Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეა წულუკიანის სადავო დიპლომი

08 მარტი 2013

უკვე ერთი კვირაა, რაც თეა წულუკიანის იურისტის დიპლომის თემამ ქართული მედია  და სოციალური ქსელები წალეკა. მეც  დოკუმენტები გადმოვქექე და დავრწმუნდი, რომ ჩემი იურისტის ორივე დიპლომი ადგილზეა. ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული, რომელიც სამართლმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხის მანიჭებს. მეორე ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) დიპლომი, რომელიც სამართლის მაგისტრის ხარისხს მანიჭებს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალში. კარგად დავაკვირდი ორივე დოკუმენტს, მერე რომ არ შემომედავონ შენს დიპლომს ბეჭედი არასწორ ადგილას არტყია და არ ხარ იურისტიო.

ოპიზიციის არგუმენტებს უფრო გულისყურით მოვეკიდებოდი და დავიჯერებდი მათ ლოგიკას, მეც რომ სტრასბურგის სასამართლოში არ მქონდეს სამუშაო გამოცდილება მიღებული. გასულ შემოდგომას მქონდა პატივი სტრასბურგის სასამართლოში გამევლო სამთვიანი პრაქტიკა. და ეს მართლა პატივი იყო, რადგან ამ სასამართლოს სხვაგვარად “ევროპის სინდისსაც” კი უწოდებენ, რაც ნამდვილად ამართლებს მის როლს დღევანდელ ევროპულ საზოგადოებაში.

სტრასბურგის სასამართლოში 3 თვე ვიმუშავე. ამ სასამართლოში არაანაზღაურებად სტაჟიორად მოხვედრასაც კი დიდი ძალისხმევა უნდა. განაცხადი უნდა შეიტანო ნახევარი წლით ადრე და კონკურსიც ყოველთვის დიდია. ჩემთან ერთად განაცხადი შეიტანა ჩემმა რამდენიმე ძალიან ჭკვიანმა, ადამიანის უფლებათა სფეროში გამოცდილმა და მონდომებულმა მეგობარმა, მაგრამ სტაჟიორად მარტო მე ამიყვანეს. მოკლედ, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ სტრასბურგი სტანდარტია და იქ დამწყებ თანამდებობაზე მოხვედრაც კი საკმაოდ დიდი გამართლებაა. 

ჩემი გამოცდილებიდანვე ვამბობ, რომ არა-იურისტისთვის  სტრასბურში იმ თანამდებობაზე მოხვედრა, რომელზეც თეა წულუკიანი მუშაობდა, ძნელი კი არა, არამედ შეუძლებელია. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსი სამი წელი მაინც მიმდინარეობს. აბარებენ საბუთებს, შემდეგ აქვთ ტესტირება, გასაუბრება და ა.შ. ასეთი კონკურსის პირობებში არა-იურისტის იურისტის თანამდებობაზე დანიშვნა შეუძლებელია.

ასევე სადავო გახდა ის, რომ წულუკიანს სისხლის სამართლებრივი კომპეტენცია არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი.  სტრასბურგში როგორც პრაქტიკანტს, მეც კი მიწევდა სისხლის სამართლის საქმეებთან შეხება და თეა წულუკიანს, 10 წლის განმავლობაში ხომ მოუწევდა? მაშინ იმავე ლოგიკით ამოვქექოთ ყველა წინა იუსტიციის მინისტრის დიპლომი და შევამოწმოთ გავლილი აქვთ თუ არა სისხლის სამართალი და რა ქულა აქვთ მიღებული, იქნებ ყველა კოლოკვიუმი არ დაუწერიათ?  რა ქულაც არ უნდა ჰქონდეთ, სისხლის სამართლის კოდექსი მას შემდეგ რამდენჯერმე საფუძვლიანად შეიცვალა.

აბა, საფრანგეთის ელჩს “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრის დიპლომი შეეფასებინა დადებითად. ხომ გადაჭრელდებოდა პრესა სათაურებით “დასავლეთი მხარს “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერსო”. მაგრამ წულუკიანის დიპლომი რომ აღიარეს, მაშინ თურმე ელჩს არ ჰქონია უფლება განესაზღვრა რომელი დიპლომია მისაღები და რომელი - არა. თუ ვკამათობთ, მოდი გონივრულ თემებზე და გონივრულად ვიკამათოთ.

