ოგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, როდესაც ქართველი ერი სიკვდილისა და ტერიტორიების დაკარგვის შოკიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოსული და როდესაც ქართული პოლიტიკური ელიტა გამუდმებით იმეორებდა, რომ თბილისიდან 30 კილომეტრში რუსული ჯარი იდგა, საქართველოს ხელისუფება კულტურის მინისტრის წერილში კრემლს ეხვეწებოდა – გთხოვთ, ჩამოვალთ მოსკოვში, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ და ამ ყველაფრისთვის ფულსაც ჩვენ თვითონ გადავიხდითო.
ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა მარტო მაშინდელ კულტურის მინისტრსა და წერილის ავტორს, არამედ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეკისროს, რადგანაც კულტურის მინისტრი, მით უმეტეს, სულ რაღაც სამი კვირის დანიშნული, ასეთ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებდა. არც ის არის გამორიცხული, რომ ბრძანება სწორედ სააკაშვილს გაეცა, პირველ რიგში, სწორედ ის არის ვალდებული აუხსნას საზოგადოებას, თუ რას ისახავდა მიზნად ეს წერილი და რისთვის სჭირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვში ცეკვა–თამაში აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე.
შეურაცხმყოფელი ის კი არაა, რომ ომში დამარცხებული სახელმწიფოს ხელისუფლება ომიდან სამი თვის შემდეგ რაღაც ფორმით ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობას, არამედ ის, რომ რუსეთის წინააღმდეგ საჯარო ისტერიის, უკიდურესი სიძულვის ენის, რუსული არხების აკრძალვის, ინტერნეტ პორტალების დაბლოკვისა და სკოლებიდან რუსული ენის გამოძევების ფონზე, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ქართული საზოგადოების ზურგსუკან რუს კოლეგებთან „შეხმატკბილებულად“ საუბრობდა, რისი თქმის უფლებასაც ამ წერილის ტონი მაძლევს.
მეტიც, ნებისმიერ პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწე თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ნაცმოძრაობის რიტორიკისგან ოდნავ განსხვავებულ აზრს შესთავაზებდა საზოგადოებას, ან რაიმე ფორმით გააკრიტიკებდა ხელისუფლებას, ავტომატურად „რუსულ წისქვილზე ასხამდა წყალს“, „სამშობლოს მოღალატე“ ხდებოდა და რუსეთის, ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე დაუძინებელი მტრის „აგენტისა“ და „ჯაშუშის“ იარლიყი ეკერებოდა. და მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფების წარმომდგენლები ქართულ საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდნენ, თავად ჩუმად ცდილობდნენ იმავე მტერთან რაღაც საკითხებზე გარიგებასა თუ მორიგებას.
ეს კონკრეტული შემთხვევა კულტურის სფეროს ეხება და კიდევ არ არის ისეთი მძიმე, როგორიც თუნდაც სხვა სფეროებში შესაძლო გარიგებები ყოფილიყო, მაგ. ენერგეტიკა, ბიზნესი, და ა. შ. საინტერესოა და ქართულ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იცოდეს თუ კიდევ რაზე საუბრობდნენ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კულისებს მიღმა მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის დასანახად მასმედიაში ისტერიული სიძულვილის სპექტაკლები იდგმებოდა.
ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნაციონალურ მოძრაობას განაჩენი 1 ოქტომბერს გამოუტანა, როდესაც არჩევნებზე მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს დიდწილად იმიტომაც მოხდა, რომ ციხის ამაზრზენმა კადრებმა სააკაშვილის ხელისუფლების ნამდვილი სახის ვიზუალიზაცია მოახდინა და ღირსეული ადამიანისთვის უღირს საქმედ აქცია ხელისუფების მხარდაჭერა მიუხედავად საკმაოდ ბევრი და ხელშესახები დადებითი ცვლილებისა, რაც ნაცმოძრაობის ხელისუფებაში ყოფნისას მოხდა. თუმცა, დამარცხების შემდეგ სააკაშვილის გუნდმა კვლავ მოახერხა მობილიზება და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ბერკეტების უმეტესობა ახალი ხელისუფლების ხელში მოხვდა, კვლავაც მიხეილ სააკაშილი კარნახობდა დღის წესრიგს ქართულ პოლიტიკას.
ბატონი ვაშაძის წერილი არის ყოფილი ხელისუფების ლუსტრაციის მეორე სერია და ის შეიძლება იქცეს ნაცმოძრაობისთვის მეორე უძლიერეს დარტყმად. შესაძლოა, თავისი ფორმითა თუ შინაარსით ეს დოკუმენტი ისეთი შემაძრწუნებელი არ არის, როგორც ციხის კადრები, თუმცა არანაკლებ შეურაცმყოფელია საზოგადოებისთვის და ასევე არანაკლებ ცხადად აჩვენებს სააკაშვილის ხელისუფლების ნამდვილ სახესა და ხასიათს, რომელსაც არც საკუთარი ღირსება გააჩნია და არც ერის ღირსება მიაჩნია რამედ.
ამ ყველაფრის შემდეგ ნაცმოძრაობა კიდევ ერხელ კარგავს მორალურ უფლებას და საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას იმისთვის, რომ ოპოზიციის რანგში აკრიტიკოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯები, განსაკუთრებით კი მათი რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულება, რაც ჯანმრთელ კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს.
და ბოლოს - ეს წერილი და ზოგადად სააკაშვილის პოლიტიკა ძალიან ჰგავს ჯორჯ ორუელის გენიალური პოლიტიკური სატირის „ცხოველთა ფერმის“ სიუჟეტს, სადაც ცხოველთა თავისუფლებისთვის მებძოლი „ნაპოლეონი“, რომელიც ფერმას უსაქმური და ლოთი მისტერ ჯოუნსისგან ათავისუფლებს, საკუთარ გუნდან ერთად დროთა განმავლობაში ხდება ტირანი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაფერზე იხევს უკან. ის მეზობელ ფერმასთან დღისით დეკლარირებული ომის მდგომარებაშია, სადაც მისი თანამოძმეები იღუპებიან, ღამით კი სხვადახვა გარიგებებს აწარმოებს.
სწორედ ეს წერილი უნდა გახდეს ერთგვარი გზამკველვი როგორც ახლანდელი, ისე მომავლი ხელისუფლებისთვის, რომ მსგავსი რამ არასდროს გაიმეოროს, და მეორე მხრივ, გზავნილი ქართული საზოგადებისთვის, რომ მსგავსი რამ არასდროს აპატიოს ხელისუფებას.