დღეს არნახული არასტაბილურობისა და სწრაფი ცვლილებების ეპოქაა. ის, რაც აქამდე წარმატებული იყო, დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, აუცილებელია მუდმივი განახლება და სტრატეგიის გადაფასება. წარმატება არავისთვის გარანტირებული აღარ არის, ამავე დროს ყველასთვის შესაძლებელია. სწრაფი გლობალიზაცია, ინფორმაციული და ტექნოლოგიური რევოლუცია სამყაროში ახალ რეალობას ქმნის. სამყაროს მომავალი აღარ იქნება განპირობებული მხოლოდ დემოკრატიული დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ შესაძლოა მოწმენი გავხდეთ ფაქტისა, რომ ცენტრალიზებული, არადემოკრატიული რეჟიმები, როგორიცაა ჩინეთი, უკეთ იყოს აღჭურვილი ეკონომიკური კრიზისის გადასალახად, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნები, მაგალითად, აშშ.
დღევანდელი გეოპოლიტიკა ხასიათდება არა იმდენად ცივილიზაციების შეჯახებით, არამედ უფრო ემოციების დაპირისპირებით. მაგალითად, შეუძლებელია რუსეთის ავანტიურის ახსნა აგვისტოს ომის დროს მისი ემოციური მიზეზისა და საზრისის ანალიზის გარეშე. უკანასკნელმა აღმოჩენებმა, რომლებიც გაკეთდა ადამიანის გონების შემსწავლელი მეცნიერების, ფსიქოლოგიის, ბიჰეივიორული ეკონომიკის სფეროებში, დაგვარწმუნეს, რომ ადამიანურ ემოციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ემოცია არ არის განცალკევებული რაციონალური გონებისგან. პირიქით, მისი საფუძველია. ემოცია განაპირობებს ადამიანების განწყობას და ერების ქცევას.
ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სამ ძირათად ემოციაზე: შიში, დამცირება და იმედი. სამივე ემოცია თვითრწმენასთან არის დაკავშირებული.
შიშის ემოციას თვითრწმენის სიმცირე განაპირობებს. თუ საზოგადოების ცხოვრებაში შიში დომინანტია, მაშინ მას ეშინია დღევანდელი დღის და მომავალი კიდევ უფრო საშიშად წარმოუდგენია. ხშირად შიში საზოგადოების სრულ პარალიზებასაც კი იწვევს.
დამცირება ჩნდება საზოგადოებაში, სადაც თვითრწმენა დაკარგულია. ამ ყველაფერს საზოგადოება ვიღაც სხვას აბრალებს, რომელიც წარსულში მას უსამართლოდ მოექცა. ამის გამო საზოგადოება განრისხებული და გაბოროტებულია.
იმედი კი თვითრწმენის სიჭარბის გამოხატულებაა. იმედი ეფუძნება საზოგადოებაში იმის განცდას, რომ დღევანდელი დღე უკეთესია, ვიდრე გუშინდელი და ხვალინდელი უფრო უკეთესი იქნება.
თუ გადავხედავთ ამ ემოციების გეოგრაფიას, დავინახავთ რომ შიში ძირითადად დომინირებს დასავლეთში. დამცირება - ისლამურ სამყაროში, იმედი კი აზიის უპირატისი ემოციაა.
ეს სამი ემოცია გამოხატავს თვითრწმენის დონეს, რაც უმნიშვნელოვანესია ინდივიდისა და საზოგადოების წარმატებისთვის, თვითრწმენა საკუთარი პოტენციის გამოყენებისა და შესაძლებლობების ზრდის საშუალებას იძლევა.
დღეს დასავლეთში შიშის ემოციაა დომინანტი. პირველად, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დასავლეთი აღარ არის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის ერთპიროვნული შემქმნელი. ეს კი ამ საზოგადოებაში მომავლის მიმართ შიშს და იდენტურობის კრიზისს იწვევს. დღეს აშკარა აღარაა უპირატესობა - დასავლეთის საზოგადოება თვლიდა, რომ არადასავლელი ერები განვითარების გზაზე წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევდნენ, თუ განვითარების დასავლურ მოდელს გადმოიღებდნენ. დღეს კი, როდესაც აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება ესოდენ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, დასავლური მოდელის უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მსოფლიოში ლაპარაკია იმაზე, რომ თუ მეოცე საუკუნე იყო ამერიკის საუკუნე და იდეოლოგიების საუკუნე, 21-ე საუკუნე აზიისა და პრაგმატიზმის საუკუნე იქნება.
