Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენ და იმპერიალიზმი

18 მარტი 2013
ამ წერილის დაწერა სალომე ასათიანის საინტერესო ბლოგმა გადამაწყვეტინა, რომელშიაც ის ძალიან ბევრ ლეგიტიმურ კითხვას სვამს.  ქართული საზოგადოება ახლა თითქოს ორად არის გახლეჩილი:  ერთმა თითქოს ხმა მისცა ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შესვლას და მეორე კი აშკარა სურვილს გამოხატავს რუსეთთან კულტურული, ეკონომიკური და საბოლოოდ პოლიტიკური დაახლოებისა. სულ რაღაც ხუთი წლის წინ, როდესაც სააკაშვილის ნაცმოძრაობის პროპაგანდა ერთხმად რუსეთს მსოფლიოში ყველაზე დიდ მოსნტრად სახავდა, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი უმრავლესობა თითქოს დარწმუნებული იყო რომ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობა გადაარჩენდა.  მაგრამ, 2008 წლის კატასტროფული ომის, უამრავი გაცრუებული იმედის და ნაწამები ადამიანის და მით უმეტეს, გასული წლის ოქტომბერში ამომრჩევლის მიერ სააკაშვილისათვის უარის გამოცხადების შემდგომ ეს დამოკიდებულება საკმაოდ შეიცვალა. არ გამიკვირდება ნატო-ს და რუსეთის თემაზე დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, როგორი იქნება მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია.  არ გამოვრიცხავ, რომ ეს ახალი რეფერენდუმი რუსეთის მომხრეებმა მოიგონ.
 
ცხადია, ორივე მხარეს არის საკმაოდ მყარი არგუმენტები.  ერთი მხრივ, დასავლეთის გამარჯვება ცივ ომში მას უძლიერეს პარტნიორად ხდის საქართველოსათვის.  მეორე მხრივ კი, ცხადია, არსებობს უკვე 200-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მრავალი კულტურული, ადამიანური, თუნდაც დენომინაციური კავშირი რუსეთთან, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც კულტურულად ჩვენთან უფრო ახლოდ მიაჩნია, ვიდრე დასავლეთი.  ორი აზრი არაა, რომ კულტურის მოღვაწეები ამ დაპირისპირებაში დიდ როლს თამაშობენ. ერთმანეთს უპირისპირდება ე.წ. "წითელი" და "ვარდისფერი" ინტელიგენციების წარმომადგენლები და ლამისაა ერთმანეთი ქვეყნის ღალატში ან სატანის სამსახურში დაადანაშაულონ.  სრულიად ვეთანხმები სალომეს რომ ეს დიქოტომია ის ერთ-ერთი სოციალური პათოლოგიაა, რომელიც ჩვენს პატივცემულ საზოგადოებას მრავლად გააჩნია.  ცხადია, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და შექმნაში კულტურის მოღვაწეები და რელიგიური ლიდერები ყოველთვის და ყველგან დიდ როლს თამაშობენ.
 
ამ თემაზე ძალიან საინტერესო წასაკითხია ამერიკელი მეცნიერის ედვარდ საიდის წიგნი "კულტურა და იმპერიალიზმი", რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა.  თვით ედვარდ საიდი ქრისტიანი პალესტინელი არაბი იყო, რომელსაც ამერიკაში ემიგრირება ბავშვობაში მოუწია. როდესაც იგი უკვე ცნობილი მეცნიერი და თავის დარგში ეპოქალური ნაშრომის "ორიენტალიზმის" ავტორი გახდა,  ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მაშინ უკვე კარგა ხნის გაჩარებული იყო, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს კარგად გამოკვეთილი მხარის პოზიცია ეჭირა. საიდი თავს ორ ნაწილად გახლეჩილად თვლიდა, რადგან ერთის მხრივ ის თავის სამშობლოდ უკვე ამერიკას მიიჩნევდა და ყველა კრიტერიუმით ამერიკელი იყო.  მაგრამ, მეორ მხრივ ის გულგრილად ვერ უყურებდა პალესტინელების ასეთ ცუდ მდგომარეობას და თავის ებრაელ მეგობრებთან ნოამ ჩომსკისთან, ჰოვარდ ზინთან, რიჩარდ ფალკთან, და ბევრ სხვა მეცნიერთან ერთად ხშირად პროტესტს გამოთქვამდა. თუმცა, ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლად არც არაბულ სეკულარულ ნაციონალიზმს (ნასერი, კადაფი, სადამ ჰუსეინი, და ასე შემდეგ.) და არც ფუნდამენტალისტურ რეჟიმებს (საუდის არაბეთის სალაფიტური მონარქია, კუვიეტი და ა.შ.) თვლიდა. მისი გამოსავალი ზოგადსაკაცობრიო ჰუმანიზმის იდეალებს ემყარებოდა. სწორედ აქ დაიწყო მან კულტურისა და იმპერიალიზმის ურთიერთქმედების შეფასება.
 
