Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი მსოფლიო წესრიგი

28 მარტი 2013

წინა სტატიაში ვწერდი, რომ მსოფლიოში ძირითადად სამი ემოციური ზონაა: იმედი,  შიში,   დამცირება. 

ვთქვი ისიც, რომ იმედის ძირითადი რეგიონი აზია გახლავთ, სადაც სოციალური და  ეკონომიკური გაუმჯობესების მაღალი ტემპია. აზიის მოსახლეობის საშუალო ფენის დიდი უმრავლესობა, არა მარტო იღწვის იქითკენ, რომ დასავლეთს დაეწიოს, არამედ სრულად დარწმუნებულია, რომ ეს მალე მოხდება.

აღმშენებლობის პროცესი იქ უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ის, რაც ამერიკაში ერთ წელზე მეტ ხანს მოითხოვს, ჩინეთში ერთ კვირაში მთავრდება. ყველაზე საწყენი ისაა, რომ თითქოს ამერიკელები შეეჩვივნენ კიდეც აზრს, რომ ამერიკის საუკეთესო ხანა წარსულში იყო, ჩინეთისა კი  მომავალშია. ეს განცდა მეტად გავრცელებულია მთელ ამერიკაში, სადაც პოპულარულია მოსაზრება, რომ თუკი მე-19 საუკუნე ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს, 20-ე - ამერიკას, 21-ე ჩინეთის იქნება. 

250 წლის მანძილზე პირველად,  დასავლეთი უკვე ერთპიროვნულად ვეღარ წყვეტს კაცობრიობის ბედსა და პრიორიტეტებს. ცენტრალური როლის დაკარგვის განცდა, დასავლეთში შიშს და იდენტობის კრიზისს იწვევს. ეს განცდა აერთიანებს დასავლური ცივილიზაციის ორ ტოტს - ამერიკულსა და ევროპულს. როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს მათში, ორივე შტო ერთი და იმავე გამოწვევის წინაშეა - გლობალიზაცია ექსკლუზიურად მათ უკვე აღარ ეკუთვნით. 

განცდა, რომ საკუთარი მომავლის კონტროლი დაკარგეს, იმ შიშის მთავარი წყაროა, რომელსაც დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა იზიარებს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დასავლური პოლიტიკური პროცესის პარალიზება, შემოსავლებს შორის არნახული დიფერენციაცია, სიმდიდრის უსამართლოდ და დაუმსახურებლად არათანაბარი განაწილება, მოქალაქეებს დასავლეთის ორივე შტოს წარმომადგენელ ქვეყნებში დემოკრატიული მოდელის, დემოკრატიული იდეალების გაუფასურების განცდას უქმნის. ეს მოზღვავებული შიში ამცირებს იმ ხარისხობრივ უპირატესობას, რაც ერთ დროს დემოკრატიულ რეჟიმებს არადემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებაში ჰქონდათ.

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ევროპა  პრობლემის გადაჭრის ნაცვლად თავად ხდება პრობლემების წყარო. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემა ევროპის იმედის განცდისა და კულტურის სიმბოლური კულმინაცია იყო, როდესაც ევროპის მთელ კონტინენტზე ზეიმობდნენ იმ კედლის დაცემას, რომელიც ევროპას ორად ყოფდა. დღეს კი, სამწუხაროდ, იქმნება განცდა,  რომ ევროპელებს კვლავ სურთ კედლის აღდგენა, რომელიც მათ დაიცავდა დანარჩენი სამყაროსგან,  დაიცავდა ევროპას კონკურენციისაგან, სამხრეთული ქვეყნებიდან იმიგრაციისაგან, ისლამური ტერორიზმისაგან და ა.შ. მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპას კვლავაც აქვს ნიშური ბრწყინვალების სფეროები, ეკონომიკური სიძლიერის არეები, როგორიცაა - ფუფუნებისა და მაღალხარისხიანი საგნების ინდუსტრია; ატომური ენერგეტიკა საფრანგეთში; ზუსტი ხელსაწყოების, დანადგარების და მანქანათმშენებლობა გერმანიაში; საერთაშორისო მაღალი ფინანსები ლონდონში; საოჯახო ბიზნესის დინამიზმი იტალიაში. საკითხავია, ეს თუ იქნება საკმარისი ევროპული კონტინენტის ეკონომიკური დაკნინებისაგან დასაცავად?

