩავესის ირგვლივ ამტყდარი კონტროვერსია ორ საინტერესო დისკუსიას ეხმაურება. დისკუსიას რომელიც, რა თქმა უნდა, ცდება ვენესუელას საზღვრებს და საქართველომდეც კი აღწევს.

პირველი დისკუსია ეხება იმ კრიტერიუმებს, რითაც ნებისმიერი ქვეყნის განვითარებას და ტრანსფორმაციას ვაფასებთ. ჩავესის, როგორც პოლიტიკური ლიდერის შეფასებისას  მემარცხენე და მემარჯვენე დამკვირვებელთა პოზიციების შეუთავსებლობა აშკარად იკვეთება. ცოტა პირობითი და უხეში დაყოფაა, მაგრამ მაინც ცხადია, რომ მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელნი ჩავესის სოციალისტურ პოლიტიკას უფრო დადებითად აფასებენ; მათთვის სოციალური კეთილდღეობის, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის ამაღლება მნიშვნელოვანი წარმატებაა. მეორე მხრივ, მემარჯვენეებისთვის პოლიტიკური უფლებების დაუცველობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ  სოციალურ სფეროში მიღწეული წარმატები უმნიშვნელო და უფასური ჩანს.

ჩვენს კონტექსტში მსგავსი კამათი საბჭოთა პერიოდის შეფასებასთან დაკავშირებით ამოტივტივდება ხოლმე. საბჭოთა დანაშაულების, რეპრესიების, და მემკვიდრეობის სიმძიმე ისევ მოგვყვება.

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ განიცდის „საბჭოთა ნოსტალგიას“. არ მინდა ზედმეტად განვაზოგადო, მაგრამ პირადად ვიცნობ იმ ადამიანთა არგუმენტებს, ვინც კვლავაც ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს უკეთესი პირობები იყო, საბჭოთა პერიოდის უპირატესობად ძირითადად დასაქმებას, განათლების და ჯანდაცვის უზრუნველყოფას მოიაზრებენ. პრობლემა ისეთივეა, რაც დღევანდელ ვენესუელაში: რა უფრო მნიშვნელოვანია - პოლიტიკური თუ სოციალური უფლებები? ერთი მხრივ, გამორიცხულია სოციალური უფლებების რეალური დაცვა პოლიტიკური უფლებების უხეში დარღვევების პირობებში. მეორე მხრივ კი, შეუძლებელია პოლიტიკური უფლებების დაცვა სოციალური უფლებების უქონლობის დროს. და მაინც ფაქტია, ადამიანები, ვისაც პოლიტიკური უფლებებით (ან თავისუფლებებით) არც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ უსარგებლიათ, ამ უფლებების მაგივრად ისევ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანებისთვის პოლიტიკური უფლებები ფუფუნებაა. როცა შვილის ან მშობლის გამოკვებას ვერ ახერხებ (და არც არავინ იზიარებს პასუხისმგებლობას შენს პრობლემებზე) რთულია სამოქალაქო პასუხისმგებლობების აღსრულება.

ასეთ კონტექსტში  "საბჭოთა ნოსტალგიის“ არსებობა იმას კი არ ამტკიცებს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი არ არის იმდენად „ღირსეული“, რომ დამოუკიდებლობა დააფასოს; არამედ იმას, რომ თუ ამ ქვეყანას ოდესმე დემოკრატიზაცია ეღირსა, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა სოციალურ უფლებებსაც დაეთმობა ყურადღება. არადემოკრატიულ სისტემებში სოციალური პირობების გარანტირება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკიდურესად ღარიბ და უთანასწორო ქვეყნებში დემოკრატია არასდროს შემდგარა.

კვლავ ჩავესს რომ დავუბრუნდეთ, მისი მოღვაწეობის შეფასებისას წამოწეული მეორე დისკუსია შეგვიძლია განვიხილოთ.  აქამდე ვამბობდით, რომ ჩავესს ავტოკრატობას უჩიოდნენ, თუმცა ბევრი მკვლევარი და ჟურნალისტი ეწინააღმდეგება გავრცელებულ პოზიციას. 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, გარდიანის ჟურნალისტი მარკ ვეისბროტი დასავლურ მედიას ჩავესზე გადაჭარბებულად ნეგატიური პოზიციის გამოხატვაში ადანშაულებს. ვეისბროტი ნობელის პრემიის ლაურეატი მკველვარის, ჯიმი კარტერის კვლევის შედეგებს აღწერს. კარტერის კვლევის მიხედვით, შესწავლილი 92 ქვეყნიდან, საარჩევნო პროცესი ვენესუელაში საუკეთესოა. ამასთანავე, მარია ივნაჩვევა გვახსენებს, რომ ვენესუელას პოლიტიკურ რეჟიმზე საუბრისას ქვეყნის ისტორია უნდა გავიხსენოთ. ვენესუელას დემოკრატია ჩავესის პრეზიდენტობამდე ნავთობის ინდუსტრიის მეშვეობით გამდიდრებული  ელიტის „შეზღუდული დემოკრატია“ იყო, სადაც ანტინეოლიბერალურ სახალხო მოძრაობებს და ეთნიკურ უმცირესობებს სისხლში ახშობდნენ. ჩავესის დაწყებული სოციალისტური ტრანსფორმაცია სწორედ იმიტომ აღმოჩნდა რთული, რომ ეკონომიური ელიტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მეორე მხრივ, ჩავესს უმრავლესობის უპირობო მხარდაჭერა გააჩნდა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მის წინააღმდეგ გათმაშებული გადატრიალებების (რომელთაგად ერთ-ერთი აშშ-ს დაფინანსებით განხორცილედა) წარუმატებლობაში. ანუ ვენესუელის პოლიტიკური რეჟიმის შეფასება ისეთი ადვილი არ არის, როგორც გარედან ჩანს. ჩავესის ძალაუფლებას პოპულარული მანდატი გააჩნდა, ხოლო პოლიტიკური კონფრონტაციები მეოცე საუკუნის ნეოლიბრალური პოლიტიკის წყალობით გაღრმავებული კლასთა შორის უთანასწორობას ასახავს.

