Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რისი ბრალია გენდერული უთანასწორობა - ღია კითხვები იურისტებს

16 მარტი 2013

 

რისი ბრალია გენდერული უთანასწორობა - ღია კითხვები იურისტებს

გადაცემა „დიდი დროს“ ეთერში იურისტ ბაია პატარაისთან ფემინიზმსა და გენდერული თანასწორობაზე გამართული დისკუსიის ჩანაწერს მოვუსმინე. ერთი მხრივ უზომოდ ვისიამოვნე. ქალთა უფლებების შესახებ მსგავსი არგუმენტირებული, ინფორმირებული და ანალიტიკური დისკუსიის მოსმენა ქართულ კონტექსტში ფუფუნებაა. მეორე მხრივ, ვერ ვითმენ, რომ არ დავწერო გადაცემაში მოყვანილი რამდენიმე დასკვნის პრობლემურობაზე.  

ჩემი ყურადღება ქალბატონ ბაია პატარაიას მიერ გაკეთებულმა რამდენიმე დასკვნამ მიიპყრო: პირველი, ქართული კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილია, მაგრამ იმპლემენტაციის პრობლემები ხელს უშლის გენდერული თანასწორობის რეალიზაციას; მეორე, გენდერული უთანასწორობის მთავარი განმაპირობებელი ცვლადი არის კულტურა (და რელიგია); და მესამეც - ეკონომიკა არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც (აღმოსავლეთის და არა მხოლოდ) ბევრს მდიდარ ქვეყანაში ქალები შეძლებულები, მაგრამ მაინც დაჩაგრულები არიან. შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ მგონია, რომ მსგავსი მიდგომა ხშირად დომინირებს გენდერული საკითხების განხილვისას. ამიტომაც მინდა გამოვესარჩლო საპირისპირო მოსაზრებას: რომ კანონმდებლობა საკმარისად დახვეწილი არ არის, ხოლო თუ კულტურის და მენტალიტეტის შეცვლა გვინდა, ეკონომიური უთანასწორობის არგუმენტი გვერდით არ უნდა გადავდოთ.

კულტურა

მიზეზ-შედეგობრიობის განსაზღვრა იოლი არ არის, რადგან მიზეზები და შედეგები სწრაფად ცვლის ერთმანეთს და ხშრად შეკრულ წრესაც ქმნის. თუ ვიტყვით, რომ მთავარი ფაქტორი პატრიარქატია, ქალების სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ მარგინალიზაცია პატრიარქალური კულტურის შედეგი გამოდის. მეორე მხრივ, თავად მარგინალიზაცია იმავე პატრიარქალური კულტურის რეპროდუქციის მიზეზიცაა. როდესაც მსგავსი შეკრული წრის გარღვევა გვჭირდება, ჩემი აზრით, ჯობს იმ პრობლემების გადაჭრით დავიწყოთ, რომელიც უფრო ხელშესახები და მოგვარებადია. ამიტომაც მგონია, რომ კულტურის ან რელიგიის ცენტრალურ ცვლადად აღქმა და ცვლადზე აპელირება, დანარჩენი, ხელშესახები პრობლემების უგულველყოფის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ბოლოს და ბოლოს თავად კულტურაც  ისტორიულ სოციალურ-ეკონომიურ კონტექსტში ყალიბდება. კულტურა უფრო ნელა და მძიმედ იცვლება, ვიდრე კანონები, თუმცა თუ ამ უკანასკნელს თუ არ შევცვლით კულტურაც არასდროს შეიცვლება.