ევროპელებმა მეორე დიდი დეპრესიის თავიდან არიდება რომც მოახერხონ, მომავალი თანმიმდევრული დაღმასვლა თითქმის გარდაუვალია.  სულ ერთი კვირაა, რაც ლონდონიდან დავბრუნდი და გამიჩნდა განცდა იმისა, რომ არის სრული გაურკვევლობა და შეშფოთება იმის გამო, თუ რას ემსგავსება ევროპა. იქ განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებიდან, ჩრდილო აფრიკიდან მომავალი ღარიბი მასების ემიგრაციის ეშინიათ.

მრავალი ევროპელის გონებაში ბარბაროსები არა მარტო მოადგნენ ევროპის კარს, არამედ უკვე ციხესიმაგრის კედლებზეც გადაცოცდნენ, კალიებივით შემოესივნენ და ევროპულ საზოგადოებას სამარადისოდ ცვლიან. 

როცა ამერიკაზე ვსაუბრობ, გასათვალისწინებელია ის, რომ ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე იქ მივიღე განათლება და ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი. ამერიკა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ განათლების წყარო და ადგილი, რადგან ამერიკამ პოლიტიკურ ლტოლვილობაში ყოფნისას მაჩუქა სიცოცხლე, მომცა იმედი, სასოება, ოჯახი, შვილები, ოცნებების აღსრულება. ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის წლებმა  ჩემი ცხოვრება მრავალმხრივ შეცვალა. მაგრამ სამწუხაროდ,  2001-2012 წლების ამერიკა არ ჰგავს 90-იანი წლების დასაწყისის ამერიკას, რომელმაც ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. ამიტომ ამერიკის შემთხვევაში არ ვარ ნეიტრალური დამკვირვებელი და მაინც ვიტყვი, რომ ამერიკაც ევროპასთან ერთად არის დაეჭვებული და შიშით აღსავსე. იქ ხშირად კითხულობენ: დავკარგეთ ჩვენი მორალური უპირატესობა? დავკარგეთ ჩვენი უნიკლური ეროვნული მისია და ჩვენი ადგილი მსოფლიოში? დაიწყო ჩვენი დაღმასვლა? ისინი უკვე ეჭვქვეშ აყენებენ თავიანთი მოდელისა და სისტემის უნივერსალისზმსა და ეფექტურობას. ტრადიციულად ამერიკული ოპტიმიზმი, იდეალიზმი, ინდივიდუალიზმი, გამომგონებლობა, პროფესიონალიზმის კულტი, რწმენა საკუთარი უნიკალურობისა და ამერიკული ოცნებისა, ამერიკული წარმატების სტრატეგიის მთავარი შემადგენელი იყო. ახლა ამერიკელების ნაწილი ამ ამერიკული ღირებულებების უნიკალურობაში ბზარს ხედავს. ამასთანავე ობიექტურად  ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკაში დინამიზმი, ბრწყინვალების კულტი, სიტუაციის გამოსწორების დიდი ტრადიცია, სოციალური და ეკონომიკური სიძნელეებიდან თავის დაღწევის უნარი, გაცილებით ძლიერია, ვიდრე ევროპაში. მიუხედავად ამისა, ამერიკის დაქვეითების  რეალობა ნათელია.

ამერიკის ძალაუფლება და სიძლიერე აქამდე მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელის მიმზიდველობაში იყო. თუკი ეს მოდელი აღარ არის ძველებურად მიმზიდველი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მას ყავლი გაუვიდა, მაშინ მსოფლიოს ლიბერალური დემოკრატიის პოზიცია ნათელი აღარ არის. ამერიკა თანდათანობით შედარებით დაღმასვლას განიცდის, ჩვენ ვიმყოფებით ხანგრძლივ პერიოდში პოსტდასავლური მსოფლიოსაკენ. ეს არის მსოფლიო, სადაც დასავლური დიდი სახელმწიფოები ერთპიროვნულად უკვე ვეღარ მართავენ მსოფლიოს, მსოფლიო პროცესებს ერთპიროვნულად ვეღარ აყალიბებენ. 