როგორც ცნობილია, იმპერიალიზმს ძირითადად ეკონომიკური, გეოპოლოტიკური საფუძვლები აქვს - დომინაცია სხვა ერებზე და რაც შეიძლება მეტი რესურსების წამოღება ამ ქვეყნებიდან, ისე, რომ მათი მოსახლეობის უმრავლესობას პრაქტიკულად არაფერი დარჩეს. თუმცა, ამას ყოველთვის მესიანისტური განაცხადები მოსდევს ე.წ. კულტურის მოღვაწეთა და ინტელექტუალთა წრიდან. კოლონიალიზმი და იმპერიალიზმი ყოველთვის საღდება, როგორც ამ პატარა, "ბნელი" ქვეყნების განათლებისაკენ მიმართული ნაბიჯი, რაც ბოლოს მათ "გაკეთილშობილებას" გამოიწვევს. ალბათ პირველ რიგში ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები" გაგვახსენდება, სადაც რუსი მოხელე სამშობლოში დაბრუნებულ ახალგაზრდა მწერალს "ახარებს", თურმე, რა კარგია ამ "ბნელი" ერისათვის დიდი იმპერიის უღელ-ქვეშ ყოფნა, რადგან ეს განათლების დონეს გაზრდის და ჩვენ "ევროპულ ცივილიზაციას" დაგვანახვებს.  
 
ჩვენთვის "მგზავრის წერილები" ძალიან ახლო ნაწარმოებია, რომლის სულზეც გავიზარდეთ და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დაწყების ერთ-ერთი მთავარი შთაგონება თავადი ჭავჭავაძის სწორედ ეს ნაწარმოები იყო. ედვარდ საიდი, თავის უაღრესად საინტერესო წიგნში ძირითადად ევროპულ და ამერიკულ იმპერიალიზმზე საუბრობს, კერძოდ, ინგლისელი და ფრანგი მწერლების როლზე იმპერიალისტური ნარატივების გაძლიერებაში და დღევანდელი მედია-ელიტის როლზე ნეოლიბერალური იმპერიალიზმის ინტერესების დასაცავად.  ეს  ავტორები თითქმის ყოველთვის ღირებულებებს ასახელებენ - ეს იქნება განათლება, ჯანდაცვა თუ პირდაპირ თავდაცვა - რისთვისაც კოლონიზებულ ერს იმპერია სჭირდება. საიდი გულდასმით აანალიზებს ისეთი ცნობილი ავტორების ნაშრომებს, როგორებიცაა ჯეინ ოსტინი, ჩარლზ დიკენსი, რედიარდ კიპლინგი, ჯორჯ ორველი და ასკვნის რომ თითოეულ მათგანს, ნებით თუ უნებლიედ, იმპერიალისტური ნოტები ეპარება, სადაც ის დიდი ბრიტანეთის სამეფოს წყვდიადში სინათლის შემომტანად ხატავს. ამავე დროს უპირისპირებს რაბინდრანათ თაგორის, როგორც ადგილობრივი ავტორის დისკურსს.  დღევანდელი ავტორებიდან კი კოლონიალიზმის წინააღმდეგ განსაკუთრებით აღნიშნავს სალმან რუშდის (ოღონდ "სატანური ლექსების" გამოქვეყნებამდე), ვოლი სოინკას, ჩინუა აჩებეს, ბენ ოქრის და სხვა თანამედროვე მწერების როლსაც აღნიშნავს. იმპერიალისტური ლიტერატურული ნარატივი თითქმის ყოველთვის კულტურას აყენებს წინ - "დიდი შექსპირის კულტურას", რომლითაც "ბნელ ინდოელებს" ანათლებენ.  არა აქვს მნიშვნელობა ეს East Indies იქნება თუ West Indies.  მთავარია, რომ აქ მცხოვრები ხალხი საჭიროებს დასავლეთის "კულტურული მისიონერების" დახმარებას - რომელსაც მერე აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური და პოლიტიკური მონობა.
 
ფრანგულ ლიტერატურაშიც ანდრე ჟიდის და ალბერ კამიუს დამოკიდებულება არაბების მიმართ აშკარად "არ იმჩნევს" ამ მათ, როგორც სრულფასოვან ადამიანებს. შეფარული თუ ღია რასიზმი ლიტერატურაში კარგად ჩანს. საბოლოოდ, ეს კულტურული იმპერიალიზმი, რომელმაც ლერმონტოვს ათქმევინა "ბეჟალი რობკიე გრუზინი" - ლეგიტიმაციას უკეთებს და "აპრავებს" სამხედრო ძალით კოლონიზაციას თუ ლიბერალური, ეკონომიკური ხერხებით მთელი კონტინენტების დამონებას.  
 