კარგად ვაცნობიერებ საკითხის დელიკატურობას როდესაც სოციალურ ნორმებს და მოლოდინებს ისეთ ცვლადებს ვუპირისპირებ როგორიცაა კანონმდებლობა და სოციალურ-ეკონომიურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. მხოლოდ ეკონომიური თანასწორობა საზოგადოებრიც შეხედულებებს და მოლოდინებს ვერ შეცვლის. შეგვიძილა გავიხსენოთ მაია ბარქაიას მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, სადაც  იკვეთება, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქალებისთვის განათლების, დასაქმების ხელმისაწვდომობას, მაგრამ სექსუალური თავისუფლება რადიკალურად მიუღებელია. მაშინაც კი, როცა ქალის სოციალურ-ეკონომიური შესაძლებლობები უმჯობესდება, ტრადიციული შეხედულებები ქალის როლის და დანიშნულების შესახებ ძალას ინარჩუნებს. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ სოციალურ-ეკონომიური პირობები თავისთავად, ერთ დღეში გარდაქმნის ნორმებს, მაგრამ ნორმების გარდაქმნის მოლოდინში ამ პირობებზე ზრუნვა არ უნდა შევამციროთ. ამიტომაც მგონია, არ გვაქვს უფლება თვითკმაყოფილები ვიყოთ არსებული კანონმდებლობით და გვერდი ავუაროთ ეკონომიკურ პრობლემების განხილვას. 

ეკონომიკური უთანასწორობა- ქალი საკუთრების გარეშე

გენდერული უთანასწორობის ეკონომიკურ მიზეზებზე საუბრისას მხოლოდ ზოგადი ეკონომიკური განვითარების დონით არ უნდა ვიმსჯელოთ. იმის თქმა, რომ არსებობენ მდიდარი ქვეყნები სადაც ქალების დისკრიმინაცია მაღალია, არ არის საკმარისი ეკონომიკური პირობების „გვერდით გადასადებად“. პირველ რიგში, განვითარებულ ქვეყნებში ქალთა უფლებები საშუალოდ ბევრად უკეთ არის დაცული ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.  მდიდარი კუვეითის ან არაბეთის ემირატების მაგალითი, უფრო გამონაკლისია ვიდრე ნორმა. თუმცა ზოგადი ეკონომიკური ინდიკატორები გენდერული თანასწორობის ზუსტი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის (ისევე როგორც ვთქვათ ეკონომიკური ზრდა „თავისთავად“ ან „ უხილავი ხელის“ წყალობით  უთანასწორობას ან სიღარიბეს არ ამცირებს). მეორე, და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და განკარგვის უფლებაა. ანუ, შესაძლებელია და ხშირადაც ხდება, რომ ქალი ეკონომიკურად უზრუნველყოფილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იგი საკუთრების მფლობელია, თავად გამოიმუშავებს შემოსავალს ან რესურსების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს.

საქართველოში ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა პრობლემაა, როგორც დაბალი, ისე ხშირად შეძლებული ფენებისთვის. რა თქმა უნდა, ურბანულ მოსახლეობაში მეტ-ნაკლებად იცვლება ეს ტენდენცია, მაგრამ ზოგადად ქართველ ქალს საკუთრება არ გააჩნია. ქონება მემკვიდრეობით გადაეცემა კაცს, ხოლო ქალს რჩება ყბადაღებული „გათხოვდები, შენი ქმრის და მისი ოჯახის ქონება იქნება შენი ქონება“.  როდესაც ამ გარემოებას ერთვის ქალის შემოსავლის სიმწირე ან უმუშევრობა,  ქალი სწორედ ქმარსა და ქმრის ოჯახზე ხდება დამოკიდებული. რამდენ ქალს უწევს საქართველოში ოჯახური ძალადობის ატანა იმ მიზეზით, რომ „სხვა წასასვლელი არ აქვს“? რამდენი ქალი ითმენს დამცირებას და გაუსაძლის პირობებს, იმიტომ, რომ მშობლების ოჯახში არ მიესვლება, არც სახლი აქვს და არც შემოსავალი? როცა ქალი საკუთარი შვილების წინაშეა პასუხისმგებელი, მსგავსი დამოკიდებულება მძიმდება. განქორწინების შემთხვევაში ქმრის ქონება მისივე საკუთრებად რჩება. ქმარს ხშრად თავადაც არ გააჩნია საკუთრება, რადგანაც მან „მომავალში, მემკვიდრეობით უნდა მიიღოს მშობლების ქონება“, რაც ქალს განქორწინების შემთხვევაში საკუთრების გადანაწილების მოთხოვნის შესაძლებლობას კიდევ უფრო უზღუდავს.