დამცირების ემოცია დღეს ისლამურ სამყაროში დომინირებს, თუმცა დამცირება, ისევე როგორც დანარჩენი ორი ემოცია გარკვეული დოზით ყველა საზოგადოებაში არსებობს.
ისლამურ საზოგადოებას მიაჩნია, რომ არაბულ-ისლამური სამყაროს დაკნინება XIX და XX საუკუნეების დასავლური იმპერიალიზმის ქმედებებით იქნა გამოწვეული. დამცირების ემოცია კიდევ უფრო გამძაფრდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოების ვერშექმნის გამო. ამ ემოციის საპასუხოდ ისლამურ სამყაროში “არაბული გაზაფხული” დაიწყო.
იმედის ემოციის რეგიონი ძირითადად შორეულ აზიაშია. იქ არის განცდა, რომ იმყოფებიან განვითარების ზრდად ტრაექტორიაზე და განვითარებულ დასავლეთს სულ მალე დაეწევიან.
იმედის რეგიონის მთავარი წარმომადგენლები არიან ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი, ინდონეზია, მალაიზია, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, სხვა სამხეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, სამხრეთ აფრიკა, სკანდინავიელები.
იმედის რეგიონს გარკვეულწილად უკვე რუსეთი და ყაზახეთიც უერთდებიან. საბჭოთა კავშირის დაშლამ, ეკონიმიკურმა კოლაფსმა, ქაოსმა, უკანონობამ, კორუფციამ, ჩეჩნეთის პირველ ომში განცდილმა მარცხმა რუსეთის საზოგადოებაში დომინანტად დამცირების ემოცია აქცია. რუსეთში ეკონომიკური კატასტროფა და შიში იმპერიის დანგრევით გამოწვეულ შეურაცხყოფაში გადაითარგმნა. დღეს კი მატერიალური კეთილდღეობის გამოსწორების ფონზე იმედის ემოცია მკვიდრდება. რუსეთის ეკონომიკა ბოლო 10 წლის მანძილზე წლიურ 7%-იან ზრდას განიცდის, რუსების უმრავლესობა თვლის და ამაყობს იმით, რომ დედა რუსეთი მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე პოზიციებს იბრუნებს. აგვისტოს ომის შემდეგ, პუტინის რუსეთის მთავარი მესიჯი დასავლეთისადმი შემდეგია: „რუსეთის დამცირება ვეღარ მოხდება“. რენე დეკარტის ფრთიანი გამონათქვამი „მე ვაზროვნებ, მაშასადამე მე ვარსებობ“ რუსების მიერ შემდეგნაირად არის პერიფრაზირებული: „შენ ჩემი გეშინია, მაშასადამე მე ვარსებობ“.
როდესაც მსოფლიოს ემოციების მიხედვით დაყოფაზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს სამი მთავარი ემოცია გარკვეული დოზით ყველა ქვეყანაშია, აქ მხოლოდ დომინანტ ემოციაზეა საუბარი. ასევე უნდა ითქვას, რომ შიში, დამცირება და იმედი ბუნებრივი და საჭირო ემოციებია ადამიანისთვის, მაგრამ ადამიანისა და საზოგადოების სიჯანსაღე დამოკიდებულია ამ სამი ემოციის ოპტიმალურ თანაფარდობასა და ბალანსზე.
ემოცია არ არის განცალკევებული რაციონალური გონებისგან, ის რაციონალური გონების საფუძველია. ემოცია განაპირობებს ადამიანების განწყობასა და დამოკიდებულებას, ერების ქცევას. არც ერთ სერიოზულ ლიდერს არ შეუძლია მისი იგნორირება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორად ისაა, რომ შეისწავლოს საზოგადოებისა და ხალხის ემოციური მდგომარეობა, თუკი საზოგადოებაში ემოციები დადებითია, მოახდინოს ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება (მაგალითად სამომხმარებლო და სინვესტიციო ოპტიმიზმი). ასევე ეცადოს სიტუაციის შემობრუნებას, თუკი საზოგადოებაში ნეგატიური ემოციებია გაბატონებული. ეს უპირველესად სწორი დიაგნოზის დასმას მოითხოვს. იგივე პასუხისმგებლობა აქვთ ოჯახის უფროსებსაც - მნისვნელოვანია ოჯახის წევრების ემოციური განწყობისა ცოდნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს ორგანიზაციის ემოციური მდგომარეობა, რათა მიიღოს ყველა ზომა ოპტიმიზმის, იმედიანობისა და თვითრწმენის განწყობის შესაქმნელად.