თუ გადავხედავთ დასავლური, და განსაკუთრებით ამერიკული მედიის მიერ ჩავესის (არა შესახებ არამედ) წინააღმდეგ დაფიქსირებულ პოზიციებს, ჩანს, რომ ჩავესს ავადხსენება, დიქტატორის ტიტულით დამშვენება, სახელგანთქმულ ტირანებთან - პინოჩეტთან და თავად სტალინთან  შედარება არ მოკლებია. ზემოთ არწერილი დეტალების მიუხედავად, ჩავესის ვენესუელა ნამდვილად არ ყოფილა დემოკრატია, თუმცა არც იმდენად ავტოკრატიული იყო, რამდენადაც ამას დასავლური მედია აღწერდა. ბოლოსდაბოლოს „Freedom House“-ის მონაცემთა მიხედვით ვენესუელა  ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგებშია. მსოფლიოს განვითარებად ქვეყანათა დიდი უმრავლესობა სწორედ ნახევრად თავისუფალი რეჟიმებია, თუმცა ყველა მათგანს სტალინიზმთან მსგავსებას არ მიაწერენ. ანუ პოლიტიკური ფიგურების დემონიზებაზე თუ მიდგა საქმე, მსოფლიოში ჩავესზე ბევრად უარესი დიქტატორებიც მოიძებნებიან, თან მრავლად. თანაც, ფაქტია, რომ ბევრ ნახევრად თავისუფალ ან ჰიბრიდულ რეჟიმს ვენესუელას მსგავსად სიღარიბის წელში გატეხვა ჯერ არ მოუხერხებია.

მარკ ვეისბროტი სტატიის სათაურშივე კითხულობს: რატომ ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას დემოკრატიის დემონიზაციას? ჩემი პასუხი ასეთია: ზუსტად იმიტომ, რატომაც ამერიკა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დემოკრატიულობას ზეიმობდა. ვეისბროტი თავადაც პასუხობს საკუთარ კითხვას. მისი აზრით, ვაშინგტონს დემოკრატიის თავისებური დეფინიცია გააჩნია - ამ დეფინიციით ფასდება, რამდენად ემსახურება განვითარებადი ქვეყნის ლიდერი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიზნებს, და არა ის, თუ რამდენად პასუხობს ლიდერი საკუთარი ამომრჩევლების მოთხოვნებს. ანუ დასავლეთისთვის სოციალისტი, ანტინეოლიბერალი და ჩავესის შემთხვევაში ცხადად ანტიამერიკული განწყობის მმართველია პრობლემა და არა ზოგადად „არც თუ ისე დემოკრატი“ (ასეთი კი თავად ამერიკი მოკავშირეებს შორის უამრავია).  ვეიბროტს შეგვიძლია დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ. საკუთარი ქვეყნის მაგალითზე უკვე გამოვცადეთ, რომ საქართველოს „დემოკრატიის შუქურად“ შეფასება განსაკუთრებით სანდო მონაცემებს არ ეყრდნობოდა. არც ოქტომბრის არჩევნების მეორე დღესვე საქართველოს ავტოკრატიად გარდაქმნა, ვითომ იქამდე დემოკრატია ვიყავით, ყოფილა განსაკუთრებულად ინფორმირებული ან ლოგიკური დასკვნა.

არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ჩემმა ფრანგმა მეგობარმა მომწერა - ლელა, აქაური პრესა თქვენ ახალ მთავრობას ლანძღავს და მითხარი, უნდა ვენდო თუ არაო. მეც მოვუყევი, რომ  სააკაშვილის ზედმეტად პოზიტიური შეფასება ჩემს ქვეყანას არ წადგომია, და არა მგონია ახალი ხელისუფლების ასევე გადაჭარბებულად ნეგატიური შეფასებები წაადგეს-მეთქი. საერთაშორისო შეფასებები ასევე საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატის წყალობით მოდიფიცირდება ხოლმე, და ამ შეფასებათა საერთაშორისო და რაც მთავარია, ლოკალურ გავლენას თუ შევხედავთ, განსაკუთრებით სახარბიელო სურათს ვერ დავინახავთ. სამწუხაროდ, ვენესუელელი მეგობარი არ მყავს თორემ, მეც პირადად ვიკითხავდი მის აზრს, რადგან „ინფორმაციის საუკუნეში“ ინფორმაცია ჯერ ისევ არ არის განსაკუთრებით სანდო.

ლათინურ ამერიკას აშშ-სთან კონფრონტაციის გრძელი ტრადიცია აქვს. ჩავესიც ხშირად სწორედ ამერიკის გავლენისგან გათავისუფლების მცდელობის გამო იყო დაფასებული.  საქართველო  ერთი ძალაუფლების ცენტრის - რუსეთის გავლენის მოშორებას ცდილობს და ამ ფონზე  დასავლური მედიის ნეგატიური პოზიციის ვენესუელასავით ადვილად მოშუშება ალბათ გაუჭირდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^