ჩემი საყვარელი ფრანგი ავტორის ალბერ კამიუს ეპოქალურ ნაწარმოებში, რომლის ლიტერატურული ღირსების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას სულაც არ ვაპირებ, "უცხოში", მთავარი გმირი, მართალია, ალჟირში არაბებს შორის ცხოვრობს, მაგრამ მუდმივად ევროპელია. ის თავს არც აფრიკელად თვლის და არც არაბად. მაშინაც კი, როდესაც არაბ დამხვედრს სიცოცხლეს გამოასალმებს, მასზე არ ფიქრობს, როგორც მის თანასწორ არსებაზე. კამიუს ასეთი დამოკიდებულება მისი შემოქმედების ბოლოს თვით საფრანგეთშიც დიდი პროტესტის გამოხატვის მიზეზად იქცა. ამას ავტორი ბოლომდე ვერც აცნობიერებდა, რადგან გულწრფელად მიაჩნდა, რომ ფრანგულმა ცივილიზაციამ ალჟირში სინათლე შეიტანა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კი ამერიკული იმპერიის მოძილერების შემდეგ, დასავლური ინტელიგენციის ერთ-ერთი მთავარი მოტივი "ლიბერალური ღირებულებების" გავრცელება იყო. ფრანც ფანონი ძალიან კარგად წერს, რომ ალჟირელი ქალისათვის თავსაფრის აძრობა კეთილშობილურ და განმათავისუფლებელ კულტურულ აქტად იქნა მიჩნეული.  თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ლიბერალური იმპერიალიზმი კოლონიალიზმისგან იმით განსხვავდება, რომ რიგ შემთხვევებში ის თვალს ხუჭავს "ბურჟუაზიული ადამიანის უფლებების" ძალიან უხეშ დარღვევებზეც, თუკი ეს ხელს აძლევს წამყვან ნავთობის ან ენერგეტიკულ კომპანიებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია საუდის არაბეთი ან კუვეიტი, სადაც ქალთა ან სექსუალური უმცირესობების უფლებებზე კი არა, პარლამენტის არჩევნებზე ლაპარაკიც კი ძნელია დღესაც. მაგრამ, თუკი მათ ამ ნავთობზე მონოპოლია ჩამოართვეს, როგორც ეს ირანმა გააკეთა, მაშინ მთელი ძალით ამუშავდება "ლიბერალური ინტელიგენცია", რომელიც რამდენიმე ათასწლოვან ირანულ კულტურას ასწავლის, როგორ უნდა დაიფაროს თავი ან ტანი.   ორი აზრი არაა, რომ ორმაგი სტანდარტი იმპერიალიზმის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა - ეს ყველა იმპერიას ჩვევია - გამონაკლისი არც რუსეთია, არც ამერიკა, და არც რომელიმე სხვა დიდი ქვეყანა.  კულტურის მოღვაწეები კი ამ ორმაგი სტანდარტების გატარებაშიც საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას იღებს: ერთგან სიტყვის თავისუფლებას იცავს და მეორეგან ხმას არ იღებს სრულიად უსამართლოდ დაჩაგრული ათასობით უმცირესობისა თუ ქალის უფლებებზე. აქ ცხადია ფინანსები წყვეტს ყველაფერს. როგორც ჩვენთვის კარგად ცნობილი რუსი პოლიტიკოსი გრიგორი იავლინსკი ამბობს: ლიბერალური იმპერიალიზმი დღეს ყველაზე უფრო ეფექტური იმპერიის ფორმაა.
 
