Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მითებში დაკარგული

01 აპრილი 2013

როდესაც ვამბობ ხოლმე, რომ ისტორია მძულს, ვგულისხმობ იმ აბსოლუტურ უნდობლობას, რაც ამ მეცნიერების მიმართ ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გამიჩნდა. უფრო კონკრეტულად კი, ვგულისხმობ საქართველოს ისტორიას, როგორც მითებისა და ლეგენდების ერთ დიდ ნაკრებს.

ჩემი დამოკიდებულება, თავისთავად, არათუ აკნინებს ისტორიის, როგორც მეცნიერების როლს თანამედროვე ყოფის ადეკვატურ აღქმასა და მართვაში, არამედ პირიქით, სწორედაც რომ ამ როლს უსვამს ხაზს. მარტივად: ადამიანები გამოცდილებით ვიზრდებით. იქ, სადაც გამოცდილება მითოლოგიზირებულია, გაზრდისა თუ წინ, მომავლისკენ ადეკვატურად სვლის შანსები სულ უფრო მცირდება. ქუჩაში მთვრალი, უყურადღებოდ მივდიოდი, დავეცი და ხელი მოვიტეხე. თუ არ გავითვალისწინე გამოცდილება, რომ უყურადღებოდ სიარულს ხელის მოტეხილობა ახლავს თან, მეტიც, თუ მოტეხილობის მიზეზად რაიმე მითი დავსახე, შანსი იმისა, რომ ხელი, ფეხი თუ ცხვირი ხვალაც წავიმტვრიო, იზრდება.

არც ბავშვობაში მესმოდა და ვერც დღეს გავიგებ, რას ნიშნავდა წინადადება, რომელიც რეფრენად გასდევდა მთელ ჩვენს ისტორიის წიგნს: „ქართველები გმირულად დამარცხდნენ ომში“. ამას ისევე ვერ გავიგებ, როგორც ფეხბურთის გულშემატკივრების ამაყად ნათქვამს: „წავაგეთ, მაგრამ, ღირსეულად წავაგეთ“. წაგება წაგებაა, გინდა ომში, გინდა ფეხბურთში. წაგების მიზეზების ძიების ნაცვლად მისი გაკეთილშობილება კი სხვა არაფერია, თუ არა გამოცდილების გაყალბება და უგულვებელყოფა. უარი პროგრესზე.

ისევ ქართული National Geographic რომ მოვიხმო, სხვადასხვა ტომების ენაში სიტყვა „წარსულს“ და „მომავალს“ სხვადასხვანაირად გამოხატავენ. მაგალითად, ჩვენგან განსხვავებით, ზოგან თვლიან, რომ წარსული ჩვენს წინაა, ხოლო მომავალი - უკან. წარსული ისაა, რაც ვიცით, წინ გვიდევს, ხოლო მომავალი - რასაც ვერ ვხედავთ, უკანაა. ასე გვიდევს წარსული წინ და მივჩერებივართ მითებს.

საზოგადოების ერთი ნაწილი დღეს ზვიადობას აღნიშნავს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საპატივსაცემოდ. ვუყურებდი ამ „ეროვნული გმირისა“ და ლამის მეორედ მოვლენილი „ქრისტეს“ აფრიალებულ ფოტოებს დღეს და ვფიქრობდი, მართალი ვარ, როცა ვამბობ, რომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო უბრალოდ ნაგავშია გადასაგდები და მის ნაცვლად ახალია დასაწერი. ახალი წიგნი, რომელიც ადამიანებს ბავშვობიდანვე მოგცემს საკუთარი ისტორიული გამოცდილების კრიტიკულად გადააზრების საშუალებას.

ასე მაგალითად, ხომ შეიძლება ამ წიგნში, 1990-იანი წლების მონაკვეთის ბოლოს იყოს ჯგუფში სადისკუსიო კითხვები:

1)    რას ნიშნავს „ეროვნული გმირი“?

2)    თვლით თუ არა, რომ ზვიად გამსახურდია იყო ფაშისტი?

3)    შესაძლებელია, რომ ფაშისტურმა მიდგომებმა სიკეთე გამოიღოს ქვეყნისთვის?

4)    ხედავთ თუ არა ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამღუპველ როლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში?

5)    მართლა გჯერათ, რომ სსრკ ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაანგრიეს?

6)    მართლა გჯერათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა?

7)    რა სასიკეთო ან სავალალო შედეგები მოჰყვა გამსახურდიას აფექტურ პოლიტიკას?

8)    რატომ გვჭირდება პოლიტიკური ლიდერებისგან მხსნელისა და მესიების შექმნა?

მეტი ლირიულობისთვის, კიდევ ერთი კითხვის დამატება შეიძლება: ნამდვილად ფიქრობთ, რომ „მეორედ მოსვლის ჟამს ქრისტე ქართულად ალაპარაკდება“?

ახლა ვფქრობ, ეს კითხვები ჩემს ისტორიის წიგნში რომ ყოფილიყო და კლასში, ჯგუფში ამაზე გვემსჯელა, დავიჯერო კიდევ იარსებებდნენ ადამიანები, რომლებიც ე.წ „ეროვნულ მოძრაობას“ არ მოსწრებიან და ზვიადი კი მესიად ჰყავთ, კრიტიკული გააზრების გარეშე?

საქართველოს ისტორიას (ყოველ შემთხვევაში, მის პოპულარულ, სახელმძღვანელო ვერსიას) კიდევ ერთი ნაკლი აქვს, ჩემი აზრით, უდიდესი ნაკლი... ის მეფეთა ისტორიაა. ჩვენ გვაქვს დეტალური და საოცრად დიდი, საინტერესო მასალა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ძველ საბერძნეთში ან რომში ადამიანები, რას ქმნიდნენ, რას წერდნენ, როგორი იყო მოქალაქეების ცხოვრების წესი, კულტურა; როგორი იყო ოჯახის მოწყობის ფორმა, ქალის როლი, კაცის როლი, სპორტული თუ სახელოვნებო გატაცებები. სამაგიეროდ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრეულ საუკუნეეში „რიგითი ქართველები“. ჩვენ მხოლოდ მეფეთა ამბები ვიცით, მითები და ლეგენდები. მითები, რომლებიც საკუთარი გამოცდილების გადააზრბის საშუალებას არ გვაძლევენ და ხელს გვიწყობენ, ცხვირი-ცხვირზე წავიტეხოთ. ახალი მესიები და დღევანდელი ზვიადობის დღესასწაული სწორედ ამის სამწუხარო გამოხატულებაა - ისტორიის მითოლოგიზირების სამწუხარო ნიშანი, მეფეთა და მესიათა ისტორიის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^