მსგავსი სცენარი ალბათ ყველაზე დამთრგუნველი გაჭირვების ფონზეა, თუმცა ხშირად საშუალო ფენის წარმომადგენელი ქალებისთვისაც ჩვეულებრივი რამაა საკუთრების უქონლობა. რამდენ შეძლებულ ოჯახს იცნობთ, სადაც ქმარი „კარგად უვლის“ მეუღლეს, რაც იმაში გამოიხატება რომ ცოლმა არ უნდა იმუშაოს, ან  „თავის გასართობად“ უნდა იმუშაოს,  გამოიცვალოს მანქანები და გარდერობი, ითხოვოს ნებართვა თერთმეტის მერე სახლიდან გასვლაზე, და ა. შ. ზოგჯერ „შეძლებულობა“, ანუ გარემო სადაც მამაკაცს იმდენი შემოსავალი აქვს, რომ ქალისთვის მუშაობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, უფრო აღრმავებს კაცზე დამოკიდებულებას. ამ დროს ქალის პრობლემა ზუსტად იგივეა, რაც სხვა შემთხვევებში - განქორწინების ფასი ზედმეტად მაღალია. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში ქალის პასუხისმგებლობაც მეტია. შეიძლება ვიკამათოთ, შეუძლია თუ არა ქალს სურვილის შემთხვევაში მუშაობა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება ან აღდგენა.

არ უნდა დავივიწყოთ - მდიდარ თუ ღარიბ ქალზე ხშრად თანაბრად ვრცელდება პირობა - ქალს საკუთრება არ აქვს, მაღალანაზღაურებადი სამსახური ქალებისთვის ბევრად უფრო რთული მოსაპოვებელია. ხშირად ქალს რაც აქვს სინამდვილეში, არა აქვს, იმიტომ რომ როგორც კი „ოჯახის“ ან „ქმრის ძალაუფლების სფეროდან“ გავა, იქვე კარგავს ყველა პრივილეგიას.

საბედნიეროდ, ეს პრობლემები ყველა ოჯახს და ყველა ქალს არ ეხება, თუმცა საკმარისად გავრცელებულია იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ამოვიცნოთ საკუთარი, ჩვენი ნაცნობების და ახლობლების მაგალითი. მგონი, ისე შევეჩვიეთ ამ რეალობას, რომ პრობლემადაც აღარ აღვიქვავთ. სამაგიეროდ, სანამ ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება კაცზე თუ ოჯახზე  ასეთი მაღალია, არა მგონია, ეკონომიკური პრობლემების იგნორირების უფლება გვქონდეს;  სანამ  ქალს არც საკუთრება გააჩნია და არც შემოსავალი, მანამ ვერ შევცვლით კულტურას, ნორმებს და შეხედულებებს; სანამ ქალს ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და განკარგვის უფლება არ გააჩნია, ძნელია შეეწინააღმდეგოს ძალაუფლების არსებულ ბალანსს.

კანონმდებლობა თუ აღსრულება

სრულიად ვეთანხმები აზრს რომ კანონაღსრულების სისუსტე და გენდერული საკითხების მოსაგვარებლად პოლიტიკის უქონლობა უთანასწორობას ამძიმებს. დამატებით, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ნაკლოვანებები, და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო შემწეობის სიმწირე ბავშვიან ოჯახებს სიღარიბის რისკის წინაშე აყენებს (http://css.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=633) და ზემოთაღწერილი ეკონომიკური პრობლემებიც ყველაზე მეტად მრავალშვილიან დედებს ექმნებათ. მაგრამ ჩემი კითხვა ასეთია -  მართლა შეგვიძლია არსებული კანონდმებლობით კმაყოფილები ვიყოთ? ანუ, მხოლოდ იმპლემენტაციის პრობლემა დგას თუ თავად კანონმდებლობაზე მუშაობის გაგრძელებაც გვჭირდება?

რამდენადაც არ ვარ სპეციალისტი, მინდა ღია კითხვებით მივმართო იურისტებს, საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას ვისაც შეხება აქვს გენდერული თანასწორობის პრობლემებთან:

1. როგორ არეგულირებს ქართული კანონმდებლობა მემკვიდრეობის უფლებას? რამდენად გათვალისწინებულია ის, რომ ტრადიციული „გადანაწილება“ ქალის დისკრიმინაციას იწვევს და რა მექანიზმი იცავს ქალს ქონების გარეშე დარჩენისგან? არის თუ არა ქალისთვის საკუთრების უფლების უქონლობა ის პრობლემა, რომელსაც კანონი უნდა არეგულირებდეს?