საიდს თავის წიგნში ძალიან საინტერესო მაგალითი მოჰყავს ვერდის ოპერა "აიდას" დაწერის შესახებ. მოგეხსენებათ ჯუზეპე ვერდის ამ ოპერის პრემიერა 1871 წელს შედგა.  ეს სუეცის კანალის გახსნიდან ორ წელიწადში მოხდა და თვითონ კომპოზიტორიც ამ ორ ფაქტს შორის არანაირ პარალელს არ ავლებდა.  ეს ოპერა შეუკვეთა ოსმალეთის იმპერიის მაშინდელმა მთავარმმართებელმა ეგვიპტეში, ისმაილ ფაშამ და მასში 150 ათასი ფრანკი გადაიხადა. ვერდის ოპერის გენიალურობის შესახებ ყოველნაირ კამათს აზრი ეკარგება, მაგრამ ედვარდ საიდი მას სწორედ იმპერიალისტური კუთხით აფასებს. ისმაილ ფაშა ეგვიპტის ერთ-ერთი ბოლო თურქი მმართველი იყო და მისი სურვილი იყო რომ თვითონაც გამხდარიყო დასავლური "კარგი ცხოვრების" ნაწილი. სწორედ, ამიტომაც გადაწყვიტა რომ ეგვიპტის ბრიტანეთის იმპერიისათვის გადაცემა კულტურული უვერტიურით შეემზადებინა. ვერდის "აიდაში" არ ფიგურირებდნენ ეგვიპტის იმდროინდელი არაბი მაცხოვრებლები, რომელთა შორისაც ზოგი მუსლიმი იყო და ზოგიც ქრისტიანი.  ოპერა ძველი ეგვიპტის ისტორიულ ცხოვრებას ასახავდა და ამაში თავისთავად გასაკვირი არაფერი იყო. მაგრამ, მისი სტუქტურა პირდაპირი მნიშვნელობით ევროპაცენტრისტული იყო - ეს იყო ევროპული ოპერა ევროპული ნარატივით.  ეს იყო ისმაილ ფაშას კოლაბორაციონისტული ნაბიჯი, რომ კულტურული ნაწარმოებით სიგნალი მიეცა ეგვიპტის დაპყრობისათვის უკვე ვიქტორიანული ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც მაგ დროს უკვე მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო-ეკონომიკური ძალა ხდებოდა. ეს იყო ის "ობიექტური" წესები, რომლითაც მეცხრამეტე საუკუნეში ოპერა იწერებოდა - ანუ დასავლური დისკურსი ერთადერთად იქნა მიჩნეული და ამის შემდეგ ეგვიპტის დაპყრობა მხოლოდ ტექნიკის საქმეღა იყო. ედვარდ საიდი ძალიან კარგად იშველიებს ფრანც ფანონის გამოთქმას: "როდესაც ობიექტურობას ახსენებენ, ეს ყოველთვის ადგილობრივი ჩაგრულის საწინააღდეგოდ გამოყენება". აი, ასეთი კულტურული დისკურსის როლი იმპერიალიზმის ლეგიტიმაციაში.
 
ამ მხრივ ჩვენ გვავიწყდება მთავარი კითვის დასმა:  რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს კულტურულ ელიტას იმპერიალიზმთან ზოგადად?
 
თავის დროზე, მე-19 საუკუნის დასაწყისში ქართული თავადაზნაურობა ძირითადად პოზიტიურად შეხვდა რუსული იმპერიის შემოსვლას საქართველოში.  ყოველთვის ძალიან მიკვირსმ რომ საქართველოს ოკუპაციის დღედ მარტო ჩვენი ქვეყნის გაწითლების დღეს ახსენებენ და 1801 წლის საქართველოს სრული ანექსია, რომელიც იმპერატორმა პავლემ მოახდინა ისტორიკოსთა, "ექსპერტთა", აქტივისტთა ყურადღების მიღმა რჩება. სწორედ მაშინ მოხდა საქაართველოს პირველი ოკუპაცია რუსეთის იმპერიის მიერ. მე-19 საუკუნის ქართული "ინტელიგენციის" დიდი ნაწილი ამას სიამოვნებით შეხვდა - თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე სუსტ და წარუმატებელ აჯანყებას. პირიქით, ჩვენი "ინტელექტუალები" გრიგოლ ორბელიანის თამადობით რუსეთს ჩრდილო კავკასიის "მორჯულებაშიც" დაეხმარნენ.  რამდენად კარგი იყო ეს თუ ცუდი, ამის ანალიზს მე არ დავიწყებ.  ფაქტი ისაა, რომ ქართველები რუსეთის იმპერიის დაცვაში თუ წინ წაწევაში "რომის პაპზე უფრო კათოლიკეები" გახდნენ. პეტრე ბაგრატიონიდამ დაწყებული და უკვე ბოლშევიკი კომისრებით დათავრებული.  რუსული იმპერიის პიკზე კი თავად ამ იმპერიას გორელი მრეცხავი ქალის შვილი ედგა სათავეში დაახლოებით 30 წელს.  ეს იყო რუსეთის (ანუ საბჭოთა) იმპერიის ყველაზე დიდი ექსპანსიის პერიოდი. შემდგომში უკვე გვახსოვს ბატონი ედუარდის მგზნებარე გამოსვლები კომუნისტური პარტიის ყრილობებზე, მის მიერ ავღანეთში გაგზავნილი ათასობით ქართველი "ოკუპანტი" ავღანეთში და "ინტერნაციონალური ვალის მოხდა" ბრეჟნევთან ერთად.  ამას რა თქმა უნდა თან ახლდა "წითელი ინტელიგენციის" ლექსები, პოემები, სიმღერები, სპექტაკლები საბჭოთა "ინტერნაციონალური იმპერიალიზმის" სადიდებლად.   
 
ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი "წითელი ინტელიგენციის" და აგრეთვე "ვარდისფერი ინტელიგენციის" ასევე იმპერიალისტური დამოკიდებულება, ვთქვათ, აფხაზების კულტურის მიმართ. ჩვენი კულტურული ელიტის წევრები დღედაღამ ამტკიცებდნენ, რომ თურმე აფხაზებს ზღვის აღმნიშვნელი არც ერთი სიტყვა არა აქვთ და თურმე პირიქით ცხენის აღმნიშვნელი რამდენიმე ტერმინით სარგებლობენ. ეს პატერნალისტური დამოკიდებულება იქცა ჩვენსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების გაფუჭების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თანდართულ რუსულ პოლიტიკასთან ერთად.  ქართველები მეოცე საუკუნეში სხვის იმპერიალიზმს შევტრფოდით, სიამოვნებით ვემონებოდით და საკუთარსაც ვქადაგებდით.  სხვებს შორის მეც ძალიან მეტკინა გული ანდრეი სახაროვის განცხადებაზე, რომ საქართველო "პატარა იმპერიაა" - ცხადია ეს რუსი ინტელექტუალისგან სხვაგვარად ჟღერდა.
 
თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ჩვენ აფხაზების მიმართ კულტურულ იმპერიალიზმს სხვადასხვა დონეზე ნამდვილად ვამჟღავნებდით.  ჩვენ რუს იმპერიალისტებს ქვემოდან ვუმზერდით და პატარა აფხაზ ერს ზემოდან.  საბოლოოდ, დავისაჯეთ - და ძალიან მწარედაც - იმპერიალიზმის ასეთი გაფეტიშებისათვის.  მოსკოვიდან მოსულ მითითებებს ყურადღებით ვუსმენდით და თუნდაც ჩვენს პროვინციებში ნათქვამ სიტყვებს არაფრად ვაგდებდით.  ესეც ჩვენი ქმედების ფორმა იყო.
 
ცივი ომის დამთავრების შემდეგ აშკარა გახდა, რომ დასავლეთის ლიბერალურმა იმპერიამ სძლია რუსეთის მოძველებულ და ნახევრად ფეოდალურ "დერჟავას". საბჭოთა პროექტი კრახით დამთავრდა და უკვე 1980-იანი წლების ბოლოდან ქართველი ნაციონალისტები, ჩვენთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსის, ირაკლი წერეთლის თამადობით ალაპარაკდნენ "საქართველოს ნატოში შესვლაზე". სწორედ ირაკლი წერეთელი იყო პირველი რომელმაც ნატოსაკენ მისწრაფება საჯაროდ გამოხატა. მახსოვს მაშინ რამდენად აღფრთოვანებული შევხვდი ირაკლის ამ განცხადებას.  მერე უკვე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავედი 1990 წელს და "ამერიკის ხმაში" გაეროს კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა, მახსოვს ნიუ-იორკში ჩამოსულ ედუარდ შევარდნაძეს გაეროს პრეს-კონფერენციების დარბაზში 1992 წლის სექტემბერში "უხერხული" კითხვა დავუსვი:  "რას ფიქრობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე?".  ჩემდა გასაკვირად შევარდნაძემ ამ კითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა პრეს-კონფერენციაზე. როდესაც დარბაზიდან გამოვედით ბატონი პრეზიდენტი ქართულ სათვისტომოს წევრებს ელაპარაკებოდა და მე რომ დამინახა ხელი ჩამკიდა მაგრად და მითხრა: "კარგი ბიჭი ხარ შენ, ახლა ამაზე პირდაპირ პასუხს ხომ იცი ვერ გაგცემდი, მაგრამ გავა დრო და ეს აუცილებლად მოხდებაო". ამ პასუხმა, კიდევ უფრო გამაკვირვა იმ ადამიანისგან, რომელიც სულ რაღაც 10-იოდე წლის წინ "დასავლეთის იმპერიალიზმის" ბნელ გეგმებს ამხელდა სხვადასხვა ყრილობებზე.  დრონი მეფობენ დ არა მეფენიო.  
 
