Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძირს ოლიგარქების რესპუბლიკა!

13 მარტი 2013
რატომ უნდა დაარღვიონ კანონი 'წითელმა ოლიგარქებმა', მაშინ როდესაც წვრილ მევაჭრეებს ყოველ ნაბიჯზე სჯიან?!

თვალყურს ვადევნებ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის ირგვლივ ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია-არხების მიერ ატეხილ ისტერიკას და რატომღაც ერთი მარტივი კითხვა მიჩნდება:  რომ არ ყოფილიყო ეს უნივერსიტეტი სააკაშვილის რეჟიმის ფავორიტი რუსი ოლიგარქის მართული, რამდენად ატყდებოდა ამხელა დავიდარაბა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პროცედურის გავლის გამო?  ბოლო 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმმა ბევრი უმაღლესი სასწავლებელი დახურა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კი პოლიტიკური "წმენდა" ჩაატარა. ამ დროს სააკაშვილის მიერ მართული მედია ან დუმდა, ან კი მიესალმებოდა განათლების მორიგი კერის დახურვას ან დაკნინებას.
 
ჟურნალი და ტელევიზია "ტაბულა", ბუნებრივია, დაინტერესებული პირია, რადგან ოლიგარქი ბენდუქიძე მეგობარ სხვა ოლიგარქებთან ერთად მათი დამფუძნებელია, თუმცა, დღის წესრიგს ისევ და ისევ ნაციონალების ულტრა-მემარჯვენე გუნდი მართავს, ხოლო საზოგადოება პასიურ მდგომარეობაში უყურებს ამას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც სწორედ ასეთი მემარჯვენე და პრივილეგირებული სისტემის მომხრეა.
 
კახა ბენდუქიძემ საკუთარი უნივერსიტეტიდან ღარიბი სტუდენტები გარიცხა. რა ვქნათ, ამ სტუდენტებს მისნაირად ელცინის კორუმპირებული რეჟიმის პირობებში "ურალმაშის" ან რომელიმე სხვა მილიარდიანი ქარხნის მითვისების შანსი არ ჰქონდათ და აქედან გამომდინარე,  სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცათ. სტუდენტების ქონებრივი ცენზის მიხედვით დისკრიმინაცია ჩემთვის განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ეთიკური პრინციპის დარღვევაა. ეს ერთი საკითხი, რომელშიაც განათლების სამინისტროს პოზიციას ვეთანხმები.
 
მეორე, კახა ბენდუქიძე და მისი თანამოაზრეები, საქართველოში ექსტრემალური ფორმის ნეოლიბერალური ფილოსოფისის მქადაგებლები არიან. ცხადია, სხვებთან ერთად მათაც აქვთ უფლება ის ასწავლონ, რასაც საჭიროდ ჩათვლიან.  მაგრამ, უნივერსიტეტის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ბანაკად გადაქცევა, სადაც უარს ეუბნებიან ყველა ისეთ პროფესორს, რომლის პოლიტიკურ იდეოლოგიაშიც ეჭვი ეპარებათ, განათლების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის დარღვევაა.  2010 წელს მე შევესწარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეტად კვალიფიციური ლექტორის გამოსვლას, სადაც მან განაცხადა, რომ პირადად ბენდუქიძემ სამუშაო ინტერვიუს დროს უარი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო უთხრა, რომ ეჭვი შეეპარა მის პოლიტიკურ ორიენტაციაში.  "ჩვენ ეს უნივერსიტეტი ტროცკისტებისათვის არ გაგვიხსნია" - ასეთი პარაფრაზირება გაუკეთა ამ ლექტორმა ბენდუქიძის ფრაზას.  კვალიფიციური აკადემიური პერსონალისათვის იდეოლოგიურ საფუძველზე უარის თქმა სამუშაო ადგილზე აკადემიური შრომის უფლების ფუნდამენტური დარღვევაა.  თუმცა, რაზეა ლაპარაკი, ბატონ ბენდუქიძეს შრომის უფლების საერთოდ არ სწამს.  მას მიაჩნია, რომ პროფკავშირებს საერთოდ ფუნქცია არ აქვს. როგორ შეიძლება უნივერსიტეტში ისეთი ვინმე ასწავლიდეს, ვინც სოციალურ სამართლიანობაზე ხმას ამოიღებს?!
 