2. როგორ იცავს კანონი ქალს განქორწინების შემთხვევაში? რა პასუხისმგებლობა ეკისრება მამაკაცს? როგორ ნაწილდება ქონება? როგორ განისაზღვრება  ალიმენტი?

3. რამდენად იცავს შრომის კანონმდებლობა ქალს დისკრიმინაციისგან? რა პრობლემებს უქმნის ქალს შობადობა? რა სახის კომპენსაციას იღებს ქალი დეკრეტული შვებულების დროს? ვინ იხდის ამ კომპენსაციას/ხელფასს? რატომ არ ვფიქრობთ კაცისთვის დეკრეტულის გაცემაზე?  

შეიძლება ვცდები, და ამიტომაც პროფესიონალების აზრი მაინტერესებს, მაგრამ ჩემი შეფასებით „საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ“ ზოგადი და ზედაპირული დოკუმენტია, რომელიც თანასწორ უფლებებს აღარებს, მაგრამ ამ უფლებების დაცვის კონკრეტული მექანიზმების ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს. კანონი რჩევების და კეთილი სურვილების კრებული არ უნდა იყოს. ძალადობა და გაუპატიურება რომ ისჯება, საკმარისი არ არის. მაგალითად, 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსი სრულიად უმაქნისს ხდის გენდერული თანასწორობის შესახებ არსებული კანონებს. გარემოში, სადაც დამქირავებელს უფლება აქვს ნებისმიერი თანამშრომელი გაათავისუფლოს მიზეზების დასახელების გარეშე, რანაირად მოხერხდება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაფიქსირება, ან დასჯა? ასევე საინტერესოა, რამდენად შეესაბამება საოჯახო სამართალი გენდერის თანასწორობის აღიარებულ პრინციპებს. თუ კანონის სრულყოფილებაზე მიდგა საქმე, მაშინ სწორედ იმას უნდა შევხედოთ, როგორ რეგულირდება შრომის ბაზარი, მემკვიდრეობითობა, ოჯახში ქონების გადანაწილება. სანამ კანონმდებლობა ქალის საკუთრების და დასაქმების უფლებას აქტიურად არ დაიცავს, არ მგონია თვითკმაყოფილების უფლება გვქონდეს.

დასკვნის მაგიერ  

გენდერული უთანასწორობა კომპლექსური საკითხია და უამრავ მიზეზთან არის კავშირში, რომელთა ჩამოთვლა ერთ პატარა სტატიაში გაჭირდება. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მიზეზები შეკრულ წრეს ქმნიან, რომლის გარღვევაც დღევანდელ პირობებში ქართველი ქალების უმეტესობას უჭირს.  რანაირად იფიქრებს მრავალშვილიანი დედა პოლიტიკაში ჩართულობაზე, როცა სახელმწიფო მის სოციალურად დაცულობას არ უზრუნვეყოფს? როგორ გააუმჯობესებენ ქალების მდგომარეობას არსებული პოლიტიკური ძალები, სანამ ქალები თანაბრად არ იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკაში? როგორ გახდეს ქალი დამოუკიდებელი, სანამ მის მთავარ დანიშნულებად დედობას და ქმრის მორჩილებას აღვიქვამთ? ან როგორ შეწინააღმდეგება ქალი არსებულ შეხედულებებს სანამ სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და შესაძლებლობები მისთვის დახშულია? ასეთ კომპლექსურ პრობლემას კომპლექსური მოგვარება სჭირდება და არ მგონია გვქონდეს საფუძველი რომელიმე ასპქტის უყურადღებოდ დასატოვებლად. თუ პატრიარქალური წყობის შეცვლა გვინდა, ამ წყობის ანალიტიკური დეკონსტრუქცია ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელსაც  თან უნდა ერთვოდეს კონკრეტული საკანონმდებლო და პოლიტიკური ცვლილებები არსებული რესუსრების და ძალთა ბალანსის შესაცვლელად. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^