ეს ამერიკული სამყაროს დასასრულს და მისი ჩინური საუკუნით ჩანაცვლებას არ ნიშნავს.  ვფიქრობ, რომ  გვექნება მსოფლიო, სადაც განსხვავებული ინტერესების მქონე მეგა სახელმწიფოები ერთმანეთთან კონკურენციულ დაპირისპირებაში იქნებიან. აზიაში ჩინეთი შეეცდება ჰეგემონის როლის მორგება, რაც ამერიკის პირდაპირი გამოწვევა იქნება. ამ შემთხვევაში გაჩნდება შეკითხვა - დაუშვებს თუ არა ამერიკა ჩინეთის ჰეგემონის როლს აზიაში? და თუ შეიარაღებული კონფლიქტის აუცილებლობის ალბათობა არსებობს, ის სადღაც აზიაში იქნება. გადავხედოთ სამხრეთ ჩინეთის ზღვას, სადაც ჩინეთი აცხადებს ტერიტორიულ მოთხოვნებს ამ წყლებში, ჯერ კი მხოლოდ 2013 წელია. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ჩინეთის სრული ძალა. 

დიდი სახელმწიფონი დიდნი მათი ექსპანსიური ბუნების გამო არიან, ისინი სხვა ხალხების ტერიტორიების ექსპანსიასა და დაპყრობას აწარმოებენ და ამ ტერიტორიების ინკორპორირებას ახდენენ საკუთარ იმპერიაში. ამიტომაც არის, რომ დიდი სახელმწიფოები, დიდი იმპერიები დიდი მრავალეთნიკურობით და მრავალეროვნულობით გამოირჩევიან. ყველა მათგანს აქვს გავლენის სფეროები და აგრესიული ტერიტორიული პრეტენზიები. ეს კი, როგორც წესი, კონფლიქტის პროვოცირების წყარო შეიძლება იყოს. ამიტომ, ძალიან საშიშ და არასტაბილურ ხანაში შევდივართ. დიდი სახლმწიფოების აღზევება-დაღმასვლაში ასეთ მკვეთრ ცვლილებებს და ასპარეზზე ახალი სუპერ სახელმწიფოების გამოჩენას ჩვეულებრივ, ომი მოსდევს ხოლმე, ასეთია ისტორიული რეალობა. ამიტომ დასავლეთის საერთაშორისო პოლიტიკა სწორედ ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს მიმართული. ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა წარიმართოს იქით, რომ დიდი სახელმწიფოების ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის სტრუქტურებში შევიდნენ. ჩვენ უნდა გვსურდეს მათი ხილვა მოლაპარაკებების უმთავრეს მაგიდასთან, ე.წ G20 დიდ ოცელულში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ა.შ. რაღა თქმა უნდა, ამის შემდეგ პრობლემა იქნება, თუ  როგორ დაბალანსდეს საკუთარი ღირებულებები და უსაფრთხოების ინტერესები. საგარეო პოლიტიკა განუწყვეტელი ბალანსია რეალიზმსა და იდეალიზმს, ინტერესებსა და ღირებულებებს შორის, რომლებიც ძალიან იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს.

საერთაშორისო წესრიგის ყველაზე დიდმა ბურჯმა რყევა დაიწყო და დანარჩენი სამყარო საგონებელშია ამ დაქვეითების შესაძლო შედეგების გააზრებისას.

ძველი წესრიგი, ამერიკისა და ევროპის მიერ დომინირებული, იცვლება წესრიგით, სადაც ძალაუფლება მძლავრად არის გაზიარებული არადასავლური მზარდი სახელმწიფოების მიერ. სახეზეა მარტივი სურათი: 

ძველი წესრიგი - G7; ახალი წესრიგი - G20.

თუმცა, ამერიკა კვლავ რჩება ამ წესრიგის მთავარ ბურჯად. მისი დაღმა სვლა, ჩემი აზრით, დროებითია და ის მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს, მაგრამ მისი შედარებითი გავლენა მაინც შემცირდება, რადგან არადასავლური სახელმწიფოები იზრდება და ვითარდება. ერთი მეტად ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ნურიელ რუბინის ფრთიანი გამონათქვამი მინდა გავიხსენო: ”ამერიკა დღეს არის ყველაზე მაღალი ლილიპუტი, სილამაზის კონკურსში ყველაზე ნაკლებად მახინჯი. ის არის ლიდერი არა იმიტომ, რომ ძალიან კარგია, არამედ იმიტომ, რომ სხვები ძალიან ცუდები არიან”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^