ოლიგარქი კახა ბენდუქიძე, რომელიც ნამდვილად არ არის უნიჭო ადამიანი, თუმცა უტიფარი და უზრდელი ნამდვილადაა,  თავის თანამოაზრეებთან ერთად ცდილობს დაამკვიდროს უკიდურესი ნეოლიბერალიზმის ფორმები, სადაც ადამიანების აბსოლუტური უმცირესობა, დაახლოებით 1 პროცენტი ყველა დანარჩენს მართავს, და მოქალაქეების დიდი უმრავლესობა სრულიად მარგინალიზებულ მდგომარეობაშია. ნეოლიბერალიზმი ამ შემთხვევაში ძალიან გავს ბოლშევიზმის იმ მოდელს, რომელმაც კახა ბენდუქიძე აღზარდა და რომლის კორუმპირებულობითაც მან ასე კარგად ისარგებლა 1990-იან წლებში.
 
ვფიქრობ, ბატონმა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ოლიგარქები არ არიან განსაკუთრებული ადამიანები. ისინი იშვიათ შემთხვევაში არიან მოდილიანები ან მოცარტები.  ძირითადად ან პირდაპირი მნიშვნელობით ყაჩაღები არიან, რომლებიც 1990-იანი წლების რუსეთის ან საქართველოს მაგალითზე ხალხის დაგროვილ ქონებას ინაწილებდნენ, ან უბრალოდ იღბლიანი ადამიანები, რომელთაც გაუმართლათ და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდნენ.  ამის გამო ადამიანების უმცირესობას რომ ამხელა პრივილეგიები მივანიჭოთ და ყველა სხვაზე ზემოთ დავაყენოთ, ეს უსამართლობა იქნება.  სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი სწორედ ის იყო, რომ ბენდუქიძისნაირი ოლიგარქიული კაპიტალიზმის მძევალი გახდა.
 
რა დააშავა იმ ასეულებით ღარიბმა სტუდენტმა, რომელმაც ვერ შეძლო თანხის გადახდა და რომელიც კანონდარღვევით გარიცხეს?
 
რა დააშავეს იმ ლექტორებმა, რომლებიც იდეოლოგიური ნიშნით დაიწუნეს და როგორც "ტროცკისტი" ან სამუშაოდან დაითხოვეს, ანაც საერთოდ არ მისცეს მუშაობის საშუალება?
 
მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ავტორიზაციის საკითხი ადვილად დასარეგულიერებელია და სწავლის პროცესს არ შეეხება.  ივნისამდე თუ ბენდუქიძე მოინდომებს, ამ ნაკლოვანებების შესწორება ძალიან მარტივია.  უბრალოდ, ამ შემთხვევაში ბენდუქიძის და მისი ამფსონების გაბერილი ეგო ვერ შეეგუა იმას, რომ პრივილეგირებული სტატუსი აღარ აქვთ.  
 
დროა, საქართველო აღარ იყოს მდიდრების რესპუბლიკა, როგორც ამას ჰარტი და ნეგრი ამბობენ.  დროა, უბრალო ადამიანებსაც მიეცეთ განათლების უფლება.  
 
პიერ ჟოზეფ პრუდონმა ძალიან დიდი ხნის წინ ენამოსწრებულად თქვა: "კერძო საკუთრება ეს ქურდობაა!" - სამწუხაროდ, რაც დრო გადის, უფრო მეტ გამოვლინებას ვხედავთ ასეთი "კერძო საკუთრებისას", რომელიც ღარიბი სტუდენტების უფლებებს არღვევს, მდიდარი მფლობელებისას კი იცავს. ეს ნამდვილად ქურდობას ჰგავს.
 
სამართლიანი საზოგადოებაში განათლების უფლება უკლებლივ ყველა ადამიანის უფლებაა და პრივილეგია არ გახლავთ.  კახა ბენდუქიძისნაირ ოლიგარქებს კარგად უნდა ესმოდეთ ეს. მათი განუზომელი სიხარბის შედეგად მოპოვებული ძალიან დიდი ქონებაა პრივილეგია და არა განათლება და ჯანდაცვა.
 
ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ რომ გამონაკლისი არ არსებობს.  ამ საზოგადოებაში ყველა თანასწორია!
 
ძირს ოლიგარქების რესპუბლიკა! 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^