სწორედ ამ წლებში გამოჩნდა ნიუ იორკში პირველად გამორჩეული პრო-დასავლელი კომკავშირელი, მიხეილ სააკაშვილი.  მისი ჰაბიტუსი და modus operandi მაშინ სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის ტიპიური საბჭოთა ახალგაზრდა კარიერისტი კომკავშირელი იყო, ოღონდ მაგ დროისათვის ჩვენს მიერ დანგრეული კომკავშირის მაგივრად პატერსონ-ბელკნაპის იურიდიულ კომპანიას ემსახურებოდა კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების მერე. როცა მისი ვინაობით დავინტერესდი, ერთმა ჩემმა ენამოსწრებულმა დიპლომატმა მეგობარმა მახსოვს მითხრა: "ეს ჩვენი დღევანდელი ბორის ძნელაძეა, ოღონდ კაპიტალისტიო". ცხადია, მიშას ამბიციები ბორის ძნელაძისას ბევრად გაცდა, მაგრამ მისი კარიერიზმი და ლიბერაური იმპერიალიზმის სამსახურში ჩადგომა ნამდვილად არაჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყოფილი კგბ-ს სკოლაში მომზადებული კადრი, რომელიც საბჭოთა მზვერავობისთვის ემზადებოდა, უცებ დიდი შესაძლებლობის წინაშე დადგა. მას საპირველკაცოდ "ქვეყანა გაუნთავისუფლეს" და მანაც არ დაახანა. გასული საუკუნის 90-იან წლებში კოლონიალური კარიერიზმის სკოლა ედუარდ შევარდნაძისგან გაიარა და 21 საუკუნის დადგომიდანვე გადაწყვიტა რომ თვითონ იქნებოდა პირველი. "ძირს ძველი გუბერნატორი, გაუმარჯოს ახალ გუბერნატორს" - თუმცა შევარდნაძეს უკვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული დასავლური იმპერიალიზმის უპირატესობა და ის უკვე "პერესტრიოკის" პერიოდიდან ერთი ნავიდან მეორეში გადახტა, 2003 წლისათვის მისი მმართველობის მეთოდი ნეოლიბერალური დისკურსის დამყარებისათვის შეუსაბამო აღმოჩნდა - მას ასაკთან მომატებასთან ერთად დინამიკურობა დააკლდა.  მისი ახალგაზრდა მოწაფე კი ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. "მესიჯებში", "ლიპჩარტებში", "მენეჯმენტში", "საბაზრო ეკონომიკაში" და "პოლიტიკაზე გაუთავებელ ბაზარში" სააკაშვილს აშკარად კონკურენტი არ აღმოაჩნდა.  ვისაც კი მასზე მეტი ჭკუა ჰქონდა ან საეჭვო ვითარებაში იღუპებოდა, ან ქვეყნიდან მიდიოდა, ანაც საერთოდ ციხეში მიდიოდა. თუმცა, ის უდავოდ უნიჭიერესი "პოლიტიკური ცხოველია" დღესაც, რომელსაც ინსტქიტი იშვიათად ღალატობს - გონებაზე რა მოგახსენოთ.  გონება ინსტიქტისგან იმით განსხვავდება, რომ გრძელვადან გათვლებს აკეთებს, ინსტიქტი კი ტაქტიკური გენიოსია, რომელსაც შეუძლია ურთულესი სიტუაციებიდან გამოძრომა. სააკაშვილმა საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენა "იდენტობის პოლიტიკა" რომელიც დღევანდელ ბურჟუა სამყაროში პრაქტიკულად ერთადერთი და ჰეგემონური ნარატივია და "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოაყალიბა. ამ მოძრაობით მან მოიმხრო ბევრი ისეთი ვისაც იდენტობის პოსტ-კოლონიური კომპლექსი ჰქონდა. მაგრამ, ამავე დროს მან თავის მომხრეებს მაშინვე მისცა არცთუ უსაფუძვლო იმედი რომ მათს გვერდზე იქნებოდა მსოფლიოს უძლიერესი იმპერია.  2003 წელს ჟირინოვსკისთან გამართულ დებატებში სააკაშვილი არც მალავდა, რომ საბჭოთა იმპერიის სამახური ამერიკის იმპერიაზე იმიტომ გადაცვალა თვალის დაუხამხამებლად, რომ ეს უკანასკნელი ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. ანუ აქ გამოჩნდა, მისი, როგორც ქართველი პოლიტიკური ლიდერის თაყვანისცემა უხეში ძალის მიმართ. სააკაშვილმა "ვარდების რევოლუცია" ამერიკელებს ბორის ძნელაძის ენთუზიაზმით ჩაუტარა და მის შემდგომ კი უკვე ენკავედეს მეთოდების მეტად ეფექტურად გამოყენება დაიწყო რომ მისი "ბანანის რესპუბლიკა" ერთ-ერთი წამყვანი ყოფილიყო იმპერიის მოსამსახურეთა რიგებში.  
 
