Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსული „ექსტაზი“

11 მარტი 2013

იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ნარკოტიკით სიამოვნებას იღებს, თუმცა მასზე დამოკიდებული არ ხდება. დიდი უმრავლესობა კი სიამოვნების მორევში ჩაფლული ვერ გრძნობს როგორ ხდება ჯერ ნაწილობრივ, მოგვიანებით კი სრულად  ნარკოტიკზე დამოკიდებული, რაც უმეტეს შემთხვევაში მის მორალურ თუ ფიზიკურ განადგურებას იწვევს. რეაბილიტაცია შესაძლებლია, თუმცა ძალიან ძნელია.

ყველაფერი მცირე დოზებით იწყება, „დიდი მეგობარი“ ნელ–ნელა, თამაშ–თამაშით აჩვევს „თამამ ახალგაზრდას“ ნარკოტიკული ნივთიერების მიღებას და ეხმარება, რომ ბოლომდე შეიგრძნოს  სიამოვნება. ის ყურადღებიანი, თბილი და მეგობრულია.  ნარკოტიკი ჯერ უფასოდაა, მერე კი შეღავათიან ფასად. როდესაც ნარკოდამოკიდებულება ძალაში შედის „უფროსი მეგობარი“ მკაცრდება, ნარკოტიკის ფასი კი იზრდება. თუ ახალგაზრდა დროზე არ გამოფხიზლდა და თავს არ უშველა, ბოლოს „ლომკისგან“ ხელებაკანკალებული მუხლებზე დაეშვება და მცირე დოზისათვის „უფროსი მეგობრის“ ყურმოჭრილი მონა გახდება.

დღეს რუსეთი „უფროს მეგობარს“, რუსული ბაზარი კი „რუსულ ექსტაზს“ წააგავს,  საქართველო კი იმ  გაბრუებულ, ხელებაწეულ ახალგაზრდას, რომელიც რუსულ რიტმებზე როკავს. ნარკოტიკი მცირე დოზებით მოდის –  ბოთლის ღვინო, მინერალური წყლები, მოგვიანებით შესაძლოა დოზა გაიზარდოს და ნუსხას  საკონიაკე სპირტი და სხვა სახის ალკოჰოლური სასმელიც მიემატოს. როდესაც ქართული ხილი, ბოსტენული და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებიც იპოვიან რუსულ დახლებზე ადგილს, სულაც არ არის გამორიცხული, რომ „უფროსმა მეგობარმა“ საქართველოს უკვე განცდილი სიამოვნების განმეორებისთვის შესაბამისი  ხარკი მოსთხოვოს.

ქართული სახელმწიფოს რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულება დღეს პრობლემად არც კი განიხილება, თუმცა ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შემთხვევაში ხვალ სწორედ ეს შეიძლება გახდეს მთავარი პრობლემა.  რუსეთი საკუთარ ეკონომიკას და ენერგეტიკას ყოველთვის იყენებდა პოლიტიკურ იარაღად და საქართველომ ეს არაერთხელ იწვინია წარსულში. მეორეს მხრივ, ტრადიციულად, ქართველი ბიზნესმენებიც ეფექტურად იყენებდნენ რუსულ ეკონომიკას საკუთარი კეთილდღეობისთვის, თუმცა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას, პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნისთვის ყოველთვის უარყოფითი შედეგები მოჰქონდა.

დღეს, როდესაც ქართულ–რუსული საბაზრო ურთიერთობები ხელახლა ყალიბდება, ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ქართულმა ეკონომიკამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს რუსული ბაზრისგან, თუმცა მასზე დამოკიდებული არ გახდეს, როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე და ბაზრის კვალვ დახურვის შანტაჟით კრემლმა ვერ მოახერხოს საქართველოზე ზემოქმედება.  

გახდება თუ არა რუსული ბაზარი „ექსტაზი“ საქართველოსთვის, დიდწილად სწორედ ხელისუფლების წინდახედულებაზე და მის შედგომ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ქართული სახელმწიფო მხოლოდ მაშინ იქნება რუსული ეკონომიკის მძევალი თუკი რუსეთი ქართული საექსპორტო პროდუქციის დომინანტი შემსყიდველი გახდება. მაგალითად,  თუ  მოსკოვი ქართული ღვინის 80% ს შეიძენს, მაშინ ის ბაზრის დახურვით საქართველოს პოლიტიკურ შანტაჟს შეძლებს, თუმცა თუ ქართული ღვინის მხოლოდ 20% გაიყიდება რუსეთში, მაშინ კრემლის ხელში ასეთი იარაღი აღარ იქნება.

გამოსავალი, როგორც ყოველთვის ზომიერებასა და ფუნქციების მართებულად გადანაწილებაშია. ბინზესმენი მხოლოდ იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაყიდოს, რაც შეიძლება სარფიანად იმისდა მიუხედავად ვინ იქნება მყიდველი. მთავრობა კი ვალდებულია იმაზე იზრუნოს, რომ ამ გაყიდვების შედეგად  ერთი კონკრეტული სახელმწიფოს ხელში არ აღმოჩნდეს ისეთი ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც პოლიტიკური იარაღად გამოიყენებს. ამიტომ, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაცვის პარალალურად, საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ უნდა შეუწყოს ხელი ქართული საექსპორტო პროდუქციის ბაზრების დივერსიფიცირებას და ალტერნატულ ბაზრებზე შეღწევას, იმისთვის, რომ რუსეთი არ გახდეს მონოპოლისტი ქართული პროდუქციის შესყიდვაში.

სახელმწიფომ ძალისმევა არ უნდა დაიშუროს, მათ შორის ფინანსურიც, რომ გაგრძელდეს ხარისხისა და სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია უფრო აქტიურად შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც რაოდენობრივად მინიმუმ 3–ჯერ, ხოლო მსყიდველობითი უნარით 10–ჯერ მაინც აღემატება რუსულ ბაზარს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ამ წლის ბოლოს თუ არა მომავალ წელს მაინც დასრულდება, ამიტომაც, ამ ეტაპზევე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ქართული აგრო–ბიზნესის ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქციის მიმართულებით განვითარებისა და ევროპულ ბაზარზე ორიენტირებისთვის. ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, ქართული პროდუქციის ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ბაზრებზე მოსახვედრადაც.

და ბოლოს, 2006 წელს, როდესაც კრემლმა ქარულ ღვინოს ემბარგო დაუწესა, ამან კატასტროფულად იმოქმედა ქართული ღვინის წარმოებაზე, თუმცა ემბარგოს პირობებში ქართული ღვინის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა და ალტერნატული ბაზრებიც გაფართოვდა.  უმნიშვნელოვანესია, რომ უახლოეს მომავალში რუსული ემბარგოს მოხსნამ უკუპროცესი არ  გამოიწვიოს და რუსული ბაზრის ეიფორიამ, საქართველოს ხელისუფლებასა და საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებს ახალ, უფრო ძნელად მოსაპოვებელი ბაზრებზე შეღწევის სურვილი არ დაუკარგოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^