სტატიის მიზანი თეა წულუკიანის გამოსარჩლება არ არის. მას არც პირადად ვიცნობ და არ მგონია, ჩემი დაცვა რამეში სჭირდებოდეს. თვითონაც არაჩვეულებრივად ართმევს ამ საქმეს თავს, თუნდაც რად ღირდა მისი მოსმენა ეკა კვესიტაძის “აქცენტებში”. ასე ყურადღებით პოლიტიკური თოკ-შოუსთვის არასოდეს მისმენია.  იქნებ ისიც დავიჩემო, მე უფრო კომეპტენტური ვარ, მეც მიმუშავია სტრასბურგში და მეც მაქვს ორი დიპლომი (არანაკლებ პრესტიჟული უნივერსიტეტიდან ადამიანის უფლებათა სფეროში, ვიდრე ათასჯერ ნახსენები “ენა”-ს დიპლომია) სადაც გარვევით წერია სიტყვა LAW. უბრალოდ კარგად დავფიქრდეთ, ყველამ ჩვენ გამოცდილებას, კვალიფიკაციას და დიპლომებს გადავავლოთ თვალი? ჩვენ რა გაგვიკეთებია და როგორ?

1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, იმიტომ რომ არჩევნები სამუშაო დღეს, ორშაბათს იყო დანიშნული. ეს ის ორშაბათი იყო, როცა სტრასბურგში ჩემი პრაქტიკა დავიწყე და რა თქმა უნდა, პირველივე სამუშაო დღეს პარიზში ხმის მისაცემად არავინ გამიშვებდა. დიდად არც მიცდია წასვლა, ნაწილობრივ შეზღუდული ფინანსების გამო და უფრო მეტად იმის გამო, რომ არ ვიცოდი ხმა ვისთვის მიმეცა. ანუ  “ქართული ოცნების” ამომრჩეველი არ ვარ. დღემდე ვციდილობ დავრჩე პოლიტიკისგან შორს და დავინახო, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის არგუმენტები, იმიტომ რომ ორივეგან მოიძებნება ბევრი ჭკვიანი და კომპეტენტური ადამიანი.

რა თქმა უნდა, არ მომეწონა ადგილობრივი თვითმმართველობის ოფისებში შევარდნები “ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ, ამნისტიების თემასაც სკეპტიკურად ვუყურებდი და ბევრ სხვა რამესაც, რაც 1 ოქტომბრის შემდეგ მოხდა. მოწონდა ის, რომ სააკაშვილის მთავრობის პირობებში, მომეცა შესაძლებლობა გრანტით მესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომწონდა ის, რომ ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მეც, გზა გამეხსნა დასავლური განათლების მისაღებად, მომწონდა ახლადაშენებულ სახელმწიფო დაწესებულებებში მისვლა, მომწონდა სააკაშვილის სუპერ-ქარიზმატული გამოვლები გაეროსა თუ ევროსაბჭოს ტრიბუნებიდან (რამდენად შეესაბამებოდა მისი ინფორმაცია სიმართლეს, ეგ სხვა საკითხია). მაგრამ, არ მომწონდა ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილი, არ მომწონდა გირგვილიანის მკვლელობა და მისი განწირული დედის გოდება ჩვენი ტელეეკრანებიდან, არ მომწონდა სამსახურებიდან გათავისუფლება მაშინ, თუკი რომელიმე ოჯახის წევრს მიტინგზე დაინახავდნენ. დასავლური უნივერსიტეტებიც ხომ ზუსტად აზრთა სხვადასხვაობის ჯანსაღობას და გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიან.

თუ თეა წულუკიანი მინისტრობიდან უნდა გადადგეს იმიტომ, რომ შესაბამისი განათლება არ აქვს, მაშინ ავტომატურად უნდა გავაუქმოთ და არ ვცნოთ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც წულუკიანი 10 წლის განმავლობაში სასამართლოში წერდა.

გავაუქმოთ და ბათილად გამოვაცხადოთ “არაკომპეტენტური” კადრებით დაკომპლექტებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები? რას ვეწინააღმდეგებით? ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სტანდარტს? და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში ბევრი მომღერალი და სპროტსმენი კანონმდებელი გვყავს.

 

                                                                                                                                   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^