აქვე მან უკვე საკმაოდ დახვეწილი მეთოდებით ხელი შეუწყო ე.წ. "ვარდისფერი ინტელიგენციის" ჩამოყალიბებას.  დასავლური კულტურული იმპერიალიზმის ადეპტებად უკვე მოგვევლინენ თანამედროვე სიტყვის ბიუროკრატები, რომლებიც ძირითადად ელექტრონულ გამოცემებსა და ტელევიზიებში აქტიურობდნენ. ისინი უკვე ყველანაირად ცდილობდნენ ნაციონალისტური იდენტობის კარტის გატამაშებას რუსეთის აწ უკვე შედარებით დასუსტებული იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა საინტერესოა, რომ იმპერიალიზმის საკითხი "ვარდისფერი ინტელიგენტების" შემოქმედებაში ნაკლებად ფიგურირებს.  აქ ძირითადად ლაპარაკია იდენტობის საკითხებზე - მარჯვენა მხრიდან ეს ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის ირაკლი წერეთლისეული ნარატივია, თუმცა თანამედროვე დასავლური კლიშეებით "გაშალაშინებული" - მარცხენა მხრიდან კის ეს არის ე.წ. "კულტურული მემარცხენეობა" - ისევ იდენტობის საკითხები.   თუკი ნოდარ ლადარიას, გია ნოდიას, დავით დარჩიაშვილის მსგავსი ქორი "ვარდისფერი ინტელექტუალები" ცდილობდნენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ტერიტორიების დაბრუნებაზე აპელირებას, soft power-ის მომხრე მემარცხენე "ინტელიგენცია" ცდილობდა ყურადღება გაემახვილებინა სხვადასხვა უმცირესობის უფლებაზე თანამედროვე "ერი-სახელმწიფოს" კონტექსტში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდა მთავარი, გლობალური კონტექსტის გაუთვალისწინებლად.  სრულიად იგნორირებული იყო დღევანდელი მსოფლიოს მთავარი წყალგამყოფი - კონფლიქტი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.  ისევე როგორც ადრე, ქართველმა ინტელექტუალებმა "დიდისა და ძლიერის" მხარეს დგომა ამჯობინეს და რატომღაც სრულიად დაივიწყეს მთელი მსოფლიოს მოქალაქეთა ექვსი მეშვიდედი.  დაიწყო არა იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ რუსოფობიური სიძულვილის გაღვივება, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებამდე.  
 
რაც მთავარია, როგორც გუშინდელ, ასევე დღევანდელ "ინტელიგენტთა ელიტას" სრულიად დაავიწყდა ქართული კულტურული ძირები, სადაც "სტუმარ-მასპინძელის", "განდეგილის", "კარალეთის დღეების", "ტრაგედია უგმიროდ", "სამანიშვილის დედინაცვალის" და ბევრი სხვა დიდი მსოფლმეხველობრივი ნაწარმოების გვერდით იდგა ქართული მრავალხმოვანი სიმღერა.  აი, სწორედ ის ქართული მრავალფეროვნების ჰიმნი, რომელმაც შეაძლებინა ამ ქვეყანას თავის მოტანა აუმრავ განსაცდელში. "მრავალჟამიერი" სწორედ უმცირესობისა და უმრავლესობის ერთიანობის სიმღერაა და მათს შორის არა ტოლერანტობის (რომელიც შეფარულად მტრობას გულისხმობს ანუ "ატანას"), არამედ სიყვარულის. ჩვენი კულტურული ელიტების მიერ ამ ფილოსოფიური და მსოფლმხედველობრივი ელემენტის დავიწყებამ ეს გენიალური ხალხური სიმღერა მოსაწყენ სუფრის რიტუალად გადააქცია - არადა, სწორედ აქ დევს გამოსავალი იმპერიალიზმისგან, როგორც უცხო, ასევე საკუთარი დომინაციის წყურვილისაგან.  აქ დიდი და პატარა ხმა ერთად მღერის და ჰარმონიას ქმნის.  ნიცშესი არ იყოს მუსიკა უდიდესი ძალის ხელოვნებაა და მუსიკალურად გამოხატულმა მრავალხმოვანებამ ჩვენ ის უნდა გავფიქრბინოს რომ ჩვენთან ყველას ერთად და თანასწორად შეუძლია არა მარტო სიმღერა, არამედ ცხოვრებაც.
 
დღევანდელი საგარეო პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მიერაც ვერ ვხედავ თვისობრივად სხვანაირ ნაბიჯებს.  სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, პრაქტიკულად გრძელდება. ცხადია, კარგია ნატოსთან ურთიერთობა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა - ორი აზრი არ არსებობს ამაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი მსოფლიოს უდიდესი იმპერიის გამოყენება იმისათვის, რომ ან პატარა ერებს დავუპირისპირდეთ ანკი უბრალოდ მეზობლებს.  ორი აზრი არაა, მოსანახია ოკუპაციიდან გამოსვლის გზები - მაგრამ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული რეცეპტები არ მუშაობს. დროა გადავიდეთ აზროვნების ახალ პარადიგმაზე, რომელიც სულაც არ არის ახალი. თავადი ჭავჭავაძის სიტყვები: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო" დღესაც არ არის განხორციელებული. ჩვენ აუცილებლად უნდა გადავლახოთ ნაციონალისტური იდენტობის პოლიტიკა - და არ უნდა დავყოთ ადამიანები ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნებით.  უფრო მეტიც, საქართველომ უნდა დაიწყოს სერიოზული მუშაობა მთელი სამხრეთ კავკასიის გაერთიანების პროექტზე, სადაც ყველა ჯგუფს თანასწორადი უფლებები ექნება.  ჩვენ უნდა გადავლახოთ ინსტიტუციონალური არმენოფობია (რომელზეც სააკაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა ბევრი ილაპარაკეს ბოლო თვეებში) და მოვნახოთ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მეზობლებთან საერთო ენა და საერთო ინტერესები.  
 
ცხადია, ეს არ არის ადვილი. მაგრამ ვიწრო-ნაციონალური იდენტობის პოლიტიკის გადალახვა არის ერთადერთი გამოსავალი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარელად.  რა თქმა უნდა, საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაც - მაგრამ ეს უნდა მოხდეს თანასწორუფლებიან პირობებზე და არა ისე, როგორც ამას სერგო ორჯონიკიძე და ძმანი მისნი აკეთებდნენ. უეჭველია, ოპონენტები იტყვიან რომ რუსს თანასწორუფლებიანი ურთიერთობა არ უნდაო - მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ რეგიონში საქართველოს მნიშვნელობა და როლი გაიზარდა, რუსისთვის აღარ იქნება ადვილი იმპერიალისტური პოზიციებიდან ლაპარაკი. ჩვენ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა რუსული იმპერიალიზმის დასაბალანსებლად გვჭირდება - და ამავე მიზნებისთვის გვჭირდება კარგი ურთიერთობები ჩინეთთან, ინდოეთთან, თურქეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს. ევროკავშირი მაინც საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის ვიწრო-შოვინისტური იდენტობის პოლიტიკის გადასალახად. აქ ამ პროცესმა უკვე ჩაიარა - ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, იტალიელები და სხვები ორი ბარბაროსული ომის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნის წევრები გახდნენ.
 
სანამ ჩვენი ინტელექტუალური ელიტა ჩაკეტილი იქნება ცივი ომის დროინდელ დიქოტომიებში, გიგა ლორთქიფანიძის ცნობილი ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის პერეფრაზირებას ვერ ავცდებით: ან შაჰი, ან რუსეთი?!  სანამ ჩვენი ინტელექტუალური ელიტა ვერ მოიაზრებს კარგად თავის დამოკიდებულებას იმპერიალიზმთან, რომლის მორჩილებას ზოგი სიმღერების და ცეკვა-თამაშის და ზოგის "თანამედროვე, რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკით" ამართლებს ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება.  როგორც რუსეთის ასევე დასავლეთის მომხრე ინტელექტუალებმა უნდა გადალახონ ჰანნა არენდტის მიერ კარგად გამოვლენილი "ერი-სახელმწიფოს" დამახასიათებელი ნაციონალისტური იდენტობის პოლიტიკა, რომელიც თავის მომაგრებას სხვა იმპერიების დახმარებით ცდილობს. ჩვენ უნდა გადავლახოთ უხეში ძალის კულტი.
 
აი, რატომ მახსენდება კომპარატიული ლიტერატურის საოცარი მეცნიერის ედვარდ საიდის წიგნი და ამიტომაცა რატომ მახსენდება "სტუმარ მასპინძელი" ან "ალუდა ქეთელაური".  
 
ოთარ იოსელიანის დოკუმენტურ ფილმში "განმარტოვებული საქართველო" სოაცრად ჩამრჩა გულში ინგურის ხიდზე მომავალი დევნილი ბერიკაცის საოცრად მართალი სიტყვები: "ქართველებო, თქვენ დაანგრიეთ საქართველო, სხვას ნუ დააბრალებთ ყველაფერი თქვენი ბრალიაო!". ეს ადამიანი ამას იმხელა ტკივილით ამბობს, რომ შეუძლებელია არ დაიჯერო ამ სიტყვების ჭეშმარიტება.
 
თუ არ გვინდა, გავაგრძელოთ საქართველოს დანგრევა კვლავ და კვლავ, - უარი უნდა ვთქვათ იმპერიალიზმზე - როგორც სხვა დიდი იმპერიების მონობაზე - ასევე ჩვენი ძმა პატარა ერების დომინაციის სურვილზეც კი. ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.
  თავისუფლება, თანასწორობა, ერთობა - მრავალჟამიერში.   ისეთ სიმღერაში, სადაც საკუთარი ხმა დიდსაც აქვს